ფედერალისტი  # 25  : ჰამილტონი
1787წ. 21 დეკემბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

შეიძლება ვინმე დაჟინებულ მტკიცებას მოჰყვეს, წინა წერილში ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება შტატების მთავრობებს ევალება, რომლებსაც კავშირი მართავსო. ასე რომ იყოს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების პრინციპი რადიკალურად შეიცვლებოდა. პრაქტიკაში კი ეს იმად შემოგვიტრიალდებოდა, რომ თავდაცვაზე ზრუნვა ფედერალური მთავრობიდან კონფედერაციის ცალკეულ წევრებს გადაეცემოდა. ამგვარი გეგმა უმოწყალო იქნებოდა ზოგიერთი შტატის მიმართ, სახიფათო – ყველასთვის და დამღუპველი -  თვით კონფედერაციისთვის.
ბრიტანეთის, ესპანეთისა და ინდიელი ტომების ის სამფლობელოები, რომლებიც ჩვენს მეზობლად მდებარეობენ, რომელიმე კონკრეტულ შტატს როდი ესაზღვრებიან, არამედ გარს ერტყმიან მათ მენიდან ვიდრე ჯორჯიამდე. ამიტომ არის, რომ საფრთხე, გარკვეულწილად, ყველასთვის საერთოა. ბუნებრივია, მისგან თავის დაცვის საშუალებანიც გაერთიანებული თათბირისა და საერთო ხაზინის საქმე უნდა იყოს. ზოგიერთი შტატი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ნიუ-იორკიც მათ რიცხვში შედის. თუკი თითოეული შტატი ცალკე იმოქმედებდა, ნიუ-იორკს არათუ თავის დაცვის ღონისძიებათა მთელი ტვირთის ზიდვა მოუწევდა მარტოს, არამედ მეზობლების დაცვაზე ზრუნვის მთელი სიმძიმეც მას დააწვებოდა. ნიუ-იორკის მიმართ ასეთი რამ უსამართლობა იქნებოდა, სხვა შტატების მიმართ კი _ სახიფათო.  ამგვარ სისტემას სხვადასხვა უხერხულობა ახლავს. შტატები, რომლებსაც წილად ხვდება აუცილებელ ღონისძიებათა ტვირთის ზიდვა, დიდხანს ვერ გაუძლებენ ამას და აღარც სურვილი შერჩებათ სათანადო ხარჯების გაწევისა. ამრიგად, მთელის უსაფრთხოება მისი შემადგენელი ნაწილების სიძუნწეზე, მფლანგველობასა თუ უუნარობაზე დამოკიდებული გახდება. თუ რომელიმე ასეთ ნაწილს ბევრად უფრო მდიდარი  და ამოუწურავი რესურსი დაუგროვდა, მისი სამხედრო შესაძლებლობაც ამისდაპროპორციულად გაიზრდება, ხოლო დანარჩენები უმალვე განგაშის ზარებს დაარისხებენ, რაკი კავშირის მთელ შეიარაღებულ ძალებს მისი რამდენიმე – ისიც ყველაზე ძლიერი - წევრის ხელში თავმოყრილს დაინახავენ. ისინი გადაწყვეტენ, რომ მათთვისაც აუცილებელია საპირწონე იქონიონ; საბაბიც ადვილად მოიძებნება. თუ ასე მოხდა, სამხედრო უწყება შტატებს შორის მოშურნეობით რომ საზრდოობს, ისე გაიბერება, რომ არც თავის ბუნებრივ საზღვრებში ჩაეტევა და არც დადგენილ ზომებში. ეგოდენი ძალა თუ წევრების განკარგულებაში მოექცა, მათ ხელში იგი შეიძლება ეროვნული მთავრობის დანგრევისა თუ მოსპობის იარაღად იქცეს.
ჩვენ უკვე დავასახელეთ ის მიზეზები, რომლებიც გვიხსნიან იმას, თუ რატომ არის, რომ შტატების მთავრობები საკავშირო მთავრობისადმი მეტოქეობის სურვილით აღიძვრიან. ყველაფრის თავიდათავი ძალაუფლებისადმი ყბადაღებული სიყვარულია. ფედერალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მთავრობის ამგვარ შეჯიბრში ხალხი ყოველთვს ამ უკანასკნელის ირგვლივ ერთიანდება ხოლმე. ამ უზარმაზარ უპირატესობას თუ ის ამპარტავნებაც დაემატა, რომლისთვისაც დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების ფლობას მიუცია სტიმული, ეს შტატები დაუძლეველი ცდუნების წინაშე დადგებიან: ხელი აიღონ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე და საბოლოოდ დაამხონ კიდეც საკავშირო ხელისუფლება. მეორე მხრივ კი, მოვლენათა ასეთი განვითარების დროს ხალხის თავისუფლება უფრო დაუცველი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები ეროვნული მთავრობის ხელშია. რაკი ჯარი ძალაუფლების სახიფათო იარაღად არის მიჩნეული, უმჯობესია იგი იმათ ხელში იყოს, ვისაც ხალხი უნდობლად უყურებს, ვიდრე ისინი ფლობდნენ, ვისიც მას ყველაზე მეტად ეიმედება.  საუკუნოვანი გამოცდილების ბრძმედში გამოწრთობილი ჭეშმარიტებაა ის, რომ ხალხი ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე სწორედ მაშინ დგას ხოლმე, როცა ის საშუალებანი, რომლებსაც მისი უფლებების შელახვა ძალუძთ, იმათ ხელშია, ვისიც მას ყველაზე მეტი ნდობა აქვს.
არსებული კონფედერაციის შემოქმედთ გასიგრძეგანებული ჰქონდათ ის საფრთხე, რომელიც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა შეიარაღებული ძალები ცალკეული შტატების ხელშია. ამიტომაც ჩადეს მათ ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტები, რომლებიც შტატებს ავალდებულებს, არ იყოლიონ ხომალდები ან  საჯარისო ნაწილები, თუ ამაზე კონგრესის თანხმობა არ არსებობს. ერთი რამ ცხადია: როცა ფედერალური ხელისუფლების პრეროგატივები და სამხედრო უწყება შტატის კომპეტენციაში შეაქვთ, ამაში უფრო ნაკლები წინააღმდეგობა როდია, ვიდრე ის წინააღმდეგობაა, რომელიც ფედერალური ხაზინის შევსების აუცილებლობასა და კვოტებისა და რეკვიზიციების სისტემას შორის არსებობს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ბევრი სხვა ნიშანიც არსებობს, რომლებშიც გამჟღავნებულია ის, თუ რაოდენ უმართებულოა ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციათა შეკვეცა. ჩვენთვის საინტერესო შესიტყვებას მიზნად სწორედ ის აქვს, რომ მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარის არსებობა არ დაუშვას. მაგრამ არავინ გვაყენებს საქმის კურსში იმის თაობაზე, ამგვარი აკრძალვა მხოლოდ ჯარის ფორმირებას შეეხება თუ მშვიდობიანობის დროს მის შენახვაზეც ვრცელდება.  თუ მხოლოდ ეს უკანასკნელი აქვთ მხედველობაში, მაშინ ასეთი აკრძალვა უაზრობა გამოდის და იგი სულაც არ შეესაბამება დასახულ მიზანს. თუ ერთხელაცაა და ჯარი შეიქმნა, რაღას მოასწავებს მისი “შენახვის” არაკონსტიტუციურობაზე ლაპარაკი? რა დრო იქნება საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯარი ძალმომრეობის იარაღად იქცა? ერთი კვირა, ერთი თვე თუ ერთი წელი მოუნდება ამას? თუ უპრიანია ვთქვათ: ჯარი მანამ იარსებებს, სანამ ის საფრთხე იარსებებს, რომლის არსებობამაც მისი შექმნის აუცილებლობა წარმოშვაო? მაშინ გამოდის, რომ აუცილებელია, მშვიდობიანობის დროსაც ვიყოლიოთ ის, როგორც მოსალოდნელი თუ კარსმომდგარი საფრთხისგან თავის დაცვის იარაღი. ასეთი რამ კი აკრძალვის ზუსტ მნიშვნელობას სცდება და თავისუფალ განმარტებათა ფართო შესაძლებლობას იძლევა. ვინ უნდა დაადგინოს, ჩაიარა თუ არა საფრთხემ? ეს უდავოდ ეროვნული ხელისუფლების პრეროგატივაა და შემდეგ რასმე გულისხმობს: ეროვნულ მთავრობას შეუძლია  მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაშორებლად, უწინარეს ყოვლისა, შეკრიბოს ჯარი; მისი ჩავლის შემდეგ კი იმდენ ხანს იყოლიოს იგი მზადყოფნაში, რამდენ ხანსაც ამას  საზოგადოების სიმშვიდისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანა მოითხოვს. ადვილი მისახვედრია, რომ ეგზომ ნაირფეროვან  განმარტებათა თვალსაწიერი, ძალასა და მნიშვნელობას აცლის თვით ამ დებულებას.
არადა მისი სარგებლიანობა სწორედ ალბათობას, ანდა შესაძლებლობას მაინც ემყარება იმისას, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უზურპაციის გეგმებს შეადგენენ. თუ ასეთი რამ მოხდა, განა რამე დაუდგება წინ იმას, რომ მოახლოებული საფრთხე მოიმიზეზონ? საამისოდ შორს წასვლა არც კი დასჭირდებათ.  ესპანეთის თუ ბრიტანეთის მიერ შეგულიანებულ ინდიელთა თავდასხმები ხომ ზედგამოჭრილია საამისოდ. პროვოკაციის ინსცენირება შეიძლება,  ფარულად ეთხოვოს რომელიმე უცხო სახელმწიფოს, რომელსაც შემდგომში ვითომდა ჩააცხრობენ თავისდროულ დათმობათა წყალობით. თუ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს იმის თაობაზე, რომ ორ ხელისუფლებას შორის ზემოაღნიშნული გარიგება არსებობს, მაშინ მის წარმატებულ ხორცშესხმასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ჯარი კი, რომელიც სულ სხვა მიზნითაა შექმნილი, ამგვარი ჩანაფიქრის განხორციელების იარაღად იქცევა.
თუკი ასეთი შედეგის თავიდან აშორების მიზნით, მშვიდობიანობის დროს ჯარის შეკრებაც კი აიკრძალებოდა, მაშინ შეერთებული შტატები მსოფლიოს თვალში ერთობ უცნაური სანახავი იქნებოდა: მას კონსტიტუციით ექნებოდა ჩამორთმეული იმის უფლება, რომ მტრის შემოსევამდე განეხორცილებინა მოსამზადებელი თავდაცვითი ღონისძიებანი. რაკი ომის გამოცხადების პრაქტიკას ამ ბოლო დროს აღარ მისდევენ, შეერთებულ შტატებს ისღა დარჩენია, იმ მომენტს დაელოდოს, როცა მტერი მის მიწაზე ფეხს დადგამს, რაც იმის საწინდარი იქნება, რომ ხელისუფლებამ შტატის კომპეტენციის ფარგლებში ჯარის ფორმირება დაიწყოს. იძულებულნი ვიქნებოდით დარტყმა მანამ მიგვეღო, სანამ კონტრდარტყმისთვისYსამზადისს შევუდგებოდით. რაც შეეხება პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები წინასწარ გრძნობენ შორეულ საფრთხეს და  კარსმომდგარ შტორმს ეგებებიანო, – გვირჩევენ მისგან თავი შევიკავოთ, რამეთუ იგი თავისუფალი მართვის ყველა მაქსიმას ეწინააღმდეგება. ჩვენი ქონება და თავისუფლება გადამთიელებს უნდა მივუგდოთ საჯიჯგნად; ჩვენი უძლურებით მათი მადა უნდა დავაცხროთ: მოდით,  მიგდებულსა და დაუცველ დავლას დაეპატრონეთო. ასე კი იმიტომ უნდა მოვიქცეთ, რომ შიშს შევუპყრივართ: ვაითუ, ჩვენმა მმართველებმა – ჩვენ რომ ავირჩიეთ და ჩვენს ნებაზე არიან დამოკიდებულნი – იმავე საშუალებათა წყალობით ხელყონ ჩვენი თავისუფლება, რანიც სწორედაც რომ მის დასაცავად არიან მოწოდებულნიო.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ შესიტყვებას მოველი: სახალხო ლაშქარია ქვეყნის ბუნებრივი ბურჯი, სწორედ მას ძალუძს ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფაო. სწორედ ამგვარი დოქტრინა იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვაცალა ჩვენი დამოუკიდებლობა, რისი შენარჩუნებაც შეერთებულ შტატებს მილიონობით დოლარი დაუჯდა. მოვლენები ჩვენი უახლოესი გამოცდილებიდან საკმაოდ ცინცხლად აღბეჭდილან ჩვენს მეხსიერებაში, რომ ამგვარი სატყუარებით ვეღარ მოგვაღორონ. რეგულარული და გაწვრთნილი ჯარის წინააღმდეგ საომარ ოპერაციათა წარმატებით წარმოება მხოლოდ ასეთსავე რეგულარულსა და გაწვრთნილ საჯარისო ნაწილებს ძალუძთ. ამგვარი პოზიცია გამართლებულია როგორც სტაბილურობისა და სამხედრო ძლიერების, ისე ეკონომიკური მოსაზრებებით. ამერიკის სახალხო ლაშქარმა უკანასკნელ ომში სიმამაცის უამრავი მაგალითი გვიჩვენა, რითაც დიდების სამარადისო ძეგლი დაიდგა, მაგრამ მამაცთა შორის უმამაცესნი გრძნობენ ამას და მათ იციან კიდეც ის, რომ ქვეყნის თავისუფლება მარტო მათი ძალისხმევის დამსახურება როდია, რაგინდ დიადი და ფასეული იყოს იგი. ომი ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, მეცნიერებაა, რომელსაც უნდა დაეუფლო და რომელშიც დიდი რუდუნებითა და შეუპოვრობით უნდა გაიწაფო,  რომელსაც ბევრი დრო და მეცადინეობა უნდა მოანდომო.
ძალმომრეობის ყველა პოლიტიკა, რომელიც კაცობრიობის ბუნებასა და გამოცდილებას ეწინააღმდეგება, დასაღუპადაა განწირული. პენსილვანიის მაგალითი ადასტურებს ამ დაკვირვების სისწორეს. ამ შტატის უფლებათა ბილით გაცხადებულია, რომ მუდმივი ჯარი საფრთხეს უქმნის თავისუფლებას და სასურველია იგი არ ვიყოლიოთ მშვიდობიანობის დროსო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ გაგანია მშვიდობიანობის დროს მიიღო მან გადაწყვეტილება, საჯარისო შენაერთები შეექმნა; ამის მიზეზი კი ერთ - ორ ოლქში გაჩაღებული  შეხლა – შემოხლა გახდა. როგორც ჩანს, იგი მათ მანამ იყოლიებს, ვიდრე საზოგადოებრივი უსაფრთხოება ეჭვქვეშ იქნება. Yყურადსაღებია ამ საკითხში  მასაჩუსეტსის გამოცდილებაც, ოღონდ სხვა მხრივ. ეს შტატი (ისე, რომ არ დაელოდა კონგრესის გადაწყვეტილებას, როგორც ამას კონფედერაციის შესაბამისი პუნქტები ითვალისწინებენ) იძულებული გახდა ჯარი შინაამბოხის ჩასახშობად შეეკრიბა და დღემდე ინახავს დაქირავებულ შენაერთებს, რათა თავიდან აიცილოს რევოლუციური სულისკვეთების გამოცოცხლება. მასაჩუსესტის კონსტიტუცია არ ეწინააღმდგება ამგვარ ღონისძიებას, მაგრამ ეს შემთხვევა ჩვენთვის ერთი რაიმეთი არის საინტრესო:  მსგავსი რამ შეიძლება. ჩვენს მთავრობებსაც შეემთხვას და  იმ უცხო სახელმწიფოთა მთავრობებსაც. ეს კი ზოგჯერ იმის აუცილებლობას განაპირობებს, რომ შეიარაღებული ჯარი მშვიდობიანობის დროსაც ვიყოლიოთ საზოგადოებირივი უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ, მართებული არ არის ამ საკითხში საკანონმდებლო ხელისუფლებას კონტროლს ვუწესებდეთ. ეს მაგალითი იმასაც გვასწავლის, რომ  სუსტ მთავრობას პატივს თავისი ამომრჩევლებიც კი  ძნიად მიაგებენ. ყოველივე ამიდან ერთ გაკვეთილსაც უნდა ვითვალისწინებდეთ: ქაღალდზე ჩამოწერილი დებულებები ვერაფერი შვილია მაშინ, როცა საქმე საზოგადოების მოთხოვნილებებს ეხება.
ლაკედემონელები მტკიცედ იცავდნენ ერთ ფუნდამენტურ მაქსიმას: ადმირალის პოსტზე ორჯერ არასოდეს დაენიშნათ ერთი და იგივე პიროვნება. პელოპონესის ხელშეკრულების მონაწილეებმა, რომლებსაც ათენელებმა მწარე მარცხი აგემეს ზღვაზე მოითხოვეს, რომ გაერთიანებული ფლოტებისთვის ლისანდრეს გაეწია ხელმძღვანელობა, რომელიც ადრე წარმატებით მოღვაწეობდა ამ პოსტზე. ლაკედემონელებმა, რომლებსაც ისიც უნდოდათ, რომ მოკავშირეებისთვის ეამებინათ და თან ძირძველი ჩვეულების ერთგულნი დარჩენილიყვნენ, ასეთ დახვეწილ ფანდს მიმართეს: ლისანდრე ადმირალის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვეს, ოღონდ ნომინალურად ვიცე ადმირალის წოდება მიანიჭეს. ეს მაგალითი ერთ-ერთია იმ უამრავ მაგალითთაგან, რომლებიც საკუთრ გამოცდილებაშიც მოგვეძევება და ერთ ძველ ჭეშმარიტებას ადასტურებს: სახელმწიფოები არას დაგიდევენ ისეთ წესებსა და მაქსიმებს, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ საზოგადოების მოთხოვნილებებს. ბრძენი პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ, რომ მთავრობას თავს არ მოახვიონ ისეთი შეზღუდვები, რომელთა განხორციელება შეუძლებელი გახდება. რამეთუ მათ უწყიან, რომ ძირითადი კანონების დარღვევა, თუნდაც აუცილებლობის ზეწოლით, შებღალავს იმ წმიდა მოწიწებას, რითაც მმართველები თავიანთი ქვეყნების კონსტიტუციათა მიმართ უნდა იყვნენ გამსჭვალულნი. გარდა ამისა, ამან, შესაძლოა, სხვა ისეთ  დარღვევებს მისცეს ბიძგი, რომლებიც აუცილებლობით სულაც არ არიან ნაკარნახევნი, ანდა ის, რასაც  დარღვევის გასამართლებლად იმიზეზებენ, არც ისე საშურია და თვალშისაცემი. 
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group