ფედერალისტი # 46 : მედისონი
1788 წ. 29 იანვარი
ნიუიორკის შტატის ხალხს

წინა წერილში წამოჭრილი საკითხის განხილვას განვაგრძობ და ისევ იმის თაობაზე ვკითხულობ, თუ ხალხის სიყვარულისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით რომელი ფლობს უპირატესობას: ფედერალური ხელისუფლება თუ შტატის მთავრობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ერთიცა და მეორეც არსებითად არის დამოკიდებული შეერთებული შტატების ხალხთა დიდ მასაზე. და ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი  განსხვავებული წესით ინიშნება. თუმცა ნათქვამი უფრო პირველ მათგანს შეეხება; შევეცდები, ეს სათანადო ადგილას დავასაბუთო. ახლა კი საჭიროა აღინიშნოს, რომ როგორც ფედერალური ხელისუფლება, ისე შტატის მთავრობა ხალხის წარმომადგენელია და მისი ნდობითაა აღჭურვილი. თუმცა ისინი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან, რაკი სხვადასხვა უფლებამოსილებანი აქვთ მინიჭებული და განსხვავებულ მიზნებს ესწრაფვიან. კონსტიტუციის მოწინააღმდეგეები ამ საკითხზე მსჯელობისას, როგორც ჩანს, ხალხის ფაქტორს არ ითვალისწინებენ. მათ ისე წარმოუდგენიათ, თითქოსდა ამ ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ უწყებას შორის მხოლოდ მეტოქეობა და მტრობა არსებობდეს; თითქოსდა ისინი საერთო უმაღლეს ზედამხედველობას მოკლებულნი იყვნენ და გარდა ერთმანეთის უფლებამოსილებათა მიტაცების სურვილისა, სხვა არაფერი ამოძრავებდეთ. ამ ბატონებს უნდა შევახსენო, რომ შეცდომას სჩადიან. მათ უნდა ვუთხრა, რომ უზენაესი ხელისუფალი მხოლოდ ხალხია, რაგინდ მრავალფეროვანი უნდა იყოს ხელისუფლების მეორეული ფორმები. ამიტომ მარტო ამა თუ იმ მხარის პატივმოყვარეობასა თუ მიმართვაზე როდია დამოკიდებული ის, თუ ერთმანეთის ხარჯზე როგორ მოახერხებენ ისინი იურისდიქციის თავთავიანთი სფეროების გაფართოებას. მაგრამ როგორც ჭეშმარიტება, ისე წესიერება იმის აღიარებას მოითხოვს, რომ ასეთი რამ ყოველთვის ხალხის სიყვარულსა და მის თანხმობაზე იქნება დამოკიდებული.
იმ მოსაზრებებთან ერთად, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ადრევე მოვიტანეთ, მრავალი სხვა მოსაზრებაც მოწმობს იმას, რომ ხალხი, უწინარეს ყოვლისა, ბუნებრივი სიყვარულით იქნება გამსჭვალული შესაბამისი შტატის ხელისუფლებისადმი. უამრავი ადამიანი ცდილობს იმას, რომ თავი დაიმკვიდროს შტატის ადმინისტრაციაში. იქედან ხომ თანამდებობებისა და გასამრჯელოს უზარმაზარი ნაკადი მოედინება. გარდა ამისა, ამა თუ იმ შტატის ადმინისტრაციის მიზანი ხომ ის არის, რომ ხალხის ადგილობრივსა და პიროვნულ ინტერესებზე იზრუნოს, მათი მოგვარებისა და უზრუნველყოფისთვის გაისარჯოს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხალხი უფრო ახლოს იცნობდეს ადგილობრივი მთავრობის წევრებსა და მათ საქმიანობას. მოსახლეობის ცალკეულ წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მთავრობის წევრებს შორის პიროვნული ნაცნობობა და მეგობრობა ყალიბდება; ისინი ზოგჯერ ოჯახურად უკავშირდებიან ერთმანეთს, ზოგჯერ კი მათ შორის პარტიული კავშირები არსებობს. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, დავრწმუნდებით, რომ ადგილობრივ მთავრობასა და მოსახლეობას შორის ურთიერთობათა მრავალი სიმია გაბმული; ამიტომ უნდა მოველოდეთ, რომ ხალხის სიყვარული შტატის ხელისუფლების მხარეს იქნება.
გამოცდილებაც იმასვე ადასტურებს, რაც უკვე ითქვა. გავიხსენოთ, რომ ომის პერიოდში და განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქვეყანა ლამის იყო დამოუკიდებლობის ფონდის მიერ გამოშვებულმა ფასიანი ქაღალდების ნაკადმა წალეკა, არსებულმა ფედერალურმა  ადმინისტრაციამ შესაშური ქმედითუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე გამომაჟღავნა. და ეს მაშინ, როცა იგი უამრავ ნაკლს შეიცავს იმ სისტემასთან შედარებით, რომელიც  იმედია, ბევრად უკეთესი იქნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მოღვაწეობის შემხედვარე ინატრებდი: ნეტა მომავალშიც ამგვარად მოქმედებას შეძლებდეს იგიო. მან უამრავი ღონისძიება გაატარა, რომელთა მიზანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ის, რომ დაეცვა ყოველივე ის, რაც ხალხს ეძვირფასება და მოეპოვებინა ყველაფერი ის, რაც ხალხისთვისაა სასურველი. მაგრამ როგორც კი გადაიარა პირველი კონგრსებით აღფრთოვანების ტალღამ, ხალხმა თავისი ყურადღება და სიყვარული ისევ ადგილობრივი მთავრობისკენ მიმართა. საქმე ის არის, რომ ფედერალური ხელისუფლება არასოდეს ყოფილა სახალხო თაყვანების საგანი. ამიტომ ყველა, ვინც კი ცდილობდა პოლიტიკაში გზა გაეკაფა და თანამოქალაქეთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა, თავის მოღვაწეობას ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილებათა გაფართოების წინააღმდეგ გამოსვლით იწყებდა და მისი მნიშვნელობის დაკნინებას ესწრაფოდა.
სადღაც ითქვა, რომ მომავალში ხალხი უფრო ფედერალურ ხელისუფლებას შეიყვარებსო. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა; და თუ  მართლაც ასე მოხდა, მაშინ ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა აშკარა და უტყუარი საბუთი იმისა, რომ ქვეყნის უკეთესად მართვა დაიწყო; რაც საწინდარია იმისა, რომ დაძლეული იქნება ყველა ძველი მიდრეკილება. მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, ეს მაინც   არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ძველებური ერთგულებით აღარ იქნება გამსჭვალული ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ; საქმე ის არის, რომ იგი ასე ადვილად არ იცვლის თავისი მჯობინების საგანს. ფედერალური ხელისუფლების ამგვარი წარმატების პირობებშიც კი შტატის მთავრობას შეუძლია მშვიდად იყოს, ვინაიდან ფედერალური ადმინისტრირება, რაგინდ წარმატებულიც უნდა იყოს ის, მხოლოდ განსაზღვრულ სფეროში ხორციელდება.
გამოსარკვევი დაგვრჩა კიდევ ერთი საკითხი, რაც ფედერალური ხელისუფლებისა და შტატის მთავრობების კიდევ ერთი მიმართებით შედარებას ითვალისწინებს. საქმე ეხება იმას, თუ რა მიდრეკილება და რა უნარი აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს იმისა, რომ შეეწინააღმდეგონ და ჩაუშალონ კიდეც ერთმანეთს მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებანი.
უკვე დავასაბუთეთ ის, რომ ფედერალური ხელისუფლების წევრები უფრო იქნებიან დამოკიდებულნი შტატის მთავრობაზე, ვიდრე პირიქით,  ეს უკანასკნელნი -  ფედერალურ ხელისუფლებაზე. ისიც ვაჩვენეთ, რომ ხალხის კეთილგანწყობა – რაზეც ორივე მათგანის არსებობა ჰკიდია, – უფრო შტატის ხელისუფლების მხარეს იქნება, ვიდრე ფედერალური მთავრობისა. უფრო მეტიც, ვიდრე ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთგანწყობაზე გავლენას ზემოდასახელებული მიზეზები ახდენენ, ამგვარ უპირატესობას ყოველთვის შტატის ხელისუფლება შეინარჩუნებს. ეს კი არადა, კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვალსაზრისითაც ზემოაღნიშნული უპირატესობა შტატის ხელისუფლების მხარეს იქნება. ის სიყვარული, რომელსაც ფედერალური ხელისუფლების წევრები თავიანთ მოღვაწეობაში აქსოვენ, შტატის მთავრობათა წარმომადგენლებსაც წაადგება. ეს უკანასკნელნი კი თავიანთ მისწრაფებებსა და მიდრეკილებებში იშვიათად თუ გაითვალისწინებენ ფედერალურ ხელისუფლებასა და მის წევრებს. კონგრესის წევრები უფრო ძალუმად ჩააქსოვენ თავიანთ კანონშემოქმედებაში ადგილობრივ სულისკვეთებას, ხოლო ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების წევრები იშვიათად თუ იხელმძღვანელებენ საერთო – ეროვნული  სულისკვეთებით. ყველამ იცის, თუ უპირატესად რა ასაზრდოებს შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებას, როცა იგი შეცდომებს უშვებს; წყარო ამგვარი შეცდომებისა სხვა არაფერია, თუ არა მისი წევრების მიდრეკილება. საქმე ისაა, რომ მათ არად უღირთ შტატის ღრმა და მუდმივი ინტერესები და მზად არიან ისინი იმ კერძო და განსაკუთრებულ შეხედულებებს ანაცვალონ, რომელნიც მათსავ  საცხოვრებელ ოლქებსა თუ რაიონებში არიან გავრცელებულნი. ამ ხალხს არ ძალუძს ისე გააფართოოს თავისი პოლიტიკური თვალსაწიერი, რომ მან ცალკე შტატის კოლექტიური კეთილდღეობა მოიცვას; და თუ ეს ასეა, მაშინ როგორღა უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ  იგი ოდესმე თავისი სიყვარულისა და თათბირის საგნად აქცევს კავშირის კეთილდღეობას, ფედერალური ხელისუფლების ღირსებასა და სახელს? შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები საკმარისი გულისყურით არ მოეკიდებიან საერთო – ეროვნულ საკითხებს მაშინ, როცა ფედერალური საკანონმდებლო კრების წევრები განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ რომ ადგილობრივი საკითხებისადმი გამოიჩენენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი საპირისპირო ტენდენციები ერთი და იმავე მიზეზებით საზრდოობენ. ფედერალური ხელისუფლებისთვის შტატი იგივე იქნება, რასაც ამ უკანასკნელისთვის ოლქები და ქალაქები წარმოადგენენ. ამიტომ როცა დადგება საკითხი იმის თაობაზე, თუ რა და რა ღონისძიების გატარებაა აუცილებელი, კონგრესი, უწინარეს ყოვლისა, იმ მისწრაფებებს, ინტერესებსა და წინარესჯებს გაითვალისწინებს, რაც ადგილობრივ  ხელისუფლებასა და ცალკეული შტატის  მოსახლეობას ამოძრავებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაამახვილებს ის ყურადღებას კავშირის აყვავებასა და კეთილდღეობაზე. მაინც რა სულისკვეთება წარმართავს კონგრესის მოღვაწეობას? თუ ყურადღებით გავეცნობით საოქმო ჩანაწერებს და ყურად ვიღებთ იმ ხალხის გულწრფელ აღიარებას, რომელსაც პატივი აქვს ფედერალური საკანონმდებლო კრების წევრად ირიცხებოდეს, ცხადი გახდება ერთი რამ. კერძოდ კი ის, რომ ხალხის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი მშობლიური შტატების თავგამოდებული ქომაგები უფრო არიან, ვიდრე საერთო ინტერესის მიუმხრობელი დამცველნი. ერთხელ მართლაც მოხდა ის, რომ ადგილობრივი მოსაზრებები ფედერალური ხელისუფლების განდიდებას ანაცვალეს, მაგრამ სამაგიეროდ, ადგილობრივი ინტერესების, წინარესჯებს და შეხედულებების სასარგებლოდ ასჯერ იქნა არადმიჩნეული მთელი ხალხის არსებითი ინტერესები. მაგრამ ამით სულაც არ მინდა თქმა იმისა, რომ ახალ ფედერალურ ხელისუფლებას უფრო ფართო სამოქმედო გეგმა არ ექნება, ვიდრე ის გეგმაა, რის განხორციელებასაც არსებული მთავრობა ესწრფვის. სულაც არ ვფიქრობ იმას, რომ მისი შეხედულებები შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების თვალსაწიერივით  შეზღუდული იქნება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ახალ კონგრესში ძველი სულიც ძალუმად იქნება შემორჩენილი; სწორედ იგი არ დაუშვებს იმას, რომ ვინმემ ხელყოს ცალკეული შტატის უფლებები, ანდა მათი მთავრობის პრეროგატივები მიიტაცოს. რაც შეეხება ცალკეული შტატის მხრივ იმის მცდელობას, რომ თავისი კომპეტენცია ფედერალურ უფლებამოსილებათა მითვისების ხარჯზე გაზარდოს, იგი  იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან ამ საკითხზე კონფედერაციის წევრები ვერასოდეს შეთანხმდებიან.
დავუშვათ, ფედერალური ხელისუფლებაც ისეთივე წადილმა აიტანა, რაც შტატის მთავრობისთვისაა დამახასიათებელი და ისიც ისეთ პრეროგატივებს წაეპოტინა, რაც მისთვის მიზომილ სფეროს სცდება; ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, ვინაიდან შტატის მთავრობის განკარგულებაში ისეთი საშუალებებია, რომ მას ამგვარი საფრთხის აღკვეთა არ გაუჭირდება. დავუშვათ, რომელიმე შტატის საკანონმდებლო კრებამ ისეთი აქტი გამოსცა, რომელსაც ფედერალური ხელისუფლებისადმი კეთილმოსურნეობას ნამდვილად ვერ დავწამებთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია, იგი ადგილობრივ მოსახლეობას მოსწონდეს და უხეშად არ არღვევდეს სახელმწიფო მოხელის ფიცს; ამგვარი აქტი ძალაშიც უმალვე შევა და დაინერგება კიდეც, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ შტატის ნებაზეა დამოკიდებული. ფედერალური ხელისუფლების პროტესტი თუ ფედერალურ მოხელეთა ჩარევა კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს; პირიქით, ასეთი რამ ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იქნებოდა და ყველა ადგილობრივი ჯგუფის უკმაყოფილებას აღაგზნებდა. ვერაფრს ვიტყვი იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ამგვარი ბოროტების აღკვეთა, მაგრამ თუ ასეთი რამ შესაძლებელია, მაშინ ამ საქმისთვის ძნელად რომ გამოდგეს რომელიმე იმ საშუალებათაგანი, რომელსაც მსგავს შემთხვევაში უხალისოდ, მაგრამ მაინც მიმართავენ ხოლმე. მეორე მხრივ, წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ფედერალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაუდებელი ზომა მიიღოს, რაც გულზე არ ეხატება ამა თუ იმ შტატს. ფედერალური ღონისძიების მიმართ ამგვარი განწყობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც არათუ საგანგებო ღონისძიებამ, არამედ სავსებით კანონიერმა აქტმაც კი შიეძლება გამოიწვიოს. მაგრამ საქმე ისაა, რომ შტატის მთავრობას მუდამ ხელთ აქვს მისი აღკვეთის ძლევამოსილი საშუალებანი. მსგავსი მოვლენები ხშირად იწვევენ სახალხო მღელვარებას; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უარსაც კი აცხადებენ ფედერალურ სახელმწიფო მოხელეებთან თანამშრომლობაზე; შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები კი მათ მიმართ შუღლით იმსჭვალებიან; ამას ზედ ერთვის ის არევ – დარევა, რასაც ჩვეულებრივ იწვევს ესა თუ ის საკანონმდებლო ღონისძიება; ყოველივე ეს კი ნებისმიერ შტატში ისეთ სიძნელეებს წარმოშობს, რომელთა არადმიჩნევა უპრიანი არაფრით  იქნებოდა; მსხვილ შტატს კი იგი სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნიდა. თუ ამგვარი განწყობილებანი მეზობელ შტატებშიც ჰპოვებენ გამოძახილს, თავს ისეთი დაუმორჩილებლობა იჩენს, არა მგონია, რომელიმე შტატმა მასთან შეჯახება ისურვოს.
მაგრამ ფედერალური ხელისუფლების მხრივ შტატის უფლებამოსილებებში პატივმოყვარეობით ნასაზრდოები შეჭრა, მარტოდენ ცალკე შტატის ანდა რამდენიმე მათგანის პროტესტს როდი გამოიწვევს. იგი საყოველთაო განგაშის ნიშნად მოგვევლინება. მთავრობები საერთო საქმის მხარდასაჭერად ერთმანეთს დაუდგებიან გვერდში. გაჩაღდება მიწერ – მოწერა. ერთამანეთთან შეათანხმებენ წინააღმდეგობის გეგმას. ყველა ერთი სულისკვეთებით განიმსჭვალება. ერთი სიტყვით, ყველას ფედერალური ხელისუფლების შიში დაეუფლება და მას ის ძრწოლა თუ შეედრება მხოლოდ, რასაც ადამიანს უცხო ქვეყნის მონობის უღელში გაბმის პერსპექტივა უქადის. და თუ ნებაყოფლობით არ იტყვიან უარს დაგეგმილ ახალშემოღებაზე, მაშინ ამ შემთხვევაშიც – ისე, როგორც ზემოაღნიშნულ მდგომარეობაში, – ძალისმიერი წინააღმდეგობისკენ მოწოდებაც არ დააყოვნებს. მაგრამ რა ისეთმა სიშლეგემ უნდა დარიოს ფედერალურ ხელისუფლებას ხელი, რომ მან თავი ამგვარ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენოს? დიდ ბრიტანეთთან ომის დროს იმპერიის ერთი ნაწილი მის მეორე ნაწილს დაუპირისპირდა. უფრო მრავალრიცხოვანმა ნაწილმა ფეხქვეშ გათელა  უფრო მცირერიცხოვანი ნაწილის უფლებები. ერთობ უსამართლო და უგუნური წამოწყება იყო, თუმც თეორიულ პლანში ასეთი რამ საფუძველსმოკლებული როდი იყო. მაგრამ რა სახის იქნება ის დაპირისპირება, რომელიც ჩვენთვის საინტერესო შემთხვევაში გათამაშდება? ვინ და ვინ მოგვევლინება მის მხარეებად? აშკარაა, რომ ხალხის რამდენიმე წარმომადგენელი თვითონ ხალხს დაუპირისპირდება. უკეთ რომ ვთქვათ, წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი სახალხო წარმომადგენელთა ცამეტი ჯგუფის წინააღმდეგ აღდგება; ამასთანავე, ამ უკანასკნელს მხარს ამომრჩეველთა უზარმაზარი მასა დაუჭერს.
იმ ხალხს, ვინც შტატის ხელისუფლების დაცემას წინასწარმეტყველებს, ერთადერთი და ისიც ცრუიმედიღა რჩება ჩასაჭიდებლად და სამტკიცებლად: ფედერალური ხელისუფლება წინდაწინვე შეკრებს ჯარს თავისი პატივმოყვარული მიზნების განსახორციელებლადო. დავუშვათ, მართლაც აუცილებელი იყო ამგვარი საფრთხის თავიდან აშორება, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი ამაოდ გარჯილან, რაკი ამ საკითხზე თითქმის უშინაარსო სტატიები უწერიათ. დავუშვათ, ხალხი და შტატები დიდი ხნის განმავლობაში ერთი მეორეზე მიყოლებით ირჩევდნენ ისეთ წარმომადგენლებს, რომელნიც მზად იყვნენ პირველივე შესაძლებლობისთანავე მუხანათურად გაეყიდათ როგორც ერთის, ისე მეორის ინტერესები; დავუშვათ, ფედერალური ხელისუფლება მთელი ამ ხნის მანძილზე რუდუნებითა და მეთოდურად ახორციელებდა სამხედრო შენაერთთა გაზრდის წინასწარ შედგენილ გეგმას; შტატები და მისი მოსახლეობა კი მდუმარედ და მოთმინებით შეჰყურებდა იმას, თუ როგორ თანდათან ქუჩდებოდა მათ თავს ზემოთ საავდრო ღრუბელი. უფრო მეტი, ერთიცა და მეორეც ყველანაირად უწყობდა ხელს იმ ქარიშხლის მოახლოებას, რომელიც ერთ დღეს მთელი თავისი სისასტიკითა და ულმობლობით მათვე დაატყდებოდა თავს. ყოველივე ეს უფრო იმ შლეგი სულის ნაბოდვარს ჰგავს, რომელიც ბოღმისგან ლამისაა გასკდეს; ან ჩვენ წინაშე უფრო  ფარისევლური გულმოდგიმებით ნაკარნახევი მეტისმეტად გაზვიადებული და ცრუმოსაზრებებია, ვიდრე სიფრთხილის ის გრძნობა, რომელიც ჭეშმარიტ მამულიშვილურ სიყვარულს  უშვია. მაგრამ ვარაუდი სწორედ იმის ვარაუდია, რომ მისი გამოთქმის უფლება ყველას აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ ჩამოყალიბებულია რეგულარული ჯარი, რომელიც სახელმწიფოს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ვთქვათ, იგი უპირობო ერთგულებითაა გამსჭვალული ფედერალური ხელისუფლებისადმი. ალბათ არ იქნებოდა გადამეტებული თუ ვიტყოდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შტატის ხელისუფლება, რომელსაც ზურგს ხალხის სიყვარული უმაგრებს, შეძლებდა საფრთხის თავიდან აშორებას. ყველაზე ზუსტი გათვლის თანახმად ჯარის რიცხოვნება ქვეყნის მოსახლეობის ერთ მეასედს არ უნდა აღემატებოდეს; ეს იგივეა, რაც ერთი ოცდამეხუთედი მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელსაც იარაღის ტარება შეუძლია. ამ შეფარდების მიხედვით შეერთებულ შტატებს 25 – 30 ათასიანი არმია ეყოლება. შტატებს შეუძლიათ, მის წინააღმდეგ ნახევარ მილიონიანი სახალხო ლაშქარი გამოიყვანონ, რომელიც შეიარაღებული მოქალაქეებისგან იქნება შემდგარი და რომლის სათავეშიც მათ მიერვე არჩეული ოფიცრები იქნებიან. ხალხის ეს უზარმაზარი, მაგრამ ორგანიზებული მასა საკუთარი თავისუფლების დასაცავად იბრძვის; ამას დაუმატეთ ისიც, რომ მის გაერთიანებასა და ბრძოლას ხალხის სიყვარულითა და ნდობით ფრთაშესხმული ხელისუფლება ხელმძღვანელობს. ალბათ, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ამგვარი თანაფარდობის პირობებში რეგულარული ჯარი უძლური იქნება სახალხო ლაშქრის წინაშე. შეიძლება, ზოგი ჩვენი თანამემამულე არ დაეთანხმოს ამგვარ მტკიცებას, განსაკუთრებით – ის, ვინც კარგად არის ჩახედული დიდ ბრიტანთთან ჩვენი შეიარაღებული დაპირისპირების გარემოებებში და იცის, თუ როგორი წარმატებით იბრძოდნენ ჩვენი სამხედრო შენაერთები. სამხედრო საქმეში ამერიკელები ერთ უდავო უპირატესობას ფლობენ მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის წინაშე: ისინი იგავმიუწვდომელი ოსტატობით ფლობენ  პირად იარაღს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი ამასთან ერთდ გასათვალისწინებელია ის ხელისუფლება, რომელიც დაქვემდებარებული რგოლებისგან შედგება და ხალხის სიყვარულით სარგებლობს; ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, სახალხო ლაშქარში ერთიანდება; ამ უკანასკნელს კი სათავეში მის მიერვე არჩეული ოფიცრები უდგანან; ყოველივე ეს კი გადაულახავ სიძნელედ აღემართება წინ ყველას, ვინც თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეერთებული შტატების ინტერესთა ხარჯზე მოიწადინებს. ვერც ერთი ერთგვაროვანი თუ მარტივი ხელისუფლება ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის ამგვარი სისტემის შექმნას. რაც შეეხება ევროპულ სამეფოებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანის განკარგულებაში საკმარისად ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი იმყოფება, ხელისუფლებას ხალხის შიში აქვს და მას იარაღს  არ ანდობს ხოლმე. თუმცა ვეჭვობ, მარტოდენ იარაღით მოახერხოს მან ესოდენ აუტანელი უღლის გადაგდება. სხვა საქმეა ამ ხალხს რომ მის მიერვე არჩეული ხელისუფლება უმაგრებდეს ზურგს; მაშინ სწორედ იგი შემოიკრებდა ეროვნულ ნებას და წარმართავდა ეროვნულ ძალას; სახალხო ლაშქარს სათავეში სწორედ ამ ხელისუფლების მიერ დანიშნული მეთაურები ჩაუდგებოდნენ; თვითონაც ხალხის წრიდან გამოსულნი, უსაზღვროდ უერთგულებდნენ როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელმაც ისინი ოფიცრებადD გაამწესა. ყოველივე ეს  რომ ასე ყოფილიყო, მერწმუნეთ, უმალვე დაემხობოდა ნებისმიერი დინასტიური ტირანია, ევროპაში რომ ბოგინობს და გარს ლეგიონები ახვევია.  მოდით, ნუღარ შევურცხვყოფთ ამერიკის თავისუფალსა და მამაც მოქალაქეებს; ნუღარ ვიტყვით იმას, რომ თითქოსდა  იგი ვერ შეძლებდეს იმ  თავისუფლების დაცვას, რომელსაც ის ჭეშმარიტად შეიძენს; ნუღარ მოვყვებით იმის მტკიცებას, თითქოსდა ასეთი რამ მათ ნაკლებად ხელეწიფებოდეს, ვიდრე იმ დამცირებულ ქვეშევრდომებს, მათსავ დამმონებელ მთავრობას რომ ხელიდან გლეჯენ თავისუფლებას. მოდით, ნუღარ შევბღალავთ მათ ღირსებას და ნუღარ ვივარაუდებთ, თითქოსდა იგი ოდესმე იმ დონემდე დაეშვება, რომ ბრმად მიენდობა და მორჩილად დაუხრის თავს იმ მუხანათურ ღონისძიებებს, რომლებსაც ფარულად უმზადებენ და ცდილობენ, მზაკვრულად მოახვიონ თავს.
ყოველივე ზემოთქმულს შეგვიძლია სისხარტე მივანიჭოთ და უფრო დამაჯერებლადაც გამოვთქვათ: ფედერალური ხელისუფლება, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, ან საკმარისად იქნება დამოკიდებული ხალხზე, ან ასეთი დამოკიდებულება არ იარსებებს. ერთ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება ხელი აიღოს ისეთ ზრახვებზე, რომლებიც ხალხისთვის აუტანელია. მეორე შემთხვევაში კი იგი მოკლებული იქნება ხალხის ნდობას; ხოლო უზურპაციის მისეულ ზრახვებს ადვილად აღკვეთს შტატის ხელისუფლება, რომელიც ხალხის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
ახლა შეგვიძლია ერთგვარად შევაჯამოთ ყველა ის მოსაზრება, რომელიც როგორც წინამდებარე წერილში,  ისე წინა სტატიაში იქნა გამოთქმული. ვფიქრობ, ყოველივე თქმული შეიძლება, დამაჯერებელი მტკიცების სახით ჩამოყალიბდეს: ის უფლებამოსილებანი, რომელნიც ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცემა, აუცილებელია ყველა იმ მიზნის განსახორციელებლად, რაც საკავშირო მთავრობის წინაშე დგას; და ისინი სულაც არ უქმნიან საფრთხეს არც ერთ იმ კომპეტენციათაგანს, რომელიც ცალკეული შტატის განკარგულებაში რჩება. რაც შეეხება არაფრის გამო ატეხილ განგაშს, აქაოდა, მზაკვრულად იგეგმება შტატის ხელისუფლების თანდათანობითი გაუქმებაო, ასეთი რამ, საუკეთესო შემთხვევაში, მოჩვენებათა წინაშე შიშის ნაყოფი თუა მხოლოდ, მათი ავტორების წარმოსახვაში წარმოშობილი.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group