ფედერალისტი # 73  : ჰამილტონი

1788წ. 21 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

იმისთვის, რათა აღმასრულებელი ხელისუფლება ენერგიული იყოს, აუცილებელია, მას მესამე შემადგენელი ნაწილიც ჰქონდეს. საქმე ხელისუფლების ამ შტოს მატერიალურ უზრუნველყოფას ეხება. ამ საკითხისადმი ჯეროვანი ყურადღების გარეშე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა გამიჯვნას მხოლოდ ნომინალური და არაფრისმთქმელი ხასიათი ექნებოდა. საკანონმდებლო კრებას, რომლის მიხედულებაზეც არის დამოკიდებული იმის დადგენა, თუ რამხელა ჯამაგირი და გასამრჯელო უნდა მიეცეს პრეზიდენტს შეუძლია იგი თავისი ნების ყურმოჭრილ მონად აქციოს, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. უმრავლეს შემთხვევაში საკანონმდებლო კრებას შეუძლია ლუკმა პური გაუწყვიტოს პრეზიდენტს, ან გულუხვად დააჯილდოვოს იგი და აცდუნოს, რათა ამ უკანასკნელმა თავის მოსაზრებებზე უარი თქვას და მხარი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს დაუჭიროს. ამგვარი გამოთქმები, თუ მათ სრული მნიშვნელობით განვიხილავთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტს გულისხმობენ, ვიდრე ითქვა. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერაფრით მოაღორებენ და უარს ვერ ათქმევინებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაგრამ სულის ამგვარი სიმტკიცე მხოლოდ მცირედთა ხვედრია. არსებითად კი ვინც ადამიანების მატერიალურ რესურსებს განაგებს, მათი ნებაც მის ხელშია. თუკი საქმე ეგზომ მარტივი ჭეშმარიტების ფაქტებით დადასტურებაზე მიდგებოდა, ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად მოიძებნება მაგალითები იმისა, თუ როგორ იყენებენ საკანონმდებლო ორგანოები დაშინებისა თუ ცდუნების მეთოდებს, რათა ტერორის ქვეშ იყოლიონ თანამდებობის პირები და აიძულონ ისინი, მონაწილეობა მიიღონ ფინანსურ გარიგებებში.
ამიტომ ქების სიტყვები არ უნდა დავიშუროთ კონსტიტუციის შემოთავაზებული გეგმის მიმართ, რამეთუ იგი უაღრეს ყურადღებას უთმობს ზემოაღნიშნულ საკითხს. იგი უზრუნველყოფს შემდეგ ვითარებას: “ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დადგენილ ვადებში ღებულობს გასამრჯელოს, რომლის არც შემცირება და არც გაზრდა არ შეიძლება იმ პერიოდის განმავლობაში , ვიდრე იგი არჩეულია თავის თანამდებობაზე ; ამ დროის მანძილზე დაუშვებელია იგი რაიმე გასამრჯელოს იღებდეს შეერთებული შტატებიდან ან რომელიმე შტატიდან .” შეუძლებელია, კაცმა უფრო ზუსტი დებულება წარმოიდგინო. როგორც კი პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას იწყებს, საკანონმდებლო კრება ერთხელ და სამუდამოდ აცხადებს იმ გასამრჯელოს ოდენობას, რომელსაც იგი მიიღებს მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ეს არჩევითი თანამდებობა უკავია. ასე რომ, საკანონმდებლო კრება მოკლებულია საშუალებას, პრეზიდენტს სარჩო – საბადებელი გაუწყვიტოს და ამით მისი სიმტკიცე შეასუსტოს ან აცდუნოს იგი და მასში სიხარბესთან დაკავშირებული ვნებები აღძრას. ვერც კავშირი და ვერც მისი რომელიმე წევრი ვერ მიიღებს სხვა რამ გასამრჯელოს, თუ იგი გათვალისწინებული არ არის შემოთავაზებული საკანონმდებლო აქტით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არ ექნება ფინანსური მოტივი საიმისოდ, რომ მან უარი თქვას იმ დამოუკიდებლობაზე, რომელიც მისთვის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან, ძალაუფლების კომპეტენტური გამოყენების უნარი არის სწორედ ის ბოლო მოთხოვნა, რომელსაც აუცილებელია, აკმაყოფილებდეს პრეზიდენტი, რათა მისი მოღვაწეობა ეფექტური იყოს. განვიხილოთ ის უფლებამოსილებანი, რომლითაც აღჭურვილი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
პირველი, რაც ჩვენს მზერას წარმოუდგება, ვეტოს შეზღუდული უფლებაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უფლებამოსილია ამგვარი ვეტო დაადოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორივე პალატის მიერ მიღებულ კანონებსა თუ გადაწყვეტილებებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს უფლება აქვს, შენიშვნები გაუკეთოს და უკან დააბრუნოს ყველა ბილი, რათა ისინი კანონებად არ იქცნენ, ვიდრე საკანონმდებლო კრება ხმათა ორი მესამედით მათ რატიფიცირებას არ მოახდენს.
რამდენჯერმე ხაზგასმით აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოს ერთი მიდრეკილების თაობაზე. საქმე ის არის, რომ ეს უკანასკნელი ხშირად არღვევს ხელისუფლების სხვა დეპარტამენტთა უფლებებს და ცდილობს, მათი უფლებამოსილებანი მიიტაცოს. იმის შესახებაც ვილაპარაკეთ, რომ სრულიადაც არ არის საკმარისი, ხელისუფლება ქაღალდზე იყოს დაყოფილი და გამიჯნული; აუცილებელია, თითოეულ დეპარტამენტს კონსტიტუციური საშუალება ჰქონდეს, რათა მან თავი დაიცვას ზემოაღნიშნულ ხელყოფათაგან. განხილული და დასაბუთებული იქნა ამგვარი ზომების მართებულობა. ამ სრულიად ნათელი და უდავო პრინციპებიდან გამომდინარეობს სწორედ იმის აუცილებლობა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება ჰქონდეს, საკანონმდებლო აქტებს შეუზღუდავი, ანდა შეზღუდული ვეტო დაადოს. აბსოლუტური ან შეზღუდული ვეტოს უფლების გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლება სრულიად დაუცველი იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლების ამაოხრებელი შემოსევებისგან. საკანონმდებლო კრებას შეუძლია პრეზიდენტს თანდათან შეუკვეცოს უფლებამოსილებანი, ანდა ერთი აქტით ყველა პრეროგატივა ერთბაშად ჩამოაჭრას. ამ გზით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უმალვე ერთი ორგანოს ხელში აღმოჩნდებოდა. დავუშვათ, საკანონმდებლო ორგანო არ ამჟღავნებს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა დარღვევისკენ მიდრეკილებას. მიუხედავად ამისა, სამართლიანობასთან დაკავშირებული მოსაზრებებიდან და თეორიული მართებულობიდან გამომდინარე, დაუშვებელია პრეზიდენტი საკანონმდებლო კრების წყალობის ამარად დავტოვოთ. მას აუცილებელია თავის დაცვის კონსტიტუციური და ეფექტური საშუალებანი ჰქონდეს.
მაგრამ ის უფლებამოსილება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობთ, სხვა მიზნითაც გამოიყენება. მას მხოლოდ პრეზიდენტის დაცვის ფუნქცია როდი აკისრია, არამედ იგი წარმოგვიდგება, როგორც უსაფრთხოების დამატებითი ზომა, რომელმაც საკანონმდებლო კრებას ხელი უნდა ააღებინოს უმართებულო კანონთა შემოღებაზე. გარდა ამისა, იგი მოწოდებულია, რათა ეს უკანასკნელი იმგვარად მოთოკოს, რომ ფრაქციულმა დაპირისპირებამ საფრთხე არ შეუქმნას თანამეგობრობის ინტერესებს, გასაქანი არ მიეცეს დაუდევრობასა და სხვა მსგავს იმპულსებს, რომელნიც მტრულად არიან განწყობილნი საზოგადოებრივი სიკეთისადმი და რომელთაც ძალუძთ ზეგავლენა იქონიონ საკანონმდებლო კრების უმრავლესობაზე.
ვეტოს წინააღმდეგ ხანდახან შემდეგი მოსაზრებას გამოთქვამენ: არ არის უპრიანი, ერთ ადამიანს უფრო ქველად თუ ჭკვინად მივიჩნევდეთ, ვიდრე რამდენიმე ადამიანსო. სანამ ეს მოსაზრება გაბათილებული არ არის, არ ეგების, პრეზიდენტს იმგვარ უფლებამოსილებას ვანიჭებდეთ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გაკონტროლებას ითვალისწინებსო.
თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრება მხოლოდ მოჩვენებითი დამაჯერებლობის მქონეა. ვეტოს უფელებამოსილების მინიჭება როდი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ყველა ქველი, ანდა ყველა ბრძენი ადამიანია. საქმე მხოლოდ იმას ეხება, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უცოდველი არ არის. მას შესაძლოა ხელი დარიოს ძალაუფლების სიყვარულმა და ხელისუფლების სხვა წევრთა უფლებების დარღვევისკენ უბიძგოს. ჯგუფურობის სულმა შესაძლოა, ხანდახან შერყვნას მისი თათბირი, ეფემერულმა შთაბეჭდილებებმა კი შესაძლოა, კანონმდებლებს ნაუცბათევი ზომები მიაღებინოს. მოგვიანებით, უფრო მშვიდ სიტუაციასა და უფრო დარბაისელური განხილვის პირობებში  შესაძლოა, მათ თვითვე დაგმონ თავიანთი გადაწყვეტილებანი. უპირველესი მოტივი, რაც გვიბიძგებს იქითკენ, რათა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით აღიჭურვოს, ისაა, რომ მას თავის დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს. მეორეც, აუცილებელია გაიზარდოს უსაფრთხოების შანსი, რომელიც თანამეგობრობას აქვს იმ შემთხვევათა წინააღმდეგ, თუ საკანონმდებლო კრება შეეცდება მას თავს მოახვიოს წინდაუხედავად და ნაუცბათევად მიღებული კანონები, რომელნიც შესაძლოა, მზაკვრული ჩანაფიქრის ნაყოფნი იყვნენ. შემოთავაზებულ ზომას ძალზე ხშირად განიხილავენ ხოლმე. ის ხალხი, ვინც ამგვარ განხილვას ახდენს, სხვადასხვა სიტუაციაში იმყოფება. ამიტომ თითქმის არ არსებობს ხიფათი იმისა, რომ მის სათანადოდ აწონ – დაწონას რამე დააკლდეს. არც იმის შიში უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი საერთო  ვნებას თუ ინტერესს აეტანოს და უმართებულო ნაბიჯები გადაედგას. უფრო ის არის მოსალოდნელი, რომ ქვეგამხედვარე ვნებამ ხელისუფლების ყველა ორგანოს ერთდროულად დარიოს ხელი, ყველა მათგანი დაიმორჩილოს და შეცდომაში შეიყვანოს.
ამბობენ: უფლებამოსილება, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ თავიდან აგვაშოროს ცუდი კანონები, შესაძლოა, საპირისპირო მიზნითაც იქნეს გამოყენებული და კარგ კანონთა მიღების შესაძლებლობა მოგვისპოსო. მაგრამ ამგვარ შესიტყვებას არავინ მიიჩნევს საყურადღებოდ, ვინც კი ჩახედულია იმაში, თუ რაოდენი უბედურების მოტანა ძალუძს იმ ვითარებას, როცა კანონები მერყეობას განიცდიან და მათ გამუდმებით ცვლიან. სწორედ ეს ნაკლი ღრღნის ჩვენში შემოღებულ ხელისუფლებათა ხასიათსა და სულისკვეთებას. ამიტომ ყოველ დებულებას, რომელიც კანონშემოქმედების გადაჭარბებათა მოთოკვაზეა გათვლილი, თითოეული მათგანი ისეთ რამედ მიიჩნევს, რასაც მოვლენათა იმ მდგომარეობაში შენარჩუნება ძალუძთ, რომელშიც ისინი დროის მოცემულ მონაკვეთში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ისინი ჩათვლიან, რომ ამგვარ ზომას უფრო სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანის. შესაძლოა, საზოგადოებას ზიანი მიადგეს იმით, რომ რამდენიმე კარგი კანონი ჩავარდეს მაგრამ ამგვარი დანაკარგი ასკეცად იქნება ანაზღაურებული იმით, რომ იგი უამრავი ცუდი კანონის დამღუპველ ზეგავლენას გადაურჩება.
მაგრამ საქმე ამით არ ამოიწურება. თავისუფალი Mმმართველობის სისტემაში საკანონმდებლო ხელისუფლება ბევრად აღემატება ხელისუფლების დანარჩენ შტოებს როგორც თავისი სახელისუფლებო წონით, ისე ზეგავლენით. ეს კარგად ჩანს აღმასრულებელი ხელისუფლების მასთან ჭიდილის მაგალითზე. სწორედ ეს ვითარებაა საწინდარი იმისა, რომ ვეტოს უფლება დიდი სიფრთხილით იქნება გამოყენებული. ამიტომ ბრალდებებს უფრო იმის თაობაზე უნდა მოველოდეთ, რომ მას გაუბედავად იყენებენ და არა იმისა, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენებისას დაუდევრობას გამოიჩენენ. დიდი ბრიტანეთის მეფეს, სუვერენობის მთელი თავისი  ატრიბუტებითა და ზეგავლენით, რომელსაც იგი ათასობით წყაროდან ქაჩავს, თანამედროვე პირობებში, ერთობ გაუჭირდება ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე პალატის საერთო ძალისხმევითაა მიღებული. გზად ტახტის განმტკიცებისკენ იგი არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ კი მისთვის მიუღებელი ყველა ღონისძიება ჩაახშოს და ანაზდეულად დამღუპველი დილემის წინაშე არ აღმოჩნდეს. დილემისა, რომელიც მას აიძულებს ან გადაჭრას პრობლემა, ანდა სახალხო მღელვარების რისკის ფასად საკანონმდებლო ორგანოს დაუპირისპირდეს. უფრო ისაა მოსალოდნელი, რომ თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს, მაგრამ ამ ნაბიჯს მანამ არ გადადგამს, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება მის მართებულობასა და უკიდურეს აუცილებლობაში. ამგვარ შენიშვნას ყველა გაიზიარებს, ვინც კი კარგად არის ჩახედული ამ სამეფოს საქმეებში. დიდი ბრიტანეთის მეფეს დიდი ხანია, რაც ვეტოს უფლება არ გამოუყენებია.
როგორც ვნახეთ, დიდი ბრიტანეთის მეფეს, რომელიც ეგზომ ძლევამოსილად და მყარად ზის თავის ტახტზე, დიდი ყოყმანი დასჭირდება იმისთვის, რომ ვეტოს უფლება გამოიყენოს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რაოდენ სიფრთხილესა და გონიერებას გამოიჩენს შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმავე უფლების გამოყენების საქმეში. ეს ხელისუფალი ხომ ოთხი წლის ვადით არის არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად და მისი მთავრობა ხომ მხოლოდ  რესპუბლიკელებისგან შედგება!
რასაკვირველია, ბევრად უფრო სახიფათო იქნება, თუ პრეზიდენტი აუცილებლობის შემთხვევაში არ გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. ვიდრე ის, რომ მან ხშირად და ენერგიულად მიმართოს ზემოაღნიშნულ ზომას. ვეტოს უფლების წინააღმდეგ წამოყენებული მოსაზრებები სწორედ ამ წყაროდან საზრდოობენ. მის შესახებ ამბობენ, ფორმის მიხედვით გულისამრევი პრეროგატივაა, პრაქტიკული თვალსაზრისით კი სრულიად უსარგებლოაო. მაგრამ თუკი ამ უფლებას იშვიათად იყენებდნენ, აქიდან სრულიადაც არ გამომდინარეობს ის, რომ მომავალში მას არასოდეს გამოიყენებენ. ვეტოს უფლებას განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებენ. საქმე ეხება შემთხვევას, როცა  აშკარად ირღვევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებები, ანდა როცა საზოგადოების ინტერესები აშკარად მსხვერპლად ეწირება ჯგუფურ ან პირად ინტერესებს. სწორედ ამ დროს ადამიანი, რომელსაც გამბედაობა არ აკლია და მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობით ხელმძღვანელობს, არ დააყოვნებს   თავდაცვის იმ საშუალების გამოყენებას, რომელიც კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული. ერთ შემთხვევაში მას ძალზე აინტერესებს ის თუ სადამდე სწვდება, მისი თანამდებობრივი ძალაუფლება. მეორეში კი იმის გამოცდა სწადია, მოიწონებს თუ არა ამომრჩეველი შემოღებულ ზომას. ყველა საეჭვო შემთხვევაში ხალხის კეთილგანწყობა, ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოსკენ იხრება. მაგრამ ის თავს არავის მოატყუებინებს, მაშინ, როცა ყველაფერი დღესავით ნათელია. როცა ამას ვამბობ, მხედველობაში თანამდებობის ისეთი პირი მყავს, რომელსაც სულის საკმაო სიმტკიცე აქვს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არანაირი საფრთხის წინაშე უკან არ დაიხევენ, ოღონდ კი თავიანთი მოვალეობა აღასრულონ.
კონვენტმა იზრუნა იმაზე, რომ პრეზიდენტს მისთვის მინიჭებული ძალაუფლების განხორციელება გაადვილებოდა. მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით კონვენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა ის, რომ პრეზიდენტი დამოკიდებული ყოფილიყო იმაზე, თუ რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვან ნაწილს. გათვალისწინებულია ის, რომ პრეზიდენტს – ჩვენ მიერ უკვე აღწერილი -  შეზღუდული ვეტოს უფლება მიეცეს, ნაცვლად აბსოლუტური ვეტოს უფლებისა. ამგვარი უფლებამოსილების განხორციელებისას იგი უფრო დიდ მზაობას გამოიჩენს, ვიდრე სხვა პრეროგატივების აღსრულების დროს. ადამიანმა, რომელიც უფრთხის იმას, რომ ვეტოს დადების ერთი აქტით გააუქმოს კანონი, შესაძლოა, უყოყმანოდ დააბრუნოს იგი ხელახალი განხილვის მიზნით. კანონის საბოლოო უკუგდებისთვის აუცილებელი იქნება ის, რომ პრეზიდენტის შესიტყვებანი ორივე პალატის წევრთა მესამედმა გაიზიაროს. პრეზიდენტი იმ მოსაზრებითაც იქნება შთაგონებული, რომ თუ ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული მისი ოპოზიცია გამოვა, იგი საკანონმდებლო კრების მეტად ყურადსაღები ნაწილის აყოლიებას შეძლებს. საპრეზიდენტო ოპოზიციის ძალისხმევა და პრეზიდენტის პირადი ზეგავლენა შეერთდება, რაც ხელს შეუწყობს პრეზიდენტის მართებული საქციელის შესახებ საზოგადოებრივი აზრის  ჩამოყალიბებას. პირდაპირი და შეუზღუდავი ვეტო ბევრად უფრო მკაცრი ხერხია, რამაც შესაძლოა, დიდად გააღიაზინოს საზოგადოება. მასთან შედარებით უწყინარი რამაა შეზღუდული ვეტო, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა დასაბუთებული წინადადება, რომელიც შეიძლება მოწონებულ ან დაწუნებულ იქნეს იმ ხალხის მიერ, რომლისადმიც იგი არის მიმართული. ეს უკანასკნელი ნაკლებად შეურაცხყოფს ადამიანებს. მარტო ამის გამოც კი იგი ბევრად უფრო ეფექტური იქნება პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისითაც. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მცდარი შეხედულებანი ძალზე იშვიათად მოედებიან  საკანონმდებლო კრების ორივე პალატის უმრავლესობას. ძალზე იშვიათად მოხდება ის, რომ ისინი ერთსა და იმავე დროს დაეუფლონ ამ ორგანოს წევრთა ორ მესამედს და ამ უკანასკნელთა პრეზიდენტი ბრძოლაში გამოიწვიონ. უფრო ის არის მოსალოდნელი, რომ უმართებულო შეხედულებათა სენი საკანონმდებლო კრების უმცირესობას შეეყაროს და მის გადაწვეტილებებსა და საქციელზე მოახდინოს ზემოქმედება. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, რომელიც ვეტოს დადებას ითვალისწინებს, იგი უჩუმარად და შეუმჩნევლად იმოქმედებს, მაგრამ ძლიერ ზემოქმედებას იქონიებს. როცა უკეთურ საქმეთა ჩამდენებს ეცოდინებათ, რომ მათ დაბრკოლება ისეთი წყაროდან შეექმნებათ, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, მარტო ოპოზიციის შიშითაც კი ისინი ხელს აიღებენ თავიანთ განზრახვაზე. რა თქმა უნდა, თუკი მათ ამგვარი უმკაცრესი ზომის შიში არ ექნებოდათ, ამ ხალხს ვერაფერი შეაკავებდა.
ერთგან კიდეც მივუთითეთ, რომ ნიუ – იორკის შტატში ვეტოს შეზღუდული უფლებით აღჭურვილია საბჭო, რომელშიც გუბერნატორთან ერთად კანცლერი და უზენაესი სასამართლოს წევრებიც შედიან. ანდა შესაძლოა, მასში ზემოჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ორი შედიოდეს. შეზღუდული ვეტოს უფლებას ეს ორგანო ხშირად და წარმატებითაც კი იყენებდა. ამგვარი უფლებამოსილების სარგებლიანობა იმდენად თვალნათლივი გახდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის  შემოღებას სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში, მოგვიანებით მის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებად მოგვევლინნენ. [1] ამის მიზეზად კი ის იქცა, რომ ეს ხალხი ცხოვრებისეული გამოცდილებით დარწმუნდა იმაში, რომ ზემოაღნიშნულ პრეროგატივას დიდი სარგებლობა მოაქვს.
მეორეგან იმაზე მივუთითე, რომ კონვენტმა თავის გეგმაზე მუშაობის დროს გვერდი აუქცია ნიუ – იორკის შტატის კონსტიტუციის მოდელს და უპირატესობა მასაჩუსეტსის კონსტიტუციას მიანიჭა. ამგვარ უპირატესობას, ეტყობა, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზი განაპირობებდა. ჯერ ერთი, მოსამართლეები, რომლებსაც კანონის განმარტება ევალებათ, მიკერძოებას გამოიჩენენ, რაკი მათ უკვე გამოთქვეს თავინთი მოსაზრება, როგორც სააპელაციო ორგანოს წევრებმა. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ შესაძლოა, პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები გადაედოთ; ასეთი რამ კი სახიფათო იქნება, რაკი შესაძლოა, თანდათან განმტკიცდეს დამღუპველი კავშირი აღმასრულებელსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის. შეუძლებელია მოსამართლეები იმგვარად მოთოკო, რომ მათ ხელი არ მიჰყონ სხვა საქმიანობას, თვინიერ კანონთა განმარტებისა. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ჩაყენება ისეთ მდგომარეობაში, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება მათ სხვა გზას არ უტოვებს:  ან ხელი უნდა გაისვარონ კორუფციაში, ანდა ის შეასრულონ, რასაც თვითონ  უბრძანებს.     
პუბლიუსი


[1] მათ რიცხვშია ბ – ნი აბრაჰამ იოტესი, კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე.( პუბლიუსი)

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group