ფედერალისტი # 83 : ჰამილტონი
1788წ. 28 მაისი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

კონვენტის გეგმის წინააღმდეგ ხშირად გამოდიან ხოლმე ერთი შესიტყვებით, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით ემარჯვებათ როგორც ნიუ – იორკში, ისე ზოგიერთ სხვა შტატშიც. საქმე ეხება იმას , რომ კონსტიტუციაში არ არის დებულება , რომელიც სამოქალაქო საქმეებთან მიმართებაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას ითვალისწინებდეს . გარკვეული ყაიდის ადამიანები ყოველთვის ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, თუ რაოდენი უპატიოსნება იმალება ამ შეპასუხების მიღმა. მაგრამ მიუხედავად ამგვარი მხილებისა, იმ ხალხის საუბრებსა თუ ნაწერებში, რომლებიც კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, მას ისევ და ისევ ვაწყდებით. კონსტიტუციაში მართლაც არაფერია ნათქვამი სამოქალაქო საქმეთა შესახებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ვითარება მზაკვრულად არის წარმოდგენილი როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმების ტოლფასი რამ. კონვენტის გეგმის არაკეთილმოსურნეებმა ეს ამბავი საბაბად გამოიყენეს და არაკეთილსინდისიერ განცხადებებს აკეთებენ. ეს უკანასკნელნი იმაზე არიან გათვლილნი, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოსდა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულსა და საყოველთაო გაუქმებას ეხებოდეს. ჩვენი ოპონენტები განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს და საქმეს ისე წარმოადგენენ თითქოსდა ეს უკანასკნელი არათუ ყველა ჯურის სამოქალაქო საქმეთა, არამედ სისხლის სამართლის საქმეთა მიმართაც უქმდებოდეს. მაგრამ ამის მტკიცება ისეთივე ფუჭი და წყალში გადაყრილი შრომაა, როგორც მცდელობა იმისა, რომ მატერიის არსებობის დასასაბუთებლად სერიოზული საბუთები წამოაყენო. ანდა რაღა დასაბუთება ესაჭიროება ისეთ თეორემებს, რომელთა თავისთავადი სიცხადე დღესავით ნათელია, თუკი ისინი გასაგები ენით არიან გადმოცემულნი!
რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, ამ საკითხში ისე აშკარად თვალთმაქცობენ, რომ  მათი ჭკუის ჭყლეტის შედეგები უარყოფადაც კი არ ღირან. ყოველი ეს ერთ მიზანს ემსახურება: ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოსდა რაიმეს გაუთვალისწინებლობა მის სრულ გაუქმებას მოასწავებდეს. ნებისმიერი ჭკუადამჯდარი ადამიანი დაგიდასტურებთ იმას, რომ უზარმაზარი განსხვავება არსებობს დუმილსა და გაუქმებას შორის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ცრუ დებულების მთხზველნი ცდილობენ, თავიანთი გამონაგონი იურიდიული პრინციპებით გაამაგრონ; თუმცა ისინი ამ უკნასკნელთა ჭეშმარიტ მნიშვნელობასაც დამახინჯებულად განმარტავენ. ამიტომ უსარგებლო არ იქნებოდა იმის გამოკვლევა, თუ რა პრინციპებს ემყარებიან ისინი სინამდვილეში.
ეს უკანასკნელნი ასეთი ხასიათისანი არიან:” წვრილმანების გამორკვევა იმას მოასწავებს, რომ საზოგადო რამეები აღარ მიიღება მხედველობაში”, ანდა “როცა ერთ რამეს გამოვთქვამთ, ეს იმას ნიშნავს, სხვა რამეს გამოვრიცხავთ”. ჩვენი ოპონენტები ამგვარად მსჯელობენ: კონსტიტუციას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისხლის საქმეებთან მიმართებაში შემოაქვს, ხოლო სამოქალაქო საქმეთა თაობაზე დუმს; აქედან გამომდინარე, დუმილი უდრის გაუქმებას, ანუ კონსტიტუცია აუქმებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მიმართ.
იურიდიულ განმარტებათა წესები იგივენი არიან, რაც საღი აზრის წესები, რითაც მოსამართლეები სარგებლობენ, როცა ისინი ამა თუ იმ საქმეს კანონს მიუყენებენ ხოლმე. ამიტომ განმარტებათა ამგვარი მიყენების სამართლიანობა იმით მოწმდება, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი იმ წყაროს, საიდანაც მომდინარეობენ. მაგრამ საქმე თუ სწორედ ასეა, მაშინ ნება მომეცით ვიკითხო: ნუთუ გონებასა ან საღ აზრთან რამენაირ შესაბამისობაშია დაშვება იმისა, რომ დებულება, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას ავალდებულებს, რათა მან სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცეს, ამავე დროს, მას ართმევს უფლებას იმისას, რომ  იმავე ტიპის სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება სხვა საქმეთა მიმართაც მიანიჭოს ან ნება დართოს მათი განხილვისა? ნუთუ ბუნებრივია დაშვება იმისა, რომ როცა ერთი რამის გაკეთებაზე მიგვითითებენ, ამით სხვა ისეთი რამის გაკეთებას გვიკრძალავენ, რისი უფლებამოსილებაც ადრევე  გვქონდა მონიჭებული და რაც არ ეწინააღმდეგება იმ საქმეს, რისი გაკეთებაც ნაბრძანები გვაქვს? თუ ასეთი დაშვება არც ბუნებრივია და არც გონივრული, მაშინ უაზრობაა მტკიცება იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აკრძალვა გარკვეულ შემთხვევებში თითქოსდა ყველა სხვა შემთხვევებში მის გაუქმებას მოასწავებდეს. 
სასამართლოთა დაარსების უფლებამოსილება იგივეა, რაც პრეროგატივა იმისა, რომ სამართალწარმოების წესი შემოიღო. ამრიგად, როცა კონსტიტუცია არაფერს  ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, მაშინ ყველაფერი საკანონმდებლო ხელისუფლების ნებაზეა: მას შეუძლია დააწესოს ამგვარი სასამართლო ან უარი განაცხადოს მის შემოღებაზე. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, კონსტიტუცია ზღუდავს მათთან მიმართებაში ამგვარ თავისუფლებას, რაკი მკაფიოდ მიუთითებს მათ მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენების აუცილებლობაზე. მაგრამ რაკი იგი არაფერს ამბობს სამოქალაქო საქმეთა თაობაზე, ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ამგვარ საქმეებში ზემოაღნიშნული ტიპის სასამართლოთა გამოყენება. მართალია, კონსტიტუცია ავალდებულებს სასამართლოებს დადგენილი წესის მიხედვით განიხილონ სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ ამგვარი ვალდებულება თუ აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საქმეთა მიმართ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია, თითქოსდა, საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებას ზღუდავდეს. ამ უკანასკნელს – თუ საჭიროდ მიიჩნევს – სრულიად თავისუფლად შეუძლია ზემოაღნიშნული წესი სამოქალაქო საქმეთა მიმართაც შემოიღოს. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება იმის თაობაზე, თითქოსდა, საერთო – ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას არ მიეცემა იმის სრული თავისუფლება, რომ მან ფედერალური სასამართლოების კომპეტენციისადმი დაქვემდებარებული საქმეები განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს გადასცეს.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამოქალაქო საქმეთა მიმართ არ უქმდება. ხოლო რაც შეეხება ზემოაღნიშნულ წესებს, მათი გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც გონებას, ისე საღ აზრს. ასეც რომ არ იყოს და ამგვარ წესებს მართლაც ჰქონდეთ ზუსტი იურიდიული მნიშვნელობა, რაც იმ ხალხის წარმოდგენებს შეესაბამება, რომლებიც მოცემულ გარემოებებში მათ იყენებს (რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის), ხელისუფლების კონსტიტუციისადმი მათი მისადაგების მცდელობა მაინც დაუშვებელი იქნებოდა. ამ მიმართებით – ნებისმიერი იურიდიული წესისგან დამოუკიდებლად - სწორედ კონსტიტუციურ დებულებათა ბუნებრივი და მკაფიო მნიშვნლობა გვევლინება იმის ჭეშმარიტ კრიტერიუმად, თუ რამდენად მართებულად არის აგებული თვითონ ხელისუფლება.
ამრიგად, გამოირკვა, რომ დაუშვებელია საყრდენი წესების იმგვარად გამოყენება, როგორც მათ ჩვენი ოპონენტები იყენებენ. ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მართებულად გამოყენებისა და ჭეშმარიტი მნიშვნელობის დადგენა ვცადოთ. საამისოდ, უმჯობესია, მაგალითები მოვიმარჯვოთ. კონვენტის მიერ შემუშავებული გეგმა აცხადებს, რომ კონგრესის, ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაზე ვრცელდება, რანიც კონსტიტუციაში არიან ჩამოთვლილნი. ამრიგად, დაზუსტებულია ყველა წვრილმანი, რაც თვალნათლივ გამორიცხავს იმას, რომ ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლება, თითქოსდა, ზოგად საკანონმდებლო პრეროგატივებზე აცხადებდეს პრეტენზიას. ცხადია, თუ ზემოდხსენებული ხელისუფლება ზოგადი უფლებამოსილებით იქნებოდა აღჭურვილი, მაშინ მისთვის განსაკუთრებული პრეროგატივების მინიჭება აზრს მოკლებული და უსარგებლო შეიქნებოდა.
ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე ფედერალურ სასამართლოებთან მიმართებაში. კონსტიტუცია აცხადებს, რომ მათ განსჯადობას მხოლოდ წინასწარ მკაცრად დათქმული საქმეები დაექვემდებარება. იმით, რომ კონსტიტუცია განსაკუთრებული ტიპის საქმეებზე მიუთითებს, ზუსტად დგინდება ის საზღვრები, რომელთა გარეთ ფედერალური სასამართლოები თავიანთ იურისდიქციას ვერ გაავრცელებენ. საქმე ის არის, რომ  კონსტიტუციაში ჩამოთვლილია ის, თუ რა ტიპის საქმეთა განხილვის უფლება აქვთ ზემოხსენებულ სასამართლოებს. ამგვარი ზედმიწევნილობა კი სრულიად ზედმეტი იქნებოდა, თუ იგი უფრო ზოგად პრეროგატივებზე ყველა პრეტენზიას არ გამორიცხავდა.
შესაძლოა, მოტანილი მაგალითები საკმარისი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ზემოხსენებული პრინციპები განიმარტოს და მათი გამოყენების წესებზე იქნეს მითითებული. მაგრამ იმისთვის, რომ ამ საკითხის თაობაზე დამახინჯებული წარმოდგენა არ შეიქმნას, კიდევ ერთ შემთხვევას მოვიტანდი, რისი განხილვაც ნათელყოფს იმას, თუ რას ნიშნავს ზემოხსენებლი წესების მართებული გამოყენება და რას ნიშნავს, როცა მათ ბოროტად იყენებენ.
წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ჩვენი მშობლიური შტატის კანონმდებლობით, გათხოვილ ქალს უფლება არ აქვს, რომ თავისი ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. დავუშვათ, ეს ვითარება ბოროტებად მიიჩნია საკანონმდებლო კრებამ და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებულ ქალს თავისი ქონების განკრგვის უფლება ენიჭება იმ საბუთის საფუძველზე, რომელსაც მოსამართლის თანდასწრებით ადგენენ. ასეთ შემთხვევაში ამგვარი მითითება უთუოდ სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ გამორიცხულია საკუთრების გადაცემის ნებისმიერი სხვა წესი. კონკრეტული წესის შემოღება კი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ქალს არ ჰქონდა თავისი ქონების გასხვისების უფლება. ამიერიდან კი მას ეძლევა შესაძლებლობა, რათა ზემოაღნიშნული კანონი თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ ზემოხსენებული საბუთის მომდევნო ნაწილში შემდეგი რამაა გაცხადებული: არც ერთ ქალს არ აქვს უფლება თავისი  განსაზღვრული ღირებულების მქონე - ქონების განკარგვისა თუ ამაზე არ არსებობს მისი სამი უახლოესი ნათესავის თანხმობა, რაც მათ დოკუმენტზე თავიანთი ხელმოწერებით უნდა დაადასტურონ. ნუთუ ამ დებულებიდან ის გამომდინარეობს, რომ გათხოვილ ქალს შეეძლება, _ ნათესავთა თანხმობის გარეშე _ საკუთრებაში ისეთი ქონება გადასცეს, რომელიც უფრო დაბალი ღირებულებისა იქნება? ამგვარი მტკიცება იმდენად აბსურდულია, რომ მისი უარყოფაც კი არ ღირს. არადა სწორედ ამგვარ პოზიციას იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამოქალაქო საქმეთა მიმართ გაუქმებულია, რაკი კონსტიტუცია მას გარკვევით ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეთა მიმართო.
აქედან ერთადერთი სწორი დასკვნა გამომდინარეობს: შემოთავაზებული კონსტიტუცია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმებას. ასევე მართალია ისიც, რომ ინდივიდუმებს შორის წარმოშობილ დავათა განხილვის თვალსაზრისით, რითაც მოსახლეობის ფართო ფენებია დაინტერესებული, ზემოხსენებული ინსტიტუტი იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, რაც მას ცალკეული შტატის კონსტიტუციის  მიხედვით უკავია. ასე რომ, იგი ოდნავადაც არ შეირყევა ზემოაღნიშნული გეგმის მოწონებისა და მიღების შემთხვევაში.  ამგვარი მტკიცების საფუძველს ის იძლევა, რომ ზემოდასახელებული საქმეები არ დაექვემდებარებიან ეროვნული სასამართლოს განსჯადობას. მათ  ძველებურადვე გაარჩევენ ცალკეული შტატის სასამართლოები, ისე, როგორც ეს მათი კონსტიტუციებითა და კანონმდებლობითაა დადგენილი. მიწასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება სხვა შტატების მიერ ნაჩუქარ მიწებს, ისევე, როგორც ერთსა და იმავე შტატის შიგნით მოქალაქეებს შორის წარმოშობილი ყველა დავა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გვაქვს ადგილობრივი საკანონმდებლო აქტებით საკავშირო კონსტიტუციის აშკარა დარღვევასთან – ცალკეული შტატის სასამართლოთა იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ საადმირალო უწყებასთან დაკავშირებული საქმეები და ყველა ის სარჩელი, რომელიც სამართლიანობის სასამართლოთა იურისდიქციაში შედის და მმართველობის იმ სისტემის პირობებში, რაც ჩვენშია დამკვიდრებული, ნაფიცი მსაჯულის ჩარევას არ საჭიროებს. ყოველივე ზემოთქმულიდან კი ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ზემოაღნიშნულ ინსტიტუტზე ისე, როგორც ის დღესდღეობით არსებობს მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს მმართველობის ჩვენეული სისტემის ის ცვლილებები, რომელთა შეტანასაც მასში კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს.
კონვენტის გეგმის მომხრეები და მოწინააღმდეგენი შესაძლოა, სხვაში ვერაფერში თანხმდებოდნენ, მაგრამ როგორც ერთნი, ისე მეორენი ერთსულოვნებას იჩენენ იმაში, რომ ერთხმად აღიარებენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობას. თუკი მიმართებით მათ შორის რაიმე განსხვავება არსებობს, იგი შემდეგ რამეზე დაიყვანება: ერთნი მას თავისუფლების უძვირფასეს საწინდრად განიხილავენ, მეორენი კი - თავისუფალი მმრთველობის თავდებად მიიჩნევენ. ჩემი მხრივ იმას ვიტყოდი, რომ რაც უფრო გულმოდგინედ ვაკვირდები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მუშაობას, მით უფრო მეტად ვრწმუნდები მათთვის უმაღლესი შეფასების მიცემის აუცილებლობაში. სრულიად ზედმეტი იქნებოდა იმის გამოკვლევა, თუ რა მიზნისთვის არის უფრო სასარგებლო და ღირებული ამ ინსტიტუტის არსებობა: იმისთვის, რომ იგი მემკვიდრეობითი მონარქის მხრივ შევიწროებისგან გვიცავს, თუ იმისთვის, რომ სახალხო ხელისუფლებაში იგი წინ ეღობება და გასაქანს არ აძლევს სახალხო თანამდებობის პირთა ტირანულ მიდრეკილებებს. ამ საკითხზე მსჯელობა თავის შესაქცევად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე სასარგებლო საქმიანობად, რამეთუ ყველა ისედაც დარწმუნებულია იმაში, თუ რაოდენი სარგებლის მოტანა ძალუძს მას და რაოდენ უჭერს იგი მხარს თავისუფლებას. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ კარგად ვერ ვხვდები, თუ რა კავშირია თავისუფლების არსებობასა და სამოქალაქო საქმეების მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას შორის. მე ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ სასამართლო დესპოტიზმს შემდეგი რამ ასულდგმულებს: თვითნებური იმპიჩმენტის შემთხვევები, შეთითხნილი დანაშაულებებისთვის სასამართლო დევნის სახელდახელოდ შეკოწიწებული და თვითნებური მეთოდები, თვითნებური განაჩენის მიხედვით გამოტანილი სასჯელის თვითნებური ზომა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ სისხლის სამართლებრივ სამართალწარმოებაში გვხვდება. მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებას, როგორც ჩანს, სისხლის სამართლის საქმეთა მიმართ შემოღებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შეუდგებიან; ამ საქმეში მათ დახმარებას გაუწევს ის კანონი, რომელსაც habeas corpus ეწოდება. ორივე მათგანი მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული კონვენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში.
ერთგან უკვე მივუთითეთ იმაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმ ხელისუფლების ძალმომრეობისგან დაცვის საწინდარია, რომლის კომპეტენციაშიც გადასახადთა შემოღება შედის. ეს საკითხი ცალკე განხილვის ღირსია.
სავსებით ცხადია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს საკანონმდებლო ორგანოზე იმ საქმეში, რაც გადასახადთა ოდენობის განსაზღვრას , დასაბეგრ ობიექტთა დადგენასა და იმ წესების შემოღებას ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც ეს უკანასკნელნი უნდა დაიბეგრონ. თუკი მას საერთოდ რამეზე ან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაშინ აქ გადასახადის აკრეფის წესი ან ის მოხელეები თუ იგულისხმებიან, რომელთაც სახელმწიფო შემოსავლების შესახებ კანონის განხორციელება ევალებათ.
რაც შეეხება ჩვენს მშობლიურ შტატს, აქ კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენება გადასახადის აკრეფასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის დროს. გადასახადების აკრეფა ჩვენში უფრო ხშირად სუმარული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი  იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება გადახდისუუნარო სუბიექტებს – საკუთრების გაყიდვის წესით ამოღებას ითვალისწინებს ისე, როგორც ეს არენდასთან დაკავშირებულ შემთხვევებში ხდება ხოლმე. ამასთანავე, ყველა აღიარებს იმას, რომ ერთობ საშურია ასეთი პროცედურა, რათა ეფექტურად იქნეს განხორციელებული კანონი სახელმწიფო შემოსავლების შესახებ. ინდივიდუმებისგან გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებული პროცესების გაჭიანურება არ შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებს. გარდა ამისა, ასეთი რამ მოქალაქეებსაც უხერხულობას უქმნის. ამგვარ პროცესთა განმავლობაში მათ იმოდენა დავალიანება უგროვდებათ, რომელიც ბევრად აღემატება თავდაპირველ გადასახადს, რაც, რაღა თქმა უნდა, მათ ძალზე მძიმე ტვირთად აწვებათ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქცევიან გადასახადის ამკრეფნი, ამ საკითხის მოგვარების საწინდრად სწორედ ის გვევლინება, რომ სისხლის სამართლის საქმეთა მიმართ კონსტიტუცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აამოქმედებს. ძალაუფლების განზრახ ბოროტად გამოყენება, სუბიექტთა შევიწროება და ოფიციალური გამომძალველობის ყველა ნაირსახეობა სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეG ჩადენილი დანაშაულობანი. ამიტომ მათი ჩამდენი პირები პასუხს აგებენ კანონის წინაშე საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა გათვალისწინებით. 
ის, თუ რამდენად სრულყოფილი იქნება სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით შემოღებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, მაგრამ ამ უკანასკნელთ არაფერი ესაქმებათ თავისუფლების შენარჩუნებასთან. მისი შემოღების სასარგებლოდ ყველაზე ძლიერი არგუმენტი ისაა, რომ იგი საზოგადოებას კორუფციისგან დაიცავს. როცა საქმე გვაქვს თანამდებობის პირთა მუდმივმოქმედ ჯგუფთან, დროც და საშუალებაც მეტია საიმისოდ, რომ მასზე ზემოქმედება მოახდინონ. მაგრამ ამგვარი ზეგავლენის მოხდენა ერთობ გაჭირდება იმ ჟიურისთან მიმართებაში, რომელიც შემთხვევიდან შემთხვევამდე იკრიბება ხოლმე. ამიტომ ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ  კორუფცია უფრო ადვილად დარევს ხელს პირველს, ვიდრე  მეორეს. მაგრამ ამგვარი მოსაზრების დამაჯერებლობის ძალა სხვა მოსაზრებათა წინაშე უფერულდება. მოგეხსენებათ, რომ ჟიურის შერიფი იწვევს ხოლმე; სპეციალურ ჟიურის კი სასამართლოს მდივანი ნიშნავს. მაგრამ საქმე ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მუდმივი თანამდებობის პირია. ისინი ინდივიდუალურად მოქმედებენ და ამიტომაც ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მათ უფრო გაუადვილდებათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, ვიდრე კოლექტიური ორგანოს დროებით წევრებს. არც იმის დანახვაა ძნელი, რომ რაკი ზემოხსენებულ თანამდებობის პირთა ხელშია ჟიურის წევრთა შერჩევის უფლებამოსილება, ისინი ამას პარტიული მიზნებისა და მოსამართლეთა შორის კორუფციულ გარიგებათა  დასანერგად  გამოიყენებენ. ამასთანავე, ასევე სამართლიანად შეგვიძლია, ვივარაუდოთ ისიც, რომ ამ ადამიანებს არ გაუჭირდებათ, ჟიურის რამდენიმე წევრი ყოველგვარი წინასწარი განსჯის გარეშე პირდაპირ ბრბოდან აიყვანონ. მაგრამ მათ ზუსტად ასევე აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ ჟიურის წევრები იმ ხალხიდან ამოირჩიონ, რომელიც სახელმწიფომ საგანგებოდ შეარჩია მათი მოუსყიდაობისა და კეთილი ზნის გამო. მაგრამ ყველა ზემომოტანილი მოსაზრებიდან მაინც ის დასკვნა  გამომდინარეობს, რომ – მიუხედავად ყველაფრისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მაინც ძალზე ფასეული საშუალებაა, რომელიც კორუფციისგან შეკავების ფუნქციას ასრულებს. იგი უამრავ ისეთ ელემენტს შეიცავს, რაც არსებითად შეაფერხებს კორუფციულ გარიგებათა წარმატებით დაგვირგვინების შესაძლებლობებს. არსებულ მდგომარეობაში აუცილებელი იქნება როგორც სასამართლოს, ისე ნაფიც მსაჯულთა მოსყიდვა, რაკი სასამართლო ახალ სხდომას სწორედ ჟიურის გამტყუნების შემთხვევაში ნიშნავს. ამიტომ ძალზე ხშირად ინდივიდს მხოლოდ მაშინ უღირს ხოლმე ძალა ნაფიც მსაჯულთა მოსყიდვას შეალიოს, თუ იმავდრულად სასამართლოც გადაიბირა. ამ გზით ორმაგი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება. და არ არის ძნელი დასანახი ის, რომ გარემოებათა ამ რთული გადაჯაჭვის შედეგად დაცულია როგორც ერთი, ისე მეორე ინსტიტუტის სიწმინდე. რაც უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან კორუფციული გარიგების მონაწილე ინდივიდები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მით უფრო ეკარგებათ ამ ინსტიტუტთა წევრებს  საიმისო ხალისი, რომ პატიოსნების გაყიდვის ცდუნებას აჰყვნენ. ყველა ცდუნება, რომელიც მოსამართლეებს გარყვნილებისკენ უბიძგებს და რომლის დაძლევაც  შესაძლოა მათ მოუხდეთ, რა თქმა უნდა, ბევრად სუსტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მათ ნაფიც მსაჯულებთან თანამშრომლობა დაეკისრებათ, ვიდრე მაშინ, თუ ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებენ და  ყველა საქმეს დამში თვითვე მოიყვანენ.
ამრიგად, მე ზოგიერთი ეჭვი გამოვთქვი იმის თაობაზე, თუ რამდენად აუცილებელია თავისუფლების დაცვის მიზნით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება სამოქალაქო საქმეებთან მიმართებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო შემდეგი რამ: მართებული მოწესრიგების შემთხვევაში ამგვარი სასამართლო საუკეთესო საშუალებაა საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. მარტო ესეც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მისი შემოღების სასარგებლოდ შესაბამისი პუნქტი შეგვეტანა კონსტიტუციაში, თუკი მისი კომპეტენციის საზღვარების შესახებ საკითხის მოგვარება მოხერხდებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება ქმნის უზარმაზარ სიძნელეს. რაგინდ ენთუზიაზმით უნდა ვიყოთ შეპყრობილნი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფედერალური მთავრობა ისეთი საზოგადოებებისგან და ინსტიტუტებისგან შედგება, რომელთა შეხედულებები ამ მიმართებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია; აქედან გამომდინარე კი ზემოაღნიშნული სიძნელე თითქმის დაუძლეველი ხდება. ჩემი მხრივ  მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ რაც უფრო მეტ შეხედულებას ვეცნობი, მით უფრო ვრწმუნდები შემდეგ რამეში: ძალზე რეალურია ის დაბრკოლებანი, რომელთაც – როგორც კომპეტენტურად განმიმარტეს, – ხელი შეუშალეს ზემოხსენებული დებულების შეტანას კონსტიტუციის შემოთავაზებულ გეგმაში.
ყველა როდია სათანადოდ ჩახედული იმაში, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა სხვადასხვა შტატის ნაფიც სასამართლოთა შორის იმ თვალსაზრისით, თუ სადამდე წვდება მათი კომპეტენციის საზღვრები. ამ საკითხზე ახსნა – განმარტების გაკეთება აუცილებელია, რამეთუ ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მიმართებით, რომ საბოლოო განაჩენი იქნეს გამოტანილი იმის თაობაზე, რაც კონსტიტუციაში გამოტოვებულია და რამაც ეგოდენი უკმაყოფილება გამოიწვია. ნიუ – იორკის შტატის სასამართლო უწყება ყველაზე მეტად წააგავს ბრიტანულ სისტემას.  ჩვენშიაც არსებობებენ საერთო სამართლის სასამართლოები, სასამართლოები, რომლებიც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებენ (გარკვეულწილად ინგლისში არსებულ სასულიერო სასამართლოებს წააგვანან), სამხედრო საზღვაო სასამართლო და სინდისის სასამართლო. საერთო სამართლის სასამართლოებში – გარკვეული გამონაკლისის გარდა - პროცესებს ნაფიცი მსაჯულები წარმართავენ. ყველა დანარჩენ სასამართლოში კი თავმჯდომარეობას ერთი მოსამართლე სწევს და მთელ პროცესსაც ის უძღვება სამოქალაქო კოდექსის კანონთა მიხედვით. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ისინი პროცესის წარმართვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. [1]  ნიუ–ჯერსის შტატში, ისევე, როგორც ნიუ–იორკში, სინდისის სასამართლო მოქმედებს. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ არ არის საზღვაო საქმეთა სასამართლო და სასამართლო, რომელიც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. ამიტომ ნიუ_ჯერსში ისეთი საქმეები, რომელთა გარჩევაც ჩვენში საადმირალო უწყების სასამართლოსა და მემკვიდრეობის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლოს კომპეტენციაში შედის, საერთო სამართლის სასამართლოები განიხილავენ.  აქედან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფრო განვითარებულია ნიუ – ჯერსის შტატში, ვიდრე ნიუ–იორკში.  რაც შეეხება პენსილვანიას, ამ შტატში იგი ნიუ – ჯერსზე მეტადაც კი არის განვითარებული, ვინაიდან იქ არ მოქმედებს სინდისის სასამართლო. აქედან გამომდინარე, სამართლიანობასთან დაკავშირებული სადავო საქმეები იმ სასამართლოთა განსჯადობას ექვემდებარება, რომლებიც საერთო სამართლის პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ზემოხსენებულ შტატში მოქმედებს საადმირალო საქმეთა სასამართლო, მაგრამ, ალბათ, არ მოქმედებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი სასამართლო; ყოველ შემთხვევაში, იგი არ არის იმ ტიპისა, როგორიც ჩვენს მშობლიურ შტატში ფუნქციონირებს. დელავერის შტატი, ამ მიმართებით, აშკარად ბაძავს პენსილვანიას.  რაც შეეხება მერილენდს, იგი – ისე, როგორც ვირჯინია, უფრო ნიუ–იორკს წააგავს იმ განსხვავებით, რომ იქ სინდისის მრავალფეროვანი სასამართლოები მოქმედებენ. ჩრდილო კაროლინა ძალზე წააგავს პენსილვანიას, სამხრეთ  კაროლინა კი – ვირჯინიას. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ზოგიერთ შტატში, სადაც საადმირალო საქმეთა სასამართლო მოქმედებს, პროცესებს მაინც ნაფიცი მსაჯულები უძღვებიან. ჯორჯიის შტატში მარტო ისეთი სასამართლოები ფუნქციონირებენ, რომლებიც საერთო სამართლით ხელმძღვანელობენ. მაგრამ აპელაცია ვერდიქტის თაობაზე ერთი  ჟიურიდან მეორის ხელში გადადის. ეს უკანასკნელი  განსაკუთრებულ ჟიურად იწოდება და სრულიად განსხვავებული წესით ყალიბდება. კონექტიკუტის შტატში არ მოქმედებენ არც სინდისის და არც სამხედრო – საზღვაო საქმეთა სასამართლოები; რაც შეეხება მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საქმეებს, ისინი საერთო  იურისდიქციის გარეშე რჩებიან.  ზემოხსენებულ შტატში საერთო სასამართლოთა იურისდიქცია, გარკვეულწილად, იქვემდებარებს როგორც საადმირალო, ისე მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საქმეებს. ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს  კი  სასამართლოთა ასამბლეა განიხილავს. სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება სამართლიანობის უმაღლეს სასამართლოდ. ამრიგად, კონექტიკუტის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებამოსილება პრაქტიკულად უფრო შორს სწვდება, ვიდრე ზემოხსენებულ ნებისმიერ სხვა შტატში. რაც შეეხება როდ აილენდს, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართებით ისიც კონექტიკუტის მდგომარეობაში იმყოფება. კანონთა შერევისა და საადმირალო თუ სამართლიანობის სასამართლოთა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საკითხთა თვალსაზრისით, მასაჩუსეტსისა და ნიუ – ჰამპშირის შტატებიც ასეთსავე შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. რაც შეეხება ოთხ ჩრდილოურ შტატს, იქ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არათუ უფრო მეტი უფლებამოსილებით სარგებლობს, ვიდრე სხვა შტატბში, არამედ მათ მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. არც ერთ სხვა შტატში ასეთი რამ არ ხდება. რა საკვირველია , აქაც მოქმედებს აპელაციის სისტემა: იგი ერთი ჟიურიდან მეორეს გადაეცემა, ვიდრე სამი ვერდიქტიდან ორი ერთ მხარეზე არ აღმოჩნდება. 
ამ მოკლე მიმოხილვიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ შტატში სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებული  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების დიდი ნაირსახეობა არსებობს. ამ ფაქტიდან შემდეგი თვალნათლივი დასკვნა გამომდინარეობს. ჯერ ერთი, კონვენტი შტატებს თავს ვერ მოახვევდა ერთ საერთო წესს, რომელიც თითოეული შტატის გარემოებებისადმი იქნებოდა მისადაგებული. მეორეც, ამგვარსავე (თუ არა უფრო დიდ) ხიფათთან იქნებოდა დაკავშირებული, თუ ერთ რომელიმე შტატში არსებულ სისტემას ავიღებდით და მას ნიმუშად დავუსახავდით სხვა შტატებს. არანაკლები საფრთხის წინაშე დავდგებოდით, თუ ნაფიც მსაჯულთა შესახებ დებულებას კონსტიტუციიდან მთლიანად ამოვიღებდით და ამ საკითხს, ისე, როგორც ძველად, ახლაც ფედერალური მოწესრიგების საგნად ვაქცევდით.
ზემოხსენებული ხარვეზის გამოსასწორებლად უმალვე იქნა წამოყენებული წინადადებები, მაგრამ ისინი უფრო სირთულის გათვალსაჩინოებაზე იყვნენ გათვლილნი, ვიდრე მის გადალახვაზე. უმცირესობამ პენსილვანიის შტატში ამ მიზნით შემდეგი ფორმულირება წამოაყენა: “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ უქმდება.” ასეთი რამ, ჩემის ფიქრით, სრულიად ზედმეტი და აზრსმოკლებული იქნებოდა. შეერთებულ შტატებს, როგორც კრებულს თუ კრებით პირს, იმ ობიექტად უნდა განვიხილავდეთ, რომელსაც ყველა კონსტიტუციური დებულება ეხება. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნათელი გახდება შემდეგი ვითარება: მართალია, გარკვეული შეზღუდვებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლეოები ყველა შტატში ფუნქციონირებს, მაგრამ რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ იგი სრულიად უცნობია. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი ფედერალური ხელისუფლება სრულიად მოკლებულია სასამართლო ძალაუფლებას; უფრო მეტიც, კავშირის მასშტაბით არ არსებობს სასამართლოს წინამორბედი რაიმე ინსტიტუტი, რომლისთვისაც შეგვეძლო ტერმინი აქამდე არსებული შეგვეფარდებინა. აქედან გამომდინარე, ამგვარი ტერმინი ზუსტ  მნიშვნელობას მოკლებული,  ბუნდოვანი – და ამდენად  უმართებულო იქნებოდა.
ერთი მხრივ, ფორმა, რომლითაც გამოთქმულია დებულება, არ შეეფერება იმ ხალხის განზრახვას, რომელმაც იგი შემოგვთავაზა; მეორე მხრივ კი, მე მგონია, რომ ამგვარი განზრახვა არაგონივრულია, თუ სწორად მესმის მისი საზრისი. მე მიმაჩნია, რომ ფედერალურ სასამართლოებში საქმეებს უნდა განიხილავდეს ჟიური, იმ შემთხვევაში, თუ იმ შტაში, სადაც სასამართლოს სხდომა იმართება, უკვე არის დამკვიდრებული პროცესების წარმართვის ანალოგიური წესი. ასე რომ, კონექტიკუტის შტატში საადმირალო საქმეები უნდა განიხილებოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ; ხოლო, ნიუ – იორკის შტატის სასამართლოები ამგვარ საქმეებს ნაფიც მსაჯულთა გარეშე უნდა არჩევდნენ. მრავლად მოიპოვება ანალოგიურ საქმეთა სხვადასხვანაირად და ახირებულად წარმართვის შემთხვევები ერთი და იმავე მთავრობის პირობებში, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კეთილგონიერი ადამიანები ამგვარი მეთოდების  წინააღმდეგ განეწყონ. საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით წარიმართება თუ მათი მონაწილეობის გარეშე – ეს დიდწილადაა  დამოკიდებული იმაზე, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება სასამართლო და პროცესის მხარეები.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ვითარება არ უნდა გვევლინებოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი საყვედურის საფუძვლად. კარგად მაქვს გაცნობიერებული და ღრმადაც ვარ დარწმუნებული იმაში, რომ, უმრავლეს შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არასასურველი რამაა. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით არასასურველია მისი გამოყენება იმ შემთხვევებში, როცა საქმე უცხო სახელმწიფოებთან მიმართებაში საზოგადოებრივი მშვიდობის უზრუნველყოფას ეხება. ლაპარაკია ისეთ საქმეებზე, რომელნიც საერთაშორისო სამართლის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება. ამგვარი ხასიათისაა ნადავლთან დაკავშირებული ყველა საქმე. შეუძლებელია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კომპეტენტურად მივიჩნიოთ ამ საკითხში და მას მივანდოთ შესაბამისი გამოძიების ჩატარება. საქმე ის არის, რომ ამ საქმისთვის აუცილებელია უცხო სახელმწიფოებში მოქმედი კანონებისა და ზნე – ჩვეულებათა საფუძვლიანი ცოდნა. ჟამიდან ჟამს ნაფიცი მსაჯულები შესაძლოა ისეთ შთაბეჭდილებათა გავლნის ქვეშ მოექცნენ, რომლებიც მათ საშუალებას არ მისცემენ, ანგარიში გაუწიონ პოლიტიკურ მოსაზრებებს; არადა, ამგვარ ძიებათა დროს, უწინარეს ყოვლისა, სწორედ მათ უნდა ვითვალისწინებდეთ. ამასთანავე, მუდმივი საფრთხე იარსებებს იმისა, რომ მათი გადაწყვეტილებანი სხვა სახელმწიფოთა უფლებებს დაარღვევენ, რაც რეპრესიებისა და ომის ხიფათის წინაშე დაგვაყენებს. მართალია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფაქტობრივი ვითარების დადგენა ევალება, მაგრამ ზოგჯერ ეს უკანასკნელი ისეა გადაჯაჭვული მისგან გამომდინარე იურიდიულ შედეგებთან,რომ შეუძლებელი ხდება ერთმანეთისგან მათი  დაცალკევება.
ნადავლის სქმეებთან დაკავშირებული ამგვარი მოსაზრებანი უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენენ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამგვარ პროცესთა წარმოების  მეთოდები ყოველთვის ძალზე დიდი ყურადღებით სარგებლობდნენ. ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებულ ხელშეკრულებებს დებენ ერთმანეთთან, რომელთა მიზანი ზემოხსენებულ მეთოდთა მოწესრიგებაა. ამგვარი  ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დიდ ბრიტანეთში ამ საკითხის თაობაზე, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას თვითონ მეფე ღებულობს საიდუმლო საბჭოზე, სადაც ხელახალი შესწავლის საგანი ხდება როგორც ფაქტობრივი ვითარება, ისე ის კანონი, რომელიც მას მიუყენეს. მარტო ეს ვითარებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, თუ რაოდენ უმართებულო იქნებოდა, თუკი კონსტიტუციაში ისეთ ფუნდამენტურ დებულებას შევიტანდით, რომელიც ეროვნულ მთავრობას სტანდარტად დაუდგენდა იმ სისტემას, რომელიც სხვადასხვა შტატში მოქმედებს. ამასთანავე, საფრთხის წინაშე დავდგებოდით, თუ მთავრობას ისეთ დებულებებზე დამოკიდებულს გავხდიდით, რომელნიც სულაც არ არიან უტყუარნი.
მე იმაშიც ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუ სამართლიანობის სასამართლოებს იმ სასამართლოთა იურისდიქციისგან გამოვაცალკევებთ, რომელნიც თავიანთ საქმიანობაში კანონით ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება იმ საქმეებს, რომელნიც პირველი ტიპის სასამართლოთა განსჯადობას ექვემდებარება, მათ სრულიად უმართებულოდ აკუთვნებენ ხოლმე ჟიურის კომპეტენციას. ყველაზე დიდი და უპირველესი სარგებელი, რომელიც სამართლიანობის სასამართლოთა გამოყენებას მოაქვს, შემდეგი რამაა: მათ შვება მოაქვთ ხოლმე განსაკუთრებულ გარემოებებში ; ეს უკანასნელნი კი ზოგადი წესიდან გამონაკლისად [2] გვევლინებიან. თუ ამგვარ საქმეთა იურისდიქციას ჩვეულებრივ იურისდიქციასთან გავაერთიანებთ, მაშინ ეს შემდეგი ტენდეციის სახეს მიიღებდა: დაირღვეოდა ყველა ზოგადი წესი, რაც იძულებულს გაგვხდიდა, რომ თითოეული საქმის თაობაზე განსაკუთრებული გადაწყვეტილება გამოგვეტანა. თუ ერთ იურისდიქციას მეორისგან გამოვაცალკევებდით, მაშინ ერთი მეორის გუშაგად იქცეოდა, რაც როგორც ერთს, ისე მეორეს ზომიერების ჩარჩოებში ჩააყენებდა. ეგეც რომ არ იყოს, ის გარემოებები, რომელნიც სამართლიანობის საქმეთა წარმოშობას განაპირობებენ, იმ ზომამდე არიან დახვეწილნი დ გართულებულნი, რომ სულაც არ შეესაბამებიან იმ  სულს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რომ უდგას. ისინი ზოგჯერ ძალზე ხანგრძლივ, ღრმასა და კრიტიკულ კვლევას საჭიროებენ. ასე რომ, ამგვარი საქმიანობა სრულიად შეუფერებელია იმ ადამიანებისთვის, რომელნიც თავიანთი სამუშაობიდან მოუწყვეტიათ და იძულებულნი გაუხდიათ, მანამდე გამოჰქონდეთ სასამართლო გადაწყვეტილებანი, ვიდრე უკან დაბრუნების უფლებას მიიღებენ. სამართალწარმოების ეს ფორმა სიმარტივითა და სისწრაფით გამოირჩევა. იგი მოითხოვს, რომ საქმე, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებაა გამოსატანი, ერთადერთსა და თვალნათლივ პუნქტზე იქნეს დაყვანილი. რაც შეეხება სასამართლო გამოძიებას, რომელიც სინდისის სასამართლოებში წარმოებს, იგი მრავალ უმნიშვნელოსა და დამოუკიდებელ წვრილმანს მოიცავს.
იურისპრუდენციის ინგლისური სისტემა, მართლაცდა, ხასიათდება მასში საქმეები, რომლებიც სამართლიანობის წესით გარჩევას საჭიროებენ, გამიჯნულია კანონთა იურისდიქციისგან. სწორედ ეს სისტემა აიღო მოდელად რამდენიმე შტატმა. მაგრამ ისიც მართალია, რომ ცალკეულ შემთხვევაში, როცა ამ ორი იურისდიქციის გაერთიანება ხდებოდა, მათთვის უცნობი იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ამგვარი დაყოფა აუცილებელია, რათა შენარჩუნებული იქნეს ზემოხსენებული ინსტიტუტის პირველქმნილი სიწმინდე. სამართლიანობის სასამართლოს ხასიათი ძალზე იოლად უშვებს იმას, რომ მისი იურისდიქცია ისეთ საქმეებზეც გავრცელდეს, რომელნიც მხოლოდ კანონის საფუძველზე წყდება. მაგრამ მცდელობა იმისა, რომ კანონის სასამართლოთა იურისდიქცია სამართლიანობის სასამართლო წესით გადასაწყვეტ საქმეებზე გავავრცელოთ, ვერ მოიტანს ისეთ სარგებელს, რომელიც შესაძლოა, სინდისის სასამართლოებიდან მიგვეღო, თუკი მათ ისე მოვაწყობდით, რა სახითაც ჩვენს მშობლიურ შტატში არიან მოწყობილნი. მაგრამ ასეთი რამ თანდათანობით გამოიწვევდა კანონის სასამართლოთა ხასიათის შეცვლას და ძირს გამოუთხრიდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რაკი ამ უკანასკნელს დიდ ტვირთად დააწვებოდა  ერთობ რთული საკითხების გადაწყვეტა.
ასეთია ის საბოლოო მოსაზრებანი, რომელთა საფუძველზეც გადაწყდა, რომ საერთო – ეროვნულ სასამართლო სისტემაში არ ყოფილიყო შეტანილი ის სისტემები, რომლებიც ყველა შტატში მოქმედებენ. ადვილი მისახვედრია, რომ პენსილვანიიის შტატის უმცირესობა სწორედ იმისთვის იღვწოდა, რათა ეს უკანასკნელნი საერთო – ეროვნულ სისტემაში შეეტანათ. ახლა განვიხილოთ ის, თუ რამდენად იყო სავარაუდო ხარვეზის გამოსწორებაზე გათვლილი წინადადებათა ის პაკეტი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატმა წარმოადგინა.
ეს უკანასკნელნი შემდეგნაირად იყვნენ ფორმულირებულნი: “იმ სამოქალაქო საქმეებში, რომლებიც სხვადასხვა შტატის მოქალაქეთა შორის ურთიერთობის შედეგად წარმოიშობა, თითოეული ფაქტობრივი ვითარება, რომელიც საქმეში ჩნდება და საერთო სამართლის საფუძველზე წყდება , შეიძლება განხილული იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ ორივე მხარე ან ერთი მათგანი ამას მოითხოვს.”
საუკეთესო შემთხვევაში ეს მხოლოდ საქმეთა ერთ კლასს ეხება. ბუნებრივია, რომ მასაჩუსეტსის შტატის კონვენტს იგი ფედერალურ საქმეთა ერთადერთ კლასად მიაჩნია, რომელთა მიმართ მართებული იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენება. ანდა ისიც შესაძლებელია, რომ მან, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ მიიჩნია მართებულად იმის დაყოფა, რაც დაყოფის გარეშე უფრო შეეფერება დასახულ მიზანს. თუ საქმე პირველ შემთხვევას ეხება, მაშინ ის ამბავი, რომ კონსტიტუცია არაფერს ამბობს იმ წესის შესახებ, რომელიც ამ, ეგზომ მგრძნობიარე საკითხის ეხება – შეუძლებელია, სისტემის არსებით ნაკლოვანებად მიგვაჩნდეს. მაგრამ თუ მხედველობაში მეორე შემთხვევა აქვთ, მაშინ იგი მხოლოდ უტყუარი დასტურია იმისა, თუ რაოდენ რთულია განსახილველი საკითხი.
მაგრამ საქმე ამით როდი ამოიწურება. თუ ჩვენ იმ შენიშვნებს მივმართავთ, რომელნიც სხვადასხვა შტატში მოქმედი სასამართლოებისა თუ მათი წესების თაობაზე გამოუთქვამთ, მაშინ თვალნათლივ დავრწმუნდებით, თუ რაოდენ გაურკვეველი და ბუნდოვანია ის ტერმინოლოგია, რომელსაც საქმეთა იმ კლასის დასახასიათებლად იყენებენ, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთა იურისდიქციაში უნდა გადავიდეს. ნიუ – იორკის შტატში ინგლისური სისტემის თარგზეა გამოჭრილი ის წესები, რომელთა მიხედვითაც დგინდება საზღვრები, რითაც საერთო სასამართლოთა სამართალწარმოება გამიჯნულია სამართლიანობის სასამართლოთა სამართალწარმოებისგან. უმრავლეს შტატში ზემოაღნიშნული საზღვრები ბევრად ბუნდოვანია. ზოგიერთ მათგანში ნებისმიერი საქმე საერთო სასამართლო წესით განსჯადობას ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ყოველი სასამართლო პროცესი შეიძლება განხილული იქნეს როგორც ისეთი პროცესი, რომელიც სერთო სამართლის საფუძველზე წარმოებს, როცა განაჩენი გამოაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ ამას ორივე მხარე, ანდა ერთი მათგანი მოისურვებს. ამგვარი უთავბოლობისა და შფოთის შემომტანი იქნება ის წინადადებანი, რომელნიც პენსილვანიის შტატში უმცირესობამ წამოაყენა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა იქნენ გაზიარებულნი. ერთ შტატში საქმეს გადაწყვეტს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ ამას ორივე მხარე ან ერთი მათგანი მოისურვებს; სხვაში – მსგავსი საქმე ჟიურის მონაწილეობის გარეშე გაირჩევა, ვინაიდან ამ შტატის მოსამართლენი სხვადასხვა პოზიციაზე დგანან საერთო სამართლის იურისდიქციასთან მიმართებაში.
ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ მასაჩუსეტსის შტატის წინადადება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება საერთო წესად იქნეს შემოღებული, ვიდრე რამდენიმე შტატი ერთგვაროვან გეგმას არ შეიმუშავებს იმ საკითხთან მიმართებაში, რაც საერთო სამართლისა და სამართლიანობის სასამართლოთა იურისდიქციებს შორის საზღვრების დადგენას შეეხება.  ამგვარი გეგმის შემუშავება ერთობ ძნელი სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. ამიტომ სრულყოფამდე მის მისაყვანად საჭირო იქნება აუარება დრო და ფიქრი. შეუძლებელი თუ არა, უაღრესად ძნელი მაინც იქნება ის, რომ კავშირში შემავალი ყველა შტატისთვის ერთნაირად მოსაწონი ანდა ისეთი  წესი იქნეს შემოღებული, რომელიც ზუსტად შეესაბამება თითოეულ მათგანში მოქმედ ინსტიტუტებს. 
ვფიქრობ, ნიუ–იორკის კონსტიტუცია ყველაზე საუკეთესოა ამ მიმართებით. ამიტომ შეიძლება ვინმემ იკითხოს: რატომ არ ღებულობენ მას საფუძვლად და რად არ უსახავენ ნიმუშად შეერთებულ შტატებს? ამ შეკითხვაზე შემდეგნაირად ვუპასუხებდი: ნაკლებ სარწმუნოა, რომ სხვა შტატებს ამა თუ იმ ინსტიტუტის შესახებ ჩვენეული ხედვა გაეზიარებინათ. ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთი დაწესებულებებისადმი ერთგულებას გამოიჩენენ და პირველობისთვის იბრძოლებენ. თუ კონვენტის სამსჯავროზე ერთი რომელიმე შტატის მიერ მთელი კავშირისთვის მოდელად შეთავაზებულ გეგმას გამოვიტანდით, მას ალბათ, ვერ მიიღებდა ზემოაღნიშნული ორგანო. ამის მიზეზად კი ის მიკერძოება მოგვევლინებოდა, რომელსაც ყველა შტატის წარმომადგენლობა თავიანთი მთავრობების მიმართ გამოიჩენდა. ესეც რომ არ იყოს, გაურკვეველია, თუ რომელი შტატი უნდა იქნეს მოდელად აღებული. როგორც დავინახეთ, ბევრი მათგანი საამისოდ არ გამოდგებოდა. თუ ყველა გარემოებას გავითვალისწინებდით, ამ შემთხვევაშიც კი მხოლოდ ვარაუდის გამოთქმასღა თუ შევძლებდით იმის თაობაზე, ამგვარი შტატი ნიუ–იორკი იქნებოდა, თუ რომელიმე სხვა შტატს მიენიჭებოდა უპირატესობა. მაგრამ მე ვაღიარებ, რომ კონვენტის მიერ სათანადო შტატის სამართლიანი შერჩევის შემთხვევაშიც კი დიდი საფრთხის წინაშე დავდგებოდით, რაკი ნებისმიერი გადაწყვეტა იმის საბაბად იქცეოდა, რომ ზემოხსენებული კრებისთვის რომელიმე შტატის ინსტიტუტებისადმი მიკერძოებაში დაედოთ ბრალი. ამგვარი რამ კი შტატებს შორის ღვარძლსა და სიძულვილს გააჩენდა. კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის მოწინააღმდეგენი კი შემთხვევას არ გაუშვებდნენ ხელიდან და ადგილობრივ ცრურწმენებს მის წინააღმდეგ აამხედრებდნენ. ასეთი რამ კი არცთუ უმნიშვნელო ხიფათის წინაშე დააყენებდა ზემოაღნიშნული გეგმის საბოლოო მიღების საქმეს.
ასე რომ, ერთობ ძნელია საქმეთა იმ კლასის განსაზღვრა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას უნდა დაექვემდებაროს, ამიტომაც ენთუზიასტები ხანდახან იმასაც კი გვთავაზობენ, რომ ზემოაღნიშნულ სასამართლოთა იურისდიქციას განურჩევლად ყველა საქმე განვაკუთვნოთ. მაგრამ ვფიქრობ, ასეთი პრეცედენტი არც ერთ შტატში არ არსებობს. იმ მოსაზრებათა საფუძველზე, რომელნიც პენსილვანიის შტატში უმცირესობის მიერ წამოყენებული წინადადების თაობაზე გამოითქვა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კონვენტი მიუტევებელ შეცდომას დაუშვებდა, თუკი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველა საქმის მიმართ შემოიღებდა.
ერთი სიტყვით, რაც უფრო ჭიანურდება ამ საკითხის განხილვა, მით უფრო ძნელდება ისეთი სხარტი დებულების შემუშავება, რომელიც მიზნის შესაფერისი და ყველასათვის მისაღები იქნებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა საფრთხის წინაშე არ დაგვეყენებინა დიადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი: მმართველობის მტკიცე ეროვნული სისტემის შექმნა.
მეორე მხრივ, არ შემიძლია არ ვირწმუნო ის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის ყოველმხრივი განხილვის პროცესმა ხელი შეუწყო იმას, რომ პატიოსანი ადამიანები ამ ეგზომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული ყოველგვარი შიშისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამგვარმა განხილვებმა თვალნათლივ აჩვენეს, რომ საკითხი თავისუფლების უსაფრთხოების თაობაზე მხოლოდ მაშინ დგება, როცა საქმე სისხლის სამართლის პროცესთა მიმართ ნაფიც მსაჯულთა გამოყენებას ეხება. ეს საკითხი კი საიმედოდ არის უზრუნველყოფილი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც კონვენტმა შეიმუშავა. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეთა უმრავლესობას, რაც მთელი თანამეგობრობის ინტერესის საგანს წარმოადგენს, პროცესის წარმართვის ზემოაღნიშნული ხერხი ძალაში რჩება იმ სახით, რა სახითაც ის სხვადასხვა შტატის მიერაა შემოღებული. ამ საკითხს არ ეხება კონვენტის მიერ შემუშავებული გეგმა, ვინაიდან  იგი არ შედის მისი ზეგავლენის სფეროში. ასე რომ, კონვენტის გეგმით არავითარ შემთხვევაში არ უქმდება [3] ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მაგრამ თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობათა წინაშე ვდგებით, როცა მის შესახებ ზუსტი და მართებული დებულების შემუშავებას ვცდილობთ, რათა იგი შეერთებული შტატების კონსტიტუციაში იქნეს შეტანილი.
ყველაზე საუკეთესო მსაჯულებად ამ საქმეში ის ხალხი მოგვევლინება, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული იმით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამოქალაქო საქმეთა მიმართაც იქნეს შემოღებული. ეს ადამიანები ყველაზე უფრო არიან მზად საიმისოდ, რომ შემდეგი რამ აღიარონ: იმ ცვლილებებმა, რომელთაც გამუდმებით განიცდის საზოგადოებრივი საქმეები, შესაძლოა, - უმრავლეს შემთხვევაში, უფრო საშური გახადონ საკუთრებასთან დაკავშირებული საკთხების სხვანაირად და არა ისე გადაწყვეტა, როგორც ისინი ამდენხანს წყდებოდა ხოლმე. რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ და მზადაც ვარ  ვაღიარო, რომ ჩვენს მშობლიურ შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ისეთ საქმეთა მიმართ, სადაც იგი ადრე არ გამოიყენებოდა. მაგრამ არანაკლებ სასარგებლო იქნებოდა, თუკი მას ზოგიერთი სხვა ტიპის საქმეს ჩამოვაშორებდით. გონიერი ხალხი ყველა ერთ აზრზეა: არ შეიძლება ყველა საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავდეს. ძალზე მრავლად მოიპოვება მაგალითები, რომლებიც მოწმობენ იმას, თუ რაოდენ შეიკვეცა ნაფიც მსჯულთა ძველთუძველესი კომპეტენციის ყოვლისმომცველი საზღვრები როგორც ამერიკის შტატებში, ისე დიდ ბრიტანეთში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძველი იურისდიქცია არახელსაყრელადაა მიჩნეული. მომავალმა გამოცდილებამ ამ მიმართებით  შესაძლოა, სხვა შეზღუდვათა და გამორიცხვათა სარგებლიანობაც კი დაადასტუროს. ვფიქრობ, მოვლენათა განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი შეიქნება ისეთი კეთილმყოფელი პუნქტის ფიქსირება, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ის, რომ ზემოაღნიშნულ ინსტიტუტს ფუნქციონირება შეეწყვიტა. ჩემთვის ეს ძალზე ძლიერი არგუმენტია იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, რომ საკითხი, რომელიც ჩვენი მსჯელობის საგანია, განსახილველად საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეცეს.
ახლა ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ ვითარებასთან საქმე გვაქვს დიდ ბრიტანეთსა და კონექტიკუტის შტატში. მიუხედვად ამისა, შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, რომ, რევოლუციიდან მოკიდებული, ჩვენს მშობლიურ შტატში ბევრად უფრო ირღვეოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებები (თუმცა იგი გათვალისწინებულია კონსტიტუციით), ვიდრე ასეთი რამ კონექტიკუტსა თუ დიდ ბრიტანეთში იმავე პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. უკვე თქმულს შეიძლება ისიც დავუმატოთ, რომ ზემოხსენებულ დარღვევათა ჩამდენებად სწორედ ის ხალხი გვევლინებოდა, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას თავი თავისუფლების მხურვალე დამცველებად მოაჩვენოს. ამ ყაიდის ადამიანები იშვიათად ჩივიან კონსტიტუციურ დაბრკოლებათა არსებობის გამო, რაც მათ ხელს შეუშლიდა თავიანთი ძვირფასი კარიერის გაკეთებაში. სიმართლე ის არის, რომ მმართველობის სული სრულიად საკმარისი საყრდენია, რათა ადამიანი წარმატებას წარმატებაზე აღწევდეს. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, რა თქმა უნდა, ისინი მთლად უსარგებლონი როდი არიან, მაგრამ მათი ეფექტი ბევრად უმნიშვნელოა, ვიდრე ჩვეულებრივ მიაწერენ ხოლმე. გამჭრიახი ადამიანი არას დაგიდევს ამგვარ პირობათა უქონლობას. იგი დარწმუნებულია, რომ წინ ვერაფერი გადაეღობება ისეთი გეგმის ხორცშესხმას, რომელშიც ვარგებული მმართველობის ყველა მთავარი ნიშან – თვისებაა გათვალისწინებული.
რა თქმა უნდა, საკმაოდ უკმეხად და უცნაურად ჟღერს მტკიცება იმისა, რომ თითქოსდა კონსტიტუცია, რომელსაც გარკვევით შემოაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა მიმართ, თავისუფლებას არ უზრუნველყოფდეს. ამგვარი მტკიცების საფუძვლად კი ის მოჰქონდეთ, სამოქალაქო სამართლის საქმეებთან მიმართებაში იგი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. გავიხსენოთ ცნობილი ფაქტი: კონექტიკუტს, რომელიც ყოველთვის კავშირის ყველაზე პოპულარულ შტატად ითვლებოდა, შეუძლია იამაყოს იმით, რომ მისი კონსტიტუცია არ შეიცავს დებულებას ორი ყაიდის სასამართლოს შესახებ.
პუბლიუსი


[1] რაც შეეხება სინდისის სასამართლოს, მასთან მიმართებაში შეცდომით ამტკიცებენ: სადავო ფაქტებს ამ ტიპის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენო. სინამდვილეში კი ეს უკანასკნელნი აქ იშვიათად გამოიყენებიან. ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ ხოლმე, როცა საკითხი ირჩევა იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მიწის ნაკვეთის ანდერძით გადაცემა.
[2] სწორია ის, რომ პრინციპები, რომელნიც ამგვარ შვებას განსაზღვრავენ, ამჟამად სისტემის სახით არიან ჩამოყალიბებულნი. მაგრამ არანაკლებ სწორია ისიც, რომ ისინი უმთავრესად განსაკუთრებულ გარემოებებს მიეყენებიან ხოლმე, რომელნიც ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენენ. ( პუბლიუსი).
[3] იხ. მუხლი 81, სადაც განიხილული და უკუგდებულია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მას აუქმებდეს სააპელციო იურისდიქცია, იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელნიც უზენაესი სასამართლოს განსჯადობას ექვემდებარებიან,( პუბლიუსი).

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group