ფედერალისტი # 60: ჰამილტონი
1788წ. 23 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
როგორც ვნახეთ, უხიფათო როდია ის უკონტროლო ძალაუფლება, რომელიც ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრებას აქვს ფედერალური ხელისუფლების წევრთა არჩევნებზე. ახლა მოდით ვნახოთ, თუ რა საფრთხეა მოსალოდნელი მეორე მხრიდან, ე. ი. მაშინ, როცა საარჩევნო პროცესის მოწესრიგების განსაკუთრებული უფლება თვითონ კავშირს ეკისრება. არავის განუცხადებია ის, რომ ამგვარ უფლებამოსილებას ოდესმე იმ მიზნით გამოიყენებენ, რათა რომელიმე შტატს ფედერალურ ხელისუფლებაში წარმომადგენლობის კუთვნილი წილი ჩამოართვან. ყველა მხარეა დაინტერესებული, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, ვინაიდან საქმე ყველას უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ზემოაღნიშნულ უფელბამოსილებას ადამიანთა იმ ფენის დასაწინაურებლად გამოიყენებენ, რომელიც მავანთა თვალში გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს და ასეთი რამ მოქალაქეთა სხვა ფენების ხარჯზე მოხდებაო. საამისო საშუალება ყოველთვის ხელთ ექნებათ იმათ, ვისზეც არის დამოკიდებული საარჩევნო პროცესი. ამ ხალხს შეუძლია არჩევნები მხოლოდ განსაზღვრულ ოლქებში დანიშნოს და ამით მოქალაქეთა ფართო ფენებს მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ყველა ფანტასტიკურ ვარაუდთა შორის ყველაზე ფანტასტიკური სწორედ ეს ვარაუდია. ერთი მხრივ, ალბათობათა გონივრული გათვლის გზით, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამგვარი ძალადობრივი და აბსურდული საქციელი ოდესმე გაიკაფავს გზას ეროვნულ საბჭოებში. მეორე მხრივ კი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თუკი ამგვარი უმართებულო სულისკვეთება მართლაც შეაღწევს ამ ორგანოებში, იგი თავის თავს სხვანაირად გამოავლენს და ბევრად უფრო გაბედულად იმოქმედებს.
არ არის დამაჯერებელი ის, რომ ვინმემ ასეთი რამ სცადოს. ამას ერთი მოსაზრებაც ადასტურებს. კერძოდ, საქმე ეხება იმას, რომ ზემოაღნიშნული მცდელობა უმალვე ხალხის ფართო ფენების აჯანყებას გამოიწვევდა, რომლის წინამძღოლებადაც ცალკეული შტატის მთავრობა მოგვევლინებოდა. არც იმის მიხვედრა არის ძნელი, რომ სახალხო მღელვარებისა და შფოთის პერიოდებში თავისუფლების ეს განუყოფელი ნაწილი, მოსახლეობის ზოგიერთ ფენასთან მიმართებაში, შეიძლება, ძლევამოსილი და მბრძანებლური უმრავლესობის ძალმომრეობამ შეიწიროს. მაგრამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ის, რომ ხელისუფლება წინასწარი განზრახვით ატარებდეს პოლიტიკას, რომელიც ზიანს აყენებს მოსახლეობის ფართო ფენებს და ამან სახალხო რევოლუციის ხანძარი არ ააბრიალოს. მით უფრო, როცა საქმე ეხება ამერიკას, ქვეყანას, რომელსაც ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს და ეგზომ განათლებული მოსახლეობა ჰყავს.
გარდა ამ ზოგადი მოსაზრებისა, უფრო დაზუსტებული შეხედულებებიც არსებობს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ამ მიმართებით ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა. ეროვნული ხელისუფლება მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტისგან შედგება. კიდევ უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან ხელისუფლების სხვადასხვა შტო და მათი მოქმედების სფეროები. ყოველივე ეს გადაულახავ წინაღობად გადაეღობება ყველას, ვინც ერთმანეთთან პირის შეკვრას იმ მიზნით განიზრახავს, რომ მიკერძოებული არჩევნები ჩაატარონ. ადამიანები, რომელნიც კავშირის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ, დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ქონებრივი მდგომარეობით, ნიჭით, ჩვევებითა და ჩვეულებებით; ბუნებრივია, რომ ამგვარი მრავალფეროვნება წარმომადგენელთა განწყობილებებზეც აისახოს. რა თქმა უნდა, ისინიც სხვადასხვანაირად იქნებიან განწყობილნი საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და ქვეყანაში არსებული პირობების მიმართ. მეორე მხრივ, ადამიანებს შორის სიახლოვე, რომელიც ერთი ხელისუფლების პირობებში ყალიბდება, ხელს უწყობს მათი ზნისა და განყობილებების შერწყმას. მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც განაგრძობენ მოქმედებას ისეთი ფიზიკური თუ მორალური მოტივები, რანიც ცოტად თუ ბევრად განსხვავბულ მიდრეკილებებსა და მისწრაფებებს ასაზრდოებენ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ზემოქმედებას ერთი გარემოება მოახდენს. საქმე ეხება იმ ხერხებს შორის განსხვავებას, რომლებსაც ხელისუფლების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის ასაგებად მიმართავენ. წარმომადგენელთა პალატას უშუალოდ ხალხი ირჩევს, სენატს კი – ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება. პრეზიდენტის ასარჩევად კი ჯერ ხალხი იმ ამომრჩევლებს ირჩევს, რომლებმაც შემდეგ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. როგორც ვხედავთ, ცოტაა ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლების ამ განშტოებებს საერთო ინტერესი გაუჩნდეთ, რაც მათ ერთ მუშტად შეკრავდა და ამომრჩეველთა რომელიმე ფენის მიმართ მიკერძოებული სიყვარულით განაწყობდა.
რაც შეეხება სენატს, ცნობილია, რომ კონსტიტუციის პროექტით ეროვნულ ხელისუფლებას მასზე მხოლოდ ერთი უფლებაღა რჩება, რაც “ დროისა და წესის” განსაზღვრას გულისხმობს. ასე რომ, შეუძლებელია ამან რამენაირი ზეგავლენა მოახდინოს იმ სულისკვეთებაზე, რითაც ამ ორგანოს წევრებს აირჩევნ. ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების კოლექტიურ აზრზე კი ვერასოდეს მოახდენს ზემოქმედებას ამგვარი გარემოება. აი, მოსაზრება, რაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ვერასოდეს შეისხამს ხორცს დისკრიმინაციის ის მცდელობა, რომელსაც ასე უფრთხიან. რამ უნდა უბიძგოს სენატს იქითკენ, რომ ისეთ უპირატესობაზე დათანხმდეს, რითაც თვითონ ვერ იხეირებს? რა მიზნით წაახალისებს იგი საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ განშტოებას მისი სხვა განშტოების ხარჯზე? ამ შემთხვევაში ერთი განშტოება მეორეს ანეიტრალებს. სენატის წევრები ვერ იქნება არჩეული, თუ ცალკეული შტატის საკანონმდებლო ორგანომ ერთმანეთთან არ ითანამშრომლა. თუ ეს მოსაზრება სწორია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის ხელშია ის ძალაუფლება, რომლის შესახებაც ახლა ვმსჯელობთ: შტატებისა - თუ კავშირის.
მაგრამ მიზანი უნდა ამოძრავებდეს ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს, როცა ისინი ამგვარ მიკერძოებულ ახირებას გამოავლენენ? ნუთუ იგი იმაში მდგომარეობს, რომ მრეწველობის სხვადასხვა დარგს, საკუთრების სხვადასხვა ფორმასა თუ მის სხვადასხვა ზომას შორის დისკრიმინაცია მოახდინოს? ვის მიემხრობიან ისინი: მიწათმფლობელებს, ფინანსისტებს, ვაჭრებსა თუ მეწარმეებს? ანდა კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა საყვარელი ენით რომ ვთქვათ: ნუთუ საზოგადოების სხვა ფენათა უგულვებელყოფისა და დაკნინების ხარჯზე შეუწყობენ ისინი ხელს “მდიდრებისა და კეთილშობილთა” აღზევებას?
თუ საქმე წარმოებისა თუ საკუთრების ფორმებს შორის მიკერძოებაზე მიდგა, ვფიქრობ, მის მოსაპოვებლად კონკურენცია მიწათმფლობელებსა და ვაჭრებს შორის გაჩაღდება. უაზრობაა მტკიცება იმისა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ფენის წარმომადგენლები ეროვნულ საბჭოებში აღზევდებიან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში კი ვერც ერთნი გაბატონდებიან და ვერც მეორენი. როგორც ითქვა, ასეთი რამის ალბათობა ძალზე ცოტაა. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვებთ იმას, რომ მიკერძოებას თავიდან ვერ ავიცილებთ, მაშინ უფრო სახიფათო იქნება, თუ უპირატესობა მიწათმფლობელებს მიეცემათ და უფრო უხიფათო - თუ ვაჭრების მხარდაჭერას ამჯობინებენ.
ცალკეული შტატის მოსახლეობა სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობისადმი თავისებურ სიყვარულს ამჟღავნებს. უმრავლეს შტატში _ თუ ყველაში არა, – გაბატონებული მდგომარეობა სოფლის მეურნეობას უკავია. რამდენიმე მათგანში კი მას ბატონობაში ვაჭრობა ეცილება და მისი ზეგავლენაც თანდათან იზრდება. ეროვნული წარმომადგენლობა სწორედ იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რომელი ფენის ზეგავლენა ჭარბობს. სწორედ ამის გამო ეროვნული ხელისუფლება უფრო მრავალფეროვან ინტერესებს გამოხატავს, ვიდრე რომელიმე ცალკე შტატის მთავრობა. ამიტომ ფედერალურ დონეზე ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა იმისა, რომ რომელიმე ინტერესი მიკერძოებით იქნეს გამორჩეული, ვიდრე ამა თუ იმ შტატის ხელისუფლებაში.
იმ ქვეყნის ხელისუფლებაში, რომელიც უმთავრესად მიწადმოქმედთაგან შედგება, თანასწორი წარმომადგენლობის პირობებში, მიწათმფლობელები უნდა სჭარბობდნენ. ვიდრე ცალკეული შტატის საკანონმდებლო ორგანოში მათი ინტერესები ბატონობენ, ეროვნულ სენატშიც ისინი ამგვარივე უპირატესობით იქნებიან წარმოდგენილნი, ვინაიდან ეს უკანასკნელი სხვა არა არის რა, თუ არა შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ალი – კვალი. ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლების ამ განშტოებამ მიწადმოქმედთა ინტერესი ოდესმე ვაჭრების ინტერესს ანაცვალოს. ვითვალისწინებ იმ ზოგად შენიშვნას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობითაა ნაკარნახევი და შემდეგი მოსაზრებით ვხელმძღვანელობ: ამა თუ იმ შტატის ხელისუფლების მცირედმორწმუნე დამქაშებს თავიათი პრინციპებიდან გამომდინარე, არასოდეს შეეპარებათ ეჭვი იმაში, რომ გარეშე ზეგავლენა შტატის საკანონმდებლო ორგანოებს ხელს ააღებინებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაგრამ სინამდვილეში თუ ფედერალური წარმომადგენლობითი პალატის მარტივი შემადგნლობის პირობებში მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა, მსგავსი შედეგიც არ დაახანებს: ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ან ერთმა ან მეორე მხარემ ვაჭართა ფენის მიმართ უმართებულო მიკერძოება გამოიჩინოს.
თუ მაინცადამაინც აუცილებელია ის, რომ ამგვარმა შესიტყვებამ გარკვეული მდგრადობა შეიძინოს, შეიძლებოდა შემდეგი შეკითხვა დაგვესვა: ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ ეროვნულ ხელისუფლებაში ფესვი ისეთმა მიკერძოებამ გაიდგას, რომელიც შეეცდება, ფედერალურ მმართველობაზე მიწათმოქმედთა ფენის მონოპოლია უზრუნველყოს? მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა ის, რომ ამგვარი მიკერძოების შესაძლებლობა შიშს არ იწვევდეს იმათში, ვისაც უშუალოდ დააზარალებს იგი. ამიტომ შეიძლება ამ შეკითხვაზე გამოწვლილვითი პასუხის გარეშეც იოლას გავიდეთ. საკმარისია შევნიშნოთ შემდეგი: ჯერ ერთი, როგორც ერთგან აღვნიშნეთ, ნაკლებად არის მოსალოდნელი ის, რომ ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებში ფესვგადგმული რაიმენაირი მიკერძოება ბევრად აღემატებოდეს იმ წინაზრახვას, რომელიც, შესაძლოა, შტატის სამთავრობო სტრუქტურებში იყოს გავრცელებული. მეორეც, არ იარსებებს ცდუნება იმისა, რომ კონსტიტუცია მიწადმოქმედთა ფენის სასარგებლოდ დაირღვეს, ვინაიდან მოვლენათა ბუნებრივი განვითარება თავისთავად მოიტანს იმას, რომ მას ისეთი უპირატესობა ექნეს, როგორსაც მოისურვებს. მესამე, პირები, რომელთა საქმეც საზოგადოებრივი აყვავების წყაროთა მოძიებაა, სრულად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი აღებმიცემობის სარგებლიანობაში, რათა მძიმე ჭრილობა მიაყენონ მას; ცხადია, ისინი ასეთ რამეს ჩაიდენენ, თუკი ვაჭრობის მართვის საქმეს იმ ხალხს ჩამოაშორებენ, ვინც ყველაზე უფრო არის ჩახედული ვაჭართა ფენის ინტერესებში. მარტო შემოსავლების თვალსაზრისითაც კი, ვაჭრობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესაც საიმედოდ დაიცავდა მას სახელისუფლებო ორგანოს მხრივ მტრული განწყობისგან; ლაპარაკია იმ სამთავრობო სტრუქტურაზე, რომლებსაც ვითომდა ვაჭრობის დასაცავად საზოგადოებრივი აუცილებლობის აბეზარი შეხსენებით აიკლებდნენ. ალბათ უპრიანი იქნება, თუ ორიოდ სიტყვით მიმოვიხილავ იმგვარ მჯობინებას, რომელიც წარმოების სხვადასხვა დარგებს შორის დისკრიმინაციას ეფუძნება. საქმე ის არის, რომ როგორც ვხვდები, ოპონენტები სრულიად სხვა სახის დისკრიმინაციზე ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, მათ გამორჩევის ისეთი ობიექტები აქვთ მხედველობაში, რასაც გამოთქმა “მდიდარი და კეთილშობილი” გულისხმობს და ამით ცდილობენ ჩვენს აფორიაქებას. აქაოდა, ადამიანები, რომლნიც ამ გამოთქმაში იგულისხმებიან, იმ ზომად იქნებიან დანარჩენ თანამოქალაქეებზე აღმატებულნი, რომ მათგან ზიზღის მეტს ვერაფერს დაიმსახურებენო. მათი ამგვარი აღზევება ან საკანონმდებლო კრების მცირერიცხოვნებით იქნება გამოწვეული, ანდა იმით, რომ ხალხის ფართო ფენებს ამ ორგანოს არჩევნებში მონაწილეობისა და საარჩევნო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცემა.
მაგრამ რა პრინციპით იხელმძღვანელებენ საარჩევნო ოლქებში, რათა ხორცი შეასხან წინასწარ განზრახულ უპირატესობას? მდიდრები და კეთილშობილნი, როგორც მათ უწოდებენ, ნუთუ ცალკეული შტატის კონკრეტულ პუნქტებში იმყოფებიან? ნუთუ ეს ხალხმა რაღაც ჯადოთი თუ წინასწარჭვრეტის ნიჭით ერთი და იგივე საცხოვრებელი ადგილი აირჩია? ნუთუ ისინი მხოლოდ ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობენ? თუ პირიქით, ისინი ისე, როგორც მათი წინამორბედნი, მთელს ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი, როგორც სიხარბესა თუ ბედს უნებებია? თუ ეს უკანასკნელი ვარაუდია სწორი (და ეს რომ ასეა ყველა გონიერმა ადამიანმა იცის) [1], მაშინ განა ცხადი არ არის, რომ განსაზღვრულ ოლქებში საარჩევნო უბნების განთავსებით ჩაიშლება მათი განზრახვა, მით უფრო, რომ ამგვარი რამ მრავალი სხვა მიზეზითაც იქნება დაუშვებელი? სიმართლე კი ის არის, რომ მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს სხვა მდიდრებისთვის ისეთი უპირატესობის მინიჭებისა, რომელიც საზოგადებისთვის სახიფათო იქნებოდა თუ არა; ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამომრჩევლისთვის ან იმათთვის, ვისაც ირჩევენ, ქონებრივ ცენზს შემოიღებენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი რამ არ არის გათვალისწინებული იმ უფლებამოსილებით, რითაც საერთო – ეროვნული ხელისუფლება უნდა აღიჭურვოს. მისი პრეროგატივა მხოლოდ იმით ამოიწურება, რომ იგი არჩევნების
დროს
,
ადგილსა
და
წესს
განსაზღვრავს. რაც შეეხება ამომრჩევლისა და ასარჩევთა ცენზებს, როგორც ადრევე აღინიშნა, ისინი კონსტიტუციით არიან განსაზღვრულნი და მასში არიან ჩაწერილნი; ასე რომ, საკანონმდებლო ხელისუფლებას არ აქვს მათი შეცვლის უფლება. მოდით, კამათის გულისთვის, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ზემოაღნიშნული ფანდი წარმატებული გამოდგა; ისიც ვივარაუდოთ, რომ ეროვნულმა ხელმძღვანელებმა დაძლიეს ის სინდისის ქენჯნა, რაც მათ გულს უღრღნიდა, რაკი იმ საფრთხით იყო გამოწვეული,რომელსაც ამგვარი ექსპერიმენტი გვიქადის. ამ პირობებშიც კი, მეეჭვება, რომ მათ ჩანაფიქრის განხორციელება იმ ოდენობის სამხედრო ძალის დახმარების გარეშე შეძლონ, რომელიც საკმარისი იქნებოდა ხალხის ფართო ფენათა წინააღმდეგობის დასაძლევად. სხვადასხვა წერილში განვიხილეთ და ვაჩვენეთ ის, თუ რატომ არ არის დამაჯერებელი ისეთი ძალის არსებობა, რომელსაც ამ საქმის შესრულება ხელეწიფება. ზემომოტანილი შესიტყვების უბადრუკობა კიდევ უფრო თვალსაჩინო შეიქნება, თუ ერთი წუთით დავუშვებთ, რომ ამგვარი ძალა მართლაც არსებობს და იგი, როგორც ვარაუდობენ, საერთო – ეროვნული ხელისუფლების განკარგულებაშია. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქიდან? დავუშვათ მავანსა და მავანს აზრად აქვს თანამეგობრობის ძირეულ უფლებათა ხელყოფა; დავუშვათ, შესაბამისი პირები იმ საშუალებებსაც ფლობენ, რაც აუცილებელია ამგვარი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად; ნუთუ ისინი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს და ისეთი საარჩევნო კანონების შეთითხვნას დაიწყებენ, რანიც იმაზე იქნებიან გათვლილნი, რომ მათ რჩეულ ფენას უპირატესობა მოუპოვონ? ნუთუ ისინი ისეთი ხერხის გამოყენებას არ ამჯობინებენ, რაც მის ერთბაშად აღზევებას უზრუნველყოფს? ნუთუ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად უპირატესობას არ მიანიჭებენ უზურპაციის ერთ გაბედულ აქტს? ნუთუ ისეთ არასაიმედო ღონისძიებებს ამჯობინებენ, რომელნიც მიუხედავად სიფრთხილის მიღებული ზომებისა, შესაძლოა, მათი ავტორების დაცემით, შერცხვენითა და კრახით დასრულდეს? ნუთუ მათ იმ საშიშროების წინაშე შიში არ აიტანს, რომ ერთხელაც იქნება და ქვეყნის ყველა კუთხე – კუნჭულიდან საარჩევნო ადგილებისკენ დაიძრებიან შეუპოვარ და თავის უფლებებში გათვითცნობიერებულ მოქალაქეთა უზარმაზარი ნაკადები, რათა ტირანები დაამხონ და ისინი იმ ადამიანებით შეცვალონ, რომელთაც ძალუძთ შური იძიონ იმათზე, ვინც ხალხის სიდიადე ხელყო?
პუბლიუსი