ფედერალისტი # 41
1788 წ. 19 ინვარი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
კონვენტის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია შეიძლება ორი თვალსაზრისით იქნეს განხილული: ერთი თვალსაზრისი ეხება იმას, თუ რა რაოდენობის ან მოცულობის უფლებამოსილება ენიჭება ხელისუფლებას და იმ შეზღუდვებსაც მოიცავს, რომლებიც შტატებს უწესდებათ; მეორე თვალსაზრისი კი თვითონ ხელისუფლების სტრუქტურასა და მის სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას შეეხება.
მოცემული საკითხის პირველი თვალსაზრისით განხილვისას ორი შეკითხვა წამოიჭრება: ჯერ ერთი, ფედერალური ხელისუფლებისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათაგან არის თუ არა რომელიმე ზედმეტი ან უმართებულო? მეორე, მისი ამგვარი მოცულობა საფრთხეს უქმნის თუ არა უფლებამოსილებათა იმ ნაწილს, რომელიც შტატებს რჩებათ?
არის თუ არა საერთო – ეროვნული მთავრობის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება იმაზე მეტი, ვიდრე ის, რისი მინიჭებაც მისთვის უპრიანი იქნებოდა? ასეთია პირველი შეკითხვა.
მათ, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ მიმდინარეობდა ცენტრალური ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილებათა გადაცემის წინააღმდეგ მიმართული დასაბუთება შეუძლებელია, მხედველობიდან გამოპარვოდათ ის, თუ რაოდენ მცირე ყურადღებას უთმობენ მისი შემოქმედნი იმ უაღრეს აუცილებლობას, რომელიც ამგვარ უფლებამოსილებებს დასახული მიზნის მიღწევის თვალსაზრისით ენიჭებათ. მათ, ჯერ ერთი, ამჯობინეს, ყურადღება იმ უხერხულობებზე გაემახვილებინათ, რომლებიც ყველა პოლიტიკური წარმატების მოუცილებელი თანამგზავრია; მეორეც, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს იმას, რომ ძალაუფლება შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული, მაშინ როცა ამგვარი შესაძლებლობა ყოველ ძალაუფლებასა და ნდობაში იგულისხმება, რომელთაც – ასევე შესაძლებელია _ სასიკეთოდაც ვიყენებდეთ. მაგრამ საკითხის განხილვის ასეთი ხერხი ვერ მოახდენს ზეგავლენას ამერიკელი ხალხის საღ აზრზე. ეს ის შემთხვევაა, როცა მწერალს შესაძლებლობა ეძლევა თავისი სტილის სინატიფე გამოავლინოს; როცა შეიძლება, უსაზღვრო გასაქანი მიეცეს რიტორიკასა და მჭერვმეტყველებას; როცა შეიძლება თავი აიშვან ბრმა ვნებებმა და იფეთქოს ცრუაზროვნებამ. მაგრამ დარბაისელი და მიუკერძოებელი ხალხი მაშინვე მიხვდება, რომ ისინი ყოველ ადამიანურ კურთხევაში არიან რაღაცნაირად შერეულნი; რომ ადამიანი ყოველთვის იძულებულია, გააკეთოს არჩევანი; და თუ იგი არ გაკეთდება ნაკლები ბოროტების, ანდა
სრულყოფილი
სიკეთის სასარგებლოდ, სულ ცოტა,
უფრო
დიდ
სიკეთეზე მაინც უნდა იყოს გათვლილი. ისე რომ, ყოველ პოლიტიკურ დაწესებულებასა და ძალაუფლებაში, რომელთა მიზანი საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობაა, იგულისხმება როგორც უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენება ისე მათი გადამეტება. ამ ხალხმა კარგად უწყის, რომ სადაც საქმე ძალაუფლების გადაცემაზეა მიმდგარი, მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაიჭრას, ის არის, თუ რამდენად აუცილებელია უფლებამოსილებათა ამგვარი გადაცემა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის; და თუ ასეთი რამ აუცილებელია, მაშინ მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა, რათა აღიკვეთოს ძალაუფლების ყველა გაუკუღმართებული გამოყენება, რომელიც საზოგადოებისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია.
ამ საკითხზე მსჯელობისთვის სწორი გეზის მისაცემად, მართებული იქნებოდა ძალაუფლების მთელი იმ მოცულობიდან, რომელიც საკავშირო ხელისუფლებას ებოძა, რამდენიმე უფლებამოსილება განგვეხილა; ალბათ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ მათ იმ სფეროების მიხედვით დავყოფთ, რომელთა მიმართაც გამოიყენება თითოეული ასეთი უფლებამოსილება; ეს სფეროებია: 1 – საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 2 – უცხო ქვეყნებთან ურთიერთობათა მოწესრიგება; 3 – შტატებს შორის ჰარმონიული და სათანადო ურთიერთობის შენარჩუნება; 4 – ზოგი ცალკე საკითხი, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს; 5 – შტატების შეკავება საზიანო ქმედებებისგან; 6 – ყველა ხელისუფლების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
პირველი ტიპის უფლებამოსილებანი მოიცავენ: ომის გამოცხადებას, კაპერის მოწმობათა ბოძებას, ჯარისა და ფლოტის უზრუნველყოფას, სახალხო ლაშქრის შეკრებასა და ხელმძღვანელობას, ფულის აკრებასა და სესხებას.
საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამოქალაქო საზოგადოების ერთერთი მთავარ მიზანთაგანია. იგი ამერიკული კავშირის აღიარებული და სასიცოცხლო ამოცანაა. მისი შესრულებისთვის აუცილებელი უფლებამოსილება სრულად უნდა გადაეცეს ფედერალურ საბჭოებს.
არის თუ არა აუცილებელი ომის გამოცხადების უფლებამოსილება? არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხებდა. ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია, ამასთან დაკავშიერბით რაიმე ვამტკიცო. არსებულ ხელისუფლებასაც კი ომის გამოცხადების თითქმის შეუზღუდავი უფლება აქვს.
მაგრამ არის თუ არა აუცილებელი ხელისუფლებას როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროს ჯარის შეკრებისა და ფლოტის უზრუნველყოფის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდეს?
ეს საკითხები უკვე იქნა საკმაო დამაჯერებლობით გარჩეული, ამიტომ მათ ამჟამად გამოწვლილვით აღარ გავარჩევ. უფრო მეტი, ამ შეკითხვებზე ისეთი გარკვეული და დამაჯერებელი პასუხები მოიპოვება, რომ ვეჭვობ, სადმე ან ოდესმე ღირდეს მათი განხილვა. თუ მავანს თავდასხმის ძალთა შეზღუდვა არ ძალუძს, მაშინ რა მისი ჭკუის საქმეა თავდაცვითი ძალების შეკვეცა? თუ ფედერალური კონსტიტუცია შეძლებდა ლაგამი ამოედო სხვა სახელმწიფოთა პატივმოყვარეობისთვის, ანდა მოეთოკა მათი ძალისხმევა, მაშინ იგი იმასაც მოახერხებდა, რომ საკუთარი ხელისუფლება უსაფრთხოების ზომიერ ღონისძიებებზე დაეყოლიებინა და ამ მიმართებით მისი თავგამოდება მოეთოკა.
არის თუ არა შესაძლებელი შემდეგი რამ: ქვეყანას მისი უსაფრთხობისთვის ხიფათის შეუქმნელად მშიდობიანობის დროს ომისთვის სამზადისი აუკრძალო, ვიდრე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის არ დაგვიშლია საომარი სამზადისი და მათი სამხედრო დაწესებულებები არ აგვიკრძალავს? თავდაცვის ღონისძიებანი ყოველთვის თავდასხმის საშუალებებისა და საფრთხის ადეკვატურია. ეს წესი მოქმედებს ყველგან და იმოქმედებს მუდამ. წყალში გადაყრილი შრომაა, როცა ვცდილობთ, თვითშენახვის იმპულსს კონსტიტუციური ბარიერები შევუქმნათ. არათუ ფუჭია ასეთი ძალისხმევა, იგი სახიფათოცაა, ვინაიდან კონსტიტუციური ძალაუფლების უზურპირების საფრთხეს ქმნის, ხოლო ყოველი ასეთი პრეცედენტი იმის საწინდარია, რომ იგი მომავალშიც უთვალავჯერ იქნეს დაშვებული. როცა რომელიმე სახელმწიფოს მუდმივ მზადყოფნაში ჰყავს გაწვრთნილი ჯარი, პატივმოყვარეობის დასაცხრომად ანდა სხვა ქვეყანაზე შურის საძიებლად, ყველაზე უწყინარი სახელმწიფოც კი, რომელიც შესაძლოა მის თვალსაწიერში მოხვდეს, იძულებული იქნება, სიფრთხილის შესაბამისი ზომები მიიღოს. მე – 15 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი იმ უბედურებას, რასაც მშვიდობიანობის დროს სამხედრო დაწესებულებათა არსებობა ჰქვია. იგი საფრანგეთში კარლოს VII შემოიღო. მთელმა ევროპამ მიბაძა - ან იძულებული გახდა მიებაძა - მისი მაგალითისთვის. ევროპულ სახელმწიფოებს მისი მაგალითი რომ არ გადმოეღოთ, ისინი რა ხანია შეუზღუდავი მონარქის ბატონობის ქვეშ იქნებოდნენ. თუ საფრანგეთის გარდა ყველა სხვა სახელმწიფო გაუშვებდა ჯარს, ამას დღესაც ალბათ იგივე შედეგი მოჰყვებოდა. ბრძოლის ქარცეცხლში ნაწრთობი რომაელი ჯარისკაცები ბევრად აღემატებოდნენ სხვა სახელმწიფოთა მამაც, მაგრამ სათანადო წრთობის უქონელ მეომრებს, ამიტომაც გახდა რომი მსოფლიოს მბრძანებელი.
ისიც მართალია, რომ რომის თავისუფლებანი სამხედრო გამარჯვებებმა შეიწირეს, ხოლო ევროპული თავისუფლება, სადაც ასეთი რამ არსებობდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო ძლიერებას ემსხვერლა. ამიტომაც, მუდმივი ჯარის შენახვა იმდენადვე სახიფათოა, რამდენადაც აუცილებლი. მცირერიცხოვანმა ჯარმა შეიძლება, ხალხს უხერხულობა შეუქმნას; მრავალრიცხოვანმა შეიძლება დაღუპოს კიდეც იგი. საზოგადოდ უმჯობესია. თუ ჯარის საკითხში შესაშურ წინდახედულებასა და სიფრთხილეს გამოვიჩენთ. ბრძენი ერი ჯართან დაკავშირებულ ყველა მოსაზრებას ყურად იღებს; დარბაისლური აწონ – დაწონის გარეშე ხელს არც ერთ რესურსს არ ჰკრავს, რასაც შეიძლება, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მისი უსაფრთხოებისთვის; მთელ ძალისხმევას მოახმარს, რომ როგორმე გაანელოს აუცილბლობა და ამით თავიდან აიშოროს ისეთი ზომის მიღება, რაც არსებითად დააბრკოლებდა მის თავისუფლებას.
შემოთვაზებული კონსტიტუცია სწორედ ასეთი წინდახედულებით გამოირჩევა. თვითონ ის კავშირი, რომელსაც ის ადუღაბებს და რომლის უსაფრთხეობასაც უზრუნველყოფს, გასაქანს არ აძლევს არც ერთ საბაბს, რასაც კი შესაძლოა, სახიფათო გაეხადა სამხედრო უწყების გამოყენება. ერთ მუშტად შეკრული ამერიკა, რომელსაც მცირერიცხოვანი არმია ჰყავს, ან თუნდაც ამერიკა, რომლის უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთი ჯარისკაციც კი არ ჭაჭანებს, ბევრად უფრო დაუძლეველ წინაღობად აღიმართება მომხდურის წინაშე, ვიდრე დაშლილი ამერიკა – თუნდაც მის სადარაჯოზე ასი ათასობით ბრძოლებში ნაწრთობი ჯარისკაცი ხმალშემართული იდგეს. როგორც ადრე აღვნიშნე, ევროპის ერთ ერს ასეთი საბაბის უქონლობამ თავისუფლება შეუნრჩუნა. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთს, რომელიც თავისი კუნძულური მდებარეობისა და ძლიერი საზღვაო ძალების გამო შეუვალია მეზობელ სახელმწიფოთა ჯარისთვის, ამიტომ მის მმართველებს არასოდეს მისცემიათ შესაძლებლობა იმისა, რომ ხალხისთვის – ნამდვილი თუ გამოგონილი საბაბით – მშვიდობიანობის დროს საომარი სამზადისისთვის სამძიმო ხარჯები დაეკისრებინა. ამერიკის შეერთებული შტატებიც მსგავსი უსაფრთხოებითაა უზრუნველყოფილი იმით, რომ მას დიდი მანძილი აშორებს მსოფლიოს ძლევამოსილი სახელმწიფოებისგან. და ვიდრე ამერიკელი ხალხი ერთიანია, მას არ ემუქრება საფრთხე, რაც თან ახლავს სამხედრო უწყების გაძლიერებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სახიფათო სამხედრო ძალების ყოლა არც აუცილებელია და არც მოსალოდნელი მანამ, ვიდრე ამერიკა ერთიანია. მისი დაშლის წამი სათავეს სულ სხვა რეალობას დაუდებს. შიში, რომელიც ხელს დარევს სუსტ შტატებსა თუ კონფედერაციებს, ანდა პატივმოყვარეობა, რომელიც ძლიერთ შეიპყრობს, ახალ მსოფლიოს იმავე მაგალითს მისცემს, რაც ძველს – კარლოს VII-მ უბოძა. მის ნიმუშს ისე გადაიღებენ ამერიკაში, როგორც ევროპაში YVII მაგალითი იქცა საყოველთაო მიბაძვის საგნად. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ხელსაყრელი ბუნებრივი მდებარეობით ხეირი ენახა ისე, როგორც დიდი ბრიტანეთი ხეირობს საკუთარით, ამერიკა ერთი ერთზე გაიმეორებს ევროპის ხვედრს. მის თავისუფლებას მუდმივი არმიები და მძიმე გადასახადები მოუღებენ ბოლოს. უფრო მეტი, ამერიკის ხვედრი ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ევროპისა, ვინაიდან ამ უკანასკნელის უბედურება ევროპაშივეა და სხვაგან არსად; ქვეყნიერების არც ერთ სხვა მხარეში არ არსებობენ ისეთი ზემძლავრი სახელმწიფოები, რომლებსაც მის მეტოქე ქვეყნებს შორის ინტრიგების ხლართვა და მტრობის ჩამოგდება, უცხო სახელმწიფოთა პატივმოყვარეობის ინსტრუმენტად მისი ქცევა შეეძლოს; მის მიმართ მათი შუღლისა და შურისგების აღძვრა მოახერხოს; ამერიკის შინა უბედურებანი, ურთიერთშორის შუღლი, შინააშლილობანი და შინა ომები მხოლოდ ერთი ნაწილი იქნება მისი ხვედრისა, რომელსაც კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის ევროპულ სახელმწიფოთა ინტერესი მის მიმართ, მაშინ, როცა ქვეყნიერების არც ერთ მხარეს თავად ევროპასთან ასეთი ურთიერთობა არ აქვს. შეუძლებელია, ენით აღიწეროს ან ყალმით დაიხატოს იმ ძნელბედობის სურათი, რასაც დაშლა და დაქუცმაცება მოგვიტანს. ყველას, ვისაც მშვიდობა უყვარს, ვისაც სული ელევა თავისი ქვეყნისთვის და თავისუფლებას ეტრფის, მარად თვალწინ უნდა ედგეს იგი, რათა მათი გულები ერთიანი ამერიკისადმი ერთგულებითა და სიყვარულით ძგერდეს; ეს კი მათ შესაძლებლობას მისცემს, სათანადოდ შეაფასონ ის საშუალებანი, რანიც საჭირონი არიან ეგზომ სანუკვარი ერთიანობის შესანარჩუნებლად.
კავშირის შენარჩუნების და მუდმივი ჯარიდან მომდინარე საფრთხის თავიდან აშორების კიდევ ერთ ქმედით საშუალებას, იმ ვადაზე ზღვრის დაწესებაა, რომლის განმავლობაშიც მისი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახსრების შეგროვებაა ნებადართული. სიფრთხილის ამ ზომასაც კეთილგონივრულად ითვალისწინებს კონსტიტუცია. აქ აღარ გავიმეორებ იმ მოსაზრებებს, რომლებმაც, ვიმედოვნებ, აღნიშნული საკითხი სამართლიანად და დამაკმაყოფილებლად განმარტეს. მაგრამ ვფიქრობ, მაინც ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება გაგვემახვილებინა იმ საბუთზე, რომელიც კონსტიტუციის სწორედ ამ ნაწილის წინააღმდეგ მოაქვთ; საქმე ეხება იმ მოსაზრებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრაქტიკითა და პოლიტიკითაა ნასაზრდოები. გვეუბნებიან, ამ სამეფოში არმიის დაფინანსებისთვის თანხების გამოყოფას პარლამენტი ყოველწლიურად უყრის კენჭს მაშინ, როცა ამერიკის კონსტიტუციამ ეს ვადა ორ წლამდე გაზარდაო. ამ შეფარდებას სწორედ ამ სახით წამდაუწუმ ახსენებენ ხოლმე საზოგადოებას. მაგრამ მართებულია კი ეს? არის კი ასეთი შედარება სამართლიანი? ნუთუ დიდი ბრიტანეთის კონსტიტუცია ამ საკითხში მართლა ერთი წლის ვადას უდგენს პარლამენტს? ნუთუ ამერიკის კონსტიტუცია ჯარის ასიგნებისთვის საჭირო ვადას მართლა ორი წლით განსაზღვრავს? ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, რაც ამ შესიტყვების ავტორებსაც უნდა მოეხსენებოდეთ. პირიქით, ბრიტანეთის კონსტიტუცია არანაირად არ ზღუდავს ამ მხრივ საკანონმდებლო კრების მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ამერიკის კონსტიტუციას, ამერიკელ კანონმდებებლებს იგი ავალდებულებს, რომ ზემოაღნიშნული ვადა ორი წლით განსაზღვრონ, რაც ყველაზე გრძელი და ყველაზე მისაღები ვადაა.
ბრიტანული პრაქტიკა რომ მართებულად განემარტა, მაშინ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგი სახე უნდა ჰქონოდა: ბრიტანეთის კონსტიტუცია არ ზღუდავს სამხედრო უწყების ასიგნებათა ვადას, მაგრამ ბრიტანეთის პარლამენტი ამისთვის, პრაქტიკულად, ერთ წელს აწესებს. დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა, სადაც თემთა პალატას შვიდი წლით ირჩევენ, სადაც მისი წევრების უმრავლესობას მოსახლეობის უმცირესობა ირჩევს, სადაც ამომრჩეველი დეპუტატთა კორპუსის მიერაა მოსყიდული, ეს უკანასნელი კი – სამეფო კარის მიერ; სადაც საკანონმდებლო კრება ჯარის ასიგნებისთვის კონკრეტულ ვადას არ აწესებს; მთავრობას კი არ სურს ან ვერ ბედავს, ერთ წელზე მეტ ხანს გააგრძელოს იგი. თუ ამ ვითარებას ამერიკისას შევადარებთ, ნუთუ თვით ეჭვი არ დაიწვება სირცხვილით? ნუთუ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ ამერიკის წარმომადგენელთა კორპუსის უფლებამოსილებაში, რომ მან ჯარის ასიგნებისთვის საჭირო დრო მკაფიოდ განსაზღვროს
ორი
წლის
ვადით? საქმე ხომ იმ წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებსაც
თავისუფალი
არჩევნების საფუძველზე
მთელი
ხალხი
ყოველ
ორ
წელიწადში
ერთხელ ირჩევს?
ცუდი საქმე ადრე თუ გვიან გამჟღავნდებაო. სწორედ ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებას ადასტურებს ის ხრიკები, რაც ოპოზიციას ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის მზაკვრობაა, რომელსაც იგი მაშინ ჩადის, როცა ხალხის სიფრთხილით მანიპულირებას ცდილობს; იმ სიფრთხილით, რომელსაც იგი მუდმივი ჯარის შექმნისა და შენარჩუნების საკითხში იჩენს. საზოგადოებაში ამ საკითხისადმი ცხოველი ინტერესი აღიძრა, რამაც დღის წესრიგში მისი შესწავლის აუცილებლობა დააყენა, რაც უთუოდ იმით დასრულდება, რომ ხალხი სრულად და საბოლოოდ დარწმუნდება, იმაში, რომ კონსტიტუცია ყველაზე ქმედითად უზრუნველყოფს ამ საფრთხისგან ქვეყნის დაცვას. იგი იმასაც ირწმუნებს, რომ კნოსტიტუციის გარდა არაფერს ძალუძს სათანადოდ უზრუნველყოს ერონული უსაფრთხოება და კავშირის შენარჩუნება; მხოლოდ კონსტიტუციაა საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა ცალკეულ შტატებად თუ კონფედერაციებად არ დაქუცმაცდება და იმდენი ჯარი არ იარსებებს, რამდენი შტატი თუ კონფედერაციაც იქნება; მხოლოდ კონსტიტუციას შეუძლია ხალხის ხსნა სამხედრო უწყების უსაშველო ზრდისგან, რაც მძიმე ტვირთად დააწვებოდა მის საკუთრებას და დამღუპველად იმოქმედებდა მის თავისუფლებაზე. მხოლოდ მას ძალუძს იმის უზურუნველყოფა, რომ ერთიანი ამერიკის ხელისუფლების ეფექტური ხელმძღვანელობით ჯარის შენახვა ერთს აუტანელ უღლად არ ექცეს, მეორეს კი – დამღუპველ საფრთხედ.
კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილი ლანძღვა – გინებისგან იხსნა იმან, რომ ყველამ გაითავისა აშკარა აუცილებლობა ერთი რამისა: მთავრობას უნდა ჰქონოდა სამხედრო – საზღვაო ფლოტის შექმნისა და შენახვის უფლებამოსილება; ასეთი პატივი არ რგებია კონსტიტუციის თითქმის არც ერთ სხვა ნაწილს. იმ უდიდეს ნიჭებს შორის, რომლებიც ამერიკას ეწყალობა, ერთი ნიჭიც არის: რაკი მისი სამხედრო – საზღვაო ძლევამოსილების ერთადერთი წყაროა კავშირი, კავშირივე იქნება გარეშე საფრთხის წინააღმდეგ მისი უსაფრთხოების საიმედო მცველიც. ეს კიდევ ერთი მიმართებაა, რაშიც ამერიკა დიდ ბრიტანეთს თავისი ადგილმდებარეობით წააგავს. საბედნიეროდ, ვერც ერთი მუხანათური სახელმწიფო ვერ შეძლებს, ჩვენ წინააღმდეგ შემოატრიალოს ის ქვემეხები, რომელთა Dდანიშნულება ისაა, რომ ჯარმა მომხდურს შავი დღე აყაროს.
ატლანტიკის სანაპიროს ბინადარნი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ საიმედოდ იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოება. და თუ მათ დღემდე მშვიდად სძინავთ თავიანთ საწოლებში, თუ მათ საკუთრებას დღემდე ვერაფერს აკლებს თავზეხელაღებულ ავანტურისტთა ავაზაკური ზრახვები, თუ მათი ზღვისპირა ქალაქები დღემდე არ გამხდარან იძულებულნი, მოულოდნელად შემოჭრილი მომხდურის უტიფარ მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ და გაპარტახების საშინელება ეწვნიათ, – ბედის წყალობაა და არა არსებული ხელისუფლების დამსახურება; ხელისუფლებისა, რომელიც თავისი მოქალაქეებისგან ერთგულებას მოითხოვს, მაგრამ მათ სიცოცხლეს ბედზე აგდებს და უკიდურესად მერყევ გარემოებათა ანაბრად ტოვებს. თუ ვირჯინიასა და მერილენდს არ მივიღებთ მხედველობაში, აღმოსავლეთ სანაპიროს, რომლებსაც განსაკუთრებული საფრთხე სწორედ ზღვიდან მოელით, აღმოსავლეთ სანაპიროს არაერთი ნაწილი, ალბათ, ისეთ შეშფოთებას არ უნდა განიცდიდეს ამ მიმართებით, როგორც ნიუ-იორკი, რომელსაც ერთობ გრძელი სანაპირო ზოლი გასდევს. შტატის ძალიან მნიშვნელოვანი ოლქი კუნძულია. მის ტერიტორიას ჰკვეთს სანაოსნო მდინარე, რომლის სიგრძე თითქმის 50 ლეია. მისი უზარმაზარი კომერციული ცენტრი, მისი სიმდიდრის უზარმაზარი საცავები ნიადაგ ბედის ანაბრად რომაა მიტოვებული, ყოველ წამს შეიძლება მძევლად იქცეს პირმოთნე და დამცირების მომტანი მომხდურის ხელში, ანდა მეკობრეებისა და ბარბაროსების ველურმა გაუმაძღრობამ შეიწიროს. ერთხელაც არის და ისე მოხდეს, რომ ევროპის საქმეები ისე აიწეწოს, რომ ომის ხანძარი აგიზგიზდეს და მისი ქარ - ცეცხლი ატლანტის სანაპიროებსაც მოსწვდეს, ალბათ სასწაულიღა თუ გვიხსნის თავდასხმებისა და აოხრებისგან არათუ თვითონ ოკეანის სტიქიის შიგნით, არამედ მის გარეთ – ამერიკის სანაპიროებზეც. ამჟამინდელ მდგომარეობაში შტატები, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან ზღვიდან მოსალოდნელი უბედურებებისგან, არაფერს სასიკეთოს არ მოელიან არსებული ხელისუფლებისგან, რომელიც მხოლოდ აჩრდილია ჭეშმარიტი ფედერალური მთავრობისა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შტატები თვითონვე შეძლებდნენ თავიანთი სამფლობელოების გამაგრებას მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით, მთელი მათი შემოსავალი მარტო ამგვარ ღონისძიებათა ორგანიზებას მოუნდებოდა.
რაც შეეხება სახალხო ლაშქრის შეკრებისა და მოწესრიგების უფლებამოსილებას, იგი საკმარისად იქნა დასაბუთებული და განმარტებული.
მსგავსი მნიშვნელობის უფლებამოსილებაა ფულის აკრებისა და სესხების პრეროგატივა, როგორც ეროვნული თავდაცვის მამოძრავებელი ძალა. ისიც ჯეროვანი ყურადღებით იქნა შესწავლილი, და ვიმედოვნებ, ნაჩვენები იქნა ის, თუ რაოდენ აუცილებელია ამგვარი უფლებამოსილება სწორედ იმ მოცულობითა და ფორმით ენიჭებოდეს ხელისუფლებას, როგორც კონსტიტუციაშია წარმოდგენილი. მინდა, კიდევ ერთი მოსაზრება გამოვთქვა იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც საგარეო დაბეგვრის უფლებამოსილებათა შეზღუდვას მოითხოვს, რაშიც ისინი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის დაბეგვრას გულისხმობენ. სადავო არ არის ის, რომ იგი ყოველთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი უმთავრეს როლს თამაშობს შემოსავლების მობილიზებაში, ამჟამად კი მას ერთ – ერთი მთავრი როლი განეკუთვნება. მაგრამ ჩვენ, შეიძლება, ამ საკითხის შესახებ ძალზე მცდარი წარმოდგენაც კი შევიქმნათ, თუკი გამოთვლების დროს ყოველთვის არ გავითვალისწინებთ იმას, რომ საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა იმპორტის მოცულობისა და შემოტანილი საქონლის ნაირსახეობის პირდაპირპროპორციულად იცვლება. ამგვარი ცვლილება კი ოდნავადაც არ შეესაბამება მოსახლეობის ზრდას, რაც საზოგადოების მოთხოვნილებათა საზომად უნდა მიგვეჩნია. ვიდრე ჩვენი მოსახლეობა სასოფლო - სამეურნეო მუშახელად რჩება და მარჩენალი მიწის დამუშავებით გააქვს თავი, სამრეწველო საქონლის იმპორტი მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზრდება. მაგრამ როგორც კი მიწის სამუშაოებიდან გამოთავისუფლებული ადამიანები საშინაო რეწვას მოჰკიდებენ ხელს, სამრეწველო საქონლის იმპორტი მოსახლეობის ზრდასთან ერთად შემცირდება. განვითარების რაღაც ეტაპზე, ქვეყანა მეტწილად ნედლეულის შემოტანაზე გადავა, რაც წახალისებას საჭიროებს და არა გულის ამაცრუებელი მოსაკრებლით დაბეგვრას. ხანგრძლივ დროზე გათვლილი მმართველობის სიტემა უნდა ითვალისწინებდეს ამგვარ რადიკალურ ცვლილებებს და მათ მოთხოვნებზე მორგება უნდა შეეძლოს.
ზოგიერთი, მართალია, არ უარყოფს დაბეგვრის უფლებამოსილებათა აუცილებლობას, მაგრამ კონსტიტუციას გააფთრებით ესხმის თავს იმის გამო, რომ მასში ვითომდა ბუნდოვნად იყოს წარმოდგენილი შესაბამისი დებულებები. არაერთხელ ყოფილა მითითებული და გამეორებული, რომ “გადასახადების, მოსაკრებლების, გამოსაღებებისა და აქციზის დაკისრება და აკრეფა, ვალების დაფარვა და შეერთებული შტატების საერთო თავდაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა,” იმ შეუზღუდავი უფლებამოსილებების ტოლფასია, რაც შესაძლებლობას იძლევა, გამოყენებული იქნეს ყველა საშუალება, საერთო თავდაცვისა თუ საზოგადო კეთილდღეობის მისაღწევად. რაოდენი გაჭირვება ადგათ ჩვენს ოპონენტებს, როცა თავიანთ შესიტყვებებს ეძებენ! რა ნათელი დასტურია ამისა, როცა ხედავ თუ როგორ გაუდრეკია ისინი წელში თავიანთი ცრუკონსტრუქციების სიმძიმეს!
კონსტიტუაციაში რომ ჩამოთვლილი და განსაზღვრული არ იყოს კონგრესის სხვა უფლებამოსილებები, ვიდრე ზემოდასახელებული ზოგადი დებულებებია, მაშინ შეიძლება, შესიტყვებათა შემოქმედებს მათი წამოყენების რაღაც საფუძველი ჰქონოდათ, მაგრამ საამისოდ უმნიშვნელო საბაბს თვით ისეთი უფლებამოსილებაც კი არ იძლევა, რომელიც ხელისუფლებას ერთობ საძნელო პრეროგატივას ანიჭებს: მიიღოს ნებისმიერი კანონი ყველა შესაძლო შემთხვევისთვის. ისეთი უფლებამოსილების მინიჭება რომ გაამართლო, რომელიც პრესის თავისუფლების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმებას, ანდა მემკვიდრეობის მიღებისა თუ საკუთრების გდაცემის შესახებ კანონის შეცვლას ითვალისწინებს, ერთობ განსაკუთრებული მნიშვნელობით უნდა იყენებდე გამოთქმას:” ფულის შეგროვება საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”.
მაგრამ რა შესიტყვება უნდა გამოიწვიოს ამ გამოთქმამ მაშინ, როცა ყველაფერი, რაც მასში იგულისხმება, იქვეა ჩამოთვლილი და თითოეული ფრაზა მომდევნოსგან წერტილ – მძიმითაა გამოყოფილი; როცა გვინდა, ერთი და იგივე ინსტრუმენტის სხვადასხვა ნაწილები ისე წარმოვაჩინოთ, რომ თითოეულმა მათგანმა თავისი სრული მნიშვნელობა გამოავლინოს; საჭიროა კი წინადადების ერთი ნაწილი გარკვეული და დაზუსტებული მნიშვნელობებით ამოვიღოთ საერთო მნიშვნელობიდან, საეჭვო და გაურკვევეილი გამონათქვამები თავიანთი სრული მნიშვნელობით კი დავტოვოთ მასში? რა აზრი აქვს ცალკეული უფლებამოსილების ჩამოთვლას, თუ ყველა მათგანი ისევ ზოგად უფლებამოსილებაში შეგვაქვს? არაფერია უფრო ბუნებრივი, ვიდრე ის, რომ ჯერ გამოიყენო ზოგადი ფრაზა და შემდეგ წვრილმანების აღწერის გზით განმარტო და დააზუსტო იგი. მაგრამ წვრილმანების ისეთი ჩამონათვალი, რომელიც არც განმარტავს და არც აზუსტებს ზოგად მნიშვნელობას, არაფერს იწვევს, გარდა დაბნეულობისა და შეცდომებისა, დიდი უაზრობაა; იგი შემდეგი დილემის წინაშე გვაყენებს: ამ უაზრობაზე პასუხი ან შესიტყვებათა შემოქმედებმა უნდა აგონ, ანდა კონსტიტუციის შემქმნელებმა; თავს ნებას მივცემ განვაცხადო, რომ ეს უკანასკნელნი ამ საქმეში სრულიად უბრალონი არიან.
ზემოხსენებული შესიტყვების უცნაურობა მით უფრო თვალშისაცემი ხდება, როცა ხედავ, რომ კონვენტის ენა ზედმიწევნით იმეორებს იმას, რითაც კონფედერაციის მუხლებია დაწერილი. კავშირის ამოცანები, როგორც იგი აღწერილია მე – 3 მუხლში, განისაზღვრება შემდეგით: შტატების ”საერთო თავდაცვა, მათი თავისუფლებებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა.” გამოთქმებს შორის მსგავსება მეტადრე თვალშისაცემია მე - 8 მუხლში, რომელიც ამბობს: “ომზე გაწეული ხარჯები, ისევე, როგორც ყველა სხვა დანახარჯი, რომელიც საერთო თავდაცვისა თუ საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფას მოხმარდება, თანახმად კონგრესის თანხმობისა, უნდა დაიფაროს საერთო ხაზინიდან და ა.შ. მსგავს გამოთქმებს იყენებს მე – 9 მუხლიც. საკმარისია ამ მუხლთაგან ერთ-ერთს იმ წესის მიხედვით, რომელიც განმარტების სისწორეს უზრუნველყოფს, – იგივე მნიშვნელობა მიენიჭოს, რასაც კონსტიტუციას მიაწერენ, რომ ჩვენი კონგრესი განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით აღიჭურვოს; მას უფლება ექნება, ნებისმიერი სიტუაციისთვის ცალკე კანონი შემოიღოს, მაგრამ რა უნდა გვეფიქრა ისეთ კრებაზე, რომელსაც გამომდინარე ზოგადი დებულებებიდან - მათი დაზუსტებისა და შეზღუდვების გარეშე - საერთო თავდაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის სახელით შეუზღუდავი ძალაუფლების გამოყენება შეეძლებოდა? მინდა მივმართო კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს, იმავე არგუმენტაციას გამოიყენებდნენ თუ არა ისინი კონგრესის დასაცავად, რასაც ახლა კონვენტის წინააღმდეგ იყენებენ. რაოდენ მართალია ის, რომ ვერც ერთი შეცდომა მხილებას ვერ წაუვა!
პუბლიუსი