ფედერალისტი # 30 : ჰამილტონი
1787 წ. 28 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
როგორც უკვე აღინიშნა, ეროვნული შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა ფედერალური მთავრობის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. ეს პუნქტი გულისხმობს იმ დანახარჯების დაფარვას, რომლებიც აუცილებელია როგორც ჯარის ფორმირების, ფლოტის მშენებლობისა და მისი აღჭურვის, ისე სამხედრო მომზადებისა და საომარი ოპერაციებისთვის. მაგრამ საკავშირო ხელისუფლების იურისდიქცია მარტო საშემოსავლო სფეროზე როდი უნდა ვრცელდებოდეს. მან ეროვნული ცივილური ფურცლის უზრუნველყოფის საკითხებიც უნდა მოიცვას, რათა უკვე ხელმოწერილი თუ აწი ხელმოსაწერი ხელშეკრულებებით გაწერილი ვალების დაფარვა შეძლოს. ერთი სიტყვით, მის კომპეტენციაში უნდა იყოს ყველა ისეთი საკითხის მოგვარება, რომლებზე გაწეული დანახარჯებიც ეროვნული ხაზინიდან უნდა დაიფაროს. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ დაბეგვრის ზოგადი უფლებამოსილება რომელიმე სამთავრობო სტრუქტურას უნდა ჰქონდეს მინიჭებული.
ფული მართებულად არის მიჩნეული პოლიტიკური ორგანიზმის მამოძრავებელ ძალად, რომელიც მას სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს და შესაძლებლობას აძლევს, რომ თავისი ყველაზე არსებითი ფუნქციები შეასრულოს. ამიტომ ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფა, – რამდენადაც ამის საშუალებას საზოგადოების რესურსები იძლევა, – ყოველი კონსტიტუციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ფულის ნაკლებობას ორი ბოროტება მოაქვს: რაკი სხვა უფრო შესაფერისი საშუალება ვერ გამოინახა, ან გაუთავებლად უნდა ძარცვო ხალხი, რათა ნაძარცვით საზოგადოების მოთხოვნილებები დააკმაყოფილო თუ არა და ხელისუფლებას მომაკვდინებელი ატროფია დაემართება და მოკლე ხანში დაასრულებს კიდეც არსებობას.
ოტომანთა ანუ თურქეთის იმპერიაში, მართალია, მბრძანებელი ქვეშევრდომთა სიცოცხლესა და ბედს განაგებს, მაგრამ მას არ აქვს მათი დაბეგვრის უფლება. აქედან გამომდინარე, იგი ფაშებს ანუ გუბერნატორებს ხალხის უმოწყალო ძარცვა – გლეჯას ავალებს, რომ როგორმე ის თანხა ამოქაჩოს, რომელიც მას, როგორც საკუთარ, ისე სახელმწიფო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ამერიკაში იმავე უფლებამოსილების არქონის გამო საკავშირო მთავრობა თანდათანობით კნინდებოდა და ახლა თითქმის გაჩანაგების პირასაა მისული. ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ორივე ქვეყანაში ხალხის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კომპეტენტური ორგანოს პრეროგატივა გახდება იმ შემოსავლების უზრუნველყოფა, რომლებიც საზოგადოების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი?
ახლანდელი კონფედერაცია, – მიუხედავად მისი უსუსურობისა, – აპირებდა შეერთებული შტატებისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილება მიენიჭებინა კავშირის ფულად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საკითხში, მაგრამ ეს ჩანაფიქრი იმის გამო ჩაიშალა, რომ მას მცდარი პრინციპი დაედო საფუძვლად. ამგვარი რამ კონგრესის მიერ მიღებულ პუნქტებში იგულისხმებოდა. კონგრესისა, რომელიც თვითონ არის უფლებამოსილი, განსაზღვროს თანხის ოდენობა და შეერთებული შტატების საჭიროებებისთვის მოითხოვოს იგი; მისი რეკვიზიციები კი, – თუ ისინი შეესაბამებიან წილობრივი განაწილების პრინციპს, – სავალდებულოა ყველა შტატისთვის; მათ არ აქვთ ამ მოთხოვნათა გაპროტესტების უფლება და მათზე მხოლოდ ის არის, რომ გამონახონ საშუალებანი მოთხოვნილი თანხის უზრუნველსაყოფად. ასეთია საქმის ვითარება, თუმცა ამგვარი უფლებამოსილების მითვისება სხვა არაფერია, თუ არა საკავშირო ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტების დარღვევა, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ და ისიც არა საჯაროდ. სინამდვილეში კი ეს ყოველთვის ასე ხდებოდა და კვლავაც მოხდება, ვიდრე კონფედერაცია შემოსავლებს წევრი – შტატების სახელისუფლებო სამსახურთა მეშვეობით აგროვებს. ყველამ, – ვინც კი ოდნავ მაინც არის ჩახედული ჩვენს საზოგადოებრივ საქმეებში, – იცის, თუ რა შედეგი მოჰყვა ყოველივე ამას, რაც საფუძლიანად განვიხილეთ კიდეც სხვადასხვა წერილში. უმთავრესად სწორედ ასეთმა ვითარებამ შეუწყო ხელი ჩვენს დაკნინებას, რაც მტერს ახარებს, ჩვენ კი მწუხარებით გვივსებს გულებს.
განა სხვა რამ საშუალება არსებობს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუ არა იმ სისტემის შეცვლა, რომელმაც იგი წარმოშვა? განა გამოსავალი არ არის, თუ კვოტებისა და რეკვიზიციების მცდარსა და მაცდურ პრინციპზე უარს ვიტყვით? რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ignis fatuus საფინანსო პოლიტიკაში, თუ არა იმით, რომ ეროვნულ მთავრობას მივანიჭოთ უფლებამოსილება, რათა მან დაბეგვრის ჩვეულებრივი მეთოდებით თვითონ აკრიბოს თავისი შემოსავლები? განა ამგვარ კომპეტენციას არ ანიჭებს მას სამოქალაქო ხელისუფლების ყველა მართებულად შედგენილი კონსტიტუცია? არსებობენ შნოიანი და მაღალფარდოვანი რიტორიკის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, მაგრამ ვერანაირი შნო და რიტორიკა ვერ გვიხსნის იმ უხერხულობებისა და დაბრკოლებებისგან, რომელთა თავიდათავი მიზეზი გამოცარილებული ხაზინაა.
ახალი კონსტიტუციის შედარებით ჭკვიანი მოწინააღმდეგენი აღიარებენ ამ საბუთის ძალას, მაგრამ მათი აღიარება
შიდა
და
გარეგან
დაბეგვრას შორის განსხვავებაზე შორს არ მიდის. ასე აცხადებენ: შინაგან გადასახადს შტატის მთავრობის უფლებამოსილებაში ვტოვებთ, გარეგანი გდასახადის აკრეფას კი ფედერალურ ხელისუფლებას ვუთმობთო; ამ უკანასკნელში ისინი კომერციულ გადასახადს, ანუ იმპორტზე დაწესებულ მოსაკრებელს გულიხმობენ. მაგრამ ამგვარი განსხვავება საღი აზრისა და ჯანსაღი პოლიტიკის ძირეულ პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელიც გვასწავლის: ყოველი
ძალაუფლება
მისი
მიზნის
შესატყვისი უნდა იყოსო. საერთო – ეროვნული მთავრობა კი შტატის ხელისუფლების რაღაცნაირ მეურვეობაში რჩება, რაც შეუთავსებელია ძალისა თუ ეფექტურობის იდეასთან. განა ვინმე მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ იმპორტზე მოსაკრებელი კავშირის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გაწვდებაო? საშინაო და საგარეო ვალების სადღეისოდ არსებულ ოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მხოლოდ ამ რესურსით ქვეყნის დღევანდელ მოთხოვნილებებსაც კი ვერ დავაკამაყოფილებთ, თუნდაც მისი მოცულობა გაიზარდოს; ასეთ იმედს რომ არ უნდა ველოლიავებოდეთ, ამას დაადასტურებს ყველა, ვისაც ესმის, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი სამართლიანობა და საზოგადოებრივი კრედიტი, გარდა ამისა, – როგორც ყველა მხარე აღიარებს, – სამთავრობო სტრუქტურათა მიმართ დავალიანებაც გასასტუმრებელია. რაც შეეხება კავშირის სამომვლო მოთხოვნილებებს, შეუძლებელია მისი გამოთვლა თუ განსაზღვრა. გამოცდილებით დადასტურებული პრინციპის მიხედვით კი უპრიანი არც იმ ძალაუფლების შეზღუდვაა, რომელსაც მათი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ევალება. ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა ამ დებულების სისწორე:
მოვლენათა
ჩვეულებრივი
განვითარების
პირობებში
ერის
მოთხოვნილებანი
მისი
განვითარების
ყველა
ეტაპზე
,
სულ
ცოტა
,
ტოლია
მისი
რესურსებისა
.
თქმა იმისა, რომ დეფიციტს შტატებისთვის დაწესებული რეკვიზიციებით შევავსებთო, ერთი მხრივ, იმის აღიარება იქნებოდა, რომ არსებული სისტემა უვარგისია, მეორე მხრივ კი იმისა, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. ყველა, ვინც მისი ნაკლოვანებანი და სიმახინჯეები საკუთარი გამოცდილებით იცის, ანდა ჩვენი წერილებიდან გაეცნო მათ, დაუძლეველ ზიზღს უნდა განიცდიდეს ამ სისტემის მიმართ და არაფრით უნდა ეგუებოდეს აზრს იმის შესახებ, რომ ეროვნული ინტერესები, თუნდაც რაღაც დოზით, მის კომპეტენციაში აღმოჩნდეს, რამეთუ მისი ამუშავების შემდეგ კავშირის საქმე სულ უფრო და უფრო უკან მიდის, ჩვეულებრივ ამბად იქცა უთანხმოება და შეხლა – შემოხლა, ერთი მხრივ, ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის, მეორე მხრივ კი თვითონ შტატები წაეკიდნენ ერთმანეთს, რამაც დაასუსტა მათი კავშირი. განა შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ დეფიციტი ამ გზით უფრო უკეთ შეივსება, ვიდრე იმავე გზით წინათ ხდებოდა ხოლმე კავშირის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება? უპრიანი იქნებოდა იმის შეხსენება, რომ როცა შტატებს ნაკლებისგან ნაკლებს ითხოვენ, მათაც ნაკლები სახსრები აღმოაჩნდებათ ხოლმე მოთხოვნების შესასრულებლად. ზემოთ ჩვენ ვახსენეთ ხალხი, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებენ ორი სახის გადასახადს. მათი შეხედულება ჭეშმარიტებად რომ მიგვეჩნია, უნდა გვეღიარებინა, რომ ეროვნულ საქმეთა ეკონომიკაში არებობს რაღაც წერტილი, სადაც უნდა შევდგეთ და გავაცხადოთ: მთავრობამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება დაასრულა და საზოგადოებრივი ბედნიერების უზრუნველყოფაც ამით სრულდება; ამ წერტილს მიღმა რაც ხდება, ჩვენი ზრუნვისა თუ მღელვარების საგანს არ წარმოადგენსო. მთავრობა, რომელიც სანახევროდ უზრუნველყოფილი და მუდამ სხვისი ხელის შემყურეა, შეძლებს კი იმ მიზნების განხორციელებას, რითვისაც შეიქმნა? განა იგი თავს გაართმევს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანებს? თანამეგობრობის რეპუტაციას განა იგი რაიმეს შესძენს? განა ოდესმე გახდება ენერგიული და სტაბილური? განა ოდესმე შეიძენს ღირსებასა და მოიპოვებს ქვეყნის გარეთ ნდობასა თუ აღიარებას? განა რა იქნება მისი მოღვაწეობა, თუ არა დამამშვიდებელ, უსუსურ და სამარცხვინო საგანგებო ღონიძიებათა თანამიმდევრობა? განა იგი შეძლებს თავიდან აიშოროს ხშირი მსხვერპლი, ვითომდა აუცილებელ მოთხოვნილებათა სახელით გაღებული? საზოგადოებრივი სიკეთისთვის როგორ უნდა განახორციელოს მან ნებისმიერი ლიბერალური თუ მსხვილმასშტაბიანი გეგმა?
მოდით, ვნახოთ თუ როგორ ზეგავლენას იქონიებს ეს შედეგები პირველივე ომზე, რომელშიც ჩაბმა მოგვიხდება. დასაბუთების ინტერესებიდან გამომდინარე დავუშვათ, რომ იმპორტის დაბეგვრიდან ამოღებული თანხებით ხდება სახელმწიფო ვალის დაფარვა და კავშირის მშვიდობიანი დაწესებულებების დაფინანსება. სწორედ ამგვარ ვითარებაში ჩაღდება ომი. როგორ იმოქმედებს მთავრობა ესოდენ საგანგებო მდგომარეობაში, რომელმაც გამოცდილებით იცის, რომ რეკვიზიციების იმედად ვერ იქნება? ახალი რესურსებით უზრუნველყოფისთვის საკმარის უფლებამოსილებას მოკლებული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი იძულებული ხომ არ იქნება ის ხერხი გამოიყენოს, რომელიც სხვა მიზნებისთვის განკუთვნილი ფონდების ქვეყნის თავდაცვაზე გადასროლას გულისხმობს? ადვილი არ არის სხვა გამოსავლის გამოძებნა. მაგრამ თუ მოვლენები მაინც ამგვარად განვითარდა, მაშინ ცხადია, რომ ეს სახელმწიფო ვალის ნგრევას გამოიწვევს ზუსტად იმ მომენტში, როცა მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სწორედაც რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. იმის ფიქრი, რომ ეგოდენ მძაფრი კრიზისის პირობებში კრედიტის გარეშეც იოლად გავალთო, პოლიტიკური სიბრმავე იქნებოდა. თანამედროვე ომის სისტემაში უმდიდრესი ქვეყნებიც კი იძულებულნი არიან, მსხვილი სესხები აიღონ. ჩვენი ღარიბი ქვეყანა კი ამის ბევრად უფრო დიდი აუცილებლობის წინაშე დადგება. მაგრამ ვინ ასესხებს ფულს ქვეყანას, რომელმაც შესაბამისი მოლაპარაკებები იმ აქტის წარდგენით დაიწყო, რომელიც მხოლოდ მის გადახდისუუნარობას ადასტურებს? და თუკი მას მაინც მისცეს სესხი, იგი ერთობ მცირე იქნება, ხოლო დაფარვის პირობები – მეტად კაბალური; აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც მევახშის შემთხვევაში, რომელიც გაკოტრებულ და თაღლით მოვალეს თანხას ძუნწად აძლევს, სარგებელს კი დიდს ითხოვს.
ადვილია იმის წარმოდგენა, რომ მწირე რესურსების პირობებში ქვეყანა იძულებული გახდეს, გამოყოფილი ფონდები სხვა მიზნებისთვის გადაისროლოს, როგორც დავრწმუნდით კიდეც ჩვენ მიერ აღწერილი ვითარების მაგალითზე. თუმცა მთავრობას დაბეგვრის განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ორი მოსაზრებით შემიძლია გავაქარწყლო ყველა ის შიში, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება ჯერ ერთი, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის ყველა რესურსი კავშირის კეთილდღეობას მოხმარდება; მეორეც, – რაც უნდა დიდი იყოს დეფიციტი, მთავრობა ადვილად მოახერხებს მის დაფარვას სესხების მეშვეობით.
ეროვნული Mმთავრობა, რომელსაც დაბეგვრის ახალი წყაროებიდან ახალი ფონდების შექმნის უფლება ექნება, იმდენ სესხს აიღებს, რამდენიც საჭირო იქნება მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. მაშინ როგორც უცხოელები, ისე საკუთარი მოქალაქეები გონივრული ნდობით მოეკიდებიან მის ვალდებულებებს. მაგრამ ისეთ სახელმწიფოსთან საქმის დაჭერა, რომელიც გარიგებას ისე ვერ დადებს, თუ ამაზე ცამეტი შტატის გადაწყვეტილება არ არსებობს, არ იქნება იოლი საქმე, ვინაიდან ამგვარ მიამიტობას ფულთან დაკავშირებულ საქმეებში არც კაცობრიობა სცნობს და ვერც ის გამჭრიახობა ჰგუობს, სიხარბეს რომ ახასიათებს.
ამგვარი მოსაზრებები ინტერესმოკლებული იქნება იმ მეოცნებეებისა და მეზღაპრეებისთვის, რომლებსაც ამერიკა მარადიული სიმშვიდის ნავსაყუდლად წარმოუდგენიათ, მაგრამ მათ სერიოზული ინტერესით მოეკიდება ყველა ის ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ამერიკას, მსგავსად სხვა ერებისა, წინ ელოდება უკუღმართობათა და ბოროტებათა თავისი წილი. ეს ხალხი დიდი რუდუნებით უნდა ეკიდებოდეს თავისი სამშობლოს ყოველდღიურობას და უნდა ებრძოდეს იმ ბოროტებას, რომელიც მას შესაძლოა, პატივმოყვარეობამ თუ შურისძიებამ მიაყენოს.
პუბლიუსი