ფედერალისტი # 21 : ჰამილტონი
1787 წ. 12 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
ბოლო სამ წერილში ის მთავარი გარემოებანი და მოვლენები შევაფასეთ, ფედერაციულ მთავრობათა სულისა და ხვედრისთვის რომაა დამახასიათებელი. ახლა კი ყველაზე მთავარ ნაკლოვანებათა განხილვაზე გადავდივარ, დღემდე რომ გვიმტყუნებენ იმედებს ჩვენში ჩამოყალიბებულ სისტემასთან დაკავშირებით. სათანადო სამკურნალო საშუალების თაობაზე მართებულად რომ ვიმსჯელოთ, აუცილებელია, კარგად ვიცოდეთ, თუ რა სტადიაშია ავადმყოფობა და რამდენად სახიფათოა ის.
არსებული კონფედერაციის შემდეგი ყველაზე თვალშისაცემი ნაკლი ის არის, რომ კანონებს ჩვენში ზურგს არანაირი სანქცია არ უმაგრებს. შეერთებული შტატები იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, მოკლებულია ძალაუფლებას, რომლითაც ის მოქალაქეებს მორჩილებას დააკისრებდა თუ მისი გადაწყვეტილებების არშესრულებისთვის მათ სასჯელს დაადებდა ან ფულადი ჯარიმის სახით, ანდა პრივილეგიების შეჩერებისა თუ მათი ჩამორთმევის გზით. ფედერალური ხელისუფლებისთვის არ არის მკაფიოდ დელეგირებული ურჩი წევრების მიმართ ძალის გამოყენების უფლებამოსილება. თუ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიენიჭოს მას ამგვარი უფლება, მაშინ აუცილებელია, ეს ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტზე დაყრდნობით განხორციელდეს, სადაც გაცხადებულია: “თითოეულ შტატს ყველა ის ძალაუფლება, იურისდიქცია და უფლება უნარჩუნდება, რომელიც კონგრესის მიერ შეერთებული შტატებისთვის მკაფიოდ
დელეგირებული არ არის”. უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, ასეთი უფლება არ არსებობსო, მაგრამ აშკარა დილემის წინაშე ვდგავართ: ან უნდა დავეთანხმოთ ამ დებულებას, რაგინდ უაზროც ჩანდეს ის, ანდა იგი უნდა გავარჩიოთ ან განვმარტოთ; ის ხომ ერთი იმ თემათაგანია, რომლის ქებაც ამ ბოლო დროის განმავლობაში არ ბეზრდებათ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდგეებს და რომლის პროექტში არშეტანისთვისაც ისინი მეტწილად სამართლიანად გვსაყვედურობდნენ და მკაცრადაც გვაკრიტიკებდნენ. თუ არ გვინდა, დაკნინებულ იქნეს ამ ეგზომ ნაქები დებულების მნიშვნელობა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები იმგვარი მმართველობის ნიმუშია, სრულიად მოკლებული რომაა ისეთ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, რომელსაც მის მიერევე მიღებული კანონების აღსრულება შეეძლებოდა. უკვე მოხმობილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ამერიკული კონფედერაცია, ამ მხრივ, დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია ყველა მსგავს დაწესებულებასთან შედარებით და მსოფლიოს სრულიად ახალ და ჯერარნახულ ფენომენად ევლინება.
ფედერაციული გეგმის კიდევ ერთი არსებითი ნაკლი ისაა, რომ მასში არ არის გათვალისწინებული შტატების მთავრობებს შორის ურთიერთგარანტიები. მის შემადგენელ არც ერთ პუნქტში ამის შესახებ კრინტიც არ არის დაძრული. რაც შეეხება იმის მტკიცებას, სარგებლიანობის პრიციპიდან გამომდინარე, ასეთი გარანტიები ისედაც იგულისხმებაო, ეს ზემოხსენებული პუნქტიდან კიდევ უფრო შეუწყნარებელი გადახვევა იქნებოდა, ვიდრე ის, რომ მსგავსი მოსაზრებებიდან შემდეგი დასკვნა გამოგვეტანა: ძალის გამოყენება ისედაც იგულისხმებაო. გარანტიების უქონლობამ, შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას კავშირს, მაგრამ იგი ისე უშუალოდ არ ემუქრება მის არსებობას, როგორც კონსტიტუციური სანქციით კანონთა უზრუნველმყოფელის არარსებობა.
გარანტიის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საშინაო საფრთხეების თავიდან აშორება, რომლებიც, შესაძლოა, ჟამიდან ჟამს შტატების კონსტიტუციას დაემუქროს. შესაძლოა, უზურპაციამ ფრთები ყველა შტატში გაშალოს და ფეხქვეშ გათელოს ხალხის უფლებები; ეროვნულ მთავრობას კი ლეგალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლება, გარდა იმისა, რომ აღშფოთებითა და სინანულით ადევნოს თვალი, თუ როგორ შეურაცხყოფენ მის მოსახლეობას. შესაძლოა, წარმატებულმა დაჯგუფებამ ტირანიის სასახლე წამოჭიმოს წესრიგისა და კანონიერების ნანგრევებზე, ხელისუფლებას კი არ ექნება კონსტიტუციური უფლება, დახმარება გაუწიოს მის მეგობრებსა და მხარდამჭერებს. ის ბობოქარი სიტუაცია, რომელსაც ეს-ესაა მასაჩუსეტსმა თავი დააღწია, ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ ზემოხსენებული საფრთხეები მარტო თეორიული ხასიათისანი როდი არიან. ვინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს მღელვარებანი უკმაყოფილო ხალხის მასას სათავეში კეისარი ან კრომველი რომ მოქცეოდა? განა ვინმეს ძალუძს იმის წინასწარმეტყველება, თუ რა ზეგავლენას მოახდენდა მასაჩუსეტსში დამყარებული დესპოტიზმი ნიუჰამპშირის თუ როდაილენდის, კონეკტიკუტისა თუ ნიუ-იორკის თავისუფლებებზე?
შტატების თავისუფლებით მეტისმეტმა თავმოწონებამ ზოგ პირს ასეთი შესიტყვება ჩააგონა: ფედერალური მთავრობისთვის გარანტიის მიცემა შტატების საშინაო საქმეებში ჩარევას მოასწავებსო. უნდა ითქვას, რომ ამგვარი ეჭვი დაგვაკარგინებს ერთ-ერთ დიდ სარგებელთაგანს, რისი მოცემაც ჩვენთვის კავშირს შეეძლო. ამგვარი დანაკარგის მიზეზი კი საქმის არსში ვერჩაწვდომაა. საქმე ის არის, რომ იგი ხელს არაფრით შეუშლის ხალხის უმრავლესობას, კანონიერად და მშვიდობიანად შეცვალოს შტატების კონსტიტუცია. მისი ეს უფლება შეუვალი რჩება. გარანტია მხოლოდ იმას შეეხება, რომ ამგვარი ცვლილება ძალის გამოყენებით არ მოხდება. ბევრი როდია ისეთი საშუალება, რაც თავიდან აგვაშორებს ასეთ უკეთურობებს. საზოგადოების სიმშვიდე და მთავრობის სტაბილურობა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იქ, სადაც ძალაუფლება მთლიანად ხალხის ხელშია, ნაკლები საბაბი არსებობს არეულობების დროს ძალის გამოყენებისა. ცუდი მმართველობის ბუნებრვი სამკურნალო საშუალება სახალხო თუ წარმომადგენლობითი ხელისუფლებებისას ისაა, რომ ხალხი იცვლება. ეროვნული მთავრობისთვის მიცემული გარანტია მიმართული იქნება როგორც ადგილობრივი უზურპატორების, ისე ადგილობრივ თემებში არეულობების, მღელვარებებისა და ჯანყის გამოვლინებათა წინააღმდეგ.
კონფედერაციის სტრუქტურაში კიდევ ერთი არსებითი შეცდომა ისაა, რომ შტატებს საერთო ხაზინაში შესატანები დადგენილი
კვოტების
მიხედვით შეაქვთ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის, რომ ამ გზით სრულიად შეუძლებელია აუცილებელ ეროვნულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რაც საქმითაც საკმარისად დადასტურდა. ეს საკითხი ხელახლა წამოვჭერი, თუმცა მხოლოდ შტატებს შორის თანასწორობის კუთხით. ყველა, ვინც იმ გარემოებათა გააზრებაშია გაჩვეული, რომლებშიც ბუნებრივი სიმდიდრე წარმოიშობა და ყალიბდება, დამეთანხმება, რომ არ არსებობს საერთო სტანდარტი თუ ბარომეტრი, რომლითაც მისი მოცულობის ზუსტი განსაზღვრა შეიძლებოდეს. ვერც მიწის ღირებულება და ვერც მოსახლეობის რაოდენობა ერთიმეორის მიყოლებით თითოეული შტატისთვის შესატანთა დადგენის კრიტერიუმად რომ გვთავაზობდნენ, ვერ გამოხატავს სამართლიან თანაფარდობას. თუ ნიდერლანდის ბუნებრივ სიმდიდრეს რუსეთის ან გერმანიის, ან თუნდაც საფრანგეთისას შევუდარებთ, და თუ იმავდროულად ამ პატარა ოლქის ყველა მიწის ღირებულებასა და მოსახლეობის რაოდენობას, ზემოდასახელებული სამი ქვეყნიდან ერთ-ერთის მიწების ღირებულებასა და მოსახლეობის რაოდენობას შევუპირისპირებთ, უმალვე მივხვდებით, რომ არ არსებობს პროპორციული თანაფარდობა მიწის ღირებულებას, მოსახლეობის რაოდენობასა და ამ ქვეყნების შედარებით სიმდიდრეს შორის. თუ მსგავს პარალელს ამერიკის შტატებს შორის გავავლებდით, იმავე შედეგს მივიღებდით. მოდით, ვირჯინია ჩრდილო კაროლინას, პენსილვანია კი კონეკტიკუტს, ანდა მერილეინდი ნიუჯერსს შევუპირისპიროთ და დავრწმუნდებით, რომ ამ შტატების შესაბამისი საშემოსავლო შესაძლებლობანი ძალზე სუსტადაა დაკავშირებული, ან ყოველგვარ კავშირს მოკლებულია მათი მიწების ღირებულებასა თუ მოსახლეობის რაოდენობასთან. ამგვარადვე შეიძლება ამ დებულების ნათელყოფა ერთი და იმავე შტატის შიგნით ოლქებს შორის თანაფარდობის მაგალითზე. ნიუ-იორკის არც ერთი მცოდნე ეჭვის ქვეშ არ დააყენებს, რომ კინგსის ოლქის აქტიური სიმდიდრე ბევრჯერ აღემატება მონტგომერის ანალოგიურ სიმდიდრეს. არაფერი სახეირო არ გამოვა, თუკი კრიტერიუმად მიწების ჯამურ ღირებულებას, ანდა მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ!
ერთა სიმდიდრე უამრავ გარემოებაზეა დამოკიდებული, გეოგრაფიული მდგომარეობა იქნება ეს თუ ნიადაგის ნაყოფიერება; კლიმატური პირობები თუ წარმოების წესი; მართვის ხასიათი თუ მოქალაქეთა სულისკვეთება; განათლების მათეული დონე თუ აღებმიცემობის მდგომარეობა; ხელოსნობის განვითარების დონე თუ მრეწველობის მდგომარეობა. ასეთი და ბევრად უფრო კომპლექსური გარემოებანი, რომელთაგან ზოგი უმნიშვნელო თუ შემთხვევითიც კია, ერთობ ართულებს იმას, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ზუსტად განისაზღვროს ის, თუ რა თანაფარდობაშია ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნები მათი შეძლებულობისა და სიმდიდრის მხრივ. არ არსებობს ეროვნული სიმდიდრის საერთო საზომი, – ასეთი ცხადი და გასაგები შედეგი გამომდინარეობს ყოველივე იმიდან, რაც ითქვა. აქედან გამომდინარე, არც ისეთი ზოგადი და უცვლელი წესი არსებობს, რომლის მიხედვითაც ზუსტად გამოვითვლიდით, თუ რამდენად უნარიანია ესა თუ ის შტატი, ამა და ამ ოდენობის გადასახადი გადაიხადოს. ამრიგად, შტატებს უთუოდ აშკარა უსამართლობად და შევიწროებად შემოუტრიალდებათ შესატანთა მოწესრიგების ნებისმიერი ასეთი მცდელობა.
მარტო ასეთი უთანასწორობაც კი საკმარისი აღმოჩნდება ამერიკის დასაშლელად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიჩხრიკა საშუალება და შტატებს ძალით მოახვიეს თავს ამგვარი რეკვიზიციები. დაჩაგრული შტატები ვერ შეურიგდებიან იმას, რომ საზოგადოებრივი ტვირთი ეგზომ არათანაბრად ნაწილდებოდეს, მათი მოსახლეობა გასაჭირსა და სიდუხჭირეში სულს ძლივს მიათრევდეს, მაშინ, როცა სხვა შტატების მოქალაქენი ვერც კი გრძნობდნენ მათ წილად მოსულ ვალდებულებას მისი ფრიადი სიმსუბუქისა გამო. ეს ჭირი კვოტებისა და რეკვიზიციების პრინციპის მიუცილებელი თანამდევია.
ამ შეჭირვებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ეროვნულ ხელისუფლებას უნდა გადაეცეს უფლებამოსილება, რომ თვითონ – მის მიერ დადგენილი წესის მიხედვით- შეაგროვოს თავისი შემოსავლები. საბაჟო გადასახადი იმპორტზე, აქციზი და საერთოდ სამომხმარებლო საქონლზე ყველა გამოსაღები ჭურჭელში ჩასხმულ სითხეს წააგავს: დროთა განმავლობაში მათსა და მათი გდახდის საშუალებებს შორის წონასწორობა მყარდება. თითოეული მოქალაქე როგორღაც თვითონვე ირჩევს, თუ რა მოცულობის გადასახადი უნდა გადაიხადოს და თვითონვე ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ იგი მის ხელთ არსებული რესურსების მიხედვით არეგულიროს. მდიდარმა, შესაძლოა, გულუხვობა გამოიჩინოს, ღარიბმა კი – მომჭირნეობა. ხოლო კერძო პირის შევიწროებას ყოველთვის ავიცილებთ თავიდან, თუკი გულმოდგინედ და სამართლიანად შევარჩევთ დასაბეგრ საქონელს. თუ ზოგიერთ შტატში ერთ კონკრეტულ საქონელზე გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებული უთანაბრობა წარმოიშვა, ეს ადვილად გაწონასწორდება იმ პროპორციული უთანაბრობით, რომელიც სხვა შტატებში სხვა საქონელთან მიმართებაში წარმოიშობა. დროთა განმავლობაში და გარემოებათა წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად კავშირში წონასწორობა დაისადგურებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ ეგზომ რთულ დარგში. დარჩენილი განსხვავება კი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იქნება; თავისი ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, იგი არც ისე აუტანელი იქნება, როგორც ნებისმიერ თარგზე გამოჭრილი გადასახადის შემთხვევაშია, რაგინდ რუდუნებით იყოს იგი მოფიქრებული.
თვალსაჩინო უპირატესობა, რომელიც მოხმარების საქონელზე გადასახადების შემოღებას ახლავს, ისაა, რომ იგი გამორიცხავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს; თვითონვე ადგენს თავის საზღვრებს, რომელთა დარღვევა შეუძლებელია, თუ ამავე დროს დასახულ მიზანსაც არ გადაუხვიე; ეს უკანასკნელი კი სხვა არაფერია, თუ არა შემოსავლების ზრდა. სწორედ ამ შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი ანდაზა:’’ პოლიტიკურ არითმეტიკაში ორჯერ ორი ყოველთვის არ არის ოთხის ტოლიო.” როცა გადასახადები ძალზე მაღალია, მოხმარება იკლებს, მათ გადახდას კი თავს არიდებენ. ხაზინაშიც იმდენი არ შედის, რამდენიც მაშინ გროვდება, როცა გადასახადები მოზომილია და ზომიერი. ეს ვითარება გადულახავ წინაღობად აღემართება ყველას, ვისაც ამ ყაიდის გადასახადებით ადამიანთა შევიწროება სურს; იგი, ამავე დროს, ის ბუნებრივი საზღვარია, რომელსაც არ უნდა გადადიოდეს მთავრობა თავისი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას.
ასეთი გადსახადები არაპირდაპირ გადასახადებად იწოდებიან და სახელმწიფო შემოსავლების წყაროს უპირატესად სწორედ ისინი უნდა წარმოადგენდნენ. რაც შეეხება პირდაპირ გადასახადებს, ამ ყაიდის გადასახადებით მიწა და ნაგებობანი უნდა იბეგრებოდეს პროპორციული დაბეგვრის წესის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმად ან მიწის ღირებულება, ანდა მოსახლეობის რაოდენობა გამოიყენება. ყოველთვის მიაჩნდათ, რომ სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ქვეყანაში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთმანეთზეა გადაბმული. ამიტომ, ბუნებრივია, გაანგარიშებების წარმოებისას უპირატესობას ციფრულ გამოსახულებებს ვანიჭებდეთ მათი სიმარტივისა და სანდოობის გამო. ჰერკულესსაც კი წელში გაწყვეტდა იმ ამოცანის სიმძიმე, რაც ნებისმიერ ასეთ ქვეყანაში მიწის ღირებულების განსაზღვრას უკავშირდება. მეჩხრად დასახლებულ განვითარებად ქვეყანაში კი ამ სიძნელეთა გადალახვა აბსოლუტურად შეუძლებელია. დაბეგვრა ერთობ რთული საკითხია; ამ საქმეში, სწორედაც რომ არასდროს აწყენდა ხელისუფლებას კეთილგონიერების გამოჩენა, იმის გათვალისწინება, რომ წესის შემოღება უფრო ცოტა უხერხულობას ქმნის, ვიდრე ყველაფრის ბედზე მინდობა.
პუბლიუსი