ფედერალისტი # 55 : მედისონი
(ალექსანდრე ჰამილტონთან ერთად)
1788წ. 15 თებერვალი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან უნდა შედგებოდეს წარმომადგენელთა პალატა, კიდევ ერთი ასპექტია, რითაც შეიძლება ფედერალური საკანონმდებლო ორაგნოს ეს განშტოება განვიხილოთ. საქმე ის არის, რომ კონსტიტუციაში თითქმის არ მოიძებნება სხვა პუნქტი, რომელიც უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებდეს. ამას კი იმ არგუმენტაციის მნიშვნელობა და თვალნათლივობა განაპირობებს, რითაც მის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ჯერ ერთი, ამბობენ, რომ ესოდენ ცოტა წარმომადგენელი ვერ იქნება საზოგადოებრივ ინტერესთა საიმედო მცველი; მეორეც, შეუძლებელია, მათ ჯეროვნად იცოდნენ ადგილობრივი გარემოებები, რომელნიც მათი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის ცხოვრებას განაპირობებენ; მესამე, ხალხის ეს წარმომადგენელნი მოქალაქეთა იმ ფენიდან იქნებიან გამოსულნი, რომელიც თანაგრძნობით არ არის გამსჭვალული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სასოებისადმი; და უფრო ის არის მოსალოდნლი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა უმრავლესობის ჩაგვრის ხარჯზე უმცირესობას აამონ; მეოთხე, ერთია, რომ ისინი თავიდანვე მცირერიცხოვანნი იქნებიან და სხვა ამბავია ის, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად მათი რიცხოვნება უფრო და უფრო არათანაზომიერი იქნება ამგვარი ზრდისა; ამას კი ხელს შეუწყობს ის დაბრკოლებანი, რომლებსაც წარმომადგენელთა რიცხოვნების შესაბამისი ზრდის თავიდან ასაცილებლად შემოიღებენ.
ამ საკითხის თაობაზე ის შეიძლება შევნიშნოთ, რომ საზოგადოდ, ძალზე ძნელია ზუსტი გადაწყვეტა მოუძებნო ისეთ პოლიტიკურ პრობლემას, როგორიც საკანონმდებლო კრების წევრთა სათანადო რაოდენობის დადგენაა. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ პუნქტში ისე არ განსხვავდება ერთმანეთისგან ცალკეული შტატის პოლიტიკა, როგორც წარმომადგენელთა რიცხოვნების საკითხში; მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ხერხს მოვიმარჯვებთ: სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო ორგანოს უშუალოდ შევუდარებთ ერთმანეთს, თუ ამ უკანასკნელს მოსახლეობის იმ ნაწილთან შევატოლებთ, რომელმაც ეს ადამიანები აირჩია.
არაფერს ვიტყვი ყველაზე მცირე და ყველაზე მსხვილ შტატს შორის განსხვავებაზე, გარდა იმისა, რომ დელავერის საკანონმდებლო კრების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოება ოცდაერთი წარმომადგენლისაგან შედგება, მასაჩუსეტსისა კი – სამასიდან ოთხასამდე წევრს აერთიანებს. რაც შეეხება იმ შტატებს, რომელთაც მოსახლეობის თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰყავს, ამ მიმართებით მათ შორის განსხვავება უფრო თვალშისაცემია. პენსილვანიის წარმომადგენელთა რაოდენობა მასაჩუსესტის საკანონმდებლო კრების წევრთა მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენს. ნიუ – იორკს, რომლის მოსახლეობა ისე შეეფარდება სამხრეთ კაროლინისას, როგორც ექვსი ხუთს, ერთ მესამედზე ოდნავ მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე ამ უკანასკნელს. ასევე შთამბეჭდავია განსხვავება ჯორჯიასა და დელავერს, ანდა როდაილენდს შორის. პენსილვანიაში ხუთ – ექვს ათას ამომრჩეველზე ერთი წარმომადგენელი მოდის. როდ აილენდში კი ყოველი ათასი ამომრჩეველი ერთ წარმომადგენელს ირჩევს. ჯორჯიის კონსტიტუციის თანახმად კი ამგვარი თანაფარდობა შესაძლოა, შემდეგნაირად გამოიხატოს: ერთი წარმომადგენელი ყოველ ათ ამომრჩეველზე, რაც უთუოდ აღემატება ნებისმიერ სხვა შტატში დადგენილ შეფარდებას.
მეორე ზოგადი შენიშვნა ამ საკითხის თაობაზე ის იქნებოდა, რომ უპრიანი არ არის, როცა წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ერთნაირი შეფარდებაა, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მრავალრიცხოვანია და მაშინაც, როცა იგი მცირერიცხოვანია. ვირჯინიის წარმომადგენელთა რიცხოვნება როდ აილენდის საზომით რომ გაგვეზომა, იგი ახლა სამასიდან ხუთას შორის უნდა მერყეობდეს. მეორე მხრივ, თუ პენსილვანიისეულ შეფარდებას დელავერის საკანონმდებლო კრებას მივუყენებდით, ამ უკანასკნელის წარმომადგენელთა რიცხოვნება შვიდ – რვა წევრამდე შემცირდებოდა. არაფერია უფრო მცდარი, ვიდრე ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ გათვლებს მათემატიკურ პრინციპებზე ვაფუძნებდეთ. ხომ უფრო გონივრულია, ძალაუფელება ოთხმოც ან სამოცდაათ კაცს მივანდოთ, ვიდრე რვას ან შვიდს. მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ექვსასი თუ შვიდასი კაცი უფრო უკეთ და საიმედოდ გაუძღვება ქვეყანას. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს რიცხვი ექვს ან შვიდ ათას კაცამდე გაიზარდა, მერწმუნეთ, რომ წესრიგის ნაცვლად დომხალს მივიღებთ. სიმართლე კი ესაა: იმისთვის, რათა აზრთა თავისუფალმა გაცვლა – გამოცვლამ და განხილვამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, როგორც ჩანს, წარმომადგენელთა გარკვეული რაოდენობაა აუცილებლი. ამ ხერხით ასე თუ ისე ჯგუფობანასაც გადავუღობავდით გზას. მეორე მხრივ, უპრიანია, რომ წარმომადგენელთა რიცხოვნება გარკვეულწილად შეზღუდულიც იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ის უწესრიგობა და თავაშვებულობა, რაც მეტისმეტად მრავალრიცხოვან ადამიანთა თავყრილობას ახასიათებს. როცა ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე, მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ რა ხალხისგან შედგება იგი, ყველა ამგვარ შემთხვევაში, როგორც წესი, გონება ფარ – ხმალს ყრის ვნებათა წინაშე. ათენის თითოეული მოქალაქე, სოკრატეც რომ ყოფილიყო, ერთად შეკრებილი ყველა ათენელი მაინც ბრბო იქნებოდა.
უპრიანი იქნებოდა, ის მოსაზრებანი გაგვეხსენებინა, რანიც ორწლიან საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით გამოვთქვით. კონგრესის შეზღუდული უფლებამოსილებანი და ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების მხრიდან მის მოღვაწეობაზე დაწესებული ზედამხედველობა იმის გამართლებაა, რომ არჩევნები არ ტარდებოდეს უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე ამას საზოგადოების უსაფრთხოება მოითხოვს. ამავე მიზეზით, უპრიანია, რომ კონგრესი, რომლის ხელშიც არ არის მთელი საკანონმდებლო ძალაუფლება, უფრო მცირერიცხოვანი იყოს, ვიდრე სხვა საკანონმდებლო ორგანოები, რომლებზეც ჩვეულებრივი შეზღუდვები ვრცელდება.
ამგვარი ზოგადი წარმოდგენების ფონზე, მოდით, ავწონ – დავწონოთ, თუ რამდენად მართებულია ის შესიტყვებანი, რომელნიც წარმომადგენელთა პალატის შემოთავაზებული რიცხოვნების წინააღმდეგ წამოაყენეს. უწინარეს ყოვლისა, ამბობენ, რომ სახიფათოა, როცა ესოდენ მცირერიცხოვან კრებას უზარმაზარი ძალაუფლება აქვს მინდობილიო.
საკანონმდებლო ხელისუფლების ამ განშტოების შემადგენლობაში, თავდაპირველად სამოცდახუთი წევრი იქნება. მაგრამ სამი წლის თავზე ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რის შემდეგაც მათი რიცხვი ყოველ ოცდაათი ათას მოსახლეზე ერთი წევრით გაიზრდება. ყოველ მომდევნო ათ წელიწადში ერთხელ კიდევ განმეორებით ჩატარდება მოსახლეობის აღწერა და წარმომადგენელთა რიცხოვნების ზრდა ზემოაღნიშნულ შეზღუდვათა გათვალისწინებით განხორციელდება. და არაფერია უცნაური იმაში, თუ პირველი აღწერის შემდეგ, ერთი ოცდაათი ათასთან შეფარდების პირობებში, წარმომადგენელთა რიცხვი ას კაცამდე გაიზრდება. თუ მოსახლეობის რიცხვში ზანგებსაც შევიყვანთ, შეფარდებით ერთი ხუთზე, შეერთებული შტატების მოსახლეობა სამი მილიონი გახდება, თუკი იგი უკვე არ უდრის ამ რიცხვს. გამოთვლების თანახმად, ოცდახუთი წლის თავზე წარმომადგენელთა რიცხოვნება ორას კაცს მიაღწევს. ორმოცდაათი წლის შემდეგ კი ოთხასის ტოლი იქნება. ვფიქრობ, ეს წარმომადგენელთა სწორედ ის ოდენობაა, წერტილს რომ დაუსვამს ყოველგვარ შიშს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მცირერიცხოვნებიდან მომდინარეობს. ამასთანავე, თავისთავად იგულისხმება, რომ მათი რიცხვი დრო და დრო გაიზრდება კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით, რის ჩვენებასაც მოგვიანებით შევეცდები, როცა პასუხს გავცემ მეოთხე შესიტყვებას. თუ იმის საპირისპირო ვითარებას ვივარაუდებთ, რაზეც აქ არის ლაპარაკი, მაშინ უნდა ვაღიარო, რომ ზემოაღნიშნულ შესიტყვებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება.
ჭეშმარიტად საჭირბოროტო საკითხი სწორედ ის არის, ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს მცირერიცხოვნება საფრთხეს უქმნის თუ არა საზოგადოების თავისუფლებას, მიუხედავად ამგვარი რიცხოვნების დროებითი ხასიათისა. რამდენად უსაფრთხოა ის, რომ შეერთებული შტატების შეზღუდული და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საკანონმდებლო ხელისუფლება, თავდაპირველად სამოცდახუთ კაცს მივანდოთ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ასევე ცოტა ხნით, ას თუ ორას კაცს გადავულოცოთ? უნდა ვაღიარო, რომ ამ შეკითხვაზე ჩემი უარყოფითი პასუხი არ დაახანებდა, თუ ვინმე მოახერხებდა და ამერიკელი ხალხის ნიჭიერებაზე ყველა ჩემს შთაბეჭდილებას გამიქარწყლებდა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ შეუძლებელია მათი გაქარწყლება, რამეთუ სწორედ ამერიკელი ხალხის ნიჭი თუ სულია ის, რაც ამა თუ იმ შტატის კანონშემოქმედებას ასულდგმულებს და ისეთ პრინციპებს წარმოშობს, რანიც მოქალაქეთა ყველა ფენის პოლიტიკურ ზნესთანაა შეზავებული. ვერ წარმომიდგენია, გარემოებანი რომც შეიცვალონ ამერიკელმა ხალხმა, რომელიც დღეს ასეთი სულისკვეთებით გამსჭვალული, სამოცდახუთი თუ ასი ისეთი კაცი აირჩიოს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაირჩიოს, რომელნიც მზად იქნებიან, ერთმანეთთან პირი შეკრან ტირანიისა თუ ღალატის ზრახვათა ხორცშესასხმელად. შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებას უამრავი საბაბი აქვს იმისა, რომ თვალი ერთთავად ფედერალურ საკანონმდებლო უწყებაზე ეჭიროს და უამრავი საშუალება აქვს იმისა, რომ მის ქმედებებს კონტრქმედებებით უპასუხოს. ამიტომაც ისიც ვერაფრით წარმომიდგენია, რომ მას საერთო ამომრჩევლის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ მოწყობილი შეთქმულების გამომჟღავნება თუ ჩაფუშვა გაუჭირდეს. ვერც იმაში დამაჯერებს ვერავინ, რომ სადღეისოდ ან მოკლე ხანში, შეერთებულ შტატებში სამოცდახუთი ან ასი ისეთი კაცი მოიძებნოს, რომელთაც სურვილი გაუჩნდებათ ან გამბედაობა ეყოფათ საიმისოდ, რომ მას შემდეგ, რაც მათ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აირჩევს, მის მიერ გამოცხადებულ წმინდა ნდობას უღალატონ. მაგრამ იმის გამოსაცნობად, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში დროთა ცვალებასთან და მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებული გარემობანი, წინასწარმეტყველის ნიჭია საჭირო, რაზეც მე პრეტენზია არ გამაჩნია. თუმცა იმ გარემოებათა მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, რაშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს და თუ, ამის გათვალისწინებით, თვალს უახლოეს მომავალს შევავლებდი, ვიტყოდი, რომ წარმომადგენელთა რიცხოვნების მხრიდან, უახლოეს პერიოდში, შეერთებული შტატების თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მაგრამ საიდან მოიძურწება საფრთხე? უცხოურ სახელმწიფოთა ოქროს ხომ არ უნდა ვუფრთხოდეთ? თუკი ამით შეიძლება ფედერალურ ხელისუფალთა მოღორება და გახრწნა, თუ მართლა უცხოური ოქროა ის ხაფანგი, რაც ჩვენს ამომრჩეველს ღალატისკენ უბიძგებს, მაშინ როგორღა მოხდა ის, რომ ჩვენ დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი ვართ? კონგრესი, რომელმაც რევოლუციის ქარ – ცეცხლი გამოგვატარა, უფრო მცირერიცხოვანი იყო, ვიდრე მისი მემკვიდრე იქნება. იგი არც თანამოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მიერ ყოფილა არჩეული და არც პასუხისმგებლობა ჰქონია მის წინაშე. მისი წევრები ერთი წლით ინიშნებოდნენ და სურვილისამებრ შეეძლოთ უკანვე გაეწვიათ, თუმცა ისინი სამი წლის განმავლობაში ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. კონფედერაციის მუხლების რატიფიცირებამდე კი ისინი უფრო მეტი ხნითაც რჩებოდნენ თავიანთ თანამდებობაზე. მათი თათბირები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. სწორედ კონგრესი წარმართავდა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეებს. მთელი ომის განმავლობაში მისი ბედი სწორედ კონგრესის წევრებზე იყო დამოკიდებული. იმედია, მომავლის კონგრესს აღარ დასჭირდება ესოდენ დიდი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება. მაგრამ იმდენად დიადია ის ჯილდო, რომელიც გზნებით აღაგზნებს მის დამკარგავ მხარეს, რომ წარმომადგენლები ძალის წინაშეღა თუ დაიხევენ უკან. მიუხედავად ყველაფრისა, ბედმა გაგვიღიმა და საზოგადოებრივი ნდობა არავის დაუღალატებია. გარდა ამისა, შეუბღალავი დარჩა ჩვენი საზოგადოებრივი საბჭოები და მათ ვერაფერი დააკლო ცილისმწამებლურმა მითქმა-მოთქმამ.
ხიფათი ხელისუფლების სხვა შტოთა მხრიდან ხომ არ არის მოსალოდნელი? რა სახიფათო საშუალებანია პრეზიდენტისა და სენატის, ანდა ორივე მათგანის ხელში? მათი ჯამაგირი, თუ ჯერ წარმომადგენლობითი პალატა არ გაიხრწნა სხვა მიზნებს ვერ გასწვდება, თუU არა მათივე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. რაც შეეხება მათ პირად საკუთრებას, ესენი ყველანი ამერიკელები არიან და ამ მხრივ შეუძლებელია საფრთხე მათგან მომდინარეობდეს. ამიტომ მათ ხელში შეიძლება, მხოლოდ ერთი საშუალებაღა იყოს: თანამდებობათა ჩამორიგება. ამ წყაროთი ხომ არ საზრდოობს ეჭვი, როცა თავის ბრალდებას აყენებს? ხანდახან ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას, რომ პრეზიდენტი კორუფციის სწორედ ამ ამოუწურავი წყაროდან ქაჩავს თავის სიმდიდრეს, რითაც ძირს უთხრის სენატის სიქველესო. მისი შემდეგი მსხვერპლი მეორე პალატის ერთგულება იქნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რაკი მართვის რესპუბლიკური სისტემის მიხედვით, ხელისუფლების ზემოაღნიშნული შტოები სხვადასხვა პრინციპებს ემყარებიან და თითოეული მათგანი საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული. ამიტომაც არასოდეს მოხდება ის, რომ მათ ერთმანეთთან მუხანათურად შეკრან პირი და გამყიდველობა ჩაიდინონ. საბედნიეროდ, კონსტიტუციაში უსაფრთხოების სხვა გარანტიებიცაა გათვალისწინებული. საარჩევნო პერიოდში კონგრესის წევრს უფლება არ აქვს სხვა თანამდებობაც ეჭიროს, რაც მისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნებოდა. ამიტომ ჩვეულებრივი წესით გამოთავისუფლებული ადგილის გარდა კონგრესის მოქმედ წევრს ვერც ერთ თანამდებობას ვერ შესთავაზებენ. იმის დაშვება, რომ ეს საკმარისი იქნება სახალხო ინტერესების დამცველთა მოსაღორებლად, რომელნიც ხალხის მიერვე არიან არჩეულნი, არ იქნებოდა მართებული. ასეთი რამ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ უარი გვეთქვა იმ წესზე, რითაც მოვლენათა წინასწარ გათვლა ხდება და ყველაფერი განურჩეველი და დაუოკებელი შურის ანაბარად მიგვეგდო. ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეტრფიან თავისუფლებას, ვერ აცნობიერებენ, თუ რაოდენ ზიანს აყნებენ თავიანთი ტრფიალების საგანს, როცა თავდავიწყებით არიან ამგვარი ვნებით გატაცებულნი. კაცობრიობამ ჯერაც თავიდან ვერ აიცილა ის გარყვნილება, რომელიც საკუთარი თავის მიმართ დაეჭვებასა და უნდობლობას გულისხმობს. მაგრამ ადამიანის ბუნებაში არის სხვა თვისებებიც, რომლებიც გარკვეულწილად ამართლებენ მის მიმართ პატივისცემასა და ნდობას. მმართველობის რესპუბლიკური სისტემა, მართვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, იმას გულისხმობს, რომ ადამიანში უაღრესად განვითარებული მისი სწორედ ამგვარი თვისებებია. მოგეხსენებათ, თუ რაოდენ არასახარბიელოა პოლიტიკური შურის მიერ დახატული სურათი. შურისა, რომელიც ბევრ ჩვენგანს უღრღნის გულს. მას რომ ჰკითხო, ადამიანებს შორის არ არისო სიქველის სახსენებელი, ვინ მისცა მათ იმის შნო, რომ საკუთარი თავი განაგონო; დესპოტიზმიაო ერთადერთი საშუალება, რაც მათ განადგურებისგან იხსნის და ერთმანეთის შესანსვლაზე ხელს ააღებინებსო.
პუბლიუსი