ფედერალისტი # 59  : ჰამილტონი
1788წ. 22 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

საკითხის განვითარების ბუნებრივი ლოგიკა მოითხოვს, რომ ახლა კონსტიტუციის ის დებულება განვიხილო, რომელიც ეროვნულ საკანონმდებლო კრებას იმის უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ საერთო ჯამში, მან თვითონვე მოაწესრიგოს თავისი წევრების არჩევის საქმე. კონსტიტუციაში ასეა ჩაწერილი: “სენატორებისა და წარმომადგენელთა არჩევნების დროს , ადგილსა და წესს   შტატის საკანონმდებლო კრება განსაზღვრავს, მაგრამ კონგრესს შეუძლია ნებისმიერ დროს დაადგინოს ახალი, ანდა შეცვალოს უკვე მოქმედი წესი , გარდა იმ პუნქტისა, რომელიც სენატორთა არჩევის ადგილს ეხება”. [1]  ამ დებულების წინააღმდეგ მარტო ისინი როდი გამოვიდნენ, ვინც მსჯავრს მთელს კონსტიტუციას სდებს, არამედ იგი იმ ხალხმაც დაგმო, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტს ნაკლები სიმძაფრით უპირისპირდება და მასთან მიმართებაში დიდ თავშეკავებასაც იჩენს. ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც თავს კონსტიტუციის ქომაგს უწოდებს, ზემოაღნიშული დებულება გამონაკლისადაც მიიჩნია.
მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კონსტიტუციის პროექტში არ არის სხვა მუხლი, რომლის ყოველმხრივი დაცვა ისე ადვილი იყოს, როგორც ზემოაღნიშნული დებულებისა. მისი მართებულება იმ მარტივ მტკიცებას ეფუძნება, რომ ყოველი ხელისუფლება თვითშენარჩუნების საშუალებებს უნდა შეიცავდეს . ყველა სამართლიანი შემფასებელი თავიდანვე მოუწონებდა კონვენტს იმას, რომ იგი თავის მოღვაწეობაში ამ წესისადმი ერთგულებას იჩენს, მაგრამ მის თვალში მოსაწონი არ იქნებოდა ამ წესისგან ნებისმიერი გადახვევა, რომელიც აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი. ამგვარი აუცილებლობა კი მაშინ იქმნება, როცა სისტემაში ისეთი შემადგენელი შეაქვთ, რომელიც ვერ გუობს წესის სიმკაცრეს. ამ შემთხვევაშიც კი ფუნდამენტური პრინციპიდან გადახვევა სისტემის არასრულყოფილებად იქნებოდა აღქმული, რაც მომავალში მისი დასუსტების,  და შესაძლოა ანარქიის საწინდარიც კი ყოფილიყო.
არ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ საარჩევნო კანონის შედგენა და მისი კონსტიტუციაში შეტანა შეიძლებოდა. კანონისა, რომლის მისადაგება ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან. მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ სახელმწიფოში სადმე უნდა არსებობდეს ისეთი ძალაუფლება, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. მზად ვარ ვაღიარო, რომ მხოლოდ სამი გზა არსებობს საარჩევნო ძალაუფლების შეცვლისა და განხორციელებისა. ჯერ ერთი, იგი შეიძლება მთლიანად დაეკისროს ეროვნულ საკანონმდებლო ხელისუფლებას; მეორე, ეს ის შემთხვეაა, როცა მას ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება ახორციელებს; მესამე, როცა ამგვარი უფლებამოსილება, უმთავრესად, მინიჭებული აქვს შტატის ხელისუფლებას, ხოლო საგანგებო შემთხვევაში მას ფედერალური საკანონმდებლო ორგანო ახორციელებს. კონვენტმა დასაბუთებულად ამჯობინა მესამე გზა. ფედერალური ხელისუფლების არჩევა მან, უწინარეს ყოვლისა, ადგილობრივ ადმინისტრაციებს დააკისრა. ეს გზა მოხერხებული და დამაკმაყოფილებელიცაა ჩვეულებრივ სიტუაციებში, როცა საზოგადოებას უმართებულო განწყობილება არ ეუფლება. მაგრამ კონვენტმა ეროვნულ ხელისუფლებას ჩარევის უფლება შემოუნახა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს საგანგებო ვითარების დროს ჩაერიოს საარჩევნო საქმეებში, რათა მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ცხადზე უცხადესია ის, რომ როცა ეროვნული ხელისუფლების არჩევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ცალკეული შტატის კომპეტენციაში შედის, კავშირის არსებობა ამ უკანასკნელთა ნება – სურვილზეა დამოკიდებული. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმონ იგი; ამისთვის საკამარისია, უარი თქვან იმ პირთა არჩევის ორგანიზებაზე, რომლებმაც კავშირის საქმეები უნდა მართონ. უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, ასეთი უარყოფა თუ შეცდომა არ მოხდებაო. სრულიად უეჭველია ის, რომ კონსტიტუცია უშვებს ამგვარ შესაძლებლობას და ანგარიშს არ უწევს რისკს. მაგრამ დღემდე არავის განუმარტავს დამაკმაყოფილებლად, ის თუ რატომ არ ღირს ამგვარი რისკის გაწევა. თუმცა ამან შეუძლებელია ავადმყოფური ეჭვიანობის აბდა – უბდა მიხვედრილობათა გაკეთილშობილება გამოიწვიოს. თუ ეჭვი გაგვიჩნდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, სამართლიანობა მოითხოვს ვივარაუდოთ, რომ ამაში ბრალი მიუძღვის როგორც ცალკეული შტატის მთავრობას, ისე საერთო - ეროვნულ ხელისუფლებას. სამართლიანი თეორიის წესი კი გვავალდებულებს, რომ კავშირს თავადვე მივანდოთ თავისსავე არსებობაზე ზრუნვა და არ დავაკისროთ იგი სხვებს. თუკი არსებობს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების რისკი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, უფრო გონივრულია, იგი იქ იქნეს გაწეული, სადაც ხელისუფლების ბუნებრივი ადგილსამყოფელია, ვიდრე იქ, სადაც მისი ყოფნა არაბუნებრივია.
წარმოვიდგინოთ, რომ კონსტიტუციაში ისეთი მუხლი იქნა შეტანილი, რომელიც შეერთებულ შტატებს ცალკეულ შტატში არჩევნების ორგანიზებას დააკისრებდა. ასეთ რამეს ყველა უყოყმანოდ არ დაგმობდა? განა არ იტყოდნენ, ძალაუფლების ამგვარი გადაცემა გაუმართლებელია, იგი შტატის ხელისუფლების დასამხობად მოგონილი ფანდიაო? თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში პრინციპია დარღვეული.  მიუკერძოებელი დამკვირვებელისთვის ისიც ნათელი იქნებოდა, რომ სწორედ პრინციპის მიმართ ძალმომრეობას იჩენენ მაშინაც, როცა სურთ ეროვნული ხელისუფლების არსებობა ცალკეული შტატის მთავრობათა ნება – სურვილზე შეაგდონ. თუ საკითხს მიუკერძოებელი თვალით შევხედავთ, უმალვე დავრწმუნდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭოთ როგორც შტატის ხელისუფლებას, ისე ფედერალურ მთავრობას, რათა მათ თავისთავადობა და არსებობა შეინარჩუნონ.
შესაძლოა, ამ დებულების წინააღმდეგაც წამოაყენონ შესიტყვება და განაცხადონ, ეროვნული სენატი თავის თავში საფრთხეს შეიცავს, რომელიც იქიდან მომდინარეობს, რომ ცალკეული შტატის ხელისუფლებას განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, რომელიც ფედერალური არჩევნების მოწესრიგებას გულისხმობსო. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სენატორთა არჩევაზე უარის თქმით შტატებს შეუძლიათ საბედისწერო დარტყმა მიაყენონ კავშირს. აქიდან ის გამომდინარეობს, რომ რაკი კავშირის არსებობა ასეთ არსებით პუნქტში შტატებზეა დამოკიდებული, მაშინ სულაც არ არის მიუღებელი, როცა მისი ბედი ჩვენ მიერ განხილულ საკითხშიც შტატებსავე აქვთ მინდობილი. ნათქვამს შეიძლება დავუმატოთ, რომ თითოეულ შტატს აქვს ინტერესი, წარმოდგენილი იყოს ხელისუფლების საერთო – ეროვნულ ორგანოებში, რაც საწინდარი იქნება იმისა, რომ ისინი ბოროტად არ ისარგებლებენ მათდამი გამოცხადებული ნდობით.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს თითქოსდა სარწმუნო არგუმენტი გამოცდას ვერ უძლებს. მართალია, ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრებას შეუძლია არ დანიშნოს სენატორები და მოშალოს საერთო – ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ აქიდან სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ თუ მათ ამის უფლება აქვთ ერთ შემთხვევაში, დანარჩენ შემთხვევებშიც ამგვარივე უფლებით იქნებიან აღჭურვილნი. ცალკეულ შემთხვევებში ამგვარი ძალაუფლების დამღუპველი ტენდენცია უფრო ძალუმად და უმიზეზოდ  ვლინდება, ვიდრე მაშინ, როცა იგი კონვენტის მოქმედებას წარმართავდა; საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა სენატის  აგებულების საკითხთან დაკავშირებით კონვენტმა შტატებს სისტემაში მონაწილეობის ნება დართო. რა თქმა უნდა, ბოროტებაა, როცა სენატი ისეა მოწყობილი, რომ ცალკეული შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებას მისთვის ზიანის მიყენება ძალუძს. მაგრამ ამგვარი ბოროტების აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად თუ არა, ისე, რომ შტატებისთვის ფედერალური ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა აგვეკრძალა. თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ამას ყველა ფედერალური პრინციპის სრულ უგულვებელყოფად შერაცხავდა. საქმე ისაა, რომ თუ ამ დებულებაზე უარს ვიტყოდით, შტატები თავდაცვითი საშუალების გარეშე დარჩებოდნენ, ვინადან იგი სწორედაც რომ მათი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. მაგრამ როგორ ბრძნულ გადწყვეტილებადაც უნდა გამოიყურებოდეს ის, რომ აუცილებელი უპირატესობისა თუ უფრო დიდი სიკეთის მოსაპოვებლად ამგვარი უხერხული ნაბიჯი გადაგვედგა, აქიდან სრულიადაც არ გამომდინარეობს დასკვნა ბოროტების დაგროვების სასარგებლოდ. მით უფრო, რომ ამას არც აუცილებლობა მოითხოვს და არც უფრო დიდი კეთილდღეობის ინტერესები.
არც იმის მიხვედრა არის ძნელი, რომ ეროვნულ ხელისუფლებას ბევრად უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ის ძალაუფლება, რომელიც ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრებას აქვს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე, ვიდრე  ძალაუფლება, რომელიც მათ სენატორთა დანიშვნის პრეროგატივას ანიჭებს. სენატორებს ექვსი წლის ვადით ირჩევენ; როტაცია ითვალისწინებს იმას, რომ მათი ადგილების მესამედი ვაკანტური ხდება და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს; თითოეული შტატიდან კი მხოლოდ ორ სენატორს აირჩევენ. კვორუმი სენატში თექვსმეტი წევრით განისაზღვრება. ამ გარემოებათაგან ის საერთო შედეგი გამომდინარეობს, რომ რამდენიმე შტატმა პირიც რომ შეკრას და სენატორთა არჩევნების ჩაშლა მოინდომოს, სენატის არსებობას ამით არც საფრთხე შეექმნება და არც ზიანი მიადგება. არც იმის შიში უნდა გვქონდეს, თუ შტატები საერთო ან სამიდღემჩიო შეთანხმებას მოახერხებენ. ერთი შეიძლება რამდენიმე შტატის საკანონმდებლო კრების წამყვან წევრთა ბოროტი ზრახვების ნაყოფად მოგვევლინოს. რაც შეეხება მეორეს, იგი ხალხთა ფართო ფენების მდგრადსა და სიღრმისეულ უკმაყოფილებას მოასწავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ხელისუფლება ან  არ არსებობს, ანდა მას უნარი არ შესწევს ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა. ამ შემთხვევაში არც ერთი კეთილი მოქალაქე არ ისურვებს იმას, რომ ეროვნულმა ხელისუფელბამ არსებობა განაგრძოს.
რაც შეეხება წარმომადგენელთა ფედერალურ პალატას, მისი წევრების საყოველთაო არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. თუ ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება აღჭურვილი იქნებოდა განსაკუთრებული უფლებამოსილებით, რომელიც ზემოაღნიშნული არჩევნების მოწესრიგებას ითვალისწინებს, მაშინ ყოველი საარჩევნო პერიოდი ქვეყანაში უმწვავეს ეროვნულ კრიზისად გადაიქცეოდა. და იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი შტატის ლიდერი წინდაწინ შეკრავდა პირს, რათა არჩევნები ჩაეშალათ, ყოველივე ამას შედეგად მოჰყვებოდა კავშირის დაშლა.
არ ვაპირებ იმის უარყოფას, რომ ჭეშმარიტების მარცვალი არის იმ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ შტატის ინტერესი ფედერალური არჩვენების მიმართ უსაფრთხოების გარკვეული ზომაა. სწორედ ამან უნდა შეაკავოს  ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრება, რათა მან ბოროტად არ გამოიყენოს ის ძალაუფლება, რომელიც ფედერალური არჩევნების მოწესრიგებას გულისხმობს. მაგრამ ერთია ხალხის ინტერესი საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიმართ და სხვაა ადგილობრივ მმართველთა ინტერესი იმ ძალაუფლების მიმართ, რომელიც  თანამდებობებზე მათ ყოფნას განაპირობებს. ამიტომ ის, ვინც ამ ორ ინტერესს შორის აშკარა განსხვავებას ითვალისწნებს, არაფრით დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების ზემოაღნიშნული ზომა სრულყოფილია. ამერიკელმა ხალხმა შესაძლოა მხურვალედ დაუჭიროს მხარი საკავშირო ხელისუფლებას, მაშინ, როცა ამა თუ იმ შტატის ზოგიერთ მმართველს, ადგილობრივი ფრაქციების მხარდაჭერით გულმოცემულს, შეიძლება, ქვეგამხედვარე ზრახვამ დარიოს ხელი, ქიშპობის ბუნებრივი წადილით აღიძრას და პირადი აღზევება მოიწადინოს. უზარმაზარი განსხვავებაა ხალხის ფართო ფენების განწყობასა და იმ ინდივიდთა  განწყობილებებს შორის, რომლებსაც თანამდებობები უკავიათ და გარკვეული ნდობით სარგებლობენ. ამგვარ განსხვავებას შეგვიძლია, ჩვენშიაც გავადევნოთ თვალი სწორედ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც ახლა განვიხილავთ. გეგმა, რომელიც კავშირის რამდენიმე კონფედერაციად დანაწევრებას ითვალისწინებს და მავანი ადგილობრივი პოლიტიკოსის პატივმოყვარეობას ელამუნება, მარად იქნება გასავალში იმ გავლენიან პირთა შორის, ვისაც ჩირადაც არ უჩანთ საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რაკი ცხოვრების მიზნად პირადი გამდიდრება და აღზევება დაუსახავთ. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ეს ადამიანები განსაკუთრებული უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი, რაც მათ საერთო – ეროვნული არჩევნების მოწესრიგებას აკისრებს; ამგვარი მძლავრი იარაღით აღჭურვილი რამდენიმე პირის რამდენიმე ყველაზე გავლენიან შტატში, – სადაც ამგვარი საცდური ყველაზე დიდია, – შესაძლებლობა ეძლევა კავშირის დაშლისა; მათ შეუძლიათ საბაბად გამოიყენონ ხალხის გარკვეული უკმაყოფილება (ან თავად გამოიწვიონ ამგვარი რამ) და შეწყვიტონ ფედერალური ხელისუფლების არჩევნები. ამასთანავე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირი, რომლის სათავეში ქმედითი ხელისუფელბა იქნება, არაერთ ევროპულ სახელმწიფოს აღუძრვს დაუოკებელ შურს. ისინი ძალ - ღონეს არ დაიშურებენ, რათა სხვადასხვა მანქანებით დაამხონ იგი და იშვიათად, რომ მათ ხელიდან გაუშვან შანსი ქვეყნის შიგნით ძირგამომთხრელი საქმიანობის მხარდაჭერისა. ამიტომ კავშირის შენარჩუნების საქმე მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა მივანდოთ, რომელთა უპირველესი ინტერესი, სწორედ დაკისრებული მოვლეობის პირნათლად და გულმოდგინედ აღსრულებაა.
პუბლიუსი

[1] მუხლი I, კარი IV, აბზაცი I

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group