ფედერალისტი # 31 : ჰამილტონი
1788 წ . I იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ყველა კვლევას მოეპოვება ისეთი ჭეშმარიტებები და პრინციპები, რომლებსაც მომდევნო დასაბუთება ემყარება. მათთვის დამახასიათებელი შინაგანი სიცხადე ყოველგვარი აზრისა თუ აზრთა კომბინაციის გარეშე წინდაწინ განაპირობებს გონების თანხმობას. თუ ამგვარი თანხმობა არ მიიღწევა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს აღქმის ორგანოების დაზიანება თუ მოშლა ანდა ის, რომ იგი მიკერძოებული ინტერესის, ძლიერი ვნებისა თუ ცრურწმენის გავლენის ქვეშ მოექცა. ასეთი ბუნებისაა გეომეტრიული მაქსიმები:” მთელი ნაწილზე დიდია; თუ საგნები ერთსა და იმავე რაღაცასთან მიმართებაში ტოლები არიან, ერთმანეთთან მიმართებაშიც ტოლები იქნებიან; ორი პარალელური ხაზი სივრცეში ერთმანეთს არ კვეთს; ყველა მართი კუთხე ერთმანეთის ტოლია.” ასეთივე ბუნებისანი არიან ეთიკური და პოლიტიკური მაქსიმებიც: არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე; საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს; ნებისმიერი ძალა მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს; შეუზღუდავი მიზნის მისაღწევად შეუზღუდავი ძალაა საჭირო. გარდა ამისა, ამ ორ მეცნიერებაში ისეთი ჭეშმარიტებანიც არსებობენ, რომლებსაც მართალია, აქსიომის მაღალი რანგი არ აქვთ, მაგრამ ისეთი შინაგანი სიცხადით გამოირჩევიან, ისე შეხმატკბილებულნი არიან საღი აზრის ბუნებრივსა და უბრალო მოთხოვნებთან, რომ მზად არიან გონების ყველა ჯანსაღსა და მიუკერძოებელ გამოწვევას დამაჯერებლობის თითქმის უცილობელი ძალით  უპასუხონ.
გეომეტრიული აზროვნება ისეა მოწყვეტილი ყოველივე იმას, რაც აღელვებს და ბობოქარი ვნებებით აღავსებს ადამიანის გულს, რომ კაცობრიობა ამ მეცნიერების არამარტო შედარებით მარტივ თეორემებს, არამედ მის ძნელადაღსაქმელ პარადოქსებსაც იოლად ღებულობს. მას, რა თქმა უნდა, ძალუძს ამ უკანასკნელთა დასაბუთება, თუმცა ისინი ეწინააღმდეგებიან გონების ბუნებრივ კონცეფციებს, რომელსაც იგი ფილოსოფიის დახმარების გარეშე ამა თუ იმ საკითხის შესახებ ადგენს. მატერიის უსასრულო დაყოფადობა , ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასრულის უსასრულო დაყოფა , რომელიც უმცირეს ნაწილაკზე – ატომზეც კი ვრცელდება,  გეომეტრებს შორის აღიარებულ თვალსაზრისს წარმოადგენს. თუმცა საღი აზრისთვის იგი უფრო  გაუგებარია, ვიდრე ის რელიგიური საიდუმლოებანი, რომლებიც ასე საგულდაგულოდ  ამოუღიათ მიზანში ურწმუნოების ქვემეხებს.
მაგრამ მორალისა და პოლიტიკურ მეცნიერებებში ადამიანები უფრო ნაკლებ  დამყოლობას იჩენენ. სიფრთხილე და გამოძიება ის აუცილებელი ჯავშანია, რითაც ადამიანი შეცდომისა და ტყუილისაგან იცავს თავს, მაგრამ ამგვარი სიმტკიცე შეიძლება ისე გაფუვდეს, რომ სიკერპედ და ჭირვეულობად თუ არაგულწრფელობად გადაგვარდეს.  მიუხედავად იმისა, რომ მორალური და პოლიტიკური ცოდნა, საზოგადოდ, ვერ დაიკვეხნის იმ სიზუსტით, რაც მათემატიკას ახასიათებს, მაგრამ ამ მიმართებით ამ მეცნიერებებს უფრო მეტი პრეტენზია აქვთ, ვიდრე იმის შესახებ მსჯელობაა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები კონკრეტულ სიტუაციაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ამის უფლებას ვერ წავართმევთ. ბუნდოვანება უფრო ხშირად მაძიებელი ადამიანის ვნებებსა და ცრურწმენებშია საძიებელი და არა თვითონ საგანში. რაღაც მიზეზებით ადამიანები აბრკოლებენ თავიანთი გაგების უნარს და დახვეწილი სიტყვების იმ ნავს კომბინაციებში  იხლართებიან, თვითონვე რომ შეუქმნიათ.
სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო (თუ ოპონენტები გულწრფელები არიან თავიანთ დაპირისპირებაში) ის, რომ ეგზომ ნათელ  საბუთებს, რომლებიც საკავშირო დაბეგვრის სფეროში ხელისუფლებისათვის ზოგად უფლებამოსილებათა გადაცემის მართებულობას ამტკიცებს,  მოწინააღმდგეები გონიერ ადამიანებს შორისაც გამოუჩნდნენ? მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის ადგილას საფუძვლიანად გავარჩიეთ, მაინც უპრიანი იქნება მათზე შემაჯმებელი მსჯელობა  იმ გამოკვლევის შესავლად გამოვიყენოთ, რომელიც მიზნად ოპონენტთა შესიტყვების გაბათილებას ისახავს.
მთავრობას სრული ძალაუფლება უნდა ჰქონდეს, რათა მან სრულად შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები და ის ნდობა გაამართლოს, რომელიც მას გამოუცხადეს. იგი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი კონტროლისგან, გარდა იმისა, რასაც საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ხალხის აზრის პატივისცემა ჰქვია.
ეროვნულ თავდაცვაზე მეთვალყურეობა და საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფა როგორც გარეშე, ისე შინაური ძალმომრეობისაგან, უბედურებასა და ხიფათთან დაკავშირებული იმდენი საკითხის დაფინანსებას გულისხმობს, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ის ძალაუფლებაც, რომელსაც მათი  ფინანსური უზრუნველყოფა აბარია, არაფრით უნდა იყოს განსაზღვრული,  გარდა ერის გადაუდებელი მოთხოვნილებებისა და საზოგადოების რესურსებისა.
სახელმწიფო შემოსავლები სწორედ ის მთავარი ძრავაა, რომლის საშუალებითაც ეროვნულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება უნდა მოხდეს, ამიტომ მათი უზრუნველყოფის მთელი ძალაუფლება საჭირო ფინანსების მობილიზების პრეროგატივასაც უნდა მოიცავდეს.
თეორიულად და პრაქტიკულადაც დამტკიცებულია ის, რომ შემოსავლების უზრუნველყოფის უფლებამოსილება უსარგებლოა, როცა იგი შტატების როგორც კოლექტიურ პირთა, მეშვეობით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ფედერალურ მთავრობას ჩვეულებრივი მეთოდებით დაბეგვრის შეუზღუდავი  უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს.
თუ გამოცდილება საწინააღმდეგოს არ გვიჩვენებს, მაშინ ბუნებრივია დავასკვანათ, რომ წარმოდგენილი საბუთები სრულიად საკმარისია იმისთვის, რათა დაბეგვრის მთელი ძალაუფლება ფედერალურ მთავრობას მივანდოთ. დამატებითი არგუმენტები და თვალსაჩინოებანი საჭირო არ არის. ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რასაც თვითონ მიიჩნევენ სამართლიანობად თუ ჭეშმარიტებად, მთელი გულმოდგინებით პროექტის სწორედ ამ მონაკვეთზე მიაქვთ იერიში. ალბათ უპრიანი იქნება, თუ იმ არგუმენტებს გავაანალიზებთ, რომელთა მეშვეობითაც ისინი ამგვარ იერიშს ახორციელებენ.
ისინი, ვინც ყველაზე მეტად გამოიდეს თავი ამ მიმართებით, არსებითად, აცხადებენ შემდეგს:” მართებული არ არის ფედერალურ მთავრობას იმის გამო ვანიჭებდეთ დაბეგვრის განუსაზღვრელ უფლებამოსილებას, რომ თვითონ კავშირს აქვს განუსაზღვრელი მოთხოვნილებები. შემოსავალი ისევე აუცილებელია ადგილობრივი მიზნებისათვის, როგორც საკავშირო ამოცანების გადასაწყვეტად; ყოველ შემთხვევაში, ერთი ისევე აუცილებელია ხალხის ბედნიერების უზრუნველსაყოფად, როგორც მეორე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ  ცალკეული შტატის მთავრობას ისევე  შეეძლოს თავისი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, როგორც ეროვნული მთავრობა უნდა იყოს უფლებამოსილი კავშირის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მხრივ. მაგრამ ამ უკანასკნელისთვის დაბეგვრის სფეროში განუსაზღვრელი უფლებების მინიჭება გამოიწვევს იმას, რომ  შტატებს, შესაძლოა, ჩამოერთმევათ და დროთა განმავლობაში ჩამოერთმევათ კიდეც თავიანთ მოთხოვნილებათა უზრუნველყოფის საშუალებანი, რაც მათ ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს მოწყალების იმედად დატოვებს. რაკი ქვეყანაში უზენაესი ის კანონები იქნება, რომელსაც საკავშირო მთავრობა მიიღებს; რაკი მას უფლება ექნება ისეთი კანონები მიიღოს, რომელთა შესრულება აუცილებელია იმ ხელისუფლებისთვის, რომელზეც მისი კომპეტენცია ვრცელდება, ეროვნულ მთავრობას ნებისმიერ დროს შეეძლება იმ გადასახადის გაუქმება, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობები იღებენ იმ საბაბით, რომ ასეთი რამ მის კომპეტენციაში ჩარევაა. მას შეუძლია ამტკიცოს, რომ ამას ეროვნული შემოსავლებისთვის ეფექტურობის მისანიჭებლად ვაკეთებო. ისე რომ, ნაბიჯ - ნაბიჯ ყველა საგადასახადო რესურსზე მონოპოლიას ეროვნული მთავრობა მოიპოვებს, რაც შტატის ხელისუფლების სრულ გაუქმებასა და განადგურებას გამოიწვევს.”
აზროვნების ამგვარ მსვლელობაში ჟამიდან ჟამს თავს იჩენს ხოლმე ვარაუდი ეროვნული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის თაობაზე. ზოგჯერ კი ლაპარაკი მხოლოდ იმის შესახებაა, რომ მან შესაძლოა გადაამეტოს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. სამართლიანი, ალბათ, ეს უკანასკნელი პრეტენზია უფროა. იმ დროს, როცა ფედერალური მთავრობის მიერ უზურპაციათა შესახებ  ვარაუდებს მივცემივართ, ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ ამოვყავით თავი უფსკრულში, სადაც აზროვნების ნასახიც არ არის. წარმოსახვის ტყვეობაში მანამ ვნებივრობთ, სანამ მოჯადოებული ციხე – დარბაზის ლაბირინთებში არ გავიხლართეთ. ახლა კი აღარ ვიცით თუ რომელ მხარეს წავიდეთ და ამაოდ ვლამობთ, თავი დავაღწიოთ იმ ავანტურას, რომელშიც სულსწრაფობის გამო გავებით. როგორი სახეცვლილებაც უნდა განიცადოს საკავშირო ხელისუფლებამ და როგორაც უნდა დაისაზღვროს ის, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა აუარება საფრთხე დაემუქრება მას. მაგრამ თუ ზედმეტად ეჭვიანები და მოკრძალებულები ვიქნებით, სრული სკეფსისი  და გაუბედაობა დაგვრევს ხელს. აქაც მინდა გავიმეორო ის, რაც სხვაგან უკვე არსებითად დავასაბუთე: როცა უზურპაციის საფრთხის შესახებ ვმსჯელობთ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მთავრობის შემადგენლობა და სტრუქტურა და არა მისი უფლებამოსილებების ხასიათი თუ მოცულობა. შტატის მთავრობებს თავდაპირველი კონსტიტუციებით სრული დამოუკიდებლობა აქვთ მინიჭებული. აქედან გამომდინარე, რა უნდა იყოს იმის თავდები, რომ უზურპაცია სწორედ მათი მხრიდან არ განხორციელდება?  რა თქმა უნდა, ამის თავდები მათი ფორმირების წესი და იმ ხალხის ნდობაა, ვისი მართვაც მას აქვს მინდობილი. თუ მიუკერძოებელი გამოძიებით დადგინდება, რომ  ფედერალურ მთავრობაშიც მოქმედებს იგივე მექანაზმი, რაც მას უზურპაციის ცდუნებათაგან დაიცავს, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი შიში ერთხელ და სამუდამოდ თავიდან უნდა მოვიშოროთ.
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შტატის მთავრობას ისევე აქვს საკავშირო ხელისუფლების პრეროგატივათა ხელყოფისკენ მიდრეკილება, როგორც პირიქით, – საკავშირო მთავრობას შტატის უფლებამოსილებათა შელახვისკენ ლტოლვა ახასიათებს.  ის, თუ რომელი მათგანი მოიპოვებს უპირატესობას ამ დაპირისპირებაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საშუალებებს გამოიყენებენ დაპირისპირებული მხარეები წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება რესპუბლიკას, მასში ძალა ყოველთვის ხალხის მხარესაა. ამიტომაც საფუძვლიანია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაკი ხალხზე ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა სწორედ შტატის მთავრობას აქვს, ბუნებრივია, ამგვარ ჭიდილში საკავშირო მთავრობა დამარცხდეს. ზოგადად, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ წევრებმა დაარღვიონ ფედერალური მეთაურის უფლებები, ვიდრე ამ უკანასკნელმა – წევრებისა. მაგრამ ცხადია, რომ ყოველი ამგვარი ვარაუდი ძალზე ბუნდოვანია და შეცდომაში შემყვანი, ამიტომ თუ გვინდა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ყველა ამ ვარაუდს ხელი უნდა მოვხვიოთ და გვერდზე გადავდოთ, გულისყური კი ერთთავად იმ ძალაუფლების ბუნებასა და მოცულობას მივაპყროთ, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი. ყველაფერი დანარჩენი კი ხალხის კეთილგონიერებასა და სიმტკიცეს უნდა მივანდოთ; რამეთუ სწორედ ხალხია ის, ვისიც გვეიმედება; სწორედ ის აიღებს თავის ხელში თემიდას სასწორს და ისე განსჯის, რომ ფედერალურ და შტატის მთავრობებს შორის წონასწორობა არ დაირღვეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ერთდაერთი ჭეშმარიტი საფუძველი, საიდანაც ყველა იმ შესიტყვების მოგერიებაა შესაძლებელი, რომელიც შეერთებული შტატებისთვის დაბეგვრის შეუზღუდავი უფლებამოსილების გადაცემას აპროტესტებს.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group