ფედერალისტი # 45 : მედისონი
1788წ. 26 იანვარი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
მას შემდეგ, რაც ვაჩვენეთ, რომ არც ერთი უფლებამოსილება, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცა, არა აუცილებელი თუ უმართებულო არ არის, გასარკვევი ერთი რამეღა დაგვრჩა. კერძოდ, საქმე შემდეგ რასმე ეხება: უფლებამოსილებათა მთელი ეს მოცულობა სახიფათო ხომ არ იქნება კომპეტენციათა იმ მოცულობისთვის, რომელიც თითოეული შტატის წილად მოდის.
კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმის მოწინააღმდეგეებს ქანცი გამოეცალათ მეორეული საკითხის კვლევით; მთელი ძალ-ღონე იმის გამორკვევას შეალიეს, თუ რა შედეგები შეიძლება, მოჰყოლოდა იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც ცალკეული შტატის ხელისუფლებას მიენიჭა. არადა, უწინარეს ყოვლისა, უპრიანი სწორედ იმის გამორკვევა იქნებოდა, თუ უფლებამოსილებათა რა მოცულობაა აუცილებელი იმისთვის, რათა ფედერალურმა ხელისუფლებამ თავისი მიზნები განახორციელოს. მაგრამ თუ – როგორც ნაჩვენები იქნა – კავშირი აუცილებელია, რათა ამერიკელმა ხალხმა თავი დაიცვას იმ საფრთხისგან, რომელსაც მას ქვეყნის გარედან თავდასხმა უქადის; თუ იგი აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აშორებული სხვადასხვა შტატს შორის შუღლი, შეხლა – შემოხლა და ომები; თუ სხვა გზა არ არსებობს, რაც ძალადობრივ და აუტანელ უთანხმოებათაგან დაგვიფარავდა; თუ სხვაგვარად ვერ დავიფარავთ ჩვენს თავისუფლებას, რომ მისგან ბოძებული სიკეთე სწორედ ამგვარ უთანხმოებათა სამსალამ არ მოგვიშხამოს; თუ სხვაგვარად თავს ვერ დავიცავთ იმ სამხედრო უწყებათაგან, რომელნიც საწამლავს ნება – ნება საზოგადოებრივი სიკეთის სწორედ ამ თავწყაროში ურევენ; თუ, ერთი სიტყვით, კავშირის გარეშე წარმოუდგენელია ამერიკელი ხალხის ბედნიერება, მაშინ განა მცდარი არ არის, რომ იმ მთავრობის მომხრეებს, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზემოჩამოთვლილ მიზანთაგანი ვერ მიიღწევა, ვამუნათებდეთ: ფედერალური ხელისუფლება იმ მნიშვნელობას დააკნინებს, რომელიც ცალკეული შტატის მთავრობას აქვსო? ნუთუ ამაოდ ჩაიარა ამერიკულმა რევოლუციამ? ნუთუ ფუჭი შრომა იყო კონფედერაციის ჩამოყალიბება? ნუთუ ამაოდ დაიღვარა ათასობით ადამიანის წმინდა სისხლი? ნუთუ წყალში ჩაიყარა მილიონთა შრომითა და გარჯით მოპოვებული სიმდიდრე? განა ყოველივე ეს იმას არ შეეწირა მსხვერპლად, რომ ამერიკელ ხალხს მშვიდობა, თავისუფლება და უსაფრთხოება მოეპოვებინა? ნუთუ ეს ასე არ ყოფილა და ეგოდენი მსხვერპლიც იმად იქნა გაღებული, რომ ხელისუფლების ადგილობრივ უწყებებს ძალაუფლების რაღაც წილი მიეღოთ? შტატის ხელისუფლებანი კი სუვერენიტეტის ღირსებითა და ატრიბუტებით აღჭურვილიყვნენ? ძველ მსოფლიოში ერთ ბიწიერ თეორიას მისდევდნენ: მეფე კი არ არის ხალხისთვის გაჩენილი, არამედ პირიქით, ხალხი არსებობს მეფისთვისო. მკვდრეთით ხომ არ აღდგა იგივე თეორია? სახე ხომ არ იცვალა მან ახალ დროში? აბა სხვას რას მოასწავებს იმის მტკიცება, ხალხის ბედნიერება პოლიტიკური დაწესებულებების ინტერესებს უნდა შეეწიროსო? ჩვენს ოპონენტებს – ამ წვრილფეხა პოლიტიკანებს _ მინდა შევახსენო, რომ ამაოდ ეიმედებათ ჩვენი მეხსიერების დასუსტებისა. ნურას უკაცრავად, ბატონებო, კარგად გვახსოვს, რომ ყოველი პოლიტიკის უზენაესი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის კეთილდღეობა, რომელიც მანN ხალხთა დიად გაერთიანებას უნდა მოუტანოს. ყოველი ხელისუფლების ღირსება სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად უწყობს იგი ხელს ამგვარი მიზნის განხორციელებას. კონვენტის გეგმა საზოგადოებრივი ბედნიერების საწინააღმდეგოდ რომ ყოფილიყო მიმართული, მე, რა თქმა უნდა, მას დავუპირისპირდებოდი. თუ კავშირი არ არის თანზომიერი საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნისა, მაშინ უპრიანი იქნებოდა მისი გაუქმება. ზუსტად ასევე, თუ ვერაფრით ხერხდება შტატის სუვერენიტეტისა და ხალხის ბედნიერების მორიგება, მაშინ ყოველი წესიერი მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს ფედერალურ ხელისუფლებას და ადგილობრივი ინტერესები საკავშირო ინტერესებს ანაცვალოს. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ის, თუ რაოდენ საშურია ამგვარი მსხვეპლშეწირვა. ახლა კი საკითხი იმის გამორკვევაზეა მიმდგარი, თუ რამდენად ანგარიშგასაწევია ის საფრთხე, რომელიც შტატების განკარგულებაში დარჩენილ უფლებამოსილებებს ემუქრება.
ჩვენს წერილებში უამრავი მოსაზრება მოვიტანეთ იმ ვარაუდის გასაბათილებლად, რომელიც თვლის, რომ ფედერალური ხელისუფლების მოქმედება დამღუპველი იქნება შტატის ხელისუფლებისთვისო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე, მით მეტად ვრწმუნდები ერთ რამეში: საქმე ეხება იმას, რომ წონასწორობა უმალ შტატის ხელისუფლების სასარგებლოდ დაირღვევა, ვიდრე ფედერალური მთავრობისა.
როგორც ძველი, ისე ახალი კონფედერაციების ისტორია ერთ მნიშვნელოვანსა და მკაცრ ტენდენციას ადასტურებს. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი კონფედერაციის წევრებს ერთი მისწრაფება აერთიანებთ: უფლებამოსილებათაგან გაძარცვონ ფედერალური ხელისუფლება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია ქმედითი საშუალებანი, რათა თავი დაიცვას ამგვარი ხელყოფისგან. თუმცა ჩვენ მიერ მოხმობილი ნიმუშები დიდად განსხვავდებიან იმ სისტემისგან, რომელიც ჩვენი ყურადღების საგანია; ამდენად ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ სისტემამაც მათი ბედი გაიზიაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საფრთხის სრულად გამორიცხვა მაინც არ ეგების, ვინაიდან სხვადასხვა შტატი მნიშვნელოვან სუვერენიტეტს ინარჩუნებს. კონვენტის მიერ ჩამოყალიბებული ხელისუფლება ძალაუფლების ხარისხითა და სახეობით მნიშვნელოვნად წააგავს იმ ძალაუფლებას, რომელსაც აქაველთა ლიგის ფედერალური მთავრობა ახორციელებდა. თუმცა მსგავსება ბევრად უფრო დიდია შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ლიკიის ლიგას შორის, რამდენადაც ჩვენამდე მოუღწევია იმ პრინციპებსა და ფორმას, რაც ამ უკანასკნელს ახასიათებდა. მაგრამ ისტორია არაფერს გვეუბნება იმის თაობაზე, რომელიმე მათგანი ერთიან ხელისუფლებად გადაგვარდა თუ არა. პირიქით, ისტორიული წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთი მათგანი იმიტომ დაიშალა, რომ სწორედ ფედერალური ხელისუფლება აღმოჩნდა უძლური, შეეჩერებინა რღვევის პროცესი; საბოლოოდ კი მისი შემადგენელი ყველა პოლიტიკური წარმონაქმნი კავშირიდან გავიდა და მის არსებობასაც წერტილი დაესვა. ეს ნიმუშები ჩვენთვის ერთი რამითაც არიან საყურადღებონი; საქმე ისაა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ლიგის შემადგენელი ნაწილების შეერთებას ბევრად უფრო ძლევამოსილი და მრავალრიცხოვანი მიზეზები განაპირობებდა, ვიდრე ეს ჩვენ შემთხვევაში ხდება. აქედან კი ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ერთი ცენტრის გარშემო რამდენიმე წევრის შემოსაკრებად არ არის აუცილებელი, რომ ამ უკანასკნელთა შორის მეტისმეტად მტკიცე კავშირები არსებობდეს.
როგორც ვნახეთ, ფეოდალურ სისტემაშიც იგივე მისწრაფება იჩენს თავს. ადგილობრივი სუვერენები თითქმის არასოდეს მოსწონს ხალხს; ზოგჯერ ამ უკანასკნელსა და ფედერალურ სუვერენს შორისაც არ არის გულითადი დამოკიდებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ქიშპობაში, რომლის მიზანსაც ერთმანეთის უფლებამოსილებებში შეჭრა წარმოადგენს, როგორც წესი, ადგილობრივი სუვერენები იმარჯვებდნენ ხოლმე. საკმარისია, გაუჩინარდეს გარეგანი საფრთხე, რაც ევროპულ სამეფოთა შინაგანი ჰარმონიისა და მორჩილების წყაროა; საკმარისია, ადგილობრივმა სუვერენებმა ხალხის სიყვარული დაიმსახურონ, რომ ეს სამეფონი იმდენ სუვერენულ სამთავროდ დაიშლება, რამდენიც ბარონთა ადრეულ ეპოქაში არსებობდა.
თუ შტატისა და ფედერალურ ხელისუფლებას ერთმანეთს შევადარებთ იმ თვალსაზრისით, თუ რომელი რომელზე არის დამოკიდებული, დავინახავთ, რომ უპირატესობა შტატის მთავრობას ექნება. პიროვნული ზეგავლენის მიმართებითაც უპირატესობა ამ უკანასკნელის მხარეზე იქნება. ფედერალური ხელისუფლება ვერც მინიჭებულ უფლებამოსილებათა მხრივ შეედრება შტატის მთავრობას. არაფერს ვამბობთ ხალხის კეთილგანწყობასა და შესაძლო მხარდაჭერაზე. რა თქმა უნდა, შტატის ხელისუფლება იმ მისწრაფებით და უნარითაც აჯობებს ფედერალურ მთავრობას, რაც ერთმანეთის ღონისძიებათათავის წინააღმდეგობის გაწევასა და მათ ჩაშლას გულისხმობს.
სხვადასხვა შტატის ხელისუფლება შეიძლება, მმართველობის ფედერალური სისტემის არსებით შემადგენელ ნაწილებად განვიხილოთ. მაშინ, როცა ეს უკანასკნელი არ არის არსებითი არც შტატის ხელისუფლების მოქმდებისა და არც მისი მოწყობის თვალსაზრისით. შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევა. სწორედ ის განსაზღვრავს დიდწილად აღმასრულებელი ხელისუფლების ამ უმაღლესი პირის თანამდებობაზე გამწესებას, ხოლო ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო კრება თავად წამოაყენებს ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს. რაც შეეხება სენატს, მისი არჩევის განსაკუთრებული და გამორჩეული უფლებამოსილება მხოლოდ შტატის წარმომადგენლობით ორგანოებს ენიჭებათ. წარმომადგენელთა პალატის არჩევაზეც კი, რომლის უფლებამოსილება უშუალოდ ხალხისგან მომდინარეობს, მნიშვნელოვან ზეგავლენას ადამიანთა ის ჯგუფი მოახდენს, რომლის ზემოქმედებაც დიდად დაეტყოთ იმ არჩევნებს, რომელთა მიზანსაც ამა თუ იმ შტატის საკანონმდებლო კრების დაკომპლექტება წარმოადგენდა. ამრიგად, ფედერალური ხელისუფლების თითოეული ძირითადი შტოს არსებობა, ცოტად თუ ბევრად, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოზიციას დაიჭერს შტატის ხელისუფლება. ამგვარი ვითარება კი ფედერალური ხელისუფლების მხრივ შტატის ხელისუფლებისადმი მბრძანებლურის ნაცვლად მორჩილებითი განწყობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. შტატის ხელისუფლება დანიშვნის თვალსაზრისით არ იქნება ფედერალური ხელისუფლებისგან უშუალოდ დავალებული. რაც შეეხება მისი წევრების ზეგავლენას ადგილებზე, ასეთი რამ, ალბათ, არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, მაშინ იგი ძალზე სუსტი იქნება და უმნიშვნელო.
ფედერალურ ხელისუფლებაში ბევრად უფრო ნაკლები ხალხი იქნება დასაქმებული, ვიდრე ცალკეული შტატის მთავრობაში. ამიტომ ფედერალურ ხელისუფლებას ბევრად უფრო ნაკლები პიროვნული ზეგავლენის მოხდენა შეეძლება, ვიდრე – შტატისას. წარმოვიდგინოთ ცამეტი და უფრო მეტი შტატის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრები; მომრიგებელი მოსამართლეები, სახალხო ლაშქრის ოფიცრები, სასამართლო ხელისუფლების მოხელეები, სხვადასხვა ოლქის მოხელეთა ამქრებთან და ქალაქთა თვითმმართველობებში დასაქმებულ თანამდებობის პირებთან ერთად; წარმოვიდგინოთ ისიც, რომ საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლის მოსახლეობა სამ მილიონს აღემატება, ხელისუფლების წევრები კი ათასგვარი კავშირით, ახლო ნაცნობობითა თუ ურთიერთობით არიან გადაჯაჭვულნი მოსახლეობის ამა თუ იმ ფენასა თუ წრესთან; თუკი წარმოვიდგინეთ ყოველივე ეს, არც იმის მიხვედრა გაგვიჭირდება, თუ რაოდენ აღემატება შტატის ხელისუფლება ადმინისტრაციის ფედერალურ სისტემას როგორც თანამდებობის პირთა რაოდენობის, ისე მათი ზეგავლენის მხრივ. სასამართლო დეპარტამენტს ნუ მიათვლით მომრიგებელ მოსამართლეებს და ისე შეადარეთ ცამეტი შტატის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრთა რაოდენობა საკავშირო ხელისუფლების შესაბამის შტოებში არჩეული თუ დანიშნული ხალხის ოდენობას; სამი მილიონი ადამიანისგან შერჩეული და დანიშნული სახალხო ლაშქრის ოფიცრობა რაოდენობის მხრივ შეადარეთ სახმელეთო და საზღვაო ძალების ოფიცრებს; ამასთანავე, მხედველობაში მიიღეთ ნებისმიერი სამხედრო დაწესებულება, რომლის არსებობაც კი შესაძლებელია. და თქვენ დაინახავთ, რომ შტატები სრულ უპირატესობას ფლობენ. ცნობილია, რომ ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატის ხელისუფლებას გადასახადთა თავ _ თავიანთი ამკრეფნი ეყოლებათ. ფედერალური ამკრეფნი არცთუ ბევრნი იქნებიან და თავიანთ მოვალეობასაც მხოლოდ სანაპირო ზოლზე შეასრულებენ. მაშინ, როცა სხვადასხვა შტატის გადსახადთა ამკრეფნი მთელ ქვეყანაში იქნებიან მიმოფანტულნი და მათი რიცხვიც უამრავი იქნება. ამ მხრივაც, როგორც ჩანს, უპირატესობა შტატების მხარესაა. მართალია, რომ კონფედერაციას უფლება აქვს ყველა შტატში აკრიფოს როგორც შიდა, ისე გარე გადასახადები. მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი უფლებამოსილება გამოყენებული იქნება როგორც დამატებით გადასახადთა მობილიზების საშუალება. ამასთანავე, შტატებს მიეცემათ უფლება, რომ თავიანთი კვოტები საერთო – ეროვნულ ხაზინაში მათ მიერ ადრევე აკრეფილი გადასახადებიდან შეიტანონ. რაც შეეხება გადასახადთა საგანგებო აკრეფას, ამას, მართალია, ფედერალური მოხელეები განახორციელებენ, ოღონდ შტატების მიერ დადგენილი წესების მიხედვით. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს შტატის თანამდებობის პირები. განსაკუთრებით ეხება ეს სასამართლო ხელისუფლების წევრებს; ფედერალურ ხელისუფლებას უფლება აქვს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვოს ისინი და შესაბამისი დავალებაც მისცეს. დავუშვათ, რომ შიდა გადასახადთა ამკრეფნი ფედერალურმა ხელისუფლებამ დანიშნა, არც კი ეღირება რაოდენობის მხრივ მათი შედარება შტატების მიერ დანიშნულ საგადასახადო მოხელეებთან. რომელ ოლქშიც უნდა გაამწესონ გადასახადის ფედერალური ამკრეფი, მას ყველგან სხვადასხვა ყაიდის მოხელეებთა გვერდით მოუწევს მუშაობა; მათი რიცხვი შეიძლება ოცდაათი, ორმოცი ან უფრო მეტიც კი იყოს. და რაც მთავარია, მათ შორის ბევრი იქნება ისეთი პირი, ვისი მნიშვნელობისა და გავლენის მეშვეობითაც სასწორის პინა შტატის ხელისუფლებისკენ გადაიხრება.
შემოთავაზებული კონსტიტუცია ფედერალურ ხელისუფლებას რამდენიმე და ამასთანავე მკვეთრად განსაზღვრულ უფლებამოსილებას ანიჭებს მაშინ, როცა ცლკეული შტატის ხელისუფლებას უამრავი და ამასთანავე განუსაზღვრავი უფლებამოსილება გადაეცემა. ფედერალური უფლებამოსილება მხოლოდ ისეთ უკიდურეს მდგომარეობებზე ვრცელდება, როგორიც ომის გამოცხადება, ზავის დადება, მოლაპარაკებათა წარმოება და საგარეო ვაჭრობაა. ამ უკანასკნელთან დიდწილად არის დაკავშირებული საგადასახადო უფლებამოსილება. შტატებისთვის შემონახული უფლებმოსილებანი კი ისეთ ვითარებებს წვდება, როგორიც ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, მისი ცხოვრებისეული საზრუნავი, მისი თავისუფლება და საკუთრებაა. მის კომპეტენციაში ასევე შედის ქვეყნის შიდა წესრიგზე ზრუნვა, მისი განვითარება და აყვავება.
ფედერალური ხელისუფლება უფრო ფართოდ და მნიშვნელოვნად გაშლის თავის მოღვაწეობას ომიანობისა და საფრთხის ჟამს. რაც შეეხება შტატის ხელისუფლებას, მას მშვიდობისა და უსაფრთხოების პერიოდებში ეძლევა სრული გასაქანი. ვინაიდან ომისა და საფრთხის პერიოდები შედარებით მოკლეა, ხოლო მშვიდობიანობისა და უსაფრთხოებისა კი ხანგრძლივობით გამოირჩევიან, ამ მხრივაც შტატის ხელისუფლებას გარკვეული უპირატესობა ექნება ფედერალური მთავრობის მიმართ. რაც უფრო ზუსტად დააკმაყოფილებს ფედერალური ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს, მით უფრო იშვიათად დადგება ქვეყანა საფრთხის წინაშე, რა დროსაც შეიძლება ფედერალურმა ხელისუფლებამ უპირატესობა მოიპოვოს შტატის მთავრობაზე.
თუ გულდასმით და გულწრფელად გამოვიკვლევთ ახალ კონსტიტუციას, დავინახავთ, რომ ცვლილებები, რომელთაც იგი გვთავაზობს, უფრო ნაკლებად გულისხმობს კავშირისთვის
ახალ
უფლებამოსილებათა
მინიჭებას, ვიდრე
პირველად
უფლებამოსილებათა
განმტკიცებას. მართალია, ვაჭრობის მოწესრიგება ახალი უფლებამოსილებაა, მაგრამ მას, როგორც ჩანს, არ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, რაკი იგი საფრთხეს არ შეიცავს. რაც შეეხება ომის გამოცხადებისა და ზავის დადების უფლებამოსილებას, ჯარის შეკრებისა და ფლოტის შექმნის პრეროგატივას, ხელშეკრულებათა დადებისა და საფინანსო საქმის წარმართვის კომპეტენციას, სხვა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან უფლებამოსილებასთან ერთად, ყოველივე ეს კონფედერაციის მუხლებით მოქმედ კონგრესსაც აქვს მინიჭებული. შემოთავაზებული ცვლილება არ ითვალისწინებს უფლებამოსილებათა გაფართოებას, არამედ მას უნდა, რომ ადმინისტრირების არსებული წესი უფრო ქმედითი სისტემით შეცვალოს. ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება, საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებული გარდაქმნები მივიჩნიოთ. თუმცა მოქმედ კონგრესსაც სრული უფლება აქვს, შტატებისგან განუსაზღვრელი ოდენობით
შეაწეროს
ფინანსური სახსრები საერთო თავდაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ზუსტად ასევე, მომავლის კონგრესს უფლება ექნება ფული ინდივიდუალურ მოქალაქეებს შეაწეროს; ეს უკანასკნელნი კი ისევე იქნებიან ვალდებულნი, გადაიხადონ იგი, როგორც შტატები იხდიდნენ თავინთ კვოტებს. შტატებს რომ განუხრელად დაეცვათ კონფედერაციის მუხლები, ანდა მათი დაცვა იმავე მშვიდობიანი მეთოდებით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, როგორი წარმატებითაც ისინი ცალკე პიროვნებასთან მიმართებში გამოიყენებიან, მაშინ წინ არაფერი ეღობება კიდევ ერთ მტკიცებას; საქმე ეხება იმას, რომ ჩვენი გამოცდილება არაფრით უჭერს მხარს შეხედულებას, თითქოსდა შტატები თანდათანობით დაკარგავენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს და საბოლოოდ ერთმანეთს შეერწყმიანო. ამგვარი მტკიცება იმას მოასწავებს, რომ შტატის ხელისუფლების არსებობა თითქოსდა შეუთავსებელი იყოს ნებისმიერ სისტემასთან, რომელიც კავშირის არსებით მიზნებს ახორციელებს.
პუბლიუსი