ფედერალისტი # 28 : ჰამილტონი
1787 წ. 26 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეროვნული მთავრობაც იძულებული იქნება, ძალა გამოიყენოს. ეს საკუთარი გამოცდილებითაც ვიცით, რომელიც ადასტურებს იმას, რაც სხვა ქვეყნების მაგალითებზეც გვისწავლია. ჟამიდან ჟამს ყველა საზოგადოება დგება ხოლმე უკიდურეს აუცილებლობათა წინაშე, ამბოხი და ჯანყი, - ეს ავადსახსენებელი სნეულებანი, - ისევე ემართება ხოლმე პოლიტიკურ ორგანიზმს, როგორც სიმსივნე და გამონაყარი უჩნდება ცოცხალ სხეულს. მარტოდენ კანონის ძალით (როგორც ვთქვით რესპუბლიკური მმართველობის დროს მხოლოდ ის არის ერთადერთი მისაღები ფორმა) არავის არასოდეს უმართავს ქვეყანა. ასეთი რამ იმ პოლიტიკურ მკურნალთა ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ, რომელთა სიბრძნე ცდისეული ცოდნის გაფრთხილებათა არადმიჩნევით ამოიწურება.
თუ ოდესმე ეროვნული მთავრობა ამგვარ საგანგებო მდგომარეობაში აღმოჩნდება, სხვა საშუალებას, თვინიერ ძალისა, იგი არ მიმართავს. ოღონდ საქმე ის არის, რომ გამოყენებული საშუალება უბედურების თანაზომიერი იყოს. უმნიშვნელო შფოთის ჩასახშობად, რომელიც შესაძლოა, შტატის ერთ პატარა კუთხეში მოხდეს, ადგილობრივი სახალხო ლაშქარიც საკმარისი იქნება, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი მზად იქნება თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ჯანყი, – სულერთია რა არის მისი უშუალო გამომწვევი მიზეზი, – მთელ მთავრობას უქმნის საფრთხეს. მაგრამ ქვეყანაში ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეუვალნი არიან ამგვარი ინფექციის მიმართ. შესაძლოა, მათ თავი არ გამოიდონ კავშირის უფლებათა დასაცავად, მაგრამ საზოგადოებრივი სიმშვიდის ხელყოფას ვერ მოითმენენ და მოჯანყეებს წინ აღუდგებიან. წარმოუდგენელია, რომ მათ მხარი არ მისცეს ეროვნულმა მთავრობამ, თუკი მას ნამდვილად ამოძრავებს ხალხის კეთილდღეობა და ინტერესები.
მაგრამ თუ პირიქით, აჯანყება მთელ შტატს ან მის დიდ ნაწილს მოედო, მაშინ აუცილებელი გახდება სხვა საშუალების გამოყენება. მასაჩუსეტსი საჭიროდ ჩათვლის ჯარის შეკრებას ქვეყანაში არეულობათა ჩასახშობად. პენსილვანია მარტოდენ იმის შიშით, რომ მოსახლეობა შფოთმა არ მოიცვას, იმავე საშუალების გამოყენებას დაიმჯობინებს. დავუშვათ და ნიუ-იორკმა ვერმონტის მოსახლეობაზე თავისი დაკარგული იურისდიქციის აღდგენა გადაწყვიტა. განა იგი მარტოდენ სახალხო ლაშქრის იმედად იქნება? განა იგი თავისი მიზნის გასახორციელებლად იძულებული არ შეიქნება, თავი მოუყაროს და შეინახოს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები? თუ საგანგებო სიტუაციაში შტატის მთავრობას არ ეკრძალება სახალხო ლაშქრისგან განსხვავებული ძალის გამოყენება, მაშინ ეროვნული მთავრობის მიერ მსგავს სიტუაციებში ასეთივე ძალების გამოყენების შესაძლებლობა რად მოჰყავთ მისი არსებობის წინააღმდეგ საბუთად? განა გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც აბსტრაქტულად აღიარებენ კავშირს, შემოთავაზებული კონსტიტუციის წინააღმდეგ იმ ბრალდებით გამოდიან, რომელიც ათგზის სამართლიანი იმ პროექტის მიმართ იქნებოდა, თვითონაც რომ იცავენ? განა ასეთი რამ ჭეშმარიტი საფუძველი არ არის იმისა, რასაც მსხვილი სამოქალაქო საზოგადება ჰქვია? განა მოიძებნება ვინმე, ვინც გაუთავებელ აგიტაციებსა და ხშირ რევოლუციებს, – წვრილი რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ამ უბედურებათ, – ზემოხსენებულ საშუალებას არ მისცემს უპირატესობას?
მოდით, ოდნავ სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს. თუკი ერთი საერთო სისტემის მაგიერ ორ ან სამ კონფედერაციას ჩამოვაყალიბებდით, განა ისინიც იმავე სიძნელეების წინაშე არ დადგებოდნენ? განა მათაც იგივე უბედურება არ დაემართებოდათ? ხელისუფლების შესანარჩუნებლად განა ისინიც იმავე საშუალებას არ მიმართავდნენ, რომლის უფლებასაც არაფრით აძლევენ საერთო მთავრობას? განა სახალხო ლაშქარი ამ შემთხვევაში უფრო იქნება მზად ფედერალური Mმთავრობის დასაცავად ან უფრო კარგად შეძლებს მის დაცვას, ვიდრე სერთო მმართველობის პირობებში? სათანადო განსჯის შემდგომ ყველა მიუკერძოებელი და გონიერი ადამიანი აღიარებს, რომ ამგვარი შესიტყვების პრინციპი ორივე შემთხვევაზე თანაბრად ვრცელდება. ყველა შტატს ერთი საერთო მთავრობა ეყოლება, ისინი სხვადსხვა მთავრობათა ეგიდის ქვეშ რამდენიმე გაერთიანებას შექმნიან თუ ყველა თავ თავისთვის წავა და თავთავიანთი მთავრობები ჩაუდგებიან სათავეში, სულერთია, აუცილებლობის შემთხვევაში მათ მაინც მოუხდებათ სახალხო ლაშქრისგან განსხვავეული ძალის გამოყენება. სხვანაირად ისინი ვერ გაუმკლავდებიან იმ ძალადობას, რომელიც აჯანყებებისა და რევოლუციების სახელითაა ცნობილი ვერ შეძლებენ მათგან საზოგადოებრივი სიმშვიდისა და კანონის სამართლიანი ავტორიტეტის დაცვას.
რა განსხვავებული შესიტყვებებიც უნდა არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ, ვინც ითხოვს, რომ მშვიდობიანობის დროს სამხედრო შენაერთთა არსებობის საკითხი უფრო კატეგორიული ფორმით ჩამოყალიბდეს, ზოგადად ვუპასუხებდით: შემოთავაზებული მთავრობის დროს სამხედრო ძალა ხალხის წარმომადგენელთა ხელში იქნება. სამოქალაქო საზოგადოებაში სწორედ ეს არის უფლებათა და პრივილეგიათა დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება. [1]
თუ ხალხის წარმომადგენლები გაყიდიან ამომრჩეველთა ინტერესებს, მაშინ სხვა გზა აღარ დარჩება, თუ არა ის, რომ გამოყენებული იქნას თავდაცვის ძირეული უფლება, რაც მართვის ყველა პოზიტიური ფორმის უზენაესი მოვალეობაა. მისი მომარჯვება ბევრად უფრო წარმატებით შეიძლება ხელისუფლების საერთო – ეროვნულ უზურპატორთა წინააღმდეგ, ვიდრე ცალკეულ შტატში ადგილობრივ უზურპატორთა აღსაკვეთად. თუ ხელისუფლების უზურპაციას ცალკე შტატში მოახდენენ, რომლის არც ერთ ნაწილს, ოლქსა თუ რაიონს თავისი საკუთარი ხელისუფლება არ ჰყავს, მთავრობა ვერანაირ რეგულარულ ღონიძიებას ვერ გაატარებს. ამიტომ ხალხი, რომელიც მხოლოდ თავისი სიმამაცისა და სასოწარკვეთის ანაბრად დარჩა, იძულებული გახდება ყოველგვარი შეთანხმებულობის, სისტემურობისა და რესურსების გარეშე გამალებით სტაცოს ხელი იარაღს. უზურპატორებს კი, რომლებსაც ზურგს თავიანთი ძალაუფლების ფორმალური კანონიერება უმაგრებთ, შეუძლიათ, ჩანასახშივე გაანადგურონ მისი წინააღმდეგობა. რაც უფრო მცირეა შტატის ტერიტორია, მით უფრო გაუძნელდებათ ოპოზიციონერებს რეგულარული თუ სისტემური წინააღმდეგობის გეგმის განხორციელება. ხოლო უზურპატორებს მით უფრო გაუადვილდებათ მათი პირველივე ძალისხმევის უვნებელყოფა. დაზვერვა მალევე მოიპოვებს ცნობებს მათი სამზადისისა და გადაადგილების შესახებ; უზურპატორები კი თავიანთ შეიარაღებულ ძალებს უსწრაფესად მიმართავენ იქეთკენ, სადაც ოპოზიციური მოძრაობა დაიწყო. ამ სიტუაციაში გარემოებათა განსაკუთრებული კომბინაცია უნდა გათამაშდეს, რათა წინააღმდეგობის მოძრაობას წარმატების შანსი მიეცეს.
მაგრამ რაც უფრო ვრცელია ქვეყანა, მით უფრო იზრდება უზურპატორებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათი დაბრკოლების შესაძლებლობა. ოღონდ მოქალაქეებს გაცნობირებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი უფლებები და მათი დაცვის სურვილიც უნდა ამოძრავებდეთ. მსხვილ საზოგადოებებში ხალხის ბუნებრივი ძალა ბევრად აღემატება მთავრობის ხელოვნურ ძალას, ვიდრე წვრილ თემებში, ამიტომაც მათ უფრო დიდი შანსი აქვთ, წარმატებით იბრძოლონ მთავრობის მიერ ტირანიის დამყარების მცდელობათა წინააღმდეგ. მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კონფედერაციაში ხალხი თვითონ განაგებს თავის ბედს. ხელისუფლება ოდითგანვე ხელისუფლების მეტოქეა. საერთო – ეროვნული მთავრობა ყოველთვის მზად იქნება შტატების ხელისუფლებათა მხრივ უზურპაციათა აღსაკვეთად. ეს უკანასკნელნი ასევე იქნებიან განწყობილნი ფედერალური მთავრობის მიმართ. ხალხი სასწორის ხან ერთ თეფშეზეა, ხან მეორეზე, რომ როგორმე უზადოდ შეინარჩუნოს მისი წონასწორობა. თუ ერთ მათგანზე მისი უფლებები ირღვევა, იგი უმალვე მეორეს იყენებს საპირწონედ. რარიგ ბრძნულად იქცევიან კავშირზე მზრუნველნი, რათა ჭეშმარიტად ზღაპრული უპირატესობა გაინაღდონ!
ჩვენი პოლიტიკური სისტემის აქსიომაა ის, რომ შტატების მთავრობები ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სრულად აღკვეთენ საერთო – ეროვნული მთავრობის მხრივ საზოგადოების უფლებათა ხელყოფის ყოველგვარ მცდელობას. უზურპაციის გეგმებს ვერაფრით შენიღბავ ისე, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს და ადამიანთა ჯგუფმა ან მთლიანად ხალხმა ამის შესახებ ვერაფერი გაიგოს. ინფორმაციის ყველაზე საუკეთესო საშუალება კი საკანონმდებლო ორგანოა. იგი შორეული საფრთხის თაობაზეც კი საქმის კურსშია. რაკი სამოქალაქო ძალაუფლებაც მის ხელთაა და ხალხის ნდობითაც სარგებლობს, წინააღმდეგობის გეგმის შედგენაც ძალუძს და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველა საზოგადოებრივი რესურსის გაერთიანებაც. ყველა შტატის საკანონმდებლო ერთმანეთს დაუკავშირდება და გაერთიანებული ძალებით გამოვლენ საერთო თავისუფლების დასაცავად.
რაც უფრო ვრცელია ქვეყანა, მით უფრო საიმედოდაა იგი დაცული. ჩვენ უკვე ვიგემეთ ამგვარი გამოცდილების ჭეშმარიტება, როცა ქვეყნის გარედან თავდასხმის მოგერიება მოგვიხდა. ასეთივე წარმატებით გამოვიყენებთ მას ქვეყნის შიგნით უზურპაციის მსურველთა წინააღმდეგაც, თუკი ისინი თავიანთი ამბიციური გეგმების განხორციელებას შეეცდებიან. სანამ ფედერალური ჯარი ერთი შტატის წინააღმდეგობას ჩაახშობს, ამასობაში დაშორებული შტატები მოასწრებენ ძალების აღდგენას; ისე რომ, იგი იძულებული გახდება ერთ შტატში მოპოვებული წარმატება სხვა შტატებში გაძლიერებული წინააღმდეგობის დაძლევას მოახმაროს; ამ მომენტში კი ის შტატი, რომელიც ადრევე იქნა დაშოშმინებული და თავისთავის ანაბარად დატოვებული, გამოცოცხლდება და წინააღმდეგობაც ახალი ძალით იფეთქებს.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ შეიარაღებული ძალების მასშტაბს ეროვნული რესურსებით უნდა ვარეგულირებდეთ. შეუძლებელია მრავალრიცხოვან ჯარს დიდი ხნის მანძილზე ვინახავდეთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ რაც უფრო მატულობს მისი შექმნის შესაძლებლობანი, მით უფრო იზრდება მოსახლეობისა და საზოგადოების ბუნებრივი ძალა. თუ მოაწევს ჟამი და ფედერალური მთავრობა ისეთ არმიას შექმნის, რომელიც ვეებერთელა იმპერიაში ხალხის უზარმაზარი მასის დესპოტურად დამორჩილებას მოახერხებს, მაშინ თუ არა ისევ დამოუკიდებელი ქვეყნები, სხვა ვინ შეძლებს უფრო სწრაფად, უფრო სისტემურად და უფრო რეგულარულად განახორციელოს თავდაცვითი ღონისძიებანი? მეტისმეტი სიფრთხილე ავადმყოფობაა, დასაბუთებისა და განსჯის არსენალში კი მისგან განკურნების საშუალება არ მოიპოვება.
პუბლიუსი