ფედერალისტი  # 62 : მედისონი
1788წ. 27 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის აგებულებას გავეცანით და ყურადსაღებ შესიტყვებებს ვუპასუხეთ, სენატის განხილვაზე გადავდივარ. თქვენს ყარადღებას ხელისუფლების ამ ორგანოს შემდეგ პუქტებზე მივაპყრობ: 1. სენატორობისთვის აუცილებელი ცენზი, 2. მათი დანიშვნა ცალკეული შტატის საკანონმდებლო კრების მიერ, 3. თანაბარი წარმომადგენლობა სენატში, 4. სენატორთა რაოდენობა და მათი სამსახურის ვადა, 5. სენატის უფლებამოსილებანი.
1.      სენატორებისთვის დადგენილი ცენზი განსხვავებულია იმისგან, რასაც წარმომადგენლობითი პალატის წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ. იმისთვის, რომ ადამიანი სენატორი გახდეს, იგი უფრო მოწიფულ ასაკში უნდა იყოს და მოქალაქეობის უფრო დიდი ხნის სტაჟი უნდა ჰქონდეს. სენატორი, სულ ცოტა, ოცდაათი წლისა უნდა იყოს, კონგრესმენი კი  ოცდახუთისა. ერთს მოქალაქეობის ცხრა წლის სტაჟი უნდა ჰქონდეს, მეორეს კი _ შვიდისა. ამგვარი განსხვავება იმ თავისებურებით აიხსნება, რაც სენატორისთვის გამოცხადებულ ნდობას ახასიათებს. იგი მოითხოვს, რომ სენატორი ფართოდ განათლებული და მტკიცე ხასიათის ადამიანი იყოს. ეს უკანასკნელნი კი იმგვარი უპირატესობანია, რაც უფრო მოწიფულობის ასაკში მიიღწევა. სენატორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საგარეო საქმეების წარმართვაში, ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი სრულიად თავისუფალნი იყვნენ იმ მიდრეკილებებისა და ჩვევებისგან, რაც უცხო ქვეყანაში დაბადებულსა და აღზრდილ ადამიანს ახასიათებს. მოქალაქეობის ცხრაწლიანი სტაჟი გონივრული კომპრომისია ორ უკიდურესობას შორის. ერთი უკიდურესობა იქნებოდა, თუ უცხო წარმოშობის მოქალაქეებს არ მიეცემოდათ უფლება იმისა, რომ სენატში ყოფილიყვნენ არჩეულნი. საქმე კი ისეთ ღირსეულ და ნიჭიერ მოქალაქეებს ეხებათ,  რომელნიც შესაძლოა, ხალხის ნდობას იმსახურებდნენ. რაც შეეხება მეორე უკიდურესობას, იგი იმ განურჩევლობასა და ნაუცბათევობას გულისხმობს, რის შედეგადაც სენატში შესაძლოა ისეთი ადამიანები მოხვედრილიყვნენ, რომელთა სახით ხელისუფლების საერთო – ეროვნულ უწყებებში გზა გაეხსნებოდა უცხოურ ზეგავლენას.
2.      არ არის აუცილებელი, გამოწვლილვით იქნეს განხილული ის პროცედურა, რითაც ცალკეული შტატის საკანონმდებლო ორგანო სენატორებს ნიშნავს. ხელისუფლების ამ განშტოების მოსაწყობად შესაძლებელია სხვადასხვა  ხერხის მოგონება. მაგრამ საქმე ის არის, რომ კონვენტის მიერ შემოთავაზებული სისტემა ყველაზე სრულად შეესაბამება საზოგადოებრივ აზრს და ორმაგი უპირატესობით ხასიათდება. ჯერ ერთი, იგი უზრუნველყოფს იმას, რომ კანდიდატები გულდასმით იქნენ შერჩეულნი; მეორეც, ცალკეული შტატის მთავრობას საშუალება ეძლევა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფედერალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში; ასეთი რამ, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს შტატის გარკვეული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; მეორე მხრივ კი, ორ სახელისუფლებო სისტემას შორის კავშირს განამტკიცებს.
3.      რაც შეეხება სენატში თანაბარ წარმომადგენლობას, არავითარ განმარტებას არ საჭიროებს ის, რომ ეს საკითხი მსხვილი და წვრილი შტატების მოთხოვნათა შორის აშკარა კომპრომისის საფუძველზე გადაწყდა. ქვეყანაში, რომლის ხალხი ერთ ერად არის შეკრული, ყოველი ოლქის წარმომადგენლობა მისი მოსახლეობის პროპორციული უნდა იყოს. რაც შეეხება დამოუკიდებელი და სუვერენული შტატების ლიგას, მასში გაერთიანებული ყველა მონაწილე, მიუხედავად მისი ზომისა,   თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი საერთო საბჭოებში. თუ ყოველივე ეს სწორია, მაშინ გონივრულია ის, რომ შერეულ რესპუბლიკაში, რომელიც როგორც საერთო – ეროვნულ, ისე ფედერალურ განზომილებებს აერთიანებს, ხელისუფლება პროპორციული და თანაბარი წარმომადგენლობის ნაზავ პრინციპს ეფუძნებოდეს.  მაგრამ ფუჭი წამოწყებაა, როცა სურთ, კონსტიტუცია თეორიული საზომით შეაფასონ, რამეთუ ყველა აღიარებს იმას, რომ იგი თეორიული ჭაპან – წყვეტის ნაყოფი სულაც არ არის; სინამდვილეში კონსტიტუცია გამოხატულებაა “გულითადობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთდათმობის იმ სულისა, რაც ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის თავისებურებასა და მის აუცილებლობას განაპირობებს.” ამერიკელი ხალხი საერთო – ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბებისკენ მოგვიწოდებს. კიდევ უფრო მგზნებარედ გვიხმობს აქითკენ ის პოლიტიკური მდგომარეობა, რომელშიც ამერიკა იმყოფება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, წვრილი შტატებისთვის მისაღები სახელისუფლებო სისტემა იმ პრინციპებზე ავაგოთ, რომლნიც უფრო მსხვილი შტატების ინტერესებს ეთანაზომიერებიან. ამიტომ მსხვილმა შტატებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ორ რამეს შორის: ან უნდა მიიღონ კონვენტის მიერ შემოთავაზებული სახელისუფლებო სისტემა, ანდა უპირატესობა მმართველობის ისეთ ფორმას უნდა მიანიჭონ, რომელიც, მათივე აზრით, უფრო საძრახისი იქნებოდა. კეთილგონიერება მოგვიხმობს, რომ ორი ბოროტებიდან უფრო ნაკლები ბოროტება ავირჩიოთ. უმჯობესია, თავი ვანებოთ მოსალოდნელ უბედურებათა უნაყოფო წინასწარჭვრეტებს და ნაცვლად ამისა, ის უპირატესობანი გავიაზროთ, რომელთაც გაღებული მსხვერპლის ამოგება ძალუძთ.
ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული შტატისთვის თანაბარი საარჩევნო ხმის მინიჭება იმ სუვერენიტეტის კონსტიტუციურ აღიარებას მოასწავებს, რომელიც ინდივიდუალურ შტატებს რჩებათ. იგი, იმავდროულად, ის ინსტრუმენტიცაა, რითაც თითოეული მათგანი ნარჩენ სუვერენიტეტს განიმტკიცებს. ამ თვალსაზრისით, სენატში წარმომადგენლობის მხრივ თანასწორობა მისაღები უნდა იყოს როგორც მსხვილი, ისე წვრილი შტატებისთვის. ეგ იმიტომ, ერთნიც და მეორენიც გაფაციცებით ეძებენ იმ საშუალებას, რომელიც ქვეყანას უნიტარულ რესპუბლიკად  ჩამოყალიბებისგან დაიცავდა.
სენატის აგებულება კიდევ ერთი უპირატესობით ხასიათდება: იგი დამატებით დაბრკოლებას ქმნის, რომელმაც თავიდან უნდა აგვაშოროს საკანონმდებლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამიერიდან ნებისმიერი კანონის მიღება, ჯერ ერთი, ხალხის ფართო ფენების თანხმობით მოხდება, და მეორეც, საამისოდ აუცილებელი იქნება შტატების უმრავლესობის თანხმობა. უნდა ვაღიაროთ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების ამგვარი შეზღუდვა ზოგჯერ იმდენადვე საზიანო იქნება, რამდენადაც სასარგებლოა. ზემოაღნიშნული პრინციპი მოწოდებულია საიმისოდ, რომ წვრილი შტატების განსაკუთრებული ინტერესები დაიცვას. უნდა ითქვას, რომ იგი უფრო გონივრული იქნებოდა იმ შემთხვევაში, ამ უკანასკნელთ რომ სხვა რამ განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდეთ და მსხვილი შტატების ინტერესებთან ერთად საერთო ხიფათის წინაშე არ იდგნენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ უფრო მსხვილ შტატებს თავიანთ განკარგულებაში ყოველთვის აქვთ სათანადო სახსრები საიმისოდ, რომ ჩაფუშონ უფრო წვრილი შტატების ძალისხმევა, თუკი ისინი შეეცდებიან თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ამგვარი პრეროგატივა. ყველამ იცის, თუ რაოდენ გაიოლებულია ჩვენში კანონის მიღების პროცედურა, ეს სწორედ ის სენია, რითაც ჩვენი კანონშემოქმედება იტანჯება. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური მოწყობის იმ ნაწილს, რომლის შესახებაც ახლა ვმსჯელობთ,  შესაძლოა, უფრო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე ეს თეორიაში ჩანს.
4.      ახლა ის საკითხები უნდა განვიხილოთ, რაც სენატორთა რიცხოვნებასა და თანამდებობაზე მათი დანიშვნის ვადას შეეხება. მათ შესახებ მართებული წარმოდგენის შესაქმნელად კი უპრიანი იქნებოდა, თავდაპირველად იმ მიზნებს გავცნობოდით, რომელთა მისაღწევადაც სენატი ფუძნდება. მაგრამ ამ უკანასკნელთა გასააზრებლად იმ სიძნელეთა მიმოხილვაა აუცილებელი, რომელთა წინაშეც რესპუბლიკა დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იგი მსგავს დაწესებულებას მოკლებული იქნებოდა.
ჯერ ერთი . რესპუბლიკურ მმართველობას თავს შეიძლება ერთი უბედურებაც  დაატყდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ იმ ხალხმა, ვინც მართვას ახორციელებს, შესაძლოა, დაივიწყოს ამომრჩევლის წინაშე თავისი ვალდებულება და მის მიერ გამოცხადებული ეგზომ მნიშვნელოვანი ნდობა ვერ გაამართლოს. ასეთი რამ მმართველობის სხვა ფორმებს უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა, როგორც ჩანს,  არც რესპუბლიკური სისტემაა მისგან დაზღვეული. ამ მიმართებით, სენატი, რომელიც საკანონმდებლო კრების უმაღლესი პალატაა და ქვედა პალატასთან საზიარო უფლებამოსილებათა გარდა, მისგან განსხვავებული პრეროგატივებითცაა აღჭურვილი, მოწოდებულია, შემაკავებელი ზემოქმედება იქონიოს ხელისუფლების სხვა უწყებებზე. უზურპაციის ჩანაფიქრთა ან სხვა რამ მუხანათურ ზრახვათა გასახორციელებლად აუცილებელი იქნება არა ერთი პალატის თანხმობა, როგორც ეს მმართველობის სხვა სისტემათა შემთხვევაშია, არამედ  - ორი პალატისა, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებული უფლებამოსილებითაა აღჭურვილი; ამ პირობებში კი ხალხი ორმაგადაა დაცული იმ საფრთხისგან, რასაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ჰქვია. სიფრთხილის ეს ზომა ისეთ ცხად პრინციპებს ემყარება და ისინი ისე კარგად აქვთ გააზრებული შეერთებულ შტატებში, რომ არც კი ღირს მათი  მნიშვნელობის შესახებ მხჯელობის გაგრძელება. მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, რომ დამღუპველ კომბინაციათაGგათამაშების შესაძლებლობა მით უფრო ცოტაა, რაც უფრო განსხვავებულია ერთმანეთისგან ის სული, რომელიც  ხელისუფლების ამ ორ განშტოებას უდგას. მაგრამ ამგვარმა განსხვავებულობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს იმ ჰარმონიას, რომელიც ხელისუფლების ამ ორ უწყებას შორის სუფევს და არ უნდა შერყვნას რესპუბლიკური მმართველობის ძირეული პრინციპები.
მეორეც . უამრავი მაგალითი მოწმობს, რომ ერთპალატიანი კრება მყისიერი და მძვინვარე ვნებებისკენ მიდრეკილებით ხასიათდება. ამიტომაც უადვილდებათ მისი ცდუნება ჯგუფურობის სულით შეპყრობილ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რაც მის მიერ აუწონ - დაუწონავი და დამღუპველი დადგენილებების მიღებაში ვლინდება. ყოველივე ეს კი სენატის აუცილებლობას ადასტურებს. ორპალატიანი საკანონმდებლო კრების უპირატესობის დასტურად, უამრავი სხვა მაგალითის მოხმობაც შეიძლებოდა, როგორც შეერთებული შტატების, ისე სხვა ქვეყნების ისტორიიდან. მაგრამ ვინაიდან ზემოაღნიშნულ პოზიციას ოპონენტები არ მოეძევება, არც მისი დასაბუთების აუცილებლობა არსებობს. ერთი რამ კი აუცილებელია აღინიშნოს: სახელისუფლებო ორგანო, რომელიც ამგვარი ნაკლის თავიდან ასაცილებლადაა მოწოდებული, თავად უნდა იყოს მისგან თავისუფალი. ამიტომ ქვეყანას უფრო მეტი წარმომადგენელი ანუ კონგრესმენი უნდა ჰყავდეს, ვიდრე სენატორი. იმავე მოსაზრებებიდან გამომდინარე, სენატი გარკვეული მდგრადობით უნდა გამოირჩეოდეს, მისი ავტორიტეტის წყარო კი ის უნდა იყოს, რომ სენატორები თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადით აირჩევიან.
მესამე . სენატი მოწოდებულია გამოასწოროს საკანონმდებლო კრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნაკლი. ეს უკანასკნელი იმაში გამოიხატება, რომ საკანონმდებლო ორგანოს არასაკმარისად აქვს ხოლმე გაცნობიერებული კანონმდებლობის მიზნები და ის პრინციპები, რომლებსაც იგი ემყარება. საქმე ის არის, რომ სახალხო კრება ისეთ პირებს აერთიანებს ხოლმე, რომელნიც გარემოებათა გამო მოსწყდნენ თავიანთ პირად საზრუნავს და მცირე ხნით თანამდებობებზე დაინიშნენ. ამიტომაც სრულიად გასაგებია შემდეგი რამ: საჯარო სამსახურში ყოფნის ეგზომ მცირე დროის განმავლობაში მათ არაფერი უბიძგებთ იქითკენ, რომ კანონები შეისწავლონ და თავიანთი სამშობლოს საქმეებსა და სასიცოცხლო ინტერესებს გაეცნონ.  თითქმის არ არის  დამაჯერებელი ის, რომ ეს ხალხი, რომელიც თავისი თავის ანაბარადაა მიტოვებული, მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებს და ხალხის მიერ გამოცხადებულ  ნდობას გაამართლებს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ იმ შეჭირვებაში, რაშიც დღეს ამერიკა იმყოფება, დიდი წილი უდევთ ხელისუფლების უხეშ შეცდომებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფალნი მათ შეგნებულად არ სჩადიან და რომ მათი უმრავლესობა ვნებათა წილად მოდის. რისი მაქნისია ეგზომ აუარება კანონი ან ამდენი განმარტება და შესწორება, მათთვის რომ დაურთავთ! სხვა რისი დასტურია კოდექსთა უამრავი ტომი, თუ არა მონუმენტი ჩვენი შერცხვენისა! რას მოწმობს ყოველივე ეს, თუ არა იმას, რომ ჩვენი კანონმდებელნი სიბრძნეზე, ცოტა არ იყოს, მწყრალად არიან! სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ბრალდებათა ის კორიანტელი, რომელსაც ახალი მოწვევის კონგრესი თავს ატეხს ძველი მოწვევის კონგრესს? და რაოდენ ფასდაუდებელი იქნება ის დახმარება, რასაც ჩვენს ქვეყანას კარგად, მართებულად მოწესრიგებული სენატი გაუწევს!
კარგი მმართველობა ორი რამით უნდა გამოირჩეოდეს: ჯერ ერთი, იგი უნდა იყოს ერთგული იმ მიზნისა, რასაც ხელისუფლება ესწრაფვის; ეს კი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ხალხის ბედნიერება. მეორეც, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს იმ საშუალებებში, რანიც ამ მიზნის მისაღწევად არიან აუცილებელნი. ზოგიერთი ხელისუფლება ორივე ამ ნიშანს მოკლებულია. მათი უმრავლესობა კი მიზნისადმი ერთგულების საქმეში მოიკოჭლებს. უყოყმანოდ ვაცხადებ, რომ ამერიკის არც ერთი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ იჩენს იმ საშუალებათა მიმართ, რანიც აუცილებელნი არიან ხალხის ბედნიერების მისაღწევად. რაც შეეხება ფედერალურ კონსტიტუციას, იგი ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების მექანიზმს შეიცავს. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ მიზნის მიღწევის საშუალებთა უზრუნველყოფის გზით, იგი სახალხო საქმისადმი ერთგულების შეგნებასაც განამტკიცებს.
მეოთხე . ცნობილია სახალხო ხელისუფლების ორგანოთა ცვალებადი ხასიათი, რაც თანამდებობის პირთა ხშირი ცვლითაა განპირობებული. ამგვარი ცვლა კი მთავრობის ყველა წევრს ეხება, რაგინდ კვალიფიციურიც უნდა იყოს იგი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველივე ეს გადაჭრით მიუთითებს ხელისუფლებაში ისეთი დაწესებულების არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც სწორედ რომ თავისი მდგრადობით იქნება გამორჩეული. არსებული სისტემის პირობებში, ყოველი ახალი არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა ნახევარი იცვლება. ბუნებრივია, რომ ადამიანთა ცვლას შეხედულებათა შეცვლა მოსდევს, ამ უკანასკნელთა ცვლილება კი საშუალებათა გამოცვლას განაპირობებს. მაგრამ საშუალებათა გამუდმებული ცვალებადობა არ შეესაბამება კეთილგონიერების წესებს და წარმატების მოპოვების ნაკლებ შანსს იძლევა. ამგვარი მოსაზრების სისწორეს პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება გვიდასტურებს, ხოლო ეროვნულ _ სახელმწიფოებრივ საქმეებში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
უამრავი ტომი შეგვეძლო დაგვეხვავებინა იმ სავალალო შედეგების შესახებ, რომელთაც ხელისუფლების უმდგრადობა იწვევს. მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მივანიშნებდი, დანარჩენზე კი შეგვიძლია მათი მიხედვით ვიმსჯელოთ.
უწინარეს ყოვლისა, ამგვარი უმდგრადობა ქვეყანას სხვა სახელმწიფოთა მხრიდან პატივისცემასა და ნდობას აკარგვინებს. გარდა ამისა, იგი აბათილებს ყველა იმ უპირატესობას, რაც სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ახასიათებს. ზუსტად ისეა, როგორც პირად ცხოვრებაში. ისეთ ადამიანზე, რომელიც წინასწარ შედგენილი გეგმით არ ხელმძღვანელობს და წინდაუხედავად მოქმედებს, კეთილგონიერი ხალხი ამბობს: თავისი წინდაუხედაობა და სისულელე შეიწირავსო. უფრო კეთილგანწყობილმა მეზობლებმა ეგების შეიბრალონ კიდეც იგი, მაგრამ არავინ მოისურვებს მისი ბედის გაზიარებასა და მასთან საერთო საკუთრების ქონას; თუმცა მრავლად არიან ისეთნიც, უარს რომ არ იტყვიან ასეთი ადამიანის ხარჯზე გაამრავლონ თავიანთი ქონება. ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოსთვის იგივეა, რაც ერთი ადამიანი. მეორე ადამიანისთვის. ოღონდ ერთი სამწუხარო განსხვავებით: სახელმწიფო ბევრად უფრო  არაკეთილმოსურნეა, ვიდრე ადამიანი; არც ერთი მათგანი არ იტყვის უარს იმაზე, რომ სხვა სახელმწიფოს წინდაუხედაობით იხეიროს, რაგინდ უღირსადაც უნდა გამოიყურებოდეს ამგვარი საქციელი ადამიანის თვალში. ამიტომ ყოველი სახელმწიფო, რომელიც თავის საქმეებს სათანადო სიბრძნისა და მდგრადობის გარეშე წარმართავს, უსათუოდ ყველა საქმეს წააგებს თავის უფრო ბრძენ მეზობლებთან, რომელნიც სისტემურ პოლიტიკას აწარმოებენ. ამის ყველაზე საუკეთესო ნიმუშად ვაი, რომ ის მდგომარეობა გამოდგება, რაშიც ამჟამად ამერიკა იმყოფება. მეგობრები პატივს აღარ სცემენ მას, მტრები კი მასხრად იგდებენ. ყოველი სახელმწიფო, რომელიც მისი მერყევი პოლიტიკური მდგომარეობიდან და აწეწილი საქმეებიდან სარგებლის ნახვას ესწრაფვის, თავის ნადავლად მიიჩნევს მას.
ეგზომ უმდგრადი პოლიტიკა კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის საშინაო საქმეებზე. იგი თვით იმ კეთილ ნაყოფსაც კი გვიწამლავს, რასაც თავისუფლება გვაძლევს. ვერაფერი ნუგეშია ხალხისთვის, თუ კანონები მათ მიერ არჩეული ადამიანების მიერაა შექმნილი. ვის რაში სჭირდება კანონთა უთვალავი ტომეულები, თუ მათ წაკითხვას ვერავინ აუვა, ან რა თავში სახლელად გვინდა ამდენი აბდაუბდა საკანონმდებლო აქტი, რომელთაც თავსა და ბოლოს ვერავინ გაუგებს! რა უნდა გაიგოს კაცმა ამგვარი კანონმდებლობისა, როცა კანონს გამოქვეყნებითანავე აუქმებენ ან ასხვაფრებენ! რა ხეირი უნდა ნახოს ხალხმა ისეთი კანონით, რომელიც დღეს ერთ რამეს ნიშნავს, მაგრამ კანონმდებლობაში ჩახედული ადამიანიც კი ვერ გვეტყვის იმას, თუ რა დანიშნულება ექნება მას ხვალ. განსაზღვრების მიხედვით, კანონი მოქმედების წესია, მაგრამ რა წესობა უნდა გასწიოს ისეთმა რამემ, რასაც თითქმის არ იცნობენ და რაც ეგზომ უმდგრადია?
კიდევ ერთი არასასურველი შედეგი საზოგადოებრივი უმდგრადობისა ის არის, რომ იგი ფართო გასაქანს აძლევს გამჭრიახ, ალღოიანსა და ფულიან უმცირესობას და ხელს უწყობს მის გაბატონებას მოსახლეობის გამრჯე, მაგრამ არასათანადოდ გათვითცნობიერებულ უმრავლესობაზე. ყოველი ახალი წესი, რომელიც ვაჭრობასა და შემოსავალს შეეხება, ანდა რამენაირ ზემოქმედებას ახდენს საკუთრების ამა თუ იმ ფორმის ღირებულებაზე, ახალ რთველს უქადის მათ, ვინც თვალს ადევნებს ბაზრის მერყეობას და მისგან სათანადო დასკვნების გამოტანა ხელეწიფება. მაგრამ ეს მოსავალი ხომ მათ არ მოუწევიათ! იგი ხომ მათი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის მოუღალავი შრომისა და გარჯის ნაყოფია! სწორედ ამ მდგომარეობაზეა ზედგამოჭრილი გამონათქვამი: კანონები უმცირესობისთვის იქმნება და არა უმრავლესობისთვისო .
მაგრამ ამით არ ამოიწურება ის ვნება, რომელიც უმდგრად ხელისუფლებას მოაქვს. ყოველი სასარგებლო წამოწყება ჩანასახშივე კვდება, როცა დაკარგულია სახელმწიფო უწყებებისადმი მინდობა. თაოსნობის წარმატება და სარგებლიანობა ხომ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამძლეა ის წესრიგი, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ! რომელი ჭკუათმყოფელი ვაჭარი ჩაიგდებს თავს საფრთხეში და ხელს მიჰყოფს კომერციის ახალი დარგის ათვისებას, როცა იცის, რომ მისი გეგმა უკანონოდ გამოცხადდება მანამ, ვიდრე იგი მის ხორცშესხმას მოასწრებს? რომელი ფერმერი ან მეწარმე შეალევს ძალ – ღონეს ახალ ნათესს ან ახალ წარმოებას, თუ დარწმუნებული არ არის, რომ მისი გარჯა და გამომგონებლობა მსხვერპლად არ შეეწირება ხელისუფლების უმდგრადობას? ერთი სიტყვით, უმდგრადი ხელისუფლების პირობებში გახარება არ უწრია არც ერთ დიად გაუმჯობესებას, არც ერთ სანაქებო წამოწყებას, რომელიც კი საერთო – ეროვნული პოლიტიკის მდგრადი სისტემის მხრიდან ხელშეწყობას საჭიროებს. 
ყველაზე სავალალო კი უმდგრადობის ის შედეგია, როცა ადამიანების გულში ნაცვლად პოლიტიკური სისტემისადმი ერთგულებისა და პატივისცემისა, მალულად ისადგურებს მისდამი უნდობლობა, რაც იმედებს უცრუებს უამრავ მათგანს. არც ერთ ხელისუფლებას, ისე, როგორც არც ერთ ადამიანს არ უნდა ეიმედებოდეს იმისა, რომ ოდესმე ვინმე ჭეშმარიტად მიაგებს პატივს, თუ მან თვითონ არ დაიმსახურა ამგვარი პატივისცემა. ჭეშმარიტ პატივისცემას კი იგი მხოლოდ მაშინ დაიმსახურებს, როცა  გარკვეულ წესრიგსა და მდგრადობას მიაღწევს.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group