ფედერალისტი # 82 : ჰამილტონი
1788წ. 29 მაისი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ახალი სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბებამ _ რაგინდ სიფრთხილითა და სიბრძნით უნდა ხდებოდეს იგი – შეუძლებელია, საჩოთირო და აბეზარი შეკითხვები არ წამოჭრას. ისინი განსაკუთრებით კონსტიტუციასთან მიმართებაში აღიძვრიან, რაკი ეს უკანასკნელი ცალკეულ სუვერენობათა მთელი წყების სრულსა ან ნაწილობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. დრო არის თავდები იმისა, რომ ეგზომ რთულმა სისტემამ, სიმწიფეს მიაღწიოს და სრულყოფილი გახდეს. იგი შეძლებს, ბოლო მოუღოს სისტემის სხვადასხვა ნაწილს შორის უთანხმოებას და ისინი ერთს სრულსა და ჰარმონიულ მთელში ამყოფოს.  
ამგვარი შეკითხვები უკვე წამოიჭრა კონვენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით. ამ მხრივ განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლების სფერო და მასთან დაკავშირებული საკითხები გამოირჩევა. ძირითადი შეკითხვები იმ პოზიციას შეეხება, ცალკეული შტატის სასამართლოებს ისეთ საქმეებთან მიმართებაში რომ უკავიათ, რომელნიც ფედერალურ იურისდიქციას უნდა გადაეცნენ. ამგვარი რამ გამონაკლისის დაშვებას მოასწავებს თუ ცალკეული შტატის სასამართლოებს თანხვდენილი იურისდიქცია მიენიჭებათ? თუ ეს უკანასკნელია სწორი, მაშინ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ცალკეული შტატის სასამართლოებს საერთო – ეროვნულ სამსჯავროებთან? ამგვარი შეკითხვები მოსვენებას არ აძლევენ მოაზროვნე ადამიანებს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია მათ სათანადო ყურადღება მივაპყროთ.
ის პრინციპები, რომელნიც ერთ-ერთ წინამორბედ სტატიაში იქნენ დადგენილნი, გვასწავლიან, რომ შტატები შეინარჩუნებენ ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც მათ ადრე ჰქონდათ; საქმე ისეთ უფლებამოსილებათ ეხება, რომელნიც სრულად არ გადასულან ფედერალური მეთაურის კომპეტენციაში. უფლებამოსილებათა სრული დელეგირების თაობაზე შესაძლებელია მაშინ ვილაპარაკოთ, როცა შემდეგი სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი ხდება: როცა კავშირისთვის მინიჭებული ექსკლიუზიური უფლებამოსილება მკაფიო ტერმინებშია ჩამოყალიბებული; როცა გარკვეული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კავშირს, ხოლო შტატებს ეკრძალებათ ანალოგიური კომპეტენციის განხორციელება; ანდა როცა კავშირს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებანი და სრულიად არათავსებადი იქნებოდა, თუკი შტატებს ანალოგიური კომპეტენციები გადაეცემოდა. შესაძლოა, ზემოხსენებული პრინციპები უფრო საკანონმდებლო ხელისუფლებას მიეყენებოდეს, ვიდრე სასამართლოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი გამოყენება, საზოგადოდ,  სამართლიანია როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ. და მე სწორედ ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობ, როცა წესად მივიჩნევ იმას, რომ ცალკეული შტატის სასამართლოები შეინარჩუნებენ იმ იურისდიქციას, რომლითაც ისინი ადრეც სარგებლობდნენ, თუკი მათ არ ჩამოერთვათ ისინი იმგვარად, რაგვარადაც ამას ზემოდასახელებული სამი შემთხვევა ითვალისწინებს.
არსებობს ერთადერთი ადგილი, სადაც შემოთავაზებული კონსტიტუციის კითხვისას შესაძლოა დაგვეუფლოს შთაბეჭდილება, თითქოსდა ფედერალური განსჯადობის საქმეებს მხოლოდ ფედერალური სასამართლოები განიხილავდნენ. საქმე ეხება შემდეგ პასაჟს:” შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება უზენაესი სასამართლოსა და დაბალი ინსტანციის იმ სასამართლოთა მიერ, რომელთაც დროდადრო კონგრესი აარსებს”. ეს სიტყვები შესაძლოა იმგვარად იქნენ განმარტებულნი, რომ თითქოსდა მხოლოდ უზენაეს სასამართლოსა და მის ქვემდებარე სასამართლოებს ჰქონდეთ ისეთ საქმეთა განხილვის უფლება, რომლებზეც მათი კომპეტენცია ვრცელდება. შესაძლოა, უბრალოდ ის იგულისხმებოდეს, რომ საერთო – ეროვნული სასამართლო სისტემა უზენაესი სასამართლოსა და უფრო დაბალი ინსტანციის იმდენი სასამართლოებისგან იქნება შედგენილი, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს კონგრესი. ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებული შტატები მისდამი მინიჭებულ სასამართლო ხელისუფლებას ერთი უზენაესი სასამართლოსა და გარკვეული რაოდენობის მის მიერ შექმნილი  დაბალი ინსტანციის სასამართლოთა მეშვეობით განახორციელებს. პირველი დებულება გამორიცხავს, მეორე კი აღიარებს ცალკეული შტატის უფლებამოსილებასთან თანხვდენილი ფედერალური იურისდიქციის არსებობას. პირველი დებულება ფარულად ითვალისწინებს შტატის ხელისუფლების გასხვისებას; ამიტომ მიმაჩნია, რომ ბოლო დებულებაა ყველაზე უფრო ბუნებრივი შინაარსის მქონე და მისი სათანადო დასაბუთებაც ყველაზე უფრო მოსახერხებელია.
მაგრამ საქმე ისაა, რომ თანხვდენილი იურისდიქციის შესახებ ზემოხსენებული დოქტრინა მხოლოდ ისეთ საქმეებს მიეყენება, რომელთა განხილვაც ადრე ცალკეული შტატის კომპეტენციაში შედიოდა. ოღონდ მისი მოქმედება არ იკვეთება იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა, ახალად შემოსაღები კონსტიტუციიდან ამოიზარდონ ანდა მხოლოდ მისთვის იყონ დამახასიათებელნი . მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ცალკეული შტატის სასამართლოებს არ ეძლევათ ამგვარ საქმეებზე იურისდიქციის გავრცელების უფლება, ეს ძნელად თუ ნიშნავს იმ უფლებამოსილებათა შეკვეცას, რომელთაც ისინი ადრე ფლობდნენ. თუმცა მე სულაც არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ შეერთებული შტატები კანონშემოქმედების პროცესში ამა თუ იმ წესის მიხედვით წარმოქმნილ საქმეებზე განაჩენის გამოტანას ფედერალურ სასამართლოებს არ დააკისრებს. რა თქმაUუნდა, ეს მხოლოდ მისდამი რწმუნებულ საკითხებთან მიმართებაში მოხდება და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი რამ უფრო მართებულ ზომად იქნება მიჩნეული. Mმაგრამ ვთვლი, რომ ცალკეული შტატის სასამართლოები თავიანთი თავდაპირველი იურისდიქციის მისხალსაც კი არ დაკარგავენ;  განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აპელაციებს ეხება. უფრო მეტი, ჩემი აზრით, ვიდრე ისინი მომავალში მკაფიოდ არ იქნება გაუქმებული საერთო  ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების აქტებით, მანამ, რა თქმა უნდა,  მათ იურისდიქციას დაექვემდებარება მსჯავრის გამოტანა ყველა იმ საქმესთან მიმართებაში, რომელნიც ამგვარ აქტთა საფუძველზე წარმოიშობა. ეს დასკვნა სასამართლო ხელისუფლების ბუნებისა და სისტემის საერთო სულისკვეთების საფუძველზე გამომაქვს. Yნებისმიერი მთავრობის სასამართლო ხელისუფლებას ბევრად უფრო ფართო თვალსაწიერი აქვს და იგი არ შემოიფარგლება მარტოოდენ ადგილობრივი თუ მუნიციპალური კანონებით. ასე რომ, როცა სასამართლოები სამოქალაქო სამართლის საქმეებს განიხილავენ, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში მათ საქმე აქვთ სასამართლო დავის ნებისმიერ სუბიექტთან, თუნდაც დავის მიზეზად დედამიწის იმ ნაწილის კანონები გვევლინებოდნენ, რომელიც ყველაზე შორს მდებარეობს ჩვენი ქვეყნიდან. ასე რომ, ჩვენს სასამართლოებში იურიდიული განხილვის საგნად შესაძლოა, ისევე იქცნენ იაპონიის კანონები, როგორც საკუთრივ ნიუ-იორკისა. გარდა ამისა, ცალკეული შტატის ხელისუფლება და საერთო – ეროვნული მთავრობა იმად უნდა მივიჩნიოთ, რანიც ისინი სინამდვილეში არიან; საქმე ის არის, რომ ისინი ერთი მთელის მონათესავე სისტემებად და ნაწილებად წარმოგვიდგებიან. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია ის, რომ ცალკეული შტატის სასამართლოებს თანხვდენილი იურისდიქცია ექნებათ ყველა იმ საქმესთან მიმართებაში, რომელნიც დაკავშირებულნი არიან კავშირის კანონებთან თუ, რა თქმა უნდა, ამგვარი რამ მკაფიოდ არ არის აკრძალული.
აქვე კიდევ ერთი შეკითხვა წამოიჭრება: როგორი იქნება ურთიერთობა საერთო – ეროვნულ სასამართლოსა და შტატის სასამართლოებს შორის იმ შემთხვევებში, როცა მათ იურისდიქციებს შორის თანხვედრა ხდება? ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი: ეს უკანასკნელნი უდავოდ შეიტანენ აპელაციებს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში. კონსტიტუციით საააპელაციო იურისდიქცია მკაფიოდ და გარკვევით ენიჭება უზენაეს სასამართლოს ფედერალური განსჯადობის ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევასთან მიმართებაში, რომლებშიც ეს უკანასკნელი პირველი ინსტანციის სასამართლოდ არ გვევლინება.  მისი იურისდიქცია დაბალი ინსტანციის უკლებლივ  ყველა ფედერალურ სასამართლოზე ვრცელდება. მაგრამ მხედველობაში გასაჩივრებული საქმეებია მიღებული და არა ის სასამართლოები, რომლებსაც ამგვარი აპელაციები შეაქვთ. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ და მოვლენათა განვითარების ლოგიკასაც თავისას მივუზღავთ, მაშინ აქიდან ის გამომდინარეობს, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილება ცალკეული შტატის სასამართლოებზეც ვრცელდება. ან ყველაფერი ამგვარად უნდა ხდებოდეს, ან ადგილობრივ სასამართლოებს უნდა აეკრძალოთ თანხვედრილ იურისდიქციაში მონაწილეობა, როცა მხედველობაში საერთო – ეროვნული მასშტაბის საქმეები  გვაქვს; ანდა ისეთი ვითარება უნდა დავუშვათ, როცა ცალკეული მოსარჩელე თუ პროკურორი თავიანთი ხუშტურის მიხედვით გვერდს უვლიან საკავშირო სასამართლო ხელისუფლებას. საქმე ის არის, რომ არ არის უპრიანი რომელიმე ამ ხერხთაგანს მივმართოთ. განსაკუთრებით დაუშვებელია, მოვლენებს იმგვარი განვითარების საშუალება მივცეთ, როგორც იგი ბოლოს დასახელებული ვარაუდის მიხედვით არის წარმოდგენილი. ამგვარი რამ ძირს გამოუთხრიდა შემოთავაზებული ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანსა და აღიარებულ მიზნებს და არსებითად დააბრკოლებდა მის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საფუძველი. იმ შენიშვნის თანახმად, რომელიც უკვე გამოვთქვით, საერთო – ეროვნულ სისტემასა და ცალკეული შტატის სიტემას ერთი მთელის ნაწილებად უნდა განვიხილავდეთ. რა თქმა უნდა, ცალკეული შტატის სასამართლოები საკავშირო კანონთა აღსრულების ბუნებრივ დამხმარე საშუალებად მოგვევლინებიან. ასევე ბუნებრივია ისიც, რომ აპელაციები მათ იმ სასამართლოში შეიტანონ, რომლის ამოცანაც შემდეგში მდგომარეობს: გააერთიანოს და გააერთგვაროვნოს საერთო – ეროვნული სამართლიანობის პრინციპები და ის წესები, რომელთა მიხედვითაც საერთო – ეროვნული მასშტაბის გადაწყვეტილებათა მიღება ხდება. კონვენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა ამ მხრივ ერთ მკაფიოსა და გარკვეულ მიზანს ისახავს:  ყველა განსაკუთრებული საქმის განხილვა,  ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მიზეზთა გამო, საკავშირო სასამართლოებში უნდა იწყებოდეს, ანდა მათზე საბოლოო მსჯავრი სწორედ ამ სამსჯავროებს უნდა გამოჰქონდეთ. ამრიგად, სააპელაციო იურისდიქცია უზენაეს სასამართლოს ენიჭება. ამასთანავე, იგი არ შემოიფარგლება მარტო აპელაციების მიღებით მისდამი დაქვემდებარებული ფედერალური სასამართლოებისგან. ზოგად დებულებებს თუკი ამგვარად გავიგებდით, შეცდომას დავუშვებდით. პირიქით, უზენაესი სასამართლოს იურისდიქცია – ამ მხრივ – ცალკეული შტატის ყველა სასამართლოზე ვრცელდება. ამ საკითხის სხვაგვარი განხილვა უზენაესი სასამართლოს იურისდიქციის შეკვეცის ტოლფასი იქნებოდა. ასეთი რამ კი დაამახინჯებდა კანონმდებლის თავდაპირველ განზრახვას და იგი საღ აზრთან სრულიად დაპირისპირებულ ვითარებად მოგვევლინებოდა.
მაგრამ შეიძლება თუ არა ის, რომ ცალკეული შტატის სასამართლოებმა აპელაციები დაქვემდებარებულ ფედერალურ სასამართლოებში წარადგინონ? ეს სრულიად სხვა შეკითხვაა და მასზე პასუხის გაცემა ბევრად უფრო ძნელია. ქვემორე მოსაზრებანი განაპირობებენ იმას, რომ მასზე დადებითი პასუხი გაიცეს. ჯერ ერთი,  კონვენტის გეგმით საერთო – ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლება უფლებამოსილია “დააარსოს უზენაესი სასამართლოსადმი დაქვემდებარებული სასამართლო ორგანოები” [1]. ამის შემდგომ მასში გაცხადებულია:” შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება უზენაესი სასამართლოსა და დაბალი ინსტანციის იმ სასამართლოთა მიერ, რომელთაც დრო და დრო კონგრესი აარსებს”. ამას მოსდევს იმ  საქმეთა ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება საკავშირო სასამართლო ხელისუფლება. ამის შემდგომ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ იყოფა უზენაესი სასამართლო პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებად. მაგრამ არაა განსაზღვრული ის, თუ არის დაქვემდებარებული სასამართლოები; მინიშნებულია მხოლოდ ის, რომ ისინი “უზენაეს სასამართლოს დაექვემდებარებიან” და რომ მათ უფლება არ აქვთ, დაარღვიონ ფედერალური იურისდიქციით დადგენილი საზღვრები. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოები არიან თუ მათ მხოლოდ სააპელაციო უფლებამოსილება ენიჭებათ. როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ ყოველივე ამას თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს საკანონმდებლო ორგანო. ამ ვითარებაში ვფიქრობ, არაფერი აბრკოლებს იმას, რომ ცალკეული შტატის სასამართლოებმა აპელაციით მიმართონ დაბალი ინსტანციის ფედერალურ სასამართლოებს. არ არის ძნელი წარმოსადგენი ის, თუ რაოდენი სარგებლის მოტანა ძალუძს ამგვარ პრაქტიკას. ნაკლები საბაბი იარსებებს იმისა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ფედერალურ სასამართლოთა რიცხვი; მიღწეული იქნება შეთანხმება იმის თაობაზე, რომ შეკვეცილ იქნეს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო იურისდიქცია. ამ შემთხვევაში ცალკეული შტატის სასამართლოთა კომპეტენციაში უფრო მეტი ფედერალური საქმე გადავა; და თუკი შტატის სასამართლოები საჭიროდ მიიჩნევენ აპელაციათა წარდგენას, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი უზენაეს სასამართლოს კი აღარ მიმართავენ, არამედ მათ კავშირის საოლქო სასამართლოებში შეიტანენ.
პუბლიუსი


[1] მუხლი I, კარი 8

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group