ფედერალისტი  # 22 : ჰამილტონი
1787წ.14 დეკემბერი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

არსებულ ფედერალურ სისტემას, გარდა უკვე ჩამოთვლილი ნაკლოვანებებისა, ბევრი  სხვა არანაკლებ არსებითი წუნიც აქვს, ყველა ერთად კი მას სრულიად გამოუსადეგარს ხდის კავშირის საქმეთა მართვის თვალსაზრისით.
ყველა მხარის აღიარებით, ამ ნაკლოვანებათა შორისაა ისეთი ძალაუფლების უქონლობა, რომელიც აღებმიცემობას აწესრიგებს. მისი სარგებლიანობის შესახებ მსჯელობას მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ ჩვენს გამოკვლევაში. ამიტომ და იმის გამოც, რომ ამ თემაზე თითქმის არავინ დავობს, უკვე თქმულზე დასამატებელიც  ბევრი არაფერი დარჩა. თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადია, რომ არ არსებობს სხვა რამ საკითხი, რომელიც ვაჭრობისა თუ ფინანსების ინტერესებს შეეხება და ფედერალური ხელისუფლების მხრივ უფრო მკაცრ მართვას მოითხოვს. მისი უქონლობა ხელს უშლის საზღვარგარეთის ქვეყნებთან სასარგებლო ხელშეკრულებათა დადებას და შტატებს შორის უთანხმოებების საბაბიც ხდება.  არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ჩვენი გაერთიანების ბუნებას იცნობს, არ გამოიჩენდა უგუნურებას და შეერთებულ შტატებთან არ გააფორმებდა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ამ უკანასკნელს რამდენადმე მაინც მნიშვნელოვან პრივილეგიებს მიანიჭებდა, რაკი მათ ეცოდინებოდათ, რომ კავშირის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღებული ვალდებულებების დარღვევა. გამოცდილებაც ამ ქვეყნების მხარესაა, ისინი ხომ ჩვენი ბაზრის სიკეთეებით ყოველთვის შეუზღუდავად  სარგებლობდნენ, სანაცვლოდ კი არასდროს არაფერი გაუღიათ, გარდა იმისა, რაც იმ მომენტში ისევ მათთვის იყო ხოლმე სახეირო. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, თუ ბატონმა ჯენკინსონმა თემთა პალატაში შეტანილ კანონპროექტს, რომელმაც ორ სახელმწიფოს შორის დროებითი ურთიერთობანი უნდა მოაწესრიგოს, განაცხადი წარუმძღვარა: როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძველი კანონპროექტები     ბრიტანეთის ყველა სააღებმიმცემო მიზანს პასუხობდა, ამიტომ გონივრული იქნება, იმავე გეგმას მივსდიოთ და დაველოდოთ, ამერიკა გამოიჩენს თუ არა სათანადო სიმტკიცესო. *
ზოგიერთი შტატი ერთ ჭაპან – წყვეტაში იყო, რომ როგორმე ისეთი აკრძალვები, შეზღუდვები და გამონაკლისები შემოეღო, რომლებიც ზემოქმედებას მარტო ამ სამეფოს მოქმედებაზე მოახდენდნენ. მაგრამ შტატებს შორის საერთო ხელისუფლების უქონლობით გამოწვეული ერთსულოვნების არარსებობა, მათ შორის კინკლაობა და აზრთა სხვადასხვაობა დღემდე ასამარებდა ყოველ ასეთ წამოწყებას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ის დაბრკოლებები იარსებებენ, რომლებიც ხელს უშლიან ერთობლივ ღონისძიებათა ორგანიზებას. ზოგიერთი შტატის მიერ ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით გატარებული ღონისძიებები მართლაცდა ეწინააღმდეგება კავშირის სულისკვეთებას და ზოგ შემთხვევაში, დანარჩენთა სამართლიან გულისწყრომასა და საყვედურს იწვევს. ეს არის ძალზე საშიში ტენდენცია და თუ იგი საერთო – ეროვნული კონტროლის  ქვეშ არ მოვაქციეთ, კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო ნაკლები შუღლისა და მტრობის სათავედ როდი იქცევა, ვიდრე ის მავნე დაბრკოლებანია,  კონფედერაციის სხვადასხვა ნაწილს შორის ურთიერთობებს ხელს რომ უშლიან. “აღებმიცემობას გერმანიის იმპერიაში [1] დიდად აბრკოლებს ის ვითარება, რომ მასში შემავალი მთავრობები და სახელმწიფოები აუარება გადასახადს აწესებენ იმ საქონელზე, რომელსაც მათი ტერიტორიების გავლით ეზიდებიან, ამიტომაც თითქმის არავინ იყენებს იმ წარმტაც მდინარეებსა და ნაკადებს, რითაც ეგზომ მდიდარია გერმანია.”  ძალზე მეიმედება ჩვენი ხალხის სულიერი სიდიადისა: იგი  არავის მისცემს საბაბს იმისას, რომ ვინმემ ჩვენი ქვეყანა მსგავსი სიტყვებით მოიხსენიოს. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თუ კვლავაც გაღრმავდა ის შეხლა – შემოხლა, რომელსაც შტატების მიერ ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით შემოღებული ღონისძიებანი იწვევენ, მალე ერთი შტატის  მოქალაქენი მეორისას უფრო გულითადად როდი მოეკიდებიან, ვიდრე უცხოებს და გადამთიელებს ეკიდებიან ხოლმე.
კონფედერაციის პუნქტებში ნათლადაა მითითებული, რომ ჯარის ფორმირების საქმეში შტატების უფლებამოსილება  მხოლოდ ადამიანთა შესაბამისი კვოტის უზრუნველყოფით ამოიწურება. მაგრამ როგორც ბოლო ომის მიმდინარეობამ გაამჟღავნა, ამგვარი პრაქტიკა სავსეა დაბრლკოლებებით, გადაულახავ ზღუდედ რომ აღმართულან თავდაცვის მძლავრი და ეკონომიური სისტემის  მშენებლობის გზაზე.  სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აღმოცენდა შტატებს შორის შეჯიბრის ერთობ უცნაური სახეობა, რომელიც ადამიანთა თავისებურ აუქციონად  ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის გადასწრებაზე არიან და ერთი ერთმანეთზე მაღალ პრემიებს აწესებენ, რომ როგორმე მოთხოვნილი კვოტები შეავსონ. საქმე იქამდე მიდის, რომ უსაშველოდ გაბერილი პრემიების გადახდა არავის ძალუძს, მაგრამ ხალხი მაინც არ კარგავს იმედს, რომ პრემიები კიდევ მოიმატებს და ამის მოლოდინში ცდილობენ, რაც შეიძლება გააჭიანურონ ჯარისკაცად ჩაწერის დრო. საქმე ის არის, რომ ჯარში ხანგრძლივი ვადით წასვლა ისედაც დიდად არავის ეხალისება. აი, მიზეზნი იმისა, რომ ავბედობის ჟამს იარაღის ასხმის  მსურველთა რაოდენობა მცირეა და ჯარის შევსებაც ერთობ დუნედ მიმდინარეობს. ამას ზედ ერთვის უსაშველო დანახარჯები და გამუდმებული მღელვარებანი საჯარისო ნაწილებში; ყოველივე ეს კი არმიაში დისციპლინის მოშლას იწვევს, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ ნასალდათარი ხალხი ხშირად მომაკვდებელ საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიმშვიდეს. ამიტომაცაა, რომ საჭირო რაოდენობის ადამიანთა შეგროვების მიზნით ხშირად მიმართავენ ხოლმე უმკაცრეს ღონისძიებებს, რომლებსაც ხალხი თავისუფლების უდიდესი სიყვარულის გამო თუ მოითმენს.
ჯარის შეკრების ამგვარი მეთოდი როგორც ეკონომიკასა და თავდაცვიუნარიანობას ვერ გამოაკეთებს, ისე ხეირს არ დააყრის შტატებს შორის დანახარჯების თანაბრად გადანაწილებას. ის შტატები, რომლებიც საომარ მოქმედებათა თეატრთან ახლოს მდებარეობდნენ, არაფერს იშურებდნენ კვოტების შესავსებად, ხოლო მისგან დაშორებული შტატები ამ ხალხის სიბეჯითეს შესაშურ დაუდევრობასა და ყურწაგდებულობას აგებებდნენ. ხალხის რეკრუტირების სფეროში არაფერს შეეძლო შეემსუბუქებინა  ასეთი უთანასწორობის ტვირთი. სხვაა ფულადი კონტრიბუციები. ამ საქმეში ყოველთვის არსებობს იმედი იმისა, რომ მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება. შტატებს, რომლებსაც თავიანთი წილი ფულადი შესატანი არ შეაქვთ, ამისთვის შეიძლება პასუხი ვაგებინოთ. მაგრამ შეუძლებელია, განხორციელდეს როგორც ამგვარი ანგარიშგება, ისე პასუხისგება, მაშინ, როცა საქმე ეხება დანაკლისს ადამიანათა კვოტების შევსებაში.  ოღონდ როცა დავფიქრდებით, თუ რაოდენ ცოტაა ალბათობა იმისა, რომ ყველაზე ურჩმა შტატებმა ოდესმე გადაუხდელი თანხის კომპენსაცია გაიღონ, სულაც არ იქნება გულდასაწყვეტი, თუკი არანაირი იმედი ზემოხსენებული კვოტების შევსებისა არ არსებობს. კვოტებისა და რეკვიზიციების სისტემა სულერთია, ფულზეა საქმე თუ ადამიანებზე, კავშირის უნიათობას ადასტურებს და ის წევრებს შორის ფეხმოკიდებულ უთანსწორობასა და უსამართლობაზე მიუთითებს.
კიდევ ერთი საძრახისი რამ, რაც ჩვენს კონფედერაციას სჭირს, ის არის, რომ საარჩევნო ხმები შტატებს შორის თანაბრად არის გადანაწილებული. მაგრამ პროპორციულობის ყოველი იდეა და სამართლიანი გადანაწილების ყოველი წესი მოგვიწოდებს, დავგმოთ ის პრინციპი, რომელიც ძალაუფლების სასწორზე ერთნაირ წონას ანიჭებს როდაილენდს და მასაჩუსესტს თუ კონექტიკუტს, ანდა ნიუ-იორკს; დელვირს კი იმავე ხმის უფლებით აღჭურავს, რაც პენსილვანიას თუ ვირჯინიას, ანდა ჩრდილო – კაროლინას შეეფერება. ამ პრინციპის გამოყენება ეწინააღმდეგება რესპუბლიკური მმართველობის ფუნდამენტურ მაქსიმას, რომ უპირატესობა ყოველთვის უმრავლესობის მხარეს უნდა იყოს. ჩვენი სოფისტი თანამემამულენი ამაზე შემოგვესიტყვებიან და მოგვიგებენ: ყველა სუვერენი თანასწორია და შტატების ხმათა უმრავლესობა, ამავე დროს, კონფედერაციული  ამერიკის უმრავლესობაც იქნებაო. მაგრამ ამგვარი ლოგიკური ოინბაზობა ვერ გადაწონის სამართლიანობისა და საღი აზრის შესახებ ნათელ წარმოდგენებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ შტატების ამგვარმა უმრავლესობამ ამერიკელი ხალხის უმცირესობა შეადგინოს. ხოლო ამერიკის [2] ორი მესამედი არასდროს შეურიგდება იმას, რომ მისი ინტერესები – თითიდან გამოწოვილი განსხვავებებისა და სილოგისტურ დახვეწილობათა წყალობით – ამერიკის ერთი მესამედის ხელში აღმოჩნდეს. მსხვილი შტატები უმალვე აღიმაღლებენ ხმას იმის წინააღმდეგ, რომ უფრო წვრილი შტატების მიერ მიღებულ კანონებს დაემორჩილონ. პოლიტიკურ სასწორზე კუთვნილი წონის დაკლებას ისინი მარტო ძალაუფლების სიყვარულის გამო როდი შეეწინააღმდეგებიან, არამედ იმადაც, რომ თანასწორობისთვის თავის განწირვის სურვილი ამოძრავებთ. მაგრამ იმედია, არც ერთი მოხდება და არც მეორე. ვინაიდან უფრო წვრილ შტატებს კარგად აქვთ შეგნებული ის, რომ მთლიანად კავშირის შენარჩუნებაზეა დამოკიდებლი  მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა, მათ არც უნდა იქონიონ იმგვარი პრეტენზია, რაც საბედისწერო იქნებოდა მათივე არსებობისთვის. 
ამაზეც შეიძლება, შემოგვესიტყვონ: თუ შვიდი შტატი არ არის საკმარისი, მაშინ ცხრა ავიღოთ. ე.ი. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მთლიანი რაოდენობის ორი მესამედის თანხმობა ესაჭირებაო; საქმე ის არის, რომ ცხრა შტატში ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს. მაგრამ ამით არაფერი იცვლება, შეუსაბამობა შეუსაბამობადვე რჩება: დაუშვებელია შტატებს თანაბარი საარჩევნო ხმა ჰქონდეთ, მაშინ, როცა სხვადასხვა სიდიდისანი არიან და მოსახლეობის რაოდენობითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგრამ ეს დასკვნაც არ არის სწორი, ვინაიდან შეგვიძლია ცხრა ისეთი  შტატის დასახელება, რომლებშიც მთელი მოსახლეობის უმრავლესობაზე ნაკლები ცხოვრობს. [3] კენჭისყრის დროს კი, კონსტიტუციურად არის შესაძლებელი, რომ ცუმრავლესობა სწორედ მათ შეადგინონ. გარდა ამისა, არსებობენ ისეთი საჭირბოროტო  საკითხები, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ხმათა უბრალო უმრავლესობა ესაჭიროება. მაგრამ  თუ გაიფანტა ეჭვი შვიდი შტატის ხმათა საკმარისობის თაობაზე, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებანი, შესაძლოა, სასიცოცხლო ინტერესებს შეეხონ. ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში შეიძლება შტატების რიცხვი გაიზარდოს, ხმათა შესაბამისი გაზრდის მექანიზმი კი არ არსებობს.
მაგრამ ყველაფერი ამით როდი ამოიწურება. ის, რაც ერთი შეხედვით წამალს ჰგავს, სინამდვილეში საწამლავია. როცა უმცირესობას უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ენიჭება (ასეთი რამ კი ხდება ყოველთვის, როცა გადაწყვეტილების მისაღებად თვით უმრავლესობაზე მეტიც კია საჭირო), ეს იმ ფარული ტენდენციის გამოხატულებაა, რომ უმცირესობის აზრმა უმრავლესობის აზრი დაიმორჩილოს. კონგრესის სხდომებს ხშირად არ ესწრება ხოლმე რამდენიმე შტატის წარმომადგენელი, რის გამოც იგი პოლონეთის სეიმს ემსგავსება, სადაც ერთი ხმაც საკმარისია იმისთვის, რომ მან მუშაობა შეაჩეროს. კავშირის ერთ მესამოცედ ნაწილს, რაც დელავერისა და როდ – აილენდის ტოლია, ხშირად შეუქმნია გადაულახავი დაბრკოლება მისი მუშაობისთვის. ზემოხსენებული პროცედურა ერთ იმ დახვეწილობათაგანია, რომელსაც პრაქტიკაში იმის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს, რაც თეორიაში იყო ჩაფიქრებული. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში აუცილებელია არსებობდეს ერთსულოვნება, ანდა რაღაც ამის მსგავსიო – ამ შეხედულებას იქეთკენ სწრაფვა ასაზრდოებს, რომ ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სინამდვილეში კი ხელს უშლის მართვას და ანადგურებს მთავრობის ენერგიას. უმრავლესობის მოწესრიგებული თათბირებისა და გადაწყვეტილებათა ადგილს არადმისაჩნევი, ბობოქარი და კორუმპირებული ხუნტის სიამოვნება, ახირება თუ გამონაგონი იჭერს. ეროვნული შეჭირვების ჟამს უდიდეს მნიშვნელობას იძენს ის, ვარგებულია თუ უვარგისი, სუსტია თუ ძლიერი მისი მთავრობა, ვინაიდან აუცილებელია ის, რომ მან იმოქმედოს. საზოგადო საქმე, ასე თუ ისე, წინ უნდა მიიწევდეს. თუ გაკერპებული უმცირესობა დაჟინებით ცდილობს უმრავლესობის მოქმედებათა გაკონტროლებას, უმრავლესობა – იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, რაღაც მაინც კეთდებოდეს, _ იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს უმცირესობის აზრს; ისე რომ, ეს უკანასკნელი გადასძალავს უმრავლესობისას და ტონს აძლევს  ეროვნულ მოძრაობას. სწორედ აქედენ მომდინარეობენ ეს გულისგამაწვრილებელი დაყოვნებანი, გამუდმებული მოლაპარაკებები და ინტრიგები, ეს აუტანელი კომპრომისები, საზოგადო სიკეთის სახელით რომ კეთდება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ იმგვარ სისტემაში, როგორიც ჩვენია, ჯერ კიდევ შესაძლებელია კომპრომისები, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში მდგომარეობის მოგვარებას სასიკეთო პირი არ უჩანს, მთავრობის ღონისძიებანი კი აყოვნებენ ან კრახს განიცდიან. ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე ხმათა აუცილებელი უმრავლესობის მოგროვება და მდგომარეობაც ადგილიდან აღარ იძვრის. ამგვარი უძლურებიდან ანარქიამდე კი ერთი ნაბიჯიღა რჩება.
ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ასეთი პრინციპი უფრო ფართო გასაქანს აძლევს როგორც ქვეყნის გარედან შემოჭრილ კორუფციას, ისე ქვეყნის შიგნით მღელვარებებს,  ვიდრე ის,   გადაწყვეტილებათა მიღება უმრავლესობისთვის რომ მიუნდვია. ამ შეცდომის სათავე ის არის, რომ ზრუნვა დაუკლიათ იმ უკეთურებათა აღმოფხვრისთვის, რომლებმაც შესაძლოა, დააბრკოლონ მთავრობა კრიტიკულ სიტუაციებში. როცა ეროვნული მოქმედების უზრუნველყოფა კონსტიტუციით უმრავლესობას ევალება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მშვიდად დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ვინაიდან არაფერი არამართებული არ მოხდება . მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე ის, თუ რამდენი კარგი რამ რჩება გაუკეთებელი და რამდენი ცუდი რამ კეთდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ კეთდება ის, რაც გასაკეთებელია. საბოლოო ჯამში კი, მდგომარეობა იმადვე რჩება, რაც იყო და მას გამოსწორების პირი არ უჩანს.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და მოკავშირე ქვეყნის მხარდამხარ უცხო სახელმწიფოს ვებრძვით. დავუშვათ, მდგომარეობამ მოულოდნელად მოითხოვა ჩვენგან, რომ მტერს დავზავებოდით, ჩვენს მოკავშირეს კი თავისი ინტერესები თუ ამპარტავნება საომარ მოქმედებათა  განგრძობისკენ უბიძგებს. ჩვენი მხრივ სეპარატული ზავის დადება გამართლებული იქნებოდა. ჩვენი მოკავშირე კი ყველაზე იოლ გამოსავალს დაუწყებდა ძიებას და მოქრთამვისა და ინტრიგების გზით შეეცდებოდა, ხელ-ფეხი შეეკრა ჩვენი მთავრობისთვის, რომ როგორმე მისთვის ზავის დადების საშუალება მოესპო. მთავრობას კი საამისოდ ხმათა ორი მესამედი სჭირდება, მაშინ, როცა უბრალო უმრავლესობაც სრულიად საკმარისი იქნებოდა. ერთ შემთხვევაში მას უფრო მცირე რაოდენობის მოქრთამვა დასჭირდებოდა, მეორეში კი – უფრო დიდი რაოდენობისა. იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც ვეომებით, ამავე პრინციპით თუ იმოქმედებდა, არ გაუჭირდებოდა,  თავგზა აებნია ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოებისთვის და ხელი შეეშალა ჩვენი მოქმედებებისთვის. ამგვარსავე უხერხულობებს ვაწყდებით ვაჭრობის სფეროშიც. არცერთი ქვეყნისთვის, ვისთანაც ჩვენ სავაჭრო ხელშეკრულება გვაქვს დადებული, სულაც არ იქნება ძნელი, ჩაშალოს ჩვენი კავშირი მის კონკურენტ ქვეყანასთან, კავშირი, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენთვის.
ეს ბოროტებანი ფანტაზიის ნაყოფი როდია. უამრავ უპირატესობასთან ერთად, რესპუბლიკას სუსტი მხარეებიც აქვს, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის არის, რომ მას უჭირს უცხოეთიდან  მოძალებულ კორუფციასთან გამკლავება. მემკვიდეობითი მონარქი, მზად რომ არის ქვეშევრდომები თავისი ამპარტავნების სამსხვერპლოზე მიიტანოს, პიროვნულად არის დაინტერესებული მთვრობის მოქმედებითა და ერის იმ დიდებით, რითაც ის შემოსილია უცხოეთის თვალში. ისე რომ, ამაოდ გაირჯებოდა უცხოური ხელისუფლება მისთვის იმის სანაცვლო შეეთავაზებინა, რასაც იგი სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა, თუკი სახელმწიფოს ღალატს ჩაიდენდა. ამიტომაც კაცობრიობის ისტორიაში ძალზე ცოტაა სამეფო ღალატის მაგალითები, თუმც კი თავსაყრელად მოიპოვება ყველა სხვა ჯურის გამყიდველობის ნიმუშები.
რესპუბლიკური მმართველობისას არსებობენ პიროვნებანი, რომლებსაც თანამემამულეთა ხმების წყალობით დიდი თანამდებობანი მოუხვეჭიათ და საარაკო გავლენაც მოუპოვებიათ; სწორედ ამ ხალხმა, თავის საქციელში ვითომდა უზენაესი სათნოებით რომ ხელმძღვანელობს, შეიძლება ადვილად  გაყიდოს თავისი ამომრჩევლის ნდობა, რაკი მიუჩნევია, რომ შემოთავაზებული კომპენსაციები ბევრად აღემატებიან საერთო საქმით მის დაინტერესებულობას; ასე გადასწონის ხოლმე კომპენსაციები აღებულ ვალდებულებებს. ამიტომაც რესპუბლიკური მმართველობის ისტორია სავსეა დამღუპველი  კორუფციის მაგალითებით. ჩვენ უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორEღუპავდა იგი ძველ საზოგადობებს. ცნობილია, თუ როგორ ქრთამავდნენ მეზობელ სამეფოთა ემისრები გაერთიანებულ პროვინციათა არჩეულ წარმომადგენლებს. გრაფი ჩესტერფილდი (თუ მეხსიერება არ მღალატობს) თავისი კარისადმი ერთ-ერთ წერილში გადაკვრით იტყობინება, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ბედს ის გადაწყვეტს, ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი მისი მეშვეობით  მიიღებს თუ არა მაიორის ჩინს. შვედურ პარტიებს ისე უნამუსოდ და საქვეყნოდ ქრთამავდნენ საფრანგეთი და ინგლისი, რომ ამან ქვეყნის მოსახლეობაში საყოველთაო ზიზღი გამოიწვია. იგივე რამაა მიზეზი იმისა, რომ ყველაზე შეზღუდული უფლებების მქონე ევროპელი მონარქი, ერთ მშვენიერ დღეს, ყოველგვარი შფოთის, ძალადობისა თუ წინააღმდეგობის გარეშე, შეიძლება ყველაზე აბსოლუტურ და არაკონტროლირებად მბრძანებლად მოგვევლინოს.
კონფედერაციის მანკიერებებს ერთგვარ გვირგვინს ადგამს კიდევ ერთი ნაკლი, რაც ახლა უნდა მოვიხსენიოთ. საქმე სასამართლო ძალაუფლების არასაკმარისობას ეხება. კანონები მკვდარია მანამ, ვიდრე მათ სულს  სასამართლოები არ შთაბერავენ. სწორედ სასამართლოები განმარტავენ და ადგენენ მათი მოქმედების ჭეშმარიტ საზრისს. შეერთებული შტატების მიერ დადებული ხელშეკრულებანი, – თუკი მათ საერთოდ რაიმე ძალა აქვთ, – ამ ქვეყნის კანონებად უნდა მივიჩნიოთ. მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, სხვა კანონების მსგავსად, – განასაკუთრებით ინდივიდებთან მიმართებაში, – სასამართლო გადაწყვეტილებათა საშუალებით უნდა დგინდებოდეს. გადაწვეტილებათა ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად აუცილებელია  არსებობდეს უზენაესი სასამართლო , რომელსაც ყველა სასამართლო დაემორჩილება. ეს უკანასკნელი იმავე ძალაუფლებამ უნდა დააარსოს, რომელიც ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსლებითაა აღჭურვილი. ამ პროცესის ორივე შემადგენელი აუცილებელია. თუკი ყველა შტატს თავთავიანთი უზენაესი სასამართლო ექნებოდა, მაშინ ერთსა და იმავე საკითხზე იმდენი საბოლოო განაჩენი იარსებებდა, რამდენი შტატიც არსებობს. ადამიანთა შეხედულებები უსასრულოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არათუ სასამართლო გადაწყვეტილებანი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ ერთი და იგივე სასამართლოს მოსამართლეებს, ხშირად, ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. კაცობრიობა სწორედ იმიტომ მივიდა უზენაესი სასამართლოს დაარსების აუცილებლობამდე, რომ თავიდან აეცილებინა ის არეულდარეულობა, რაც უცილობლად მოყვება ხოლმე დამოუკიდებელი სასამართლოების მთელი წყების ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. სწორედ უზენაესი სასამართლოა აღჭურვილი უფლებამოსილებით, საერთო ზედამხედველობა გაუწიოს დანარჩენ სასამართლოებს და გამოაცხადოს საბოლოო განაჩენი, რათა ყველაფერი სამოქალაქო სამართლის ერთგვაროვან კანონთა მიხედვით წარიმართოს.
ასეთი დაწესებულება გაცილებით აუცილებელია შედგენილი  მმართველობისთვის, რათა მთელის მიერ გამოცემულ კანონებს საფრთხეს არ უქმნიდნენ ნაწილების მიერ მიღებული კანონები. თუ ამ შემთხვევაში ცალკეულ სასამართლოებს საბოლოო გადაწყვეტილებათა გამოტანის უფლებამოსილება მიენიჭებოდა, მაშინ აზრთა სხვადასხვაობით გამოწვეულ წინააღმდეგობებთან ერთად, საფრთხეს ადგილობრივი შეხედულებები და ცრურწმენებიც შექმნიდნენ იმ ზეგავლენით, რისი მოხდენაც მათ მოსამართლეებსა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენეზე ძალუძთ; გარდა ამისა, არც ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის გამორიცხვა შეიძლება. ყველგან, სადაც ასეთი ჩარევა მომხდარა, საერთო კანონების წინაშე უპირატესობა ყოველთვის ადგილობრივ კანონებს ენიჭებოდა, რამეთუ არაფერია იმაზე ბუნებრივი, რომ თანამდებობის პირი განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდებოდეს იმ ძალაუფლებას, ვის ნება – სურვილზეც არის დამოკიდებული მისი თანამდებობრივი არსებობა.
არსებული კონსტიტუციის პირობებში, ხელშეკრულებათა მომზადების პროცესში ცამეტი ურთიერთგანსხვავებული საკანონმდებლო ხელისუფლება და უამრავი - ამ უკანასკნელთა ეგიდით მოქმედი – ურთიერთგანსხვავებული სასამართლოა ჩართული. ამრიგად, კავშირის რეპუტაციას, მისდამი ნდობასა და საშინაო Mმშვიდობას  გამუდმებით ის ცრურწმენები, ვნებები და ინტერესები ატრიალებენ თავიანთ ნებაზე, მისი წევრებისთვის რომაა დამახასიათებელი. განა უცხო ქვეყნები პატივისცემით მოეკიდებიან და ენდობიან ასეთ ხელისუფლებას? განა კიდევ დიდხანს შეურიგდება შეერთებული შტატები იმას, რომ მისი ღირსება, ბედნიერება და უსაფრთხოება ეგზომ არასანდო საფუძველს ემყარებოდეს?
კონფედერაციის ამ მოკლე მიმოხილვისას მე მის არსებით მანკიერებებზე გავამახვილე ყურადღება და გვერდი ავუარე ისეთ ნაკლოვანებებს, რომელთა გამოისობითაც უსარგებლო იქნებოდა მისთვის უფრო დიდი უფლემოსილების მინიჭება. ამჟამად ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის - ვინც  თავისუფალია წინასწარ აკვიატებული აზრებისგან, - ცხადია, რომ  არსებული მთლიანი  სისტემა მანკიერი და არაჯანსაღია, ამიტომ მასში ცალკეულ შესწორებათა შეტანა როდია საჭირო, არამედ მისი საფუძვლებისა და ხასიათის რადიკალური ცვლილებაა აუცილებელი.
კონგრესის ორგანიზაცია უკიდურესად შეუფერებელია იმ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, რომელიც კავშირს აქვს მინიჭებული. ერთი ასამბლეა შესაძლოა, საკმარისი გამოდგეს უმნიშვნელო თუ შეზღუდული პასუხისმგებლობების განსახორციელებლად, რომლებიც აქამდე ფედერალური ხელისუფლების კომპეტენცია იყო. მაგრამ იგი არ შეესაბამება კარგი მართვის პრინციპთა მოთხოვნას, რომელიც მისთვის დამატებით უფლებამოსილებათა გადაცემასაც ითვალისწინებს. არადა, ახალი კონსტიტუციის ყველაზე გაწონასწორებული და მოზომილი მოწინააღმდეგენიც კი შეერთებული შტატებისთვის ამგვარი გადაცემის აუცილებლობას აღიარებენ. თუ ეს გეგმა ჩავარდება, კავშირი კი მაინც გაძლებს და მისი დაშლის მოსურნეთა პირადი განდიდების დიად ზრახვებს გადაურჩება, ჩვენ ალბათ, მხარს დავუჭერთ არსებული კონგრესისთვის დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭებას, რამეთუ ეს კონსტრუქცია მისთვის დამახასიათებელი სისუსტის გამო ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხობა, მიუხედავად იმ წინდაუხედავი ღონისძიებებისა, რომლებსაც მისი გამაგრების მიზნით ვატარებთ. ანდა უფლებამოსილებათა თანდათანობითი ზრდის გამო აუცილებლობით რომაა ნაკარნახები, საბოლოოდ ამ ერთადერთ სახელისუფლებო ორგანოში მოიყრის თავს სუვერენიტეტისთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი პრეროგატივა; ამით კი ჩვენს მომავალ თაობებს მმართველობის ყველაზე საზარელ ფორმას ვუანდერძებთ, რაც კი ძალაუფლებისადმი ადამიანის ბრმა სიყვარულს ოდესმე უშვია. ისე რომ, სინამდვილეში ჩვენ სწორედ იმ ტირანიას დავაფუძნებდით, რომლის წინააღმდეგ მებრძოლებადაც თავი მოაქვთ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს.
არსებული ფედერალური სისტემის სისუსტე გარკვეულწილად იმითაცაა  განპირობებული, რომ იგი არასოდეს ყოფილა ხალხის მიერ რატიფიცირებული. რაკი არ ეფუძნება სხვა უკეთეს საფუძველს, ვიდრე რამდენიმე საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობაა, ამიტომაც ხშირად დაისმის არსებითი შეკითხვები მისი კანონიერების თაობაზე. ამან დასაბამი მისცა ე.წ. საკანონმდებლო გაუქმების დოქტრინას. რაკი ესა თუ ის სახელისუფლებო ორგანო თავის რატიფიკაციას  სახელმწიფო კანონს უმადლის, იმავე ავტორიტეტს მისი გაუქმების უფლებაც აქვსო. რაგინდ ერეტიკული იყოს მისი მტკიცება _ ხელშეკრულების ერთერთ მხარეს ამ ხელშეკრულების გაუქმების უფლება აქვსო, ამ დოქტრინას ბევრი პატივცემული მომხრე ჰყავს. ის, რომ შესაძლებელია ამგვარი საკითხის წამოჭრა, დაბეჯითებით მხოლოდ ერთი  რამისკენ მოგვიწოდებს: აუცილებელია, რომ ეროვნული მმართველობა უფრო ღრმა საფუძველზე დავაშენოთ, ვიდრე ეს დელეგირებული ძალაუფლების ცარიელა სანქციაა. ამერიკული იმპერიის შენობა იმ მტკიცე საძირკველს უნდა ემყარებოდეს, რომელსაც ხალხის თანხმობა ჰქვია. ეროვნული ხელისუფლების ნაკადები ყველა ლეგიტიმური ძალაუფლების ამ წმინდა წყაროდან უნდა მოედინებოდეს.
პუბლიუსი

*  როგორც მახსოვს, ასეთი იყო შინაარსი სიტყვისა, რომელიც მან ბილის შეტანის დროს წარმოთქვა ( პუბლიუსი)
[1] ენციკლოპედია, სტატია “ იმპერია” ( პუბლიუსი)
[2] ნიუჰამპშირი, როუდაილენდი, ნიუჯერსი, დელავერი, ჯორჯია, სამხრეთი კაროლინა და მერილენდი ამერკის შტატების უმრავლესობას შეადგენს, მაგრამ მათში მისი მოსახლეობის ერთი მესამედიც კი არ ცხოვრობს (პუბლიუსი)
[3] ადრე ჩამოთვლილ შვიდ შტატს ნიუ-იორკი და კონექტიკუტიც  რომ დავუმატოთ, ისინი მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ვერ შეადგენენ (პუბლიუსი).

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group