ფედერალისტი # 42 :მედისონი
1788 წ. 22 იანვარი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

უფლებამოსილებათა მეორე ჯგუფი, რომლითაც ფედერალური ხელისუფლებაა აღჭურვილი, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგებას, ანუ ხელშეკრულებათა დადებას შეეხება. იგი ადგენს როგორც ელჩების, ისე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლებისა და კონსულების გაგზავნისა თუ მიღების წესებს;  განსაზღვრავს ღია ზღვაში მეკობრეობისა და მძიმე დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენისა და დასჯის პროცედურას; საერთაშორისო სამართლის დამრღვევთა პასუხისგების საკითხებს; ითვალისწინებს საგარეო ვაჭრობის მოწესრიგებას, რომელშიც ასევე შედის უფლებამოსილება 1808 წ. შემდეგ მონათა შემოყვანის აკრძალვისა და თოთოეულ შემოყვანილ მონაზე 10 დოლარის ოდენობით ბაჟის დაწესების თაობაზე; ეს უკანასკნელი ჩაფიქრებულია, როგორც მონებით ვაჭრობისთვის ხელისშემშლელი ღონისძიება.
უფლებამოსილებათა ეს კლასი ფედერალური მმართველობის ცხადსა და არსებით შტოს ქნის. თუკი ჩვენ რაიმე თვალსაზრისით ერთი ერი ვართ, მაშინ ასეთი, უწინარეს ყოვლისა, სხვა ერებთან მიმართებში უნდა ვიყოთ.
როგორც ხელშეკრულებათა დადება, ისე ელჩების წარგზავნა და მიღება თავისთავად ცხადი უფლებამოსილებანია. კონფედერაციის მუხლებით გათვალიწინებულია როგორც ერთი, ისე მეორე; მხოლოდ ერთი განსხვავებით: ხელშეკრულებათა დადების საკითხში კონვენტი უშვებს გამონაკლისს იმის გათვალისწინებით, რომ შტატების მიერ წამოყენებული პირობების გამო ხელშეკრულებას შეიძლება ჩაშლის საშიშროება დაემუქროს. ასევე,  ელჩების შესახებ ძველ დებულებას დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც გარკვევით და სათანადოდ განსაზღვრავს “ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენელთა და ელჩების” დანიშვნისა თუ მიღების უფლებამოსილებას. ტერმინი ელჩი ზუსტი მნიშვნელობით დიპლომატიური წარმომადგენლობის უმაღლეს რანგს გულისხმობს. როგორც ჩანს, ამ გაგებით იყენებს მას კონფედერაციის მეორე მუხლი. რაც შეეხება ელჩს, მის დანიშვნას შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ ეს საჭიროა, სხვა რანგის დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა არჩიოს. როგორი ფართო მნიშვნელობითაც არ უნდა გავიგოთ ეს ტერმინი, იგი არაფრით არ მოიცავს კონსულის რანგს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო მოხერხებულია შედარებით დაბალი რანგის დიპლომატიურ წარმომადგენელთა გამოყენება. კონგრესმა თავის მოღვაწეობაში თითქმის წესად შემოიღო ასეთი პრაქტიკა. საქმე, უწინარეს ყოვლისა, კონსულების წარგზავნას ეხება. როცა სავაჭრო ხელშეკრულება მოითხოვს იმას, რომ მხრეებმა საკონსულო მისიები გაცვალონ, რომელთა მოვალეობა კომერციული გარიგების პროცესზე მეთვალყურეობის გაწევაა,  რა თქმა უნდა, კონსულის დანიშვნა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, სავაჭრო ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსილებას მივაკუთნოთ. ამგვარი გარიგებების გარეშე კი ამერიკის კონსულთა დანიშვნა, შეიძლება , კონფედერაციის IX მუხლის საფუძველზე განხორციელდეს, რაც იმის უფლებას იძლევა, რომ დაინიშნოს ყველა თანამდებობის პირი, რომელიც კი აუცილებელი იქნება ამერიკის საერთო საქმეების წარსამართად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში კონსულების დანიშვნა, იმ შემთხვევაში, როცა ეს არ არის განპირობებული სავაჭრო ხელშეკრულებით, ასეთი რამ კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული. ამ ხარვეზის შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელო მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს კონვენტი წინამორბედი სისტემის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. მაგრამ ყველა წვრილმანი უდიდეს მნიშვნელობას იძენს, როგორც კი იგი იმაში დახმარების გაწევის მიდრეკილებას გაამჟღავნებს, რომ თავიდან აგვაშოროს ძალაუფლების თანდათანობითი და შეუმჩნეველი უზურპაციის საშიშროება. არავინ, ვისაც საგანგებოდ არ გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე, ოდნავადაც არ დარჩება გაკვირვებული, როცა იმ შემთხვევების ჩამონათვალს გაეცნობა, რა დროსაც კონგრესი მოტყუებით, ანდა კონფედერაციის მუხლების არასრულყოფილების გამო იძულებული გახდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი დაერღვია; იგი ასევე როდი იქნება არადმისაჩნევი საბუთი კონსტიტუციის სასარგებლოდ, რომელშიც ძველი კანონმდებლობის უმნიშვნელო ხარვეზებიც კი ისეთივე გულმოდგინებითაა გამოსწორებული, როგორც თვალშისაცემი და განსაკუთრებული გადაცდომები.
ღია ზღვაში ჩადენილი როგორც მეკობრეობისა და მძიმე დანაშაულის, ისე საერთაშორისო სამართლის დარღვევათა დადგენა და დასჯა, ასევე მართებულად განეკუთვნება საერთო მმართველობის კომპეტენციას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონფედერაციის მუხლებს. ეს უკანასკნელი არ ითვლისწინებს დებულებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის დაცვას უზრუნველყოფს, ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია ის, რომ რომელიმე დაუდევარმა წევრმა შეერთებული შტატები საერთაშორისო სკანდალში გახვიოს. მეკობრეობასა და მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით კონსტიტუცია იმით იფარგლება, რომ ამგვარ სამართალდარღვევათათვის სასამართლოების დაარსებას ითვალისწინებს. არავითარ უხერხულობას არ ქმნის ის, რომ მეკობრეობის განსაზღვრება საერთაშორისო სამართლის კომპეტენციას მივაკუთნოთ, თუმცა უმრავლეს ქვეყანაში ასეთი რამე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საგნადაა მიჩნეული; ასევე აუცილებელია განისაზღვროს, თუ რას ნიშნავს ღია ზღვაში ჩადენილი მძიმე დანაშაული; ინგლისური ჩვეულებითი სამართლითაც კი ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი, თუ რა არის მძიმე დანაშაული; ერთობ ფართო მნიშვნელობით იყენებს მას იმავე სამეფოს სტატუტური სამართალიც. მაგრამ საქმე ისაა, რომ უპრიანი არ არის ინგლისის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის არც ჩვეულებითი და არც სტატუტური სამართლით დადგენილი განსაზღვრება ნიმუშად გამოვიყენოთ, ვიდრე ასეთი რამ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ჩვენ თვითონ არ შეგვიმუშავებია. ამ ტერმინის ის მნიშვნელობა კი, რომელსაც რამდენიმე შტატის კოდექსი ითვალისწინებს, ისევე უვარგისია პრაქტიკული გამოყენებისთვის, როგორც უცხოური გამოცდილების გადმოღებაა ღირსებისთვის შეუფერებელი და არაკანონიერი; ვერ ნახავთ ორ შტატსაც კი, რომლებიც ერთნაირად განმარტავდნენ, თუ რა არის მძიმე დანაშაული; უფრო მეტი, თითოეული შტატი თვითონ ცვლის ხოლმე მისივე კანონმდებლობით შემოღებულ განსაზღვრებას სისხლის სამართლის კოდექსის ყოველი გადასინჯვის შემდეგ. ამიტომ, სიზუსტისა და ერთგვაროვნების მისაღწევად აუცილებელი და კანონიერიც იყო შესაბამისი უფლებამოსილება, რომელიც მძიმე დანაშაულის განსაზღვრებას უზრუნველყოფდა.
საგარეო ვაჭრობის მოწესრიგება იმდენი თვალსაზრისით და ისე სრულად იქნა განხილული, რომ ზედმეტი იქნებოდა იმის ხელახლა მტკიცება, იგი ფედერალური მმართველობის კომპეტენციაში უნდა იყოსო.
უთუოდ სასურველი იქნებოდა, რომ იმ უფლებამოსილების შემოღება, რომელიც მონების შემოყვანას კრძალავს, 1808 წლამდე არ გადაგვედო და დაუყონებლივ აგვემოქმედებინა. მაგრამ ძნელი არ არის ფედერალური მთავრობისთვის დაწესებული შეზღუდვის თუ იმ ფორმის ახსნა, რა ფორმითაც კონსტიტუციის ეს კარია გადმოცემული. კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშნელობა აქვს იმას, რომ ოც წელიწადში ჩვენს შტატებში შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ვაჭრობის ამ სახეობას, რომლის გამოც თანამედროვე პოლიტიკა ბარბაროსობაშია მხილებული და ბრალდებული. ამ ხნის განმავლობაში ფედერალურმა ხელისუფლებამ შეიძლება, ისე დაუკარგოს ხალისი ვაჭრობის ამ სამარცხვინო სახეობის ქომაგთ, ისე შეაფერხოს და შეამციროს იგი, რომ საბოლოოდ გააუქმოს კიდეც, თუ ამაზე ერთი - ორი  შტატიც დაიყოლია, რომელიც ჯერ კიდევ მისდევს ამ ბუნების საწინააღმდეგო პრაქტიკას ასეთი რამ ადვილად მოსალოდნელია, თუ ისინი შტატების უმრავლესობის მაგალითს გაითვალისწინებენ, რომლებმაც უკვე აკრძალეს მონებით ვაჭრობა.  რა ბედნიერი იქნებიან გაუბედურებული აფრიკელი ხალხები, როცა ისინი თავს დააღწევენ ევროპელი თანამოძმეების ჩაგვრის უღელს! ხშირი იყო შემოტევები კონსტიტუციის სწორედ ამ მუხლის წინააღმდეგ, ერთი მხრივ მას წარმოსახავდნენ როგორც ისეთ მოვლენას, რომელიც სტიმულს აძლევს არაკანონიერ ქმედებებს. მეორე მხრივ კი იმაში დებდნენ ბრალს, რომ თითქოსდა იგი ხელს უშლიდეს ნებაყოფლობითსა და კეთილმყოფელ ემიგრაციას ევროპიდან ამერიკაში; ეს ცრუმოსაზრებანი იმიტომ როდი ვახსენე, რომ ისინი პასუხის გაცემის ღირსად მიმაჩნდეს არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, თუ რა ფორმით და რა სულისკვეთებით უპირისპირდება ზოგიერთი კონსტიტუციას.
უფლებამოსილებათა მესამე ჯგუფში ისეთი კომპეტენციებია თავმოყრილი, რომლებმაც შტატებს შორის ჰარმონიული და მართებული დამოკიდებულება უნდა უზრუნველყონ.
ამავე ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ ზოგი ისეთი შეზღუდვა, რაც შტატის ხელისუფლებას უწესდება; ასევე, ის შეზღუდვები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელდება; ერთი განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა კატეგორიას განეკუთვნება; მეორე კი გამოწვლილვით იქნება განხილული, როცა მთავრობის სტრუქტურისა და მისი ორგანიზაციის განხილვაზე გადავალთ. ამჟამად იმ უფლებამოსილებათა მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები, რომლებიც რამდენიმე შტატსა და ინდიელ ტომებს შორის აღებმიცემობას აწესრიგებენ; ასევე მიმოვიხილავ იმ კომპეტენციებს, რომლებიც მონეტის მოჭრის, მისი ღირებულებისა და უცხოური ფულის ერთეულთან მის თანაფარდობას არეგულირებენ; იმ ქმედებათა დასჯას უზრუნველყოფენ, რომლებიც შეერთებული შტატების ყალბი ფულის მოჭრასა და ფასიანი ქაღალდების გაყალბებას შეეხება; ადგენენ წონისა და ზომის საწყაოს; შემოაქვთ ნატურალიზაციის ერთგვაროვანი წესი; განსაზღვრავენ გაკოტრების ერთგვაროვან კანონმდებლობას; ადგენენ იმ ფორმებს, რითაც უნდა ხდებოდეს საჯარო აქტების, ანგარიშებისა და სასამართლო სხდომათა ოქმების დამოწმება მოცემულ შტატში და, იმას თუ რა იურიდიული ძალა აქვს მათ სხვა შტატებისთვის; არეგულირებენ საფოსტო განყოფილებების გახსნასა და საფოსტო გზების მშენებლობას.
გამოცდილებამ თვალნათლივ დაგვანახა არსებული კონფედერაციის კიდევ ერთი ნკლი: უუნარობა იმისა, რომ მოაწესრიგოს შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ამ საკითხთან დაკავშირებულ მტკიცებებსა და შენიშვნებს, რომლებიც წინა წერილებში გადმოვეცით, შეიძლება მხოლოდ ის დაემატოს, რომ დამატებითი დებულების გარეშე აღებმიცემობის მოწესრიგების დიდი და არსებითი უფლებამოსილება არასრული და არაქმედითი იქნება. ამგვარი უფლებამოსილების მნიშვნელოვანი მიზანი ისაა, რომ შტატები, რომლებიც სხვა შტატების ტერიტორიის გავლით აწარმოებენ ექსპორტსა და იმპორტს, გაათავისუფლონ იმ აღმაშფოთებელი ხარკისგან, რასაც ეს უკანასკნელნი ადებენ იმპორტიორი და ექსპორტიორი შტატების საქონელს. თუ ამ შტატებს კვლავაც მიეცემათ სხვა შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა მოწესრიგების თავისუფლება, მაშინ უნდა გამოინახოს დაბეგვრის ისეთი გზები, რა დროსაც, იმ შტატების ტერიტორიაზე, რომელთა გავლითაც ხდება საქონლის გატარება, მოსაკრებელი ექსპორტიორი შტატების მეწარმეებსაც დაეკისრებათ და იმპორტიორი შტატების მომხმარებელსაც. გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომვალში სწორედ ასეთი წესები იქნება შემოღებული, მაგრამ გამოცდილება და ის ცოდნა, რომელიც ადამიანური ქცევის თაობაზე დაგვიგროვდა, ერთსა და იმავე რასმე გვეუბნება: ასეთი ვითარება გაუნელებელი მტრობის წყაროდ გვექცევა, რამაც შესაძლოა, საზოგადოებრივი სიმშვიდის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს. მათთვის, ვინც ამ საკითხს ადამიანური ვნებებისა და ინტერესების შუქზე არ უყურებს, არაგონივრულიც იქნება და უსამართლოც კომერციული შტატების დაუოკებელი მისწრაფება, რითაც შეიძლება უხვად მოითბონ ხელი მათი არაკომერციული მეზობლების მდგომარეობით, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღონ მათი არაპირდაპირი დაბეგვრის გზით. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაზარალებულ შტატებს მიყენებული წყენა თუ სარგებლის მიღების ინტერესი სტიმულს მისცემს, რათა საგარეო ვაჭრობის უფრო მოხერხებული გზები ეძიონ. მაგრამ გონების სუსტ ხმას, რომელიც მნიშვნელოვანი და მუდმივი ინტერესის ქონისკენ მოგვიწოდებს, ადვილად ახშობს ხოლმე სულწასული სიხარბის გამაყრუებელი ძახილი, მყისიერი და უზარმაზარი მოგების ხელში ჩაგდებისკენ რომ გვერეკება.
აუცილებელია, რომ არსებობდეს ერთი სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელიც კონფედერაციაში შემავალ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს მოაწესრიგებს. ამას ადასტურებს როგორც სხვა ქვეყნების, ისე საკუთარი გამოცდილება; შვეიცარიაშიც კი, სადაც კანტონებს შორის ერთობ სუსტი კავშირი არსებობს, ერთი კანტონი  ვალდებულია ბაჟის მომატების გარეშე გაატაროს მეორის საქონელი. გერმანიაში იმპერიის კანონითაა აკრძალული იმპერატორისა და რაიხსტაგის თანხმობის გარეშე მთავრებმა და მიწებმა ბაჟი ან მოსაკრებელი დააწესონ ხიდებით, მდინარეებითა თუ უღელტეხილებით სარგებლობაზე. თუმცა იმ ციტატის მიხედვით, რომელიც ერთ-ერთ წინა წერილში მოვიტანეთ, როგორც ამ, ისე ბევრ სხვა შემთხვევაშიც ზემოხსენებული კონფედერაციის კანონები ხშირად ირღვევა, რაც უბედურებათა სათავე ხდება. ჩვენც სხვა სურვილი არ გვამოძრავებს, თუ არა ის, რომ ჩვენს ქვეყანას თავიდან სწორედ ამგვარი უბედურებანი ავაშოროთ. ერთ-ერთი შეზღუდვა, ნიდერლანდების გაერთიანებულ პროვინციებში შემოღებული, იუწყება, რომ უმაღლესი ნებართვის გარეშე არც ერთ პროვინციას არ აქვს უფლება,  ისეთ მოსაკრებელი დააწესოს, რომელიც საზიანო იქნება მისი მეზობლისთვის. 
კონფედერაციის მუხლები სრულიად მართებულად ათავისუფლებს ინდიელ ტომებთან ვაჭრობას ორი შეზღუდვისგან, თუმცა ეს პუნქტი ერთობ ბუნდოვნად და წინააღმდეგობრივად არის ფორმულირებული. იგი მხოლოდ ისეთ ინდიელებზე ვრცელდება, რომლებიც არც ერთი შტატის მოქალაქენი არ არიან და არ არღვევენ იმ შტატის კანონებს, რომლის ტერიტორიაზეც ბინადრობენ; მაგრამ თუ რომელი ინდიელები უნდა ჩაითვალონ ამა თუ იმ შტატის წევრებად – ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და ფედერალურ საბჭოებში ხშირი დაბნეულობისა და კამათის საგანს წარმოადგენს. ამასთანავე, სრულიად გაუგებარია, თუ – მხოლოდ გარეგანი ძალაუფლების გამოყენებით, შტატის შიგა იურისდიქციაში ჩაურევლად - როგორ უნდა იქნეს მოწესრიგებული სავაჭრო ურთიერთობანი იმ ინდიელებთან, რომლებიც არ არიან ამ თუ იმ შტატის წევრები; ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა კონფედერაციის მუხლები იმის მიღწევას ცდილობს, რისი მიღწევაც შეუძლებელია: კავშირის ნაწილობრივი სუვერენიტეტი შტატების სრულ სუვერენიტეტთან მოარიგოს; ეს იგივეა, რაც მათემატიკური აქსიომა გაანადგურო იმით, რომ მისი ნაწილი მოშალო, ხოლო  მთელი მისი შინაარსი ხელუხლებელი დატოვო. 
რაც შეეხება მონეტის მოჭრის, მისი ღირებულებისა და უცხოური მონეტის ღირებულებასთან მისი თანაფარდობის მოწესრიგების უფლებამოსილებას, ამ საკითხშიც კონსტიტუციამ ძველი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოასწორა. არსებული კონგრესის ძალაუფლება მონეტის მოჭრის დარგში საკუთარი უფლებამოსილებით ან იმ კომპეტენციით შემოიფარგლება, რომელიც ამ დარგში  შტატის ხელისუფლებას აქვს. მაგრამ საჭიროა ახლავე გავისიგრძეგანოთ, რომ წესი, რომელიც ლითონის ფულის ერთგვაროვანი ღირებულების დადგენას გულისხმობს, ვერ იმუშავებს, თუ უცხოური ვალუტის ღირებულება კვლავაც სხვადასხვა შტატის ადგილობრივ მოწესრიგებაზე დამოკიდებული დარჩება.
როგორც ქაღალდის ფულის, ისე მიმოქცევაში არსებული ლითონის მონეტის გაყალბებისთვის სასჯელის დადება, რა თქმა უნდა, იმ ხელისუფლების უფლებამოსილება უნდა იყოს, რომელსაც ორივე მათგანის ღირებულების დადგენა ეკისრება.
ზომისა და წონის საწყაოთა მოწესრიგება ამოღებულია კონფედერაციის მუხლებიდან და იმავე მოსაზრებებზეა დაფუძნებული, რასაც მონეტარული მოწესრიგების უფლებამოსილება ეფუძნება.
დიდი ხანია მართვის ჩვენეული სისტემის მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება ის არაერთგვაროვნება, რომელიც სხვადასხვა შტატის  ნატურალიზაციის წესებს შორის არსებობს, რაც ბევრ რთულსა და საჩოთირო შეკითხვას ბადებს. კოფედერაციის IV მუხლი აცხადებს: “ამ შტატების თავისუფალ მაცხოვრებელთ ღატაკთა, მაწანწალებისა და იმათ გარდა, ვინც მართლმსაჯულებას გამოქცევია, უფლება აქვთ, ისარგებლონ თავისუფალ მოქალაქეთა პრივილეგიებითა და შეუვალობით სხვადასხვა შტატებში, ხოლო თითოეული შტატის ხალხი სხვა შტატში ვაჭრობის, მეწარმეობისა და ა.შ. ყველა პრივილეგიით უნდა სარგებლობდეს”, მაგრამ ეს მუხლი, ერთობ ბუნდოვნად და გაუგებრადაა ფორმულირებული. გაუგებარია, თუ რატომ არის მუხლის ერთ ნაწილში გამოყენებული გამოთქმა თავისუფალი მაცხოვრებელნი ; მეორეში – თავისუფალი მოქალაქენი ; სხვაგან კიდევ – ხალხი; არც ის არის ადვილი გასაგები, თუ რას უნდა ნიშნავდეს დამატება: “თავისუფალი მოქალაქეების ყველა პრივილეგიითა და შეუვალობით”, ანდა - “ვაჭრობისა და კომერციის პრივილეგიებით”. როგორც ჩანს, ასეთ ენობრივ კონსტრუქციას თავს ვერ ავარიდებთ, როცა გვინდა გამოვთქვათ ის, რომ რომელიმე შტატის თავისუფალ მაცხოვრებელთ , რომლებიც ამ შტატის მოქალაქენი არ არიან, ნებისმიერ სხვა შტატში ამ უკანასკნელის თავისუფალ მოქალაქეთა ყველა პრივილეგიით სარგებლობს. გამოდის, რომ ისინი უფრო დიდი პრივილეგიებით ისარგებლებენ სხვა შტატებში, ვიდრე თავიანთ შტატში სარგებლობენ. ისე რომ თითოეული შტატი ვალდებულია მოქალაქეობის უფლება არა მარტო იმას მიანიჭოს, ვინც ასეთ უფლებას ითხოვს, არამედ ყველას, ვინც კი მისი იურისდიქციის ქვეშ  დაბინავებას მოისურვებს. ბუნდოვანება ოდნავღა თუ გაიფანტებოდა ტერმინ “ მაცხოვრებლის” განმარტებით, რომელიც იმასაც გულისხმობს, რომ მოქალაქე არის ის, ვისაც წინასწარ შეთანხმებული პრივილეგიები ენიჭება. თითოეული შტატის ხელში დარჩებოდა ერთობ უმართებულო უფლებამოსილება, რომელიც ნებისმიერ სხვა შტატში უცხოელთა ნატურალიზაციას გულისხმობს. საკმარისია ცოტა ხნით ბინადრობდე ერთ რომელიმე შტატში, რომ მისი მოქალაქეობა გაინაღდო. სხვა სახის პრივილეგიათა მოსაპოვებლად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კვალიფიკაციებია აუცილებელი. ამრიგად, უცხოელმა, რომელიც ერთ შტატში ბევრი უფლებით ვერ სარგებლობს, შეიძლება ისინი იმის საფუძველზე შეიძინოს, რომ ადრე დროებით სხვა შტატში ბინადრობდა. ასე რომ, დიდი უაზრობის წინაშე ვდგებით: ერთი შტატის კანონი მეორის მიმართ უზენაესობას იძენს ამ უკანასკნელის იურისდიქციის ფარგლებში. შემთხვევის წყალობაა ის, რომ აქამდე ამ სფეროში სერიოზულ გაუგებრობებს არ გადავწყდომივართ. რამდენიმე შტატის კანონმდებლობით უცხოელს, რომელიც უდიერად იქცევა, არა მარტო მოქალაქეობაზე ეუბნებიან უარს, არამედ ბინადრობის უფლებასაც ართმევენ. რა შედეგი მოჰყვებოდა იმას, თუ ასეთი პირები საბუთად მოიტანდნენ იმას, რომ ადრე სხვა შტატში ცხოვრების საფუძველზე მისი მოქალაქეობის უფლება მიიღეს? რა მოხდებოდა, თუ ისინი ამ მოტივით ახლა იმ შტატის მოქალაქეობას მოითხოვდნენ, რომელმაც მას ამაზე უარი განუცხადა? მნიშვნელობა არ აქვს, თუ  როგორი სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამას, დამანგრეველი მისი სხვა ისეთი შედეგები იქნებოდა, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია. ახალი კონსტიტუციით იმ შეცდომების აღმოსაფხვრელად, რომლებიც კონფედერაციის მუხლებშია დაშვებული, საკავშირო ხელისუფლებაა უფლებამოსილი შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ნატურალიზაციის ერთგვაროვანი წესები შემოიღოს.
გაკოტრების შესახებ ერთგვაროვანი კანონების შემოღება ორგანულად არის დაკავშირებული ვაჭრობის მოწესრიგებასთან. იგი გზას გადაუკეტავს თაღლითებს, რომლებიც სხვადასხვა შტატებში გადასვლასა და საკუთრების გადამალვას ცდილობენ. ამგვარი კომპეტენციის მიზანშეწონილობა იმდენად აშკარაა, რომ ალბათ მისი საგანგებო განხილვა უპრიანი არ იქნებოდა. კონფედერაციის მუხლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესწორებაა ისეთი უფლებამოსილების შემოღება, რომელიც იმ ფორმებს ადგენს, რითაც უნდა ხდებოდეს საჯარო აქტების, ანგარიშებისა და სასამართლო სხდომათა ოქმების დამოწმება მოცემულ შტატში და განსაზღვრავს  იმას, თუ რა იურიდიული ძალა აქვს მათ  სხვა შტატებისთვის. კონფედერაციის შესაბამისი მუხლი ისეთი ბუნდოვანებით ხასიათდება, რომ ვეჭვობ, რამენაირი ინტერპრეტაციით მისი რაიმე მნიშვნელობის დადგენა მოხერხდეს. შემოღებული უფლებამოსილება შეიძლება ერთობ მოხერხებულ ინსტრუმენტად იქცეს მართლმსაჯულების ხელში. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ის სასაზღვრო შტატებში, სადაც ნებისმიერი საკუთრება, რომელიც სასამართლო განკარგულებას ექვემდებარება, შეიძლება, მყისიერად და მალულად უცხო ქვეყანაში იქნეს გადატანილი.
საფოსტო გზების დაწესების უფლებამოსილება ერთობ უწყინარი კომპეტენციაა, მაგრამ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული. ამით საზოგადოება დიდად იხეირებს. ყველაფერი, რაც შტატებს შორის მიმოსვლის გაადვილებას შეუწყობს ხელს, ღირსია საზოგადოებრივი მზრუნველობისა.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group