ფედერალისტი # 24 : ჰამილტონი
1787წ. 19 დეკემბერი
ნიუ
-
იორკის
შტატის
ხალხს
რაც შეეხება პუნქტს, რომელიც ფედერალური მთავრობისთვის იმ უფლებამოსილებათა მინიჭებას ითვალისწინებს, რომლებიც აუცილებელია ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, მის მიმართ ერთადერთ კონკრეტულ შესიტყვებას ვაწყდებით. თუ მე სწორად მესმის, იგი იმაში მდგომარეობს, რომ პროექტით არ არის გათვალისწინებული დებულება, რომელიც მშვიდობიანობის დროს მუდმივი არმიის ყოლას კრძალავს. ახალა შევეცდები ვაჩვენო, თუ რაოდენ მყიფესა და არადმისაჩნევ საფუძველს ემყარება ეს შესიტყვება.
იგი ძალზე ბუნდოვნად და ზოგადად არის ფორმულირებული, არაფერს ემყარება, თვინიერ ცარიელი მტკიცებებისა და არაფერი სცხია დასაბუთების და თეორიული გააზრებისა. ამავე დროს, იგი ეწინააღმდეგება სხვა თავისუფალი ქვეყნების გამოცდილებასა და არ ითვალისწინებს ამერიკელი ხალხის გუნება – განწყობილებას, რაც გამოხატულია არსებულ კონსტიტუციათა უმრავლესობაში. მართებულია თუ არა ეს შესიტყვება, ცხადი გახდება, როგორც კი გავიხსენებთ, რომ იგი სამხედრო უწყებათა დაარსების პუნქტში ქვეყნის
საკანონმდებლო
ხელისუფლების
აუცილებელ შეზღუდვას ეხება. საქმე გვაქვს ჯერარსმენილ პრინციპთან, რომელიც. ერთი – ორი გამონაკლისის გარდა, არც ერთი შტატის კონსტიტუციაში არ წერია, დანარჩენების მიერ კი უკუგდებულია.
ადამიანი, რომელიც არ არის ჩახედული ჩვენს პოლიტიკაში და ეს-ესაა ჩვენი გაზეთების კითხვას შესდგომია, ისე, რომ წინაწარ არ შეუსწავლია კონვენტის მიერ შემოთავაზებული პროექტი, ბუნებრივია, ამ ორი დასკვნიდან ერთ-ერთს გააკეთებდა: მასში ან პოზიტიური ბრძანებაა ჩაწერილი იმის შესახებ, რომ Mმშვიდობიანობის დროს აუცილებელია მუდმივი არმიის ყოლა, ანდა საჯარისო ნაწილების ფორმირების მთელ უფლებამოსილებას იგი
აღმასრულებელი
ხელისუფლების
მეთაურს
ანიჭებს ისე, რომ მისი მოქმედების თავისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრივ არანაირ კონტროლს არ ემორჩილება.
თუ ეს ადამიანი მოგვიანებით თვითონ პროექტს გაეცნობოდა, უსაზღვრო იქნებოდა მისი გაოცება, ვინაიდან მასში ვერც ერთს აღმოაჩენდა და ვერც მეორეს; ვერც იმას, რომ ჯარის შეკრება
საკანონმდებლო
ხელისუფლების
კომპეტენციაა და ვერც იმას, რომ იგი
აღმასრულებელი
ხელისუფლების
პრეროგატივაა. იგი ნახავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელზედაც პროექტშია ლაპარაკი, სხვა არაფერია, თუ არა სახალხო კრება, რომელიც გარკვეული პერიოდულობით არჩეული სახალხო წარმომადგენლებისგან შედგება. ნაცვლად მოსალოდნელი დებულებისა, რომელიც მხარს მუდმივი ჯარის ყოლას უჭერს, იგი ისეთ პუნქტსაც კი წააწყდებოდა, ამ საკითხში თვით აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვასაც რომ ითვალისწინებს. საქმე იმ პუნქტს ეხება, რომელიც ხელისუფლებას უკრძალავს ჯარის შესანახად ფულად ასიგნებათა შეგროვებას ორ წელზე მეტად; თუ ჩავუფქრდებით, ეს არის უსაფრთხოების სერიოზული და რეალური ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ჯარის ყოლას, თუკი ამის აშკარა აუცილებლობა არ არსებობს.
რაკი პირველი გუმანი გაუცუდდა, ჩემ მიერ წარმოსახული პიროვნება ოდნავ ისევ წაივარაუდებს და ბუნებრივია, თავის თავს ეტყვის: შეუძლებელია, ამ მგზნებარე და მაღალფარდოვან რიტორიკას სარწმუნო რამ საბაბი არ ჰქონდესო. შეუძლებელია ხალხს, რომელიც ეგზომი თავგამოდებით იცავს თავის თავისუფლებებს, წინამორბედ კონსტიტუციათა მათ მიერ შემუშავებულ მოდელებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრად უფრო მკაცრი და უტყუარი თავდაცვითი ღონისძიებები არ გაეთვალისწინებინაო; ეს ამდენი შიში და ღაღადისი, ალბათ, კონსტიტუციის ახალ პროექტში მისმა გამოტოვებამ გამოიწვიაო.
რაოდენი იქნებოდა მისი სასოწარკვეთა, თუკი ამ შთაბეჭდილებით იგი სხვადასხვა შტატების კონსტიტუციებს ყურადღებით გადაიკითხავდა; იგი ხომ თვინიერ
ორი
კონსტიტუციისა, ვერსად წააწყდებოდა პუნქტს მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარის აკრძალვის თაობაზე; რაც შეეხება დანარჩენ თერთმეტ შტატს, ისინი ამ საკითხს ან მრავლისმეტყველი დუმილით უვლიან გვერდს, ანდა მკაფიოდ ფორმულირებულ პუნქტებს შეიცავენ იმის თაობაზე, რომ მუდმივი ჯარის ყოლა საკანონმდებლო ხელისუფლების ნებართვაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად ამისა, ძნელი იქნება ჩვენი პერსონაჟის გადარწმუნება, იგი მაინც იფიქრებს, ამდენი ღაღადისი და მოთქმა, ალბათ, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოსო. თუგინდ ინფორმაციის ყველა წყაროს საფუძვლიანად გაეცნოს, იგი მაინც ვერაფრით წარმოიდგენს იმას, რომ ეს სხვა არა არის რა, თუ არა გამოცდა იმისა, თუ რამდენად მიმნდობია ხალხი; ასეთი რამ ან მის მოტყუებას ისახავდა მიზნად ანდა მეტისმეტი თავგამოდება იყო იმის დსამტკიცებლად, თუ რაოდენ უბრალონი არიან მის წინაშე. ჩვენს პერსონაჟს შეიძლება ასეთმა აზრმა გაჰკენწლოს: საძიებელ გამაფრთხილებელ ღონისძიებებს, შესაძლოა უფრო შტატებს შორის პრიმიტიულ ხელშეკრულებებში წავაწყდეო. ბოლოს და ბოლოს, იქნებ აქ იყოს გამოცანის პასუხი. ერთი რამ, რასაც იგი აქედან შეიტყობს უდავოდ ის არის, რომ არსებულ კონფედერაციას მართლაცდა მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული გამაფრთხილებელი ზომები სამხედრო უწყებათა წინააღმდეგ მშვიდობიანობის ჟამს. ხოლო საჭირო მომენტში ამ მოდელზე უარის თქმამ, როგორც ჩანს, უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც ზეგავლენა იქონია კიდეც პოლიტიკის ამ ფალავნებზე.
მაგრამ თუ რუდუნებით და კრიტიკულად განიხილავს კონფედერაციული ხელშეკრულების მუხლებს, იგი არათუ კიდევ უფრო გაოცდება, არამედ რაღაცნაირი გულისწყრომაც კი დაეუფლება მოულოდნელი აღმოჩენის წინაშე: ამ მუხლებში არსად არის აკრძალვა, რომელსაც იგი ეძებს; სამაგიეროდ მათგან გამოსჭვივის უდიდესი წინდახედულება, რითაც ისინი ჩვენთვის საინტერსო საკითხში აღმასრულებელ ხელისუფლებას ზღუდავენ, ოღონდ უფლებათა ამგვარი შეკვეცა არაფრით ეხება შეერთებული შტატების ხელისუფლებას. თუ ეს ადამიანი ძალზე მგრძნობიარეც არის და მგზნებარე ტემპერამენტიც აქვს, თავს ვეღარ შეიკავებს და ახალი პროექტის თაობაზე ყველა ამ ღაღადისს ავბედითი და უპრინციპო ოპოზიციის უღირს მონაჩმახად ჩათვლის. პროექტისა, რომელიც ყველასგან, ვისაც სამშობლო უყვარს, ბოლოს და ბოლოს სამართლიანსა და წრფელ განხილვას იმსახურებს! რამ აცდუნაო ეს ავტორები, – იტყოდა იგი, – გაუგონარი გმობის სიტყვები წარმოეთქვათ იმ გეგმის თაობაზე, რომელიც როგორცა ჩანს, ამერიკელი ხალხის გუნება – განწყობას გამოხატავსო; განა ლაპარაკი იმ გუნება – განწყობაზე არ არის, რომელიც მმართველობის სხვადასხვა ფორმებშია გამოხატული და რომელმაც მათში უამრავი ქმედითი დამცავი საშუალება ჩადო, რომელთა შესახებ დღემდე არვის არაფერი სმენია? თუკი იგი პირიქით, მშვიდი და მიუკერძოებელი კაცია, ერთს მწარედ ამოიოხრებს ადამიანური ბუნების სისუსტის გამო მერმე ვიშვიშსაც მოჰყვება იმის თაობაზე, რომ იმ საკითხის ჭეშმარიტი ღირსება, რომელიც მილიონობით ადამიანის ბედნიერებას ეხება, ისეთ ფანდებს აუწეწავს და აურევ – დაურევს, დამღუპველი რომაა მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანური გადაწყვეტილებისთვისო. მაგრამ თუნდაც ამგვარი ბუნების ადამიანს ძნელად რომ ვერ შეემჩნია, თუ რარიგ წააგავს ასეთი საქციელი ხალხის გრძნობებზე თამაშს ნაცვლად იმისა, რომ საბუთები მოემარჯვებინათ და მიზანში მისი გონება ამოეღოთ.
მაგრამ ამ შესიტყვებას რაგინდ ზურგს არ უმაგრებდნენ პრეცედენტები, რომელთა მოძიება ჩვენშიაც შეიძლება, იქნებ მაინც უპრიანი იყოს მის შინაგან ღირსებაზე დაფიქრება. თუ კარგად გავისიგრძეგანებთ გამჟღავნდება, რომ არ იქნებოდა გონივრული აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციათა შეზღუდვა იმ საკითხში, რაც მშვიდობიანობის დროს სამხედრო უწყებათა არსებობას შეეხება, რამეთუ ამგვარი შეზღუდვები რომც შემოგვეღო, მათი შესრულება ძნელად რომ დაენებებინა საზოგადოების მოთხოვნებს.
შეერთებული შტატები თუმც ვრცელი ოკეანით არის ევროპიდან გამოყოფილი, მაგრამ თავს მაინც არ უნდა ვაძლევდეთ ზედმეტი თავდაჯერების უფლებას, აქაოდა ჩვენი უსაფრთხოება საგულდაგულოდ არის დაცულიო. ჩვენს ქვეყნას ერთი მხრიდან ბრიტანეთის მფლობელობაში მყოფი მზარდი ახალშენები ესაზღვრება, სოლივით რომ შემოჭრილან ამერიკის ზურგში. მეორე მხრიდან, თითქოს მათ შესახვედრად მიისწრაფიანო ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწრივ ესპანური კოლონიები და დაწესებულებანი გადაჭიმულან. ამას ვესტინდოეთის კუნძულებიც ზედ დავურთოთ, რომლებიც ჩვენს მეზობლად მდებარეობენ და ორივე ამ სამეფოს საერთო მფლობელობაშია ისე რომ, ამ სახელმწიფოებს საერთო ინტერესი ჩამოუყალიბდათ, რომლის საფუძველს მათი ამერიკული სამფლობელოები და ჩვენთან დამოკიდებულებაა. ველურ ტომებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასავლეთით ბინადრობენ, უპრიანია, ჩვენს მტრებად და მათ ბუნებრივ მოკავშირეებად მივიჩნევდეთ, რამეთუ მათ ჩვენი შიში აქვთ, იმათი კი ეიმედებათ. ნაოსნობის საშუალებათა სრულყოფამ და მიმოსვლის გაადვილებამ ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაცილებული ქვეყნები დააახლოვა და თითქმის ერთმანეთის მეზობლებად აქცია. ბრიტანეთი და ესპანეთი ევროპის უდიდესი საზღვაოსნო სახელმწიფოებია. დაუჯერებელი არაფერია იმაში, რომ მათი ხედვები სამომავლოდ ერთმანეთს დაემთხვეს. რაც უფრო სუსტდება საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფო კარებს შორის სისხლისმიერი ნათესაობა, მათ შორის პოლიტიკური კავშირიც მით უფრო მყიფე ხდება. პოლიტიკოსებს ხომ მუდამ ჰქონდათ მიზეზი იმისა, რომ სისხლისმიერი ნათესაობა პოლიტიკურ კავშირებთან შედარებით სუსტ და უმდგრად ურთიერთობად მიეჩნიათ. ეს გარემოებანი შეგვაგონებენ, რომ თავი სამშვიდობოს არ დავიგულვოთ და არ დავიჯეროთ, საფრთხეს ჩვენთან ხელი არ აქვსო.
რევოლუციამდე და თვით ზავის ჩამოგდების შემდეგაც კი ყოველთვის არსებობდა აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენს დასავლეთ საზღვართან გარნიზონები გვყოლოდა ჩაყენებული. მათი შენარჩუნება თუნდაც იმის გამო გახდება აუცილებელი, რომ თავიდან ავიშოროთ ინდიელთა გამაჩანაგებელი თავდასხმები. ეს გარნიზონები ან სახალხო ლაშქრის რაზმებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულნი, ანდა სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუდმივი საჯარისო შენაერთებით. ერთის განხორციელება შეუძლებელია. შესაძლებელი რომც იყოს, სახიფათოა. ძალზე გაჭირდება სახალხო მოლაშქრეთა დაყოლიება იმაზე, რომ თავიანთ საქმიანობას მოსწყდნენ და გაგანია მშვიდობიანობის ჟამს ეგზომ უსიამო მოვალეობა შეასრულონ. მათი დარწმუნება თუ იძულება რომც მოხერხდეს, ამგვარი გეგმა მაინც დაბეჯითებით არ იმსახურებს მოწონებას, ვინაიდან სამუშაო ძალის ხშირი ცვლა და მისი დაკარგვა მზარდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, იგი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მოშლას იწვევს. ასეთი რამ უსამართლო იქნებოდა საზოგადოების მიმართ და მძიმე ტვირთად დააწვებოდა მას. კერძო მოქალაქეთა ცხოვრებას კი გააჩანაგებდა. რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, რომელიც გარნიზონების მუდმივი სახელმწიფოს დაქირავებული მუდმივი საჯარისო შენაერთებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, ეს იგივე იქნებოდა, რაც მუდმივი ჯარის ყოლა მშვიდობიანობის დროს. საქმე, რა თქმა უნდა, მცირერიცხოვან ჯარს ეხება, თუმც ამის გამო იგი უფრო არარეალური როდია. თუ მოვლენებს საღი თვალით შევხედავთ, უმალვე დავრწმუნდებით, თუ რაოდენ უმართებულოა ამგვარ უწყებათა კონსტიტუციური აკრძალვა და ყველაფრის საკანონმდებლო ხელისუფლების ნება – სურვილსა და კეთილგონიერებაზე შეგდება.
რაც უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა, არათუ მოსალოდნელია, არამედ დარწმუნებითაც შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი და ესპანეთი გაზრდიან თავიანთ სამხედრო ძალებს ჩვენს მეზობლად. და თუ არა გვწადია, შიშველი ხელებით, დაუცველები აღვმოჩნდეთ მათ წინაშე და მათი შეურაცხყოფებისა თუ შემოსევების ატანა მოგვიხდეს, ისე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრისპირა გარნიზონები, რომ მათ ჩვენი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ახალშენებისთვის გვარიანი წყენის მიყენება შეეძლოთ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორტი, რომელთა ფლობა ფართო მონაკვეთების გაკონტროლების საშუალებას იძლევა დანარჩენებში შეჭრას კი აიოლებს. ამას ისიც შეიძლება დავუმატოთ, რომ ზოგ ასეთ ფორტს მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ინდიელ ტომებთან სავაჭრო ურთიერთობათა დამყარების თვალსაზრისით. განა გონივრული იქნება, ეს ფორტები იმ მდგომარეობაში მივატოვოთ, როცა წუთი წუთზე მოსალოდნელია, რომ ისინი ჩვენი ძლევამოსილი მეზობლებიდან ერთ-ერთის კლანჭებში აღმოჩნდეს? ასე თუ მოვიქცეოდით, ფეხქვეშ გავთელავდით კეთილგონიერებისა და პოლიტიკის ყველა მაქსიმას.
სავაჭრო ქვეყნად ყოფნას თუ ვაპირებთ, ან ის მაინც თუ გვინდა, რომ ატლანტის ოკეანის მხრიდან დაცულები ვიყოთ, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ სამხედრო – საზღვაო ფლოტის შესაქმნელად. ამისთვის ნავსაშენები და არსენალებია საჭირო, ამათ დასაცავად კი – ციხე-სიმაგრენი, და შესაძლოა, გარნიზონებიც. როცა ძლევამოსილ საზღვაოსნო ქვეყნად ვიქცევით, ნავსაშენებს ჩვენივე ფლოტით დავიცავთ და აღარ დაგვჭირდება გარნიზონები. მაგრამ როცა ჩვენი საზღვაოსნო ძლევამოსილება ეს-ესაა ფეხს იდგამს, მცირერიცხოვანი გარნიზონების ჩაყენება აუცილებელია, რათა არსენალები და ნავსაშენები გადმოსხმული დესანტის გამანადგურებელი თავდასხმებიდან დავიცვათ. ამგვარი დაცვა ჟამიდან ჟამს თვით ფლოტსაც ესაჭიროება.
პუბლიუსი