ფედერალისტი # 50: მედისონი 
1788წ. 5 თებერვალი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მაგრამ საპირისპირო მოსაზრების მტკიცებაც შეიძლება: მართალია, შესიტყვებებს იწვევს ის, რომ ხალხს, როგორც  საბოლოო ინსტანციას, შემთხვევიდან შემთხვევამდე მიმართავენ, მაგრამ თუ ამ საშუალებას გარკვეული პერიოდულობით გამოვიყენებთ, მაშინ იგი მართებული და ადეკვატური ზომა იქნება. ზომა, რომელიც კონსტიტუციის დაცვისა და მის დარღვევათა გამოსწორების შესაძლებლობას მოგვცემსო .
უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამგვარ საშუალებათა კვლევისას მე მხოლოდ იმ საკითხით ვიფარგლები, თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი იმისა, რომ კონსტიტუცია ხელყოფისგან დაიცვან და ცალკეული უწყებანი მათთვის მიჩენილ საზღვრებში ჩაატიონ. ასე რომ, ჩემი კვლევის თვალსაწიერში არ ხვდება მათი განხილვა იმ თვალსაზრისით, გამოდგებიან თუ არა ისინი კონსტიტუციის შესაცვლელად . უწინარეს ყოლისა, უნდა ითქვას, რომ ხალხისადმი მიმართვა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება, ისევე უვარგისი საშუალებაა, როგორც ის, როცა მას _ წარმოშობილ საჭიროებათა კვალად _ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმოწმებენ. როცა ამგვარ მიმართვებს შორის შუალედები მოკლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანია გასული მას შემდეგ, რაც ის ზომები განახორციელეს, რომელთა შემოწმება და გამართლება უნდა მოხდეს. ამდენად, ისინი ჯერ კიდევ  დაკავშირებულნი არიან იმ გარემოებებთან, რომლებსაც შეუძლიათ, ჩირქი მოსცხონ და შერყვნან შემთხვევითი გადასინჯვის შედეგები. როცა ზემოაღნიშნულ მიმართვებს შორის შუალედები გრძელია, იგივე შენიშვნა ყველა არცთუ დიდი ხნის წინანდელი  ღონისძიების მიმართ ძალაში რჩება. მართალია, ღონისძიებათა დაძველებას გარკვეული უპირატესობა აქვს მათი მიუმხრობელი შეფასების თავალსაზრისით, მაგრამ მას თან ახლავს უამრავი უხერხულობა, რანიც, როგორც ჩანს, გააბათილებენ კიდეც ზემოაღნიშნულ უპირატესობას. ჯერ ერთი, როცა ხალხისადმი მიმართვა გრძელი შუალედებით მიმდინარეობს, ღონისძიებები  დაძველებას ასწრებენ და მხოლოდ ამის მერე ხდება საზოგადოების მიერ მათი შემოწმება. ამ დროს, ხელისუფლებაზე  ზეწოლის ეფექტი, რომელსაც მიზნად სხვა უწყებათა უფლებების ხელყოფისგან მისი შეკავება აქვს, რა თქმა უნდა, სუსტი იქნება. გარდა ამისა, ისიც შეიძლება, რომ ამგვარი უკიდურესი ნაბიჯების გადადგმისკენ მას იმ პერიოდში შექმნილმა გარემოებებმა უბიძგეს. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: საკანონმდებლო კრება, რომელიც ასი თუ ორასი წევრისგან შედგება, მგზნებარედ მიისწრაფვის ერთი, გამორჩევით სასურველი მიზნისკენ და ამ დაუოკებელი სწრაფვისას არად დაგიდევს კონსტიტუციას. ნუთუ მისი წევრები თავიანთი სწრაფვის მიზანზე მხოლოდ იმ  მიზეზით აიღებენ ხელს, რომ ათი, თხუთმეტი თუ ოცი წლის მერე საზოგადოება ჩადენილი ქმედების გამო პასუხს მოგვთხოვსო? მეორეც, უფლებამოსილებათა გადამეტებას თავისი ბოროტი ნაყოფი მანამ ექნება გამოღებული, ვიდრე მისი უვნებელყოფის ზომებს მიმართავდნენ. დაბოლოს, თუ ზემოაღნიშნული შუალედები ხანგრძლივი იქნება, კონსტიტუციის უგულვებელყოფით გამოწვეული, სიავე ფესვის ღრმად გადგმას მოასწრებს და მერე მისი ამოძირკვა ერთობ გაჭირდება.
ერთერთი მიზანი კონსტიტუციის გადასინჯვისა, რომელიც ერთ შტატში განახორციელეს სწორედ ის იყო, რომ  ძირითადი კანონის არცთუ დიდი ხნის წინანდელი დარღვევები გამოესწორებინათ. როგორც ვნახეთ, ცენზორთა საბჭო, რომელიც 1783 – 1784 წწ. პენსილვანიაში შეიკრიბა, მიზნად იმის გამოკვლევასაც ისახავდა:” ირღვეოდა თუ არა კონსტიტუცია, იჭრებოდნენ თუ არა ერთმანეთის უფლებამოსილებებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი დეპარტამენტები”. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ექსპერიმენტი მრავალი თვალსაზრისით იმსახურებს  ყურადღებას. თუ მას განვიხილავთ როგორც მარტოდენ ისეთ ექსპერიმენტს, რომელიც განსაკუთრებულ გარემოებებში იქნა ჩატარებული, მაშინ შეიძლება, ის არც იყოს სავსებით დამაჯერებელი. მაგრამ თუ მას ჩვენ მიერ განსახილველ საკითხს მივუყენებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ იგი ისეთ ფაქტებს შეიცავს, რომლებიც – გავბედავ და ვიტყვი – ჩემ მიერ მოტანილი მოსაზრებების დამაკმაყოფილებელ ილუსტრაციად გამოდგებიან. ჯერ ერთი, თუ იმ ჯენტლმენთა გვარებს გადავხედავთ, რომლებიც ცენზორთა საბჭოში შედიან, დავინახავთ, რომ – სულ ცოტა  მისი ყველაზე აქტიური და წამყვანი წევრები ყველაზე აქტიურსა და წამყვან ფიგურებს წარმოადგენდნენ შტატში ძველთაგანვე არსებულ პარტიებში.
მეორე. საბჭოს იგივე აქტიური და წამყვანი წევრები, როგორც ირკვევა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა ყველაზე აქტიური და გავლენიანი წარმომადგენლებიც იყვნენ სწორედ იმ პერიოდში, რომელსაც განვიხილავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ან უპირისპირდებოდნენ იმ ღონისძიებებს, რომელთა კონსტიტუციასთან შესაბამისობაც საბჭოს უნდა დაედგინა. ცენზორთა საბჭოს ორი წევრი შტატის ვიცე პრეზიდენტი იყო; ხოლო რამდენიმე მათგანი აღმასრულებელ საბჭოში შედიოდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ერთი მათგანი სპიკერი იყო; მრავალი მათგანი კი საკანონმდებლო კრების წევრებად ირიცხებოდნენ იმავე პერიოდში.
მესამე. საოქმო ჩანაწერთა თითოეული გვერდიდან გამოსჭვივის ის, თუ რაოდენ დიდ  ზეგავლენას ახდენდნენ ზემოაღნიშნული გარემოებანი იმ განხილვებზე, რომლებსაც  ცენზორთა საბჭო აწარმოებდა. მთელი თავისი არსებობის მანძილზე იგი ორ, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ მხარედ იყო გახლეჩილი. ამ ფაქტს საბჭოს წევრებიც აღიარებდნენ და დიდად წუხდნენ კიდეც ამის გამო. ესეც რომ არ იყოს,  აღნიშნული ფაქტის დასტურად მარტო საბჭოს სხდომათა საოქმო ჩანაწერებიც კი იკმარებდნენ. თითოეულ მათგანზე ორ მწკრივად არის ჩამოწერილი იმ ჯენტლმენთა გვარები, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს. საქმე ისაა, რომ ყველა საოქმო ჩანაწერზე ჩამოწერილ ამგვარ მწკრივებში ყოველთვის ერთსა და იმავე გვარებს ვაწყდებით, რაგინდ უმნიშვნელოც უნდა იყოს საკითხი და რაგინდ კავშირის უქონელიც უნდა იყოს იგი სხვა საკითხებთან. მიუკერძოებელ დამკვირვებელს, რომელიც არც ერთ მხარეს უჭერს მხარს და არც მეორეს, არ გაუჭირდებოდა შეუმცდარი დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, რომ ცენზორთა საბჭოს წევრების მოქმედებას ვნება წარმართავდა და არა გონება . როცა ადამიანები მშვიდად და თავისუფლად განიხილავენ ამა თუ იმ საკითხს, ბუნებრივია, ზოგიერთ საკითხზე მათ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები უყალიბდებათ. მაგრამ როცა მათ გრძნობა – გონებას საერთო ვნება ეუფლება, ყველას ერთი და იგივე აზრი უჩნდება, თუ ასეთ რამეს შეიძლება, აზრი ეწოდოს. მეოთხე. ყოველივე ამის შემყურეს, მეტი რომ არ ვთქვათ, ეჭვი გებადება იმის თაობაზე, რომ ცენზორთა საბჭო თვითონ ურევდა ერთმანეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვრებს, ნაცვლად იმისა, რომ თითოეული მათგანი თავის კონსტიტუციურ ადგილზე შეეყენებინა.
მეხუთე.  არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საბჭოს გადაწყვეტილებებმა ამა თუ იმ კონსტიტუციურ საკითხზე რამდენადმე მაინც შეცვალეს ის პრაქტიკა, რომელიც საკანონმდებლო კონსტრუქციებს ეფუძნება. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამგვარი გადაწყვეტილება სწორი იყო თუ მცდარი. პირიქით, თუ არ ვცდები, იყო ერთი  შემთხვევა, როცა მაშინდელმა საკანონმდებლო კრებამ არ გაიზიარა საბჭოს დადგენილება და მასთან პაექრობაში გამარჯვებასაც კი მიაღწია. ამრიგად, ცენზორთა საბჭო თავისი ძიებით ადასტურებს სნეულების არსებობას,  მაგრამ ამავე დროს,  მისი მაგალითი იმაზე მეტყველებს, რომ  ამგვარი საშუალებით მისი განკურნება შეუძლებელია.
შეიძლება, ვინმემ თქვას, პენსილვანიას მაშინ ძნელბედობის ჟამი ედგა. ხალხს გული ჰქონდა გაწვრილებული ძალმომრეობითა და გაშმაგებული პარტიული დაპირისპირებებითო, მაგრამ უნდა გითხრათ, ეს ვითარება ოდნავადაც ვერ ამცირებს ჩემ მიერ შემოთავაზებული დასკვნის სისწორეს. როგორ გგონიათ, შვიდი წლის შემდეგ იგივე შტატი თავისუფალი იქნება პარტიებისგან? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ იმავე ან სხვა პერიოდის განმავლობაში რომელიმე სხვა შტატი თავს დააღწევს მათ არსებობას? ასეთ რამ არ არის მოსალოდნელი და მოსალოდნელიც რომ იყოს, სასურველი არ იქნებოდა. ვინაიდან პარტიების გაქრობა ან იმას მოასწავებს, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა ან იმას, რომ თავისუფლება ერთიანად იავარქმნილა.
უნდა ითქვას, რომ სიძნელეებს მაინც ვერ აიცილებდნენ თავიდან, სიფრთხილის ზომა რომ დაეცვათ და მაკონტროლებელი ორგანოს შემადგენლობიდან ყველა ის პირი გაეყვანათ, რომელიც ხელისუფლების წევრი იყო მთელი წინამავალი პერიოდის განმავლობაში. საქმე ის არის, რომ ამოცანის მთელი სიმძიმე საშუალო ნიჭის ადამიანებს დააწვებოდა. ადამიანებს, რომლებიც შეიძლება, სხვა საქმეში უფრო გამომდგარიყვნენ. ამასთანავე, ეს პირები, შეიძლება, პირადად არ მონაწილეობდნენ  მართვაში და უშუალოდ არ იყვნენ ჩაბმულნი იმ ღონისძიებათა განხორციელების საქმეში, რომელთა მართებულების დადგენაც საბჭოს ევალებოდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ისინი ზემოაღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ პარტიათა შემადგენლობაში ყოფილიყვნენ და სწორედ მათი მხარდაჭერით იქნენ არჩეულნი საბჭოს წევრებად. 
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group