ფედერალისტი  # 19 : მედისონი
(ალექსანდრე ჰამილტონის თანამშრომლობით)

1787წ .8 დეკემბერი

ნიუ - იორკის შტატის ხალხს

ძველი კონფედერაციების იმ მაგალითებით, რომელთა შესახებაც წინა წერილში მოგახსენებდით, როდი ამოიწურება ის წყარო, საიდანაც ამ თემაზე სხვა ყურადსაღებ გამოცდილებებსაც დავეწაფებოდით. დღესაც არსებობენ ისეთი გაერთიანებანი, მსგავს პრინციპს რომ ეფუძნებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. უწინარეს ყოვლისა, ერთობ საყურადღებო გერმანული სახელმწიფოა.
ადრექრისტიანულ ხანაში, გერმანიის ტერიტორიაზე საერთო წინამძღოლობას მოკლებული შვიდი ტომი სახლობდა. მათ შორის ფრანკებიც იყვნენ, რომლებმაც გალების დაპყრობის შემდეგ დამოუკიდებელი სამეფო დააარსეს და სახელიც დაპყრობილი ტომისა დაარქვეს. მეცხრე საუკუნეში ომებით გაუმაძღარმა მათმა მეფემ – კარლოს დიდმა _ მთელი შემოგარენი ძლევამოსილად დალაშქრა და გერმანია მისი უზარმაზარი სამფლობელოს ერთ-ერთ ნაწილად აქცია. მას შემდეგ, რაც კარლოს დიდი მიიცვალა და მის ვაჟებს იმპერია ხელში შემოადნათ, მისი ეს ნაწილი ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. კარლოს დიდის მემკვიდრეებს ერგოთ როგორც რეალური სამეფო ძალაუფლება მთელი თავისი დიდებულებით, ისე მისი ნიშნები და სიმბოლოები. მაგრამ მთავარმა ვასალებმა, თავიანთი მამულების მემკვიდრეობითობა რომ დაიკანონეს, კარლოს დიდის მიერ დანარჩუნებული ეროვნული კრების სავარძლებშიც მოხერხებულად მოიკალათეს, თანდათან გადაიგდეს უღელი და დამოუკიდებელი იურისდიქციის მქონე სუვერენებად მოგვევლინენ. საიმპერატორო ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა ყოფილ ქვეშევრდომთა წინაშე, ახლა რომ ეგოდენი ძლევამოსილება მოეხვეჭათ. მას იმპერიაც ხელიდან გამოეცალა და საქვეყნო სიმშვიდემაც გული დახურა. ცალკეული სამთავროები და სახელმწიფოები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ თავს ათასი  ჭირი და უბედურება დაიტეხეს. საიმპერატორო ხელისუფლება, ნელ-ნელა რომ განიცდიდა გადაგვარებას, სახალხო მღელვარებამ გადაიყოლა და ანარქიის წყვდიადში დანთქა. ანარქია კი მანამ მძვინვარებდა, სანამ უკანასკნელი იმპერატორი შვაბური დინასტიისა უფალმა არ მიიბარა და  ტახტზე ავსტრიული სამეფო კარის პირველი იმპერატორი არ ავიდა. მეთერთმეტე საუკუნეში იმპერატორთა ხელში იყო მთელი სუვერენული ხელისუფლება, მეთხუთმეტეში კი მათ ძველი დიდების ნაშთიღა შერჩათ.
გერმანული იმპერია იყო ფედერალური სისტემა, რომელიც კონფედერაციის მონათესავე ფეოდალური სისტემიდან ამოიზარდა. მთელი ძალაუფლება, ერთის მხრივ, რაიხსტაგსა -  რომელშიც კონფედერაციის ყველა წევრი იყო წარმოდგენილი - და იმპერატორზე ნაწილდებოდა; ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი თანამდებობის პირი, რაიხსტაგის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებით სარგებლობდა. მეორეს მხრივ კი, უზენაესი სასამართლოს   უფლებამოსილება ზედა პალატასა და იმპერატორის საბჭოს ჰქონდა მინიჭებული; მათ კომპეტენციაში ყველა იმ სადავო საკითხის განხილვა და სათანადო გდაწყვეტილებათა გამოტანა შედიოდა, რომლებიც სრულიად იმპერიის, ანდა მათი წევრების ინტერესებს ეხებოდა.
რაიხსტაგი მასზე დაკისრებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ახორციელებდა. ომის გამოცხადება იქნებოდა ეს თუ ზავის დადება, ალიანსებში შესვლა თუ ჯარისა და ფულის შესაბამისი კვოტების განსაზღვრა, სიმაგრეების აგება თუ ფულის მიმოქცევის რეგულირება, ახალი წევრების მიღება თუ განდგომილი წევრის გარიცხვა, რა დროსაც იგი სუვერენულ უფლებებსაც კარგავდა და საკუთრებასაც. კონფედერაციის წევრებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ: ისეთი ხელშეკრულებების დადება, რომლებსაც იმპერიის ინტერესების დაზარალება შეეძლოთ; ერთმანეთს შორის დადებული  სავაჭრო გარიგებების საბაჟო ან სხვადასხვა სახის გადასახადით დაბეგვრა, თუკი ამაზე იმპერატორის, ანდა რაიხსტაგის თანხმობა არ იქნებოდა; ფულის ნომინალური ღირებულების შეცვლა; ერთმანეთის უფლებათა შებღალვა; საზოგადოებრივი სიმშვიდის დამრღვევთათვის თანადგომის გაწევა თუ მათი შეფარება. ამ აკრძალვათა დამრღვევი იმპერიიდან ირიცხებოდა. რაიხსტაგის  წევრები, რომლებიც სამართალდარღვევებს ჩაიდენდნენ, იმპერატორისა და რაიხსტაგის სამსჯავროზე უნდა წარმდგარიყვნენ; მათ პირად საქმეებს კი ზედა პალატა და იმპერატორის საბჭო განიხილავდა.
იმპერატორი უამრავი პრივილეგიით სარგებლობდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რაიხსტაგში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლის განსაკუთრებული უფლება; მის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება; ელჩების დანიშვნის კომპეტენცია; რანგებისა და წოდებათა მინიჭების პრეროგატივა;  თავისუფალი კურფიურსტული მიწების გაცემა; უნივერსიტეტების დაფუძნება; პრივილეგიათა მინიჭება, თუკი ამით არ ილახებოდა იმპერიის წევრთა ინტერესები; სახელმწიფო შემოსავლების მიღება და მათი განკარგვა; და რაც მთავარია, _ სრულიად იმპერიაში სიმშვიდეზე ზრუნვა. ზოგჯერ იმპერატორთან კურფიურსტთა საბჭოც იქმნებოდა. რაც შეეხება იმპერატორს, ამ რანგში იგი არ ფლობდა მამულებს და ამ წოდების ხარჯზე არ იღებდა შემოსავლებს, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა სხვა რანგში იგი იმოდენა შემოსავლებისა და მამულების პატრონი იყო, რომ ევროპას ყველაზე ძლევამოსილ მმართველად ევლინებოდა.
კონფედერაციის წარმომადგენლთა პალატისა და მისი მეთაურის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ამგვარი მიმოხილვიდან გამომდინარე, ბუნებრივია გვეფიქრა, რომ იგი განსხვავდება მონათესავე სისტემებისგან და მათგან ერთგვარ გამონაკლისსაც კი წარმოადგენს. მაგრამ ფაქტები სრულიად სხვას ღაღადებენ. გერმანული კონფედერაცია მასში შემავალ თემთა სუვერენობის პრინციპს ეფუძნება. რაიხსტაგი სუვერენული წევრების წარმომადგენლობაა. კანონები სუვერენულ მმართველებზეა გამიზნული. ყოველივე ეს იმპერიის უმწეობას განაპირობებს; იგი თავს ვერ ართმევს თავისი წევრების მართვას; ვერ უმკლავდება გარეგან საფრთხეებს და საკუთარ წიაღში შფოთსაც ვერაფრით იცხრობს.
გერმანიის ისტორია თავგადასავალია ქვეყნისა, სადაც მთავრები და  მიწები  გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და იმპერატორს; სადაც ძლიერებს ყველაფრის უფლება აქვთ, სუსტები უუფლებონი არიან; სადაც დუშმანთა ურდოები დაშლიგინობენ და მტრები მზაკვრულ ინტრიგებს ხლართავენ; სადაც ადამიანებსა და ფულს რეკვიზიციას უწყობენ; სადაც ამაზე ყველა თვალს ხუჭავს, ანდა  ნაწილობრივ ეგუება;  სადაც რეკვიზიციის ყოველი ახალი მცდელობა ერთნაირ ტვირთად აწვება წარმატებულსაც და მაჩანჩალასაც; სადაც სისხლისღვრა და გაჩანაგება არას დაგიდევს მტყუანს და მართალს; სადაც საყოველთაო სიშლეგე, არეულობა და სიღატაკე სუფევს.
მეთექვსმეტე საუკუნეში იმპერატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა იმპერიის ერთი ნაწილი, მთავრებისა და მიწების წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ერთ-ერთი ლაშქრობისას იგი იძულებული გახდა ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო და კინაღამ ტყვედ ჩაუვარდა საქსონიის კურფიურსტს. პრუსიის უკანასკნელი მეფე არაერთხელ ამხედრებია თავის იმპერატორს და არაერთხელ მარცხიც უგემებია  მისთვის. იმპერიის წევრებს შორისაც ისე ხშირი იყო ძმათამკვლელი ომები, რომ გერმანიის ისტორიის ანალები ვერ აუდიან სისხლიანი სასაკლაოების აღწერას. ვესტფალიის ზავის დადებამდე გერმანიაში 30 წლიანი ომი მძვინვარებდა. ერთმანეთს სამკვდრო _ სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ იმპერატორი, რომელსაც მხარს ნახევარი იმპერია უჭერდა და შვედეთი, დანარჩენ იმპერიასთან ერთად. ბოლოს და ბოლოს ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის პარაგრაფების შედგენაშიც უცხოური სახელმწიფოები მონაწილეობდნენ. გერმანიის ტერიტორიულ მოწყობას საფუძვლად სწორედ მათი მონაწილეობით ჩამოყალიბებული პრინციპები  დაედო.
რაოდენ სავალალო სანახაობა იქნებოდა ეს ქვეყანა თუკი მას საგანგებო მდგომარეობაში თავდაცვის ორგანიზება მოუხდებოდა! წინასაომარ პერიოდში ხომ სუვერენული მიწები ერთმანეთს გულს ისეთი პაექრობებით  გაუწვრილებდნენ, შურიდან, ამპარტავნებიდან, შეურიგებელი შეხედულებებიდან და გაუტანლობიდან რომ ამოზრდილან და ვიდრე წარმომადგენლობითი კრება გადაწყვეტილებას მიიღებდა, მტრის ჯარი ქვეყანაში უკვე კარგა ხნის შემოჭრილი იქნებოდა, ხოლო იმ დროისთვის, როცა  ფედერალური ჯარები საომარ ნაღარას დაკრავდნენ, მტერს გამოზამთრებისთვის სამზადისი უკვე მოთავებული ექნებოდა.
სახელმწიფო ჯარი არ იყო მრავალრიცხოვანი, რაკი მისი ყოლა,  გავრცელებული შეხედულების მიხედვით, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს იყო აუცილებელი. ჯარისკაცები ცუდად იყვნენ უზრუნველყოფილნი; მათ ცოტას უხდიდნენ; ამიტომაც ადვილად ექცეოდნენ ადგილობრივ ცრურწმენათა ზეგავლენის ქვეშ; მათი არსებობა იმ შემთხვევითსა და მწირ შენატანებზე იყო დამოკიდებული, ხაზინაში ასე უხალისოდ რომ შეჰქონდათ იმპერიის წევრებს.
იმპერიულ ხელისუფლებას არც იმის ღონე შესწევდა, რომ  წესრიგი დაეცვა   და არც იმისა, რომ სუვერენული წევრების მიმართ იმპერიული  მართლმსაჯულება აღესრულებინა. ამიტომ იმპერია ცხრა თუ ათ მიწად თუ ოლქად დაყვეს. ყოველ მათგანს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ თავისი ნება – სურვილის მიხედვით მოეწყო პოლიტიკური ცხოვრება და სამხედრო ძალა გამოეყენებინა ქვეგამხედვარე თუ კანონდამრღვევი წევრების მიმართ. ექსპერიმენტმა არ გაამართლა _ იმპერიის შინაგან წყობაში ჩაბუდებულმა ბოროტებამ კიდევ უფრო მძაფრად იჩინა თავი. ყოველი გერმანული მიწა თვით იმპერიის - ამ პოლიტიკური ურჩხულის _ მინიატურულ გამოხატულებად მოგვევლინა. ისინი ან ვერ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, ანდა ამას მხოლოდ ძმათამკვლელი ომებისა და გაჩანაგებათა ფასად ახერხებენ. ზოგჯერ ისინი უარს ამბობდნენ თავიანთი კომპეტენციების განხორციელებაზე და ამით უფრო აღრმავებდნენ იმ უბედურებას, რომლისგან განკურნებაც მათ მოვალეობას წარმოადგენდა.
თუანუსის მონათხრობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ შეიარაღებული ძალმომრეობის ამ სისტემაზე. აბატი დე კრუა გარკვეული პრივილეგიებით რომ სარგებლობდა ქ. დონავერტში, შვაბიის მიწაზე, ერთ-ერთი ასეთი პრივილეგიით სარგებლობისას მოქალაქეებმა შეურაცხყვეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ეს ქალაქი იმპერიიდან გარიცხეს. გადწყვეტილების სისრულეში მოყვანა დაეკისრა ბავარიის ჰერცოგს, რომელიც სხვა მიწის მმართველი იყო. მალევე მისი ათიათასიანი არმია დონავერტის გალავანს შემოეწყო. საქმე ის იყო, რომ ჰერცოგს დიდი ხანია თვალი ეჭირა და ისტორიულ უფლებასაც იჩემებდა მასზე: დონავერტი ჩემი წინაპრების  ქალაქია, საიდანაც ისინი უსამართლოდ გამოაძევესო [1]. ასე რომ, იგი არა იმპერიის, არამედ  თავისი სახელით დაეპატრონა ქალაქს: განაიარაღა მისი გარნიზონი; სასტიკად გაუსწორდა მის მკვიდრთ და თავის სამფლობელოებს მიუერთა იგი.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა ძალა აკავებდა ამ ფარღარალა შენობას ნანგრევებად ქცევისგანო?  რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ის, რომ მის სუსტ წევრებს არ უნდოდათ, უცხო ქვეყნების სამოწყალოდ ქცეულიყვნენ, ძლიერი წევრები კი ზემძლავრი მეზობლების წინაშე პირისპირ დარჩენას გაურბოდნენ. საბოლოო რღვევას ასევე დიდად აფერხებდა თვითონ იმპერატორის უზარმაზარი ავტორიტეტი და ზეგავლენა, რაც მას თავისი პირადი თუ მემკვიდრეობით გადმოცემული მამულებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესძინეს. ამას ისიც ზედ ერთვოდა, რომ იმპერატორს არაფრით ეთმობოდა თავისი ტახტი, მისი ოჯახური წრის სიამაყეს რომ წარმოადგენდა და თვითონ ის ევროპის უპირველესი მბრძანებლის რანგში აჰყავდა. სწორედ ამ  მიზეზებით იყო გამოწვეული, რომ ეს ეგზომ სუსტი და მონჯღრეული პოლიტიკური ნაგებობა ახერხებდა თავი დაეღწია საბოლოო განადგურებისთვის. სუვერენიტეტის ბუნება ისეთია, რომ იგი ვერ ითმენს ისეთ რამეს, რაც, შესაძლოა, მის დამოუკიდებლობას ზღუდავდეს. რაც დრო გადის, უფრო ძლიერდება ეს ტენდენცია, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი გაერთიანების სრულ უარყოფად არ იქცევა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დავუშვათ და, იმპერიამ გადალახა ეს დაბრკოლება,  მისი საშველი მაინც არ იქნება, ვინაიდან მეზობელი სახელმწიფოები ვერაფრით შეეგუებიან იმ  პოლიტიკურ სახეცვლილებას, რაც მას კუთვნილი ძლიერებისა და უპირატესობის დაბრუნებას უქადის. მათ დიდი ხანია ძალიან კარგად იციან, თუ რა უნდა შეიცვალოს გერმანიის პოლიტიკურ სტრუქტურაში, მაგრამ არა გერმანიის, არამედ მათი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჟამიდან ჟამს გამჟღავნებულა კიდეც მათი მზაკვრული ჩანაფიქრი: გერმანიამ თავი ვერასოდეს უნდა დააღწიოსო ანარქიას და დაუძლურებას.
მაგალითები თავზესაყრელად გვაქვს; მარტო პოლონეთი რად ღირს, სადაც მმართველობას ადგილობრივი სუვერენები ახორციელებდნენ. ალბათ არ არსებობს უკეთესი დასტური იმისა, თუ რაოდენი უკუღმართობანი მომდინარეობენ ამგვარი სახელმწიფო მოწყობიდან; იგი ხომ ღმერთს არც ქვეყნის სამართავად უქნია და არც  გარეშე მტრისგან მის დასაცავად. ამიტომაც არის პოლონეთი მისი ზემძლავრი მეგობრების სამოწყალოდ მიგდებული, რომლებმაც ამას წინათ მოიღეს კიდეც მოწყალება მის მიმართ, როცა ტერიტორიისა და მოსახლეობის ერთი მესამედი წაგლიჯეს მას.
რაც შეეხება შვეიცარიის კანტონებს, ძნელია მას კონფედერაცია ვუწოდოთ. თუმცა მის მაგალითს ხშირად იშველიებენ, როცა ლაპარაკი ამგვარ გართიანებათა სიმტკიცეზეა. შვეიცარიის კანტონთა გაერთიანებას არც საერთო ხაზინა გააჩნია და არც საერთო ფული; რაც შეეხება ჯარს, ისინი ომის დროსაც კი არ გამოდიან შეერთებული შეიარაღებული ძალებით; ქვეყანაში არ არის სასამართლო წარმოების ერთიანი სისტემა და მას სუვერენობის არც სხვა რამ ნიშანი მოეპოვება.
შვეიცარიის კანტონთა გაერთიანების საფუძვლად რამდენიმე გარემოება იქცა:  თავისებური გეოგრაფიული მდგომარეობა; გათითოებულ კანტონთა სისუსტე და მნიშვნელობასმოკლებულობა; ძლევამოსილი მეზობლების წინაშე შიში, რომელთაგან ერთ-ერთის შემადგენლობაში ადრე შედიოდნენ კიდეც; ხალხის რბილი და ალალი ხასიათი, რომელიც  ძალზე იშვიათად იქცევა ხოლმე უთანხმოებათაA წყაროდ; საკუთრების დაცვის საერთო  ინტერესი; ურთიერთდახმარება იმ შემთხვევისათვის, თუ აუცილებელი გახდება ჯანყისა და ამბოხის ჩახშობა; თანადგომა, რომელიც თავიდანვე არის დათქმული და ხშირადაც უწევენ ერთმანეთს; ასევე ისეთი წესდების აუცილებლობა, რომელიც კანტონებს შორის სადავო საკითხებს აწესრიგებს და რომლის მიხედვით  როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირებული მხარე ოთხ მოსამართლეს ირჩევს ნეიტრალური კანტონებიდან; მათვე აქვთ უფლება  მედიატორი მოსამართლე აირჩიონ იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს უკანასკნელი, მიუკერძოებლობაზე ფიცს დებს და საბოოლოო განაჩენი გამოაქვს, რომლის განუხრელი აღსრულება ყველა კანტონისთვის ევალება. ამ წესდების კომპეტენციასა და ღირსებას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ 1683წ. კანტონებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიქტორ ამადეუს საქსონელთან, რომლის მიხედვითაც იგი კისრულობს მათ შორის  მედიატორად გამოვიდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ძალაც კი გამოიყენოს ურჩი კანტონის მიმართ.
შვეიცარიული კონფედერაცია თავისებური წარმონაქმნია და ალბათ გაჭირდება მისი  შეერთებულ შტატებთან შედარება, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი იმ პრინციპის სისწორეს ადასტურებს, რომლის ხორცშესხმასაც ჩვენ ვაპირებთ. რაგინდ ეფექტური იყოს განხილული კავშირი აღუშფოთველ  ყოველდღიურობაში, იგი პირველივე რყევისთანავე რღვევას იწყებს. სამგზის იავარჰყო ქვეყანა რელიგიურ ნიადაგზე აღგზნებულმა ცეცხლმა; სამგზის იწვიმეს სისხლის წვიმებმა შვეიცარიის მიწაზე, რამაც მოარყია კიდეც გაერთიანების საძირკველი. ამიერიდან პროტესტანტული და კათოლიკური კანტონები თავთავიანთ წარმომადგენლობით კრებებს აფუძნებენ. ყველა საჭირბოროტო საკითხი მათ რწმუნებაში გადადის. საერთო – ეროვნულ კრებას საერთო საზღვრებზე ზრუნვაღა რჩება.
ამგვარ ორად გაყოფას ერთობ  საყურადღებო შედეგიც მოჰყვა. ურთიერთდაპირისპირებულმა კანტონებმა ორ უცხოურ ძალასთან გააბეს კავშირი: პროტესტანტული კანტონები, რომელსაც სათავეში ბერნი უდგას, გაერთიანებულ პროვინციებს შეეკრა; ლუცერნის ირგვლივ გაერთიანებულმა კათოლიკურმა  კანტონებმა  კი საფრანგეთთან შეკრეს პირი.
პუბლიუსი

[1] პფეფელი ამტკიცებს, რომ ქალაქის დაპყრობის საბაბი ის გახდა, რომ ჰერცოგს მის დალაშქვრაზე გაწეული დანახარჯების ამოგება უნდოდაო.

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group