ფედერალისტი #3: ჯეი
1787 წ. 3 ნოემბერი
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
ყველამ იცის, იშვიათად მომხდარა, რომ რომელიმე ქვეყნის ხალხს (მით უმეტეს, თუკი იგი ამერიკელებივით გონიერი და გათვითცნობიერებულია) ჯიუტად და ძალზე დიდი ხნით გამოეჩინოს წინდაუხედაობა საკუთარი კეთილდღეობის საკითხში. ბუნებრივია, ამგვარი მოსაზრება გვკარნახობს, რომ ფრიადი პატივისცემით ვიმსჭვალებოდეთ იმ ერთსულოვანი ფიქრისადმი, რითაც ამერიკელი ხალხი რა ხანია თავს ევლება ერთ ფედე-რალურ მთავრობას დაქვემდებარებული ურყევი ერთობის მნიშვნელობას. მთავრობისა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა საკმარისი ძალაუფლებით როგორც საგარეო, ისე საშინაო მიზნების აღსრულებისათვის.
რაც უფრო გულდასმით ვარკვევ და ვიკვლევ იმ მიზეზებს, რომლებმაც, ეტყობა, ამგვარი მზრუნველი ფიქრი შვეს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ისინი უტყუარია და დამაჯერებელი.
მრავალი რამ არსებობს ისეთი, რაც ბრძენი და თავისუფალი ხალხის აუცილებელი მზრუნველობის საგანია, მაგრამ, მათ შორის პირველი, როგორც ჩანს, მაინც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უეჭველია, რომ ხალხის უსაფრთხოება ურიცხვ გარემოებასა და მოსაზრებაზეა დამოკიდებული, ამიტომაც ფართო გასაქანი ეძლევა მათ, ვინც მოწადინებულია ზუსტად და ამომწურავად განმარტოს იგი. ამჯერად მინდა განვიხილო უშიშროების ის ნაირსახეობა, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად; ქვეყნის გარედან სამხედრო აგრესიისა და ზემოქმედების აღსაკვეთად; აგრეთვე, საშინაო მიზეზებით გამოწვეული იმავე მუქარის ასარიდებლად; უპრიანია, ჯერ ის საფრთხე გავარჩიოთ, რომელიც პირველად მოვიხსენიე, ამრიგად, ნება მიბოძეთ განვაგრძო იმის გამორკვევა, სწორია თუ არა ხალხი, როცა იგი ფიქრობს, რომ ერთ, ქმედით ნაციონალურ მთავრობას დაქვემდებარებული გულითადი კავშირი ყველაზე საუკეთესოა იმ უსაფრთხოებათა შორის, რომლის მოფიქრება ადამიანის გონებას შეუძლია ქვეყნის გარედან შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად.
ვფიქრობ, მსოფლიოში უკვე მომხდარი ანდა ამიერიდან მოსახდენი ომების რიცხვი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს იმ რეალური თუ მოჩვენებითი მიზეზების რაოდენობისა და მნიშვნელობისა, რომელთაც ომის ანკესზე წამოუგია, ანდა ერთმანეთისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაუკიდებია ხალხები. თუკი ეს ვარაუდი სწორია, მაშინ საქმეს დიდად წაადგება იმის გამორკვევა, თუ რომელი უფრო მისცემს სხვა ქვეყნებს გამართლებული ომების საბაბს, გაერთიანებული თუ შტატებად დაშლილი ამერიკა. თუკი აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული ამერიკა ბევრად უფრო უპრიანია, მაშინ აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ამ მხრივ კავშირი ყველაზე უკეთესი თავმდებია სხვა სახელმწიფოებთან მშვიდობის შენარჩუნებისა.
გამართლებული ომის მიზეზი, უპირატესად, ხელშეკრულებათა დარღვევა, ანდა პირდაპირი ძალმომრეობაა. ამერიკამ უკვე დადო ხელშეკრულებები არანაკლებ ექვს უცხო სახელმწიფოსთან. საქმე ისაა, რომ ყველა მათგანი, გარდა პრუსიისა, საზღვაო ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩვენი მოთმინებიდან გამოყვანა და შეურაცხყოფა. გარდა ამისა, ამერიკას გაცხოველებული ვაჭრობა აქვს პორტუგალიასთან, ესპანეთსა და ბრიტანეთთან. რაც შეეხება ბოლო ორ სახელმწიფოს, მათთან მიმართებაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისინი თავიანთი კოლონიებით ჩვენს ქვეყანას ესაზღვრებიან.
ამერიკის ხალხი რომ უშფოთველად ცხოვრობდეს, საამისოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იგი იცავდეს საერთაშორისო ნორმებს ამ სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს, რომ ამას ბევრად უფრო სრულად და განუხრელად განახორციელებს ერთი ნაციონალური ხელისუფლება, ვიდრე ცამეტი დაცალკევებული შტატი, ან, თუნდაც, სამი თუ ოთხი ცალკე კონფედერაცია.
თუკი ერთხელაც შეიქმნა ძლევამოსილი ნაციონალური მმართველობა, მაშინ ქვეყნის რჩეული კაცები არა თუ ოდენ მასში სამსახურის უფლებას შეიძენენ, არამედ მათ სწორედაც რომ მთავრობის თავკაცებად გაამწესებენ. ქალაქს, სოფელსა თუ გავლენიან ამქარს შეეძლება თავიანთი წარმომადგენლები შეიყვანოს სახელმწიფო საკანონმდებლო საკრებულოებსა თუ საბჭოებში, სასამართლოებსა თუ აღმასრულებელ უწყებებში; მაგრამ, საქმე ისაა, რომ კაცი, რომელსაც ნაციონალური მთავრობის სამსახურში დანიშნავენ, მრავალი ტალანტით უნდა იყოს შემკული. მით უფრო, რომ ფედერალურ მთავრობას სათანადო კადრების შერჩევისას ბევრად მეტი გასაქანი ექნება და არასოდეს იგრძნობს მათს უკმარისობას, რასაც ჩვეულებრივ განიცდის ხოლმე ესა თუ ის შტატი. ამრიგად, ნაციონალური მთავრობის ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ სასამართლო განაჩენები ბევრად უფრო ბრძნული, უფრო ზედმიწევნითი და გონივრული იქნება, ვიდრე ის განჩინებანი, რომლებიც ცალკეულ შტატს გამოაქვს. ბუნებრივია, ამით სხვა ქვეყნებსაც ვაამებთ და არც ჩვენს უსაფრთხოებას ვავნებთ.
ისიც ბუნებრივია, რომ ერთიანი ნაციონალური ხელისუფლება ხელშეკრულებებს, მათს ცალკეულ მუხლებსა და საერთაშორისო ნორმებს ყოველთვის ერთსა და იმავე განმარტებას მისცემს და ერთსა და იმავე ნაირადვე შეასრულებს; ხოლო ცამეტი შტატი, ანდა სამი თუ ოთხი კონფედერაცია იმავე საკითხების განმარტებისას ვერ გამოიჩენს სათანადო თანამიმდევრულობასა და ურყეობას. ეს იმით აიხსნება, რომ არსებობს ბევრნაირი დამოუკიდებელი სასამართლო და მოსამართლე, რომლებიც ურთიერთგანსხვავებულსა და თვითმყოფად მთავრობებს დაუნიშნავთ; გარდა ამისა, მათზე, შესაძლოა, ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენდეს ნაირგვარი ადგილობრივი წეს-ჩვეულება და ინტერესთა მრავალფეროვნება. შეუძლებელია, დიდი მოწიწებით არ განიმსჭვალო კონვენტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ ამგვარი საკითხები გადააბაროს მის მიერ დანიშნულ სასამართლოთა იურისდიქციას, რომლებიც პასუხისმგებელნი მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მთავრობის წინაშე იქნებიან.
თითოოროლა შტატში მმართველი პარტია შეიძლება აჰყვეს სარგებლის მოხვეჭის ცდუნებას. ასევე, შესაძლოა, იგი სარგებლის დაკარგვამ აიძულოს, ხელყოს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპები; მაგრამ, ამგვარი ცდუნებები ვერ გავრცელდება სხვა შტატებში, მცირე რამ ზეგავლენას თუ იქონიებს, ანდა საერთოდ ვერ შეეხება ნაციონალურ მთავრობას. ამრიგად, ცდუნება ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო პატიოსნება და სამართლიანობა გადარჩება. ამ მოსაზრების მნიშვნელობას უფრო ზრდის ბრიტანეთთან დადებული ხელშეკრულება.
დავუშვათ, შტატის მმართველმა პარტიამ თადარიგი დაიჭირა და შეეწინააღმდეგა ამგვარ ცდუნებებს, მაგრამ, რაკი ისინი იმავე შტატის ადგილობრივი თავისებურებებიდან იბადება, რაკი ცდუნება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დარევს ხოლმე ხელს, მმართველ პარტიას, შესაძლოა, სურვილი კი ჰქონდეს, მაგრამ ღონე არ შესწევდეს იმისა, რომ აღკვეთოს წინასწარგანზრახული უსამართლობა, ანდა დასაჯოს აგრესორი. ხოლო ნაციონალური მთავრობა, რომელთანაც ხელი არა აქვს ადგილობრივ სპეციფიკურ გარემოებებს, თვითონ არასოდეს გადაცდება და ყოველთვის ექნება იმის ძალა და უნარი, რომ აღკვეთოს დანაშაული, ანდა დასაჯოს ის, ვინც მას სჩადის.
რაკი ისეა, რომ ომის გამართლებულ მიზეზად ხელშეკრულებათა, ანდა სხვა ერების კანონთა შეგნებული ანდა შეუგნებელი, დარღვევა იქცევა ხოლმე, ასეთი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი ერთი საერთო ხელისუფლების პირობებში, ვიდრე მრავალი წვრილ-წვრილი მთავრობების დროს. ამ მხრივ, ერთიანი ეროვნული მთავრობა ყველაზე უფრო მარჯვეა ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
იგივე უნდა ითქვას იმ ომის მიზეზებზე, რომელთა გამართლებაც პირდაპირი და აკრძალული ძალმომრეობაა. ჩემთვის, ასევე, ნათელია, რომ ერთ ვარგებულ ნაციონალურ მმართველობას ამგვარ საფრთხეთაგან თავდაცვის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ცალკეული შტატის მთავრობებს.
ძალმომრეობათა მიზეზი უფრო ხშირად ერთი მთელის შემადგენელ ნაწილთა ნება და ინტერესია, ვიდრე თვითონ ეს მთელი. ომის გამართლებულ მიზეზს უფრო თითო-ოროლა შტატი წარმოადგენს და არა ამ შტატების კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ფედერალური მთავრობა ჯერ კიდევ ეგზომ სუსტია, მისი მიზეზით ინდიელებთან არც ერთი ომი ჯერ არ წამოწყებულა. მაშინ, როდესაც მათი რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა გამოიწვია ცალკეული შტატების მესვეურთა უნიათო ქცევამ. ათასობით მათი თანამოქალაქის ხვედრად აქცია ომის სისხლიანი სასაკლაო მხოლოდ იმის გამო, რომ ამ შტატების თავკაცებმა ან თავდასხმის აღკვეთის და მომხდურის დასჯის სურვილი არ გამოამჟღავნეს, ანდა ამ საქმეში სრული უნიათობა გამოავლინეს.
ესპანეთისა და ბრიტანეთის სამფლობელოთა სიახლოვე, რომელთაც ზოგიერთი შტატი ესაზღვრება კიდეც, შეიძლება ჩვენი მესაზღვრე შტატების მათთან წაჩხუბების მიზეზად იქცეს. ასეთი შტატები მართალია ცოტაა, მაგრამ ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ უეცარმა სიბრაზემ წამოუაროთ, დაუფარავმა სიხარბემ დარიოთ ხელი, ანდა შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი; ამის გამო კი აშკარა ძალმომრეობაზე გადავიდნენ და ამ სახელმწიფოებს ომი აუტეხონ. ამგვარ საშიშროებას უფრო ეფექტურად ვერავინ აგვაშორებს თავიდან, თუ არა ნაციონალური მთავრობა, რომლის სიბრძნესა და კეთილგონიერებასთან ხელი არა აქვს იმ ვნებებს, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებს საომარად აღაგზნებს.
ნაციონალური ხელისუფლება ომის არა თუ ბევრად უფრო ცოტა საბაბს იძლევა, არამედ უფრო მეტად შესწევს ღონე დავა ჩააცხროს და მოჩხუბრებს შორის ძმობა ჩამოაგდოს. ასეთი ხელისუფლება ამ მხრივაც უფრო აღუშფოთველი და თავშეკავებული იქნება და, საერთოდ, ყოველმხრივ უფრო მეტ კეთილგონიერებას გამოიჩენს, ვიდრე გულმოსული შტატი. ცალკეულ შტატს, ისე როგორც თითოეულ ადამიანს, სიამაყის თავისებური გრძნობა აქვს. ბუნებრივია, ამ გრძნობით ამართლებს იგი თავის საქციელს, მაგრამ, იგივე სიამაყე უშლის ხელს აღიაროს, გამოასწოროს და გამოისყიდოს თავისი შეცდომა და დანაშაული. ნაციონალურ მთავრობას კი გონებას ვერ დაუბრმავებს სიამაყის ამგვარი გრძნობა. იგი მოთმინებითა და მიუკერძოებლად განსჯის და გადაწყვეტს იმას, თუ რა გზით უნდა დააღწიოს თავი წარმოქმნილ სახიფათო სიძნელეებს.
ეგეც რომ არ იყოს, ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ბრალის აღიარება, ახსნა-განმარტება და კომპენსაცია დამაკმაყოფილებლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ხოლმე, როცა ამას ერთიანი ძლიერი ნაცია სჩადის. ხოლო თუკი მათ უმნიშვნელო ძალაუფლების მქონე შტატი ან კონფედერაცია იძლევა, უმალ უკანვე მოგიგდებენ, აქაოდა, არაა დამაკმაყოფილებელიო.
1685 წელს გენუამ ლუი XIV გაანაწყენა, მერე კი სცადა, მისი გული მოეგო, მაგრამ ლუდოვიკომ მოსთხოვა მას, დოჟი ან ქალაქის თავი წარმოავლინე ოთხი სენატორის თანხლებით, რათა პატიება ითხოვოს და ჩემს პირობებსაც დაჰყაბულდესო. გენუა, ომის შიშით, მის ნებას დაჰყვა, მაგრამ განა ესპანეთი, ბრიტანეთი, ანდა რომელიმე სხვა ძლევამოსილი სახელმწიფო მიიღებდა ასეთ პრეტენზიებსა და აიტანდა ამგვარ დამცირებას?
პუბლიუსი