ფედერალისტი # 70 : ჰამილტონი
1788წ. 15 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება შეუთავსებელია რესპუბლიკური მმართველობის სულთან. ამგავარ მოსაზრებას მომხრეებიც ჰყავს. მმართველობის ამ ფორმის კეთილისმსურველებს კი იმისა უნდა ეიმედებოდეთ, რომ ამგვარი მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ისინი არასოდეს აღიარებენ მის ჭეშმარიტებას, რამეთუ ამგვარი რამ იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ ამ ხალხმა იმ პრინციპებს უმტრო, რომლებსაც თავს ევლება. აღმასრულებელი ხელისუფლების სიძლიერე იმ პრინციპად უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც ვარგებული მმართველობა ემყარება. იგი აუცილებელია ქვეყნის გარედან თავდასხმათა აღსაკვეთად. ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება არანაკლებ საშურია, რათა კანონმა იკანონოს და საკუთრება დაცული იქნეს უსამართლო და თვითნებური კომბინაციებისგან, რანიც ჟამიდან ჟამს კანონით დადგენილ წესრიგს არღვევენ ხოლმე. იგი აუცილებელია ამბიციური წამოწყებებისა და თავდასხმათაგან თავისუფლების დასაცავად. ენერგიული აღმასრულებელი ხელისუფლება ერთადერთი საშუალებაა, რასაც შეუძლია საზოგადოება პარტიული გაუტანლობისა და ანარქიაში დანთქმისგან იხსნას. თითოეულმა ადამიანმა, ვისაც კი ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს რომის ისტორიაში, იცის, თუ რარიგ ხშირად შეუფარებია ამ რესპუბლიკას თავი ერთი ადამიანის ხელში თავმოყრილი აბსოლუტური ძალაუფლებისთვის. ადამიანისა, რომელიც დიქტატორის საზარელ სახელს  ატარებს. და სწორედ ამ გზით დაუცავს მას თავი ტირანიაზე მეოცნებე ძალაუფლების მოყვარულთა ხლართებისგან, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ამბოხთაგან, რანიც პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდნენ სამთავრობო ძალაუფლების ყოველგვარ ნასახს. ეს იყო ხერხი, რითაც რომის რესპუბლიკა ხშირად იცავდა ხოლმე თავს გარეშე მტრისგან, რომელსაც მისი დაპყრობა და იავარქმნა ეოცნებებოდა.
ნამდვილად არ არის საჭირო ის, რომ ამ საკითხის თაობაზე საბუთები და მაგალითები დავახვავოთ. რა თქმა უნდა, უსუსური აღმასრულებელი ხელისუფლება, საზოგადოდ, იმის მომასწავებელია, რომ მთლიანად მმართველობაა სუსტი. უსუსური აღმასრულებელი ხელისუფლება და კანონის ცუდად აღსრულება ერთი და იგივეა. ხელისუფლება კი, რომელიც ცუდად აღასრულებს კანონებს, უვაგისია ცხოვრებაში, რაგინდ სრულყოფილიც უნდა იყოს იგი თეორიულად.
ამრიგად, მტკიცებას არ მოითხოვს ის, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აღიარებს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების აუცილებლობას. საკითხავი კი ისღა რჩება, თუ რისგან შედგება ამგვარი ენერგიულობა და რომელია ის სხვა შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც ჯერ არს, იგი შეუერთდეს, რათა რესპუბლიკური უსაფრთხოება ჩამოყალიბდეს? როგორ განსაზღვრავს ამგვარი შეერთება იმ გეგმის თავისებურებას, რომელსაც კონსტიტუციური კონვენტი გვთავაზობს?
ზემოაღნიშნული ენერგიულობა შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ჯერ ერთი – ერთგამგებლობა; მეორე – თანამდებობაზე ყოფნის შედარებით ხანგრძლივი ვადა; მესამე – საკმარისი რესურსები ამგვარი ვადის უზრუნველსაყოფად; მეოთხე – შესაბამისი უფლებამოსილებანი.
არსებობს ორი გარემოება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას  რესპუბლიკური გაგებით: ჯერ ერთი, რესპუბლიკური მმართველობა სათანადოდ ემყარება ხალხს; და მეორეც, დაკისრებული მოვალეობისადმი ჯეროვანი პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული.
თავიანთი კეთილგონიერებითა და შეხედულებათა სამართლიანობით სახელგანთქმული პოლიტიკური მოღვაწეები და სახელმწიფო კაცები მხარს უჭერენ ერთმმრთველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მრავალთა მმართველობას საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ისინი სრულიად მართებულად მიიჩნევენ, რომ სწორედ ენერგიულობაა აღმასრულებელი ხელისუფლების აუცილებელი მახასიათებელი. მათივე მართებული თვალსაზრისით, იგი თავმოყრილი უნდა იყოს ერთი ხელისუფლის ხელში. რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, მისთვის უფრო ნიშანდობლივია მრავალთა მმართველობა. ეგ იმიტომ, რომ მას საქმე აქვს განხილვებსა და ჭეშმარიტების ძიებასთან. ამასთანავე, იგი გამიზნულია იმაზე, რომ ხალხს ხელისუფლებისადმი ნდობა ჩაუნერგოს, მისი პრივილეგიებისა და ინტერესების  სადარაჯოზე იდგეს.
ვფიქრობ, არავინ გახდის სადავოდ იმას, რომ ერთმმართველობა ძალას მატებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. გამბედაობა, მოქმედებისთვის მზაობა, საიდუმლოს შენახვის უნარი, საქმეებისთვის სწრაფად თავის გართმევის ნიჭი, – თუ სამართლიანნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველივე ეს ერთ კაცს უფრო მოსდგამს, ვიდრე ადამიანთა ჯგუფს. უფრო მეტი, რაც უფრო მრავალრიცხოვანია ამგვარი ჯგუფი, მით უფრო იკარგება ზემოაღნიშნული თვისებები.
ორ რამეს ძალუძს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ერთობის იავარქმნა. ჯერ ერთი, მის გასაჩანაგებლად საკმარისია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ორ ან მეტ თანამდებობის პირს გავუნაწილოთ, რომელნიც რანგითაც თანაბარნი იქნებიან და უფლებამოსილებითაც. მისი იავარქმნის სხვა გზაც არსებობს: შეგვიძლია იგი ერთ პიროვნებას მივანდოთ, მაგრამ ეს უკანასკნელი,  ნაწილობრივ ან მთლიანად, - მრჩევლებზე დამოკიდებული გავხადოთ. ეს უკანასკნელნი, თითქოსდა, მასთან თანამშრომლობენ, სინამდვილეში კი გადაწყვტილებათა მიღების პროცესს წარმართავენ, ანდა მათ მიღებაში მონაწილეობენ. ერთის ნიმუშად შეიძლება ორი კონსულის ინსტიტუტი გამოდგეს, რომელიც ძველ რომში არსებობდა; მეორის მაგალითად კი შეგვეძლო, რამდენიმე შტატის კონსტიტუციისთვის მოგვეხმო. თუ კარგად მახსოვს, მხოლოდ ნიუ–იორკისა და ნიუ–ჯერსის კონსტიტუციები ანდობენ აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთ პირს. [1] როგორც ერთ, ისე მეორე მეთოდს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობას არღვევს, თავისი მომხრეები ჰყავს. მაგრამ თაყვანისმცემელთა სიმრავლით მაინც აღმასრულებელ საბჭო გამოირჩევა. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ერთი და იმავე, ანდა მსგავსი მოსაზრებებით ამართლებს თავიანთ მოსაზრებებს. და რაკი ისინი, მეტწილად, ერთნაირ შესიტყვებებს იმსახურებენ, უპრიანია მათი ერთად განხილვა.
ამ საკითხში სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ჩვენ გაკვეთილებს ვერ გამოვიტანთ. ერთადერთი, რაც მათგან შეიძლება ვისწავლოთ, ის არის, რომ არ უნდა ვესწრაფოდეთ  მრავალთა მმართველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქაველებმა საცდელად ორი პრეტორის ინსტიტუტი შემოიღეს, მაგრამ მერე იძულებული შეიქნენ, ერთი მათგანი გაეუქმებინათ. რომის ისტორია სავსეა იმ უბედურებათა მაგალითებით, რანიც რესპუბლიკას კონსულებსა და სამხედრო ტრიბუნთა შორის უთანხმოებამ მოუტანა. ეს უკანასკნელნი ჟამიდან ჟამს კონსულების შემცვლელებად გველინებოდნენ. მაგრამ ფუჭად გავირჯებოდით, თუ რომის ისტორიაში იმ სარგებელთა და უპირატესობათა ძიებას დავიწყებდით, რომელნიც თითქოსდა, აღმასრულებელი ძალაუფლების დანაწევრებას და მრავალ პიროვნებაზე მის გადანაწილებას მოჰქონდეს. გაკვირვებას მხოლოდ ის იწვევს, რომ ზემოაღნიშნული უთანხმოებანი უფრო ხშირად არ ხდებოდა და უფრო დამღუპველ ზემოქმედებას არ ახდენდა რომის რესპუბლიკაზე. მაგრამ მხედველობაშია მისაღები როგორც ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიც იგი თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა, ისე ის სახელმწიფოებრივი მოსაზრებანი, რითაც კონსულები ხელმძღვანელობდნენ, როცა ძალაუფლებას ერთმანეთს შორის კეთილგონივრულად  ინაწილებდნენ. პატრიციები გამუდმებით ებრძოდნენ პლებეებს თავიანთი ძველის – ძველი უფლებებისა და ღირსებათა შესანარჩუნებლად. საქმე ის არის, რომ კონსულები, რომელნიც პატრიციებიდან იყვნენ გამოსულნი, ხშირად პირადი ინტერესების საფუძველზე ერთიანდებოდნენ და თავიანთი ფენის პრივილეგიებს იცავდნენ. მას შემდეგ კი, რაც რომის შეიარაღებულმა ძალებმა შორს გასწიეს იმპერიის საზღვრები, კონსულებმა მართვა – გამგეობის სფეროთა გასანაწილებლად კენჭისყრის ჩვეულება შემოიღეს. ერთი მათგანი რჩებოდა რომში და ქალაქ რომსა და მის შემოგარენს განაგებდა; მეორე კი იმპერიის შორეულ პროვიციანთა მართვა – გამგეობას სჯერდებოდა. ამ პროცედურას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ მან რესპუბლიკას შესაძლებლობა მისცა, თავიდან აეცილებინა შეჯახებანი და ქიშპობა, რასაც შეეძლო სამოქალაქო მშვიდობა დაესამარებინა რომის რესპუბლიკაში. 
მაგრამ, მოდით, თავი ვანებოთ ბუნდოვანებით მოცულ ისტორიას და იმას მივუბრუნდეთ, რასაც მხოლოდ გონება და საღი აზრი გვკარნახობს. თუ ასე მოვიქცევით, ბევრად უფრო მყარი მიზეზი გვექნება საიმისოდ, რომ არათუ მივიღოთ, არამედ ერთხელ და სამუდამოდ უკუვაგდოთ მოსაზრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მრავალთა მმართველობის შესახებ, რა სახითაც უნდა გვევლინებოდეს იგი.
ყველგან, სადაც კი ორი ან მეტი ადამიანი ერთ საქმეს აკეთებს, ან ერთი მიზნისთვის იღვწის, ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათი აზრები გაიყოს. როცა საქმე საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობასა და სახელმწიფო სამსახურს ეხება; შესაბამისად კი ეს ადამიანები თანაბარი ღირსებითა და უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი, არათუ პიროვნული შეჯიბრის, არამედ მათ შორის მტრობის განსაკუთრებული ხიფათიც კი იქმნება. ყოველივე ამან კი შესაძლოა, ძალზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვიოს. როგორც კი ამგვარი რამ ხდება, ხელისუფლება სუსტდება, მისი ავტორიტეტი ეცემა და მისდამი პატივისცემაც იკარგება. განხეთქილების პირობებში ვერც ერთი მხარე ვერ იცლის იმისთვის, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს. ამიტომ ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გეგმას ჩავარდნა და ჩაფუშვა ემუქრება. წარმოვიდგინოთ ქვეყანა, რომელიც ამგვარ საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და რომლის აღმასრულებელი ხელისუფლება ორი ან მეტი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. საუბედუროდ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არც ერთ ზომას, რომლის შემოღებასაც ისინი შეეცდებიან განხორციელება არ უწერია. ბევრად უფრო უარესიც შეიძლება მოხდეს. კერძოდ ის, რომ საზოგადოება რამდენიმე მოძალადე და შეურიგებელ დაჯგუფებად გაიხლიჩოს, რომელნიც ერთგულებით იქნებიან გამსჭვალულნი იმ პირთა მიმართ, უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლებით რომ არიან აღჭურვილნი. 
ადამიანები ხშირად გამოდიან ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ან იმის გამო, რომ მათ მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ანდა იმის გამო, რომ ამგვარი გადაწყვეტილება იმ ხალხმა მიიღო, რომელსაც ისინი ვერ იტანენ. მაგრამ თუ ამ ადამიანებს მოეთათბირნენ და გამოუცხადეს, რომ მათ შეხედულებებს არ იზიარებენ, მაშინ ოპოზიციაში დგომა მათთვის მხოლოდ თავმოყვარეობისა და შელახული ღირსების საქმედ იქცევა. ისინი დარწმუნებულნი არიან თავინთ ღირსეულობასა და უცოდველობაში. ამიტომ მთელი არსებით მოწადინებულნი არიან არაფრით დაუშვან იმ წამოწყების წარმატებით დაგვირგვინება, რომლის თაობაზეც მათი რჩევები გაზიარებული არ იქნა. ყოფილა შემთხვევები, როცა ღირსეულსა და კეთილმოსურნე ხალხს შეშფოთებით აღუნიშნავს, თუ რაოდენ სასოწარკვეთილი საქციელისკენ უბიძგებს ხოლმე ადამიანებს შელახული თავმოყვარეობა, თუ რაოდენ სამწუხაროა, როცა დიადი საზოგადოებრივი ინტერესები იმ ადამიანთა პატივმოყვარეობას, თავმომწონეობასა და სიჯიუტეს ეწირებიან მსხვერპლად, რომელთაც სახელი და დიდება არ აკლიათ საიმისოდ, რომ მათი ვნებები და ახირებანი კაცობრიობამ თავის მონაპოვრად შერაცხოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს მისაღები, სამწუხარო დასტურად იქცეს იმ საზიზღარი სისუსტის და საძაგელი ნაკლოვანებისა, რომელიც ადამიანურ ბუნებაშია ფესვგადგმული.
ის პრინციპები, რომლებსაც თავისუფალი მმართველობა ემყარება, გვაიძულებენ, შევურიგდეთ ზემოაღნიშნულ ნაკლოვანებებს, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებს ვაყალიბებთ. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი და, აქედან გამომდინარე, კეთილგონივრულიც არ იქნება ის,  რომ  მათთან შერიგებას ვესწრაფოდეთ აღმასრულებელი ხელისუფლების მოწყობის დროს. სწორედ ამ სფეროში შეუძლიათ მათ ყველაზე დამღუპველი ზეგავლენის მოხდენა. საკანონმდებლო ხელისუფლების საქმეებში აჩქრება უფრო ნაკლია, ვიდრე ღირსება. ხელისუფლების საკანონმდებლო დეპარტამენტში ჩვეულებრივი ამბავია აზრთა სხვადასხვაობა და პარტიებს შორის მეტოქეობა, თუმცა ზოგჯერ ეს ზიანს აყენებს სასარგებლო გადაწყვეტილებათა მიღების საქმეს. მაგრამ ამგვარი ვითარება უფრო ხშირად ხელს უწყობს აწონილ – დაწონილი გადაწყვეტილებებისა და წინდახედული ზომების მიღებას. ამასთანავე, იგი უმრავლესობის მოთოკვაში გვეხმარება, რათა მან უკიდურესი ქმედებები არ ჩაიდინოს. მაგრამ როგორც კი საკანონმდებლო კრება გადაწყვეტილებას ღებულობს, ოპოზიცია წყვეტს არსებობას. საქმე ის არის, რომ მიღებული გადაწყვეტილება კანონია, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი დასჯადი ქმედება. მაგრამ არ არსებობს ისეთი ხელშემწყობი გარემოებანი, რომელთაც იმ ზარალის ამოგება შეეძლოთ, რაც აზრთა სხვადასხვაობით ადგება ხელისუფლების აღმასრულებელ განშტოებას. სრულიად აშკარაა, რომ აზრთა სხვადასხვაობას ამ სფეროში ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ისიც სავსებით  ცხადია, რომ არ არსებობს საკითხი, რის შესახებაც იგი არ წამოიჭრას. ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა სხვაზე არფერზეა გამიზნული, თუ არა იმაზე, რომ ჩაშალოს ან დაასუსტოს ამ თუ იმ ღონისძიების გეგმა. ამგვარ დამანგრეველ ძალისხმევას იჩენს იგი ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი ზომის მიმართ, მისი შემოღების საწყისი ეტაპიდან, ვიდრე ბოლო ეტაპამდე. იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სწორედ რომ ყველაზე აუცილებელი ელემენტების აღმოფხვრას ესწრაფვის. იგი სწორედ ხელისუფლების ამ განშტოების ენერგიულობასა და სისწრაფეს უპირისპირდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ არანაირ გამაწონასწორებელ შედეგებს ამგვარი დაპირისპირება არ იძლევა. ომის დროს, როცა ქვეყნის უსაფრთხოების საწინდარი სწორედ რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ენერგიულობაა, მრავალმმართველობა სავალალო მდგომარეობაში ჩაგვაგდებდა.
უნდა ვაღიარო, რომ ამგვარი მოსაზრებანი, არსებითად, ორი შემთხვევიდან პირველზე ვრცელდებიან, რანიც ჩვენ იმის ნიმუშად მოვიტანეთ, თუ როგორ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანობის რღვევა. საქმე იმ შემთხვევას ეხება, როცა ორ ან მეტ პირს თანაბარი რანგი და უფლებამოსილებანი ენიჭება. თუმცა ეს იდეა არ გამოირჩევა მრავალრიცხოვანი მომხრეებით. მაგრამ ჩემი შენიშვნები შესაძლოა, საყურადღებონი და ანგარიშგასაწევნი იყვნენ იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. საქმე კი იმგვარ საბჭოს ეხება, რომლის თანხმობა კონსტიტუციურად არის აუცილებელი, რათა წარმოსახვითმა აღმასრულებელმა ხელისუფალმა გარკვეულ ქმედებათა განხორცილება შეძლოს. მაგრამ დახვეწილ ინტრიგას შეეძლება საბჭოს წევრებს თავიანთი მოვალეობა დაავიწყოს და მთელი სისტემის დაძაბუნება გამოიწვიოს. თუმცა ამგვარი ინტრიგის გარეშე, აზრთა და შეხედულებათა შორის განსხვავებაც კი საკმარისი იქნებოდა, რათა აღმასრულებელი ხელისუფლება უძლურებისა და გაჯანჯლების სულისკვეთებით გაჟღენთილიყო.
მაგრამ უნდა მოვიხსენიოთ ერთერთი ყველაზე უფრო საყურადღებო შესიტყვებათაგანი როგორც ერთი, ისე მეორე გეგმის მიმართ, რომელნიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაუძლურებაზე არიან გათვლილნი, რაკი ორი ან მეტი პირისათვის მის გადაცემას ითვალისწინებენ. ამგვარი შესიტყვება იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ზემოაღნიშნული გეგმა შეცდომათა მიჩუმათებაზეა გათვლილი და პასუხისმგებლობის დაკარგვას იწვევს. იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს იწვევს უფლებამოსილებათა დარღვევა, პასუხისმგებლობაც ორად იყოფა. ერთია გაკიცხვა, მეორე კი – დასჯა. პასუხისმგებლობის პირველი ნაირსახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამდებობის იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ხალხი ირჩევს. საქმე ის არის, რომ ადამიანი, რომელსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა, უფრო ხშირად სწორედ ისეთ საქციელს სჩადის, რაც მას  ამგვარი ნდობის უღირსად ხდის. თუმცა იგი ახერხებს ისეთ საზიზღარ პირად არ იქცეს, რომელიც ჯერ არს, სასამართლო წესით დაისაჯოს. მაგრამ საქმე ის არის, რომ მრავალმმართველობის პირობებში ერთობ ძნელია უპასუხისმგებლო პირის მხილება; მნიშვნელობა არ აქვს იმას, მისი ქმედება გაკიცხვას იმსახურებს თუ სასჯელს. ურთიერთბრალდებათა ორომტრიალში ძალზე ჭირს იმის დადგენა, თუ ვინ უნდა გაიკიცხოს ან დაისაჯოს იმ ზომის თუ ზომების მიღებისთვის, რომელთაც ქვეყანა დაღუპვის პირად მიიყვანეს. პასუხისმგებლობას ისეთი სიმსუბუქითა და მოჩვენებითი დამაჯერებლობით გადააბრალებენ ერთმანეთს, რომ  საზოგადოებრივი აზრი ვერასოდეს გაიგებს, თუ ვინ არის ნამდვილი დამნაშავე. ხანდახან ძალზე რთულია ის გარემოებანი, რომლებიც ქვეყნის დამარცხებას ან ეროვნულ უბედურებას იწვევნ, ვინაიდან მათში ერთდროულად მონაწილეობს სხვადასხვა რანგის რამდენიმე პირი. ცუდი მართვის დამღუპველი შედეგები ყველასთვის აშკარაა, თუმცა შეუძლებელია პასუხისმგებლობის სამართლიანი გადანაწილება და იმის გარჩევა, თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ჩადენილ ბოროტებაში.
“საბჭომ მაიძულა ამ ზომების მიღება, ჩემი ნების წინააღმდეგ წავედი. აზრთა ისეთი სხვადასხვაობა წარმოიშვა, იმ მომენტში უკეთესი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყოო”. უამრავი ამგვარი თავისმართლება გვსმენია, მაგრამ კაცმა არ იცის, ისინი გულწრფელია თუ მოჩვენებითი. და განა მოიძევება ისეთი ვინმე, ვინც არ დაიზარებს და თავს დაიტეხს სიძულვილს, რაკი იმის ქექვას დაიწყებს, თუ რა იმალება ამგვარი განცხადების მიღმა? თუკი ვინმე მართლაც გამოიჩენს სათანადო გულმოდგინებას და ითავებს ამგვარ რამეს, უმაღლესი ხელისუფალნი განა მაშინვე არ შეკრავენ პირს და ყველა გარემოებას იმგვარი ორაზროვნებით არ წარმოაჩენენ, რომ ვერავინ შეძლოს მტყუვნისა და მართლის გარჩევა?
თანამდებობებზე დანიშვნა ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩვენი მშობლიური შტატის გუბერნატორი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს საბჭოს მოსაზრებას. მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, თუ რაოდენი უბედურების მომტანია ამგვარი პრაქტიკა სწორედ იმ საკითხში, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ. მნიშვნელოვან თანამდებობებზე სამარცხვინო პირები დაინიშნენ. ზოგიერთი დანიშვნა მართლაც იმ ზომამდე შეუწყნარებელი იყო, რომ ყველა პარტიამ გამოთქვა თავისი აღშფოთება. გამოძიების პროცესში გუბერნატორმა საბჭო დაადანაშაულა, ხოლო საბჭოს წევრებმა გუბერნატორს დასდეს ბრალი: ყველა დანიშვნის ინიციატორი თვითონ იყოო. ხალხს ვერაფრით გაუგია თუ ვინ გადააბარა მისი ინტერესები მართვის უნარმოკლებულ პირს, რომელიც აშკარად შეუფერებელია მოცემული თანამდებობისთვის. დელიკატურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, წვრილმანების გამომზეურებისგან თავს შევიკავებ.
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ორი ან უფრო მეტი ადამიანის ხელთაა, ხალხს ერთმევა საშუალება იმისა, რომ მან თვალ – ყური ადევნოს იმას კეთილსინდისიერად ხორციელდება თუ არა მის მიერ დელეგირებული ძალაუფლება. საზოგადოებრივი აზრი კარგავს თავის ეფექტურობას. ამგვარი რამ ორი მიზეზით ხდება. ჯერ ერთი, უჩინარდება საზოგადოებრივი გაკიცხვის ზეგავლენა, რაკი ცუდ მართვაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე პირს შორის ნაწილდება და შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ ვინ არის დასჯის ღირსი. მეორეც, ვერ ხერხდება ის, რომ სწრაფად და გარკვევით იქნეს აღმოჩენილი თუ რა დარღვევები ჩაიდინეს თანამდებობის პირებმა, რათა ისინი იძულების წესით იქნენ გადაყენებულნი, ანდა – აუცილებელობის შემთხვევაში – პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი.
ინგლისის მეფეს სამიდღემჩიოდ უპყრია ხელთ უმაღლესი აღმასრულბელი ხელისუფლების სადავეები. საზოგადოებრივი სიმშვიდის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული მის მიერ განხორციელებული მართვისთვის და მისი პიროვნება წმინდად ითვლება. ამ ვითარებაში ყველაზე  ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ მეფესთან შექმნილიყო საკონსტიტუციო  საბჭო, რომელიც ხალხის წინაშე იქნებოდა ანგარიშვალდებული იმ რჩევებისთვის, რომლებსაც მას აძლევენ. ამის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლება არავის წინაშე არ იქნებოდა ანგარიშვალდებული, რაც მიუღებელია თავისუფალი მმართველობის თვალსაზრისით. მაგრამ საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებანი ინგლისშიც კი არ არის მეფისთვის სავალდებულო, თუმცა ამ საბჭოს წევრებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ მიერ გაწეულ რეკომენდაციებზე. მეფე თვით არის თავისი თავის ბატონ – პატრონი და სრულიად თავისუფალია თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების შესრულებისას. ასე რომ, გაითვალისწინებს თუ არა იგი საკონსტიტუციო საბჭოს რჩევებს, – მხოლოდ და მხოლოდ მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება რესპუბლიკას, მასში თითოეული თანამდებობის პირი პირადად აგებს პასუხს იმ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ახორციელებენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს მოსაზრებანი, რომელთა მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური აგებულებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს იმის აუცილებლობა, რომ დაარსდეს სამეფო საბჭო. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ არათუ კეთილსმყოფელ ზემოქმედებას ვერ მოახდენს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, არამედ დამღუპველიც კი იქნება მისთვის.  დიდი ბრიტანეთის მონარქიული პოლიტიკური წყობის პირობებში საბჭო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რათა იგი მეფეს აარიდოს, რაკი მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით არის აკრძალული. მეფე კი თავისი უმწიკვლო მოღვაწეობის გამო ეროვნული სამართლიანობის საწინდრადაა მიჩნეული. ამერიკულ რესპუბლიკაში კი ამგვარი საბჭო თუ სრულად არ მოსპობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტებდა მაინც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის პასუხიმგებლობას. ეს უკანასკნელი კი ესოდენ საშურია და აუცილებელი.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან არსებული საბჭოს აუცილებლობა, რაც ესოდენ გავრცელებულია ცალკეული შტატის კონსტიტუციებში, იქიდან მომდინარეობს, რომ რესპუბლიკური მმართველობის მომხრეები გულმოდგინედ ცდილობენ რესპუბლიკური წესის დაცვას. საქმე კი იმ წესს ეხება, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება უფრო უხიფათოა, როცა იგი რამდენიმე პირზეა გადანაწილებული, ვიდრე მაშინ, როცა იგი ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. თუკი მაინცადამაინც აუცილებელია ამ წესის გამოყენება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმაში მაინც უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ მისთვის დამახასიათებელმა ნაკლმა იმ სარგებელს არ გადააჭარბოს, რომლის მოტანაც მას ძალუძს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ზემოაღნიშნული წესის გამოყენება არ იქნებოდა მართებული. ამ საკითხში მე სავსებით ვიზიარებ იმ ავტორის მოსაზრებას, რომელსაც სახელგანთქმულმა იუნიუსმა “ღრმა, საფუძვლიანი და გაწაფული” უწოდა. საქმე კი იმ მოსაზრებას ეხება, რომლის მიხედვითაც “ ბევრად უფო ადვილია აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვა მაშინ, როცა იგი ერთიერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი”. [2]  ამ დროს ხალხს უადვილდება, თვალყური ადევნოს იმას, თუ როგორ ხორციელდება მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებანი. ერთი სიტყვით, ორ ან მეტ პირზე გადანაწილებული აღმასრულებელი ხელისუფლება ბევრად უფრო დიდ ხიფათს უქმნის თავისუფლებას.
ახლა ირიოდ სიტყვით იმის ჩვენებას შევეცდები, თუ რაოდენ მიუღწეველია სასურველი უსაფრთხოება იმ გზით, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მრავალთა მმართველობას ითვალისწინებს. Aუცილებელია, ძალაუფლება იმდენ პირზე იყოს გადანაწილებული, რომ ძალზე გაძნელდეს თანამზრახველთა ჯგუფის სახით მათი გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლება არათუ დაცული არ იქნება, არამედ მას დამღუპველი საფრთხე დაემუქრება. რამდენიმე პირის გაერთიანებული ნდობა და ზეგავლენა ბევრად უფრო საზარელ ხიფათს უქმნის თავისუფლებას, ვიდრე ის ნდობა და ზეგავლენა, რაც თითოეულ მათგანს ცალ - ცალკე აქვს. ამიტომ როცა მთელი ძალაუფლება რამდენიმე პირზეა გადანაწილებული, გაწაფულ ლიდერს ყოველთვის შეეძლება ის, რომ ისინი საერთო ინტერესით შეკრას და სახიფათო წამოწყებაში ჩაითრიოს. ამ ვითარებაში ბევრად უფრო ადვილია Dძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ვიდრე მაშინ, როცა იგი ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. ამ უკანასკნელს კი მთელი საზოგადოება აკვირდება და ამდენად იგი ვერაფრით მოახერხებს მეტისმეტად დიდი ზეგავლენის მოპოვებას, რისი შეძენაც არ გაუჭირდებოდა, თუკი თანამზრახველთა ჯგუფთან ერთად იმოქმედებდა. რომაელი დეცემვირები, რომელთა სახელწოდება მათ რიცხვზე მიანიშნებს,  [3]  ბევრად უფრო საზარელ უზურპაციას სჩადიოდნენ, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ – ცალკე ჩაიდენდა. არავის მოუვა აზრად ის, რომ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო მრავალრიცხოვანი ორგანო შემოგვთავაზოს. ამიტომ არის, რომ აღმასრულებელი საბჭოს წევრთა შეთავაზებული რაოდენობა ექვსიდან თორმეტს შორის მერყეობს. ამგვარი საბჭო საკმარისად მრავალრიცხოვანია საიმისოდ, რომ იგი თანამზრახველთა დაჯგუფებად არ გადაგვარდეს. სწორედ ჯგუფური თანამზრახველობა და არა ცალკეული პირის პატივმოყვარეობაა ის ბოროტება, რასაც ამერიკაში ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხოდეთ. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან არსებული საბჭო ის ორგანო იქნება, რომელიც დააბრკოლებს ამ თანამდებობის პირის კეთილ ზრახვებს, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი თავის საკუთარ ქმედებებზე. პირიქით, იგი მისი ცუდი თვისებების წამახალისებლად მოგვევლინება და ხელს შეუწყობს მის მიერ დაშვებული შეცდომების დაფარვას. 
აღარაფერს ვიტყვი იმ დანახარჯებზე, რომელიც ამგვარი საბჭოს შენახვას დასჭირდება. მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას. კერძოდ კი ის, რომ ზემოაღნიშნული საბჭოს წევრთა ჯამაგირი საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს, რაკი ისინი სახელმწიფო კმაყოფაზე უნდა გადმოვიდნენ. ვფიქრობ, არ ღირს ამდენი ფულის დახარჯვა იმ საქმეზე, რომელსაც კარგი პირი ნამდვილად არ უჩანს.
დაბოლოს, ყოველივე ზემოთქმულს ერთ რამესაც დავამატებდი: ახალი კონსტიტუციის გამოქვეყნებამდე არც ერთ შტატში არ წავწყდომივარ მოაზროვნე ადამიანს, რომელიც დარწმუნებული არ ყოფილიყოს იმ დასკვნის სისწორეში, რაც მან საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გამოიტანა. საქმე კი შემდეგ დასკვნას ეხება: ერთმმართველობა, რომელიც ჩვენი მშობლიური შტატის აღმასრულებელ ხელისუფლებას ახასიათებს, სწორედ რომ ერთ-ერთი ღირსებათაგანია ჩვენი კონსტიტუციისა.
პუბლიუსი


[1] ნიუ – იორკის შტატში მხოლოდ მრეჩეველთა საბჭო არსებობს, რომელიც თანამდებობებზე დანიშვნის საქმეებს განაგებს. ნიუ – ჯერსიში გუბერნატორთან არსებობს საბჭო, რომლის რეკომენდაციები, რამდენადაც მახსოვს, მისთვის არ არის სავალდებულო.( პუბლიუსი)

[2] დე ლომი( პუბლიუსი)

[3] ათი ( პუბლიუსი)

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group