ფედერალისტი
#10 : მედისონი
1787 წ. 23 ნოემბერი 1787
ნიუ-იორკის შტატის ხალხს
უამრავ უპირატესობათაგან, რომელსაც ხეირიანად მოწყობილი კავშირი გვპირდება, არც ერთი არ იმსახურებს ესოდენ დაწვრილებით გადმოცემას, როგორც მისი უნარი, ალაგმოს და გააკონტროლოს ადამიანთა დაჯგუფებებს შორის მძულვარება და ძალმომრეობა. სახალხო მმართველობის ბედსა და ბუნებაზე რომ ფიქრობს, მის მომხრეს ერთი რამ ჰგვრის ყველაზე დიდ შეშფოთებას: ამგვარი მმართველობის მიდრეკილება ზემოხსენებული სახიფათო სიავისადმი. ამიტომ იგი მზადაა ჯეროვნად დააფასოს ყველა ის პროექტი, რომლის მიზანი ამ ჭირის წამლობაა, ოღონდაც, ეს მისი საყვარელი პრინციპებისადმი ძალმომრეობა არ იყოს. ის უმყარობა, უსამართლობა და არეულობა, რომელიც ძვალ-რბილში გასჯდომია სახელმწიფო წარმომადგენლობითს ორგანოებს, მართლაცდა ის სნეულებაა, რაც ყოველთვის ღუპავდა და ახლაც ღუპავს სახალხო მმართველობებს. ამ ნოყიერ თემას ხომ ეგზომ ეთაყვანება თავისუფლების მტერი. იგი ხომ ასე ასაზრდოებს მისი მჭევრმეტყველების ყველაზე დამაჯერებელ ნიმუშებს. მართალია, არ შეიძლება აღფრთოვანება არ გეუფლებოდეს იმის გამო, რომ ამერიკის კონსტიტუციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სახალხო მმართველობის როგორც ძველი, ისე ახალი მოდელები. მაგრამ გაუმართლებელი მიკერძოება იქნებოდა იმის მტკიცება, ვითომდა მათ ისეთი ქმედითობით აეცილებინოთ ყველა საფრთხე, როგორც ეს სასურველი და მოსალოდნელი იყო. ჩვენი ყველაზე გონიერი და ქველი მოქალაქენი ერთთავად იმას ჩივიან, რომ სახალხო მმართველობა ჩვენში ერთობ არამყარია; რომ ურთიერდაპირისპირებული დაჯგუფებების შეხლა-შემოხლა უგულვებელყოფს საზოგადო სიკეთეს; რომ მისი კრიტერიუმი ძალიან ხშირად დგინდება არა სამართლიანობის წესებისა და უმცირესობაში მყოფი პარტიის უფლებათა გათვალისწინებით, არამედ უპირატესი უმრავლესობის უზარმაზარი ძალის ზეგავლენით. ნეტამც ამ ჩივილს საფუძველი და საბუთი არა ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები არ გვაძლევს საშუალებას უარვყოთ, რომ მას გარკვეულწილად საფუძველიც აქვს და გამართლებაც. თუკი მიუმხრობლობით მიმოვიხილავდით ჩვენში არსებულ მდგომარეობას, აღმოვაჩენდით, რომ ზოგი იმ უკეთურებათაგანი, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა გვიხდება, სულაც არ არის ჩვენი მმართველობის ბრალი. მაგრამ, ამავე დროს, იმაშიც დავრწმუნდებოდით, რომ სწორედ მას გამოუწვევია ჩვენი ყველაზე გაუსაძლის უბედურებათა უმრავლესობა. სხვანაირად ვერ აიხსნება სახელმწიფო დაწესებულებებისადმი ეს ეგზომ მზარდი და ფართოდ მოდებული უნდობლობა; ვერც ეს განგაში, კერძო უფლებათა გამო რომაა ატეხილი და რომლის გამოძახილი მთელ ჩვენს კონტინენტს გადასწვდომია. ეს ვითარება, თუ მთლიანად არა, უმთავრესად მაინც იმ უმტკიცობისა და უსამართლობის ბრალია, რაც განხეთქილებისა და ჯგუფურობის სულს შეაქვს სახელმწიფო მმართველობაში, რითაც მას ხრწნის.
დაჯგუფებად მივიჩნევ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას (სულ ერთია, იგი მთელის უმრავლესობას შეადგენს თუ უმცირესობას), რომელთაც ერთად მოქმედების მხურვალე ინტერესი თუ მისწრაფება აერთიანებს და რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სხვა მოქალაქეთა უფლებებისა და საზოგადოების საერთო ინტერესებისადმი.
ჯგუფურობის სენისაგან განკურნების ორი გზა არსებობს: პირველი მისი მიზეზების აღმოფხვრაა, მეორე – მისი შედეგების კონტროლი. მისი მიზეზების აღმოფხვრის ასევე ორი საშუალება არსებობს. პირველი გულისხმობს თავისუფლების, როგორც ჯგუფური ურთიერთდაპირისპირების აუცილებელი წინაპირობის გაუქმებას. მეორე იმას მოასწავებს, რომ თითოეულ მოქალაქეს ერთი და იგივე აზრი, ვნება და ინტერესი ჩაუნერგო.
ეგოდენი სიმართლე არაფერზე თქმულა, რაოდენიც წამლობის პირველ საშუალებაზე ითქვა. ამგვარი წამალი თვით სნეულებაზეც უარესი იქნებოდა. ჯგუფური ურთიერთდაპირისპირებისთვის თავისუფლება იგივეა, რაც ჰაერი – ცეცხლისათვის. თავისუფლებაა მისი საზრდო, ურომლისოდ იგი წამშივე დაივსებოდა. თავისუფლება ელემენტია პოლიტიკური ცხოვრებისა. მართალია, იგი ჯგუფური ურთიერთდაპირისპირების საზრდოცაა, მაგრამ ამის გამო მისი გაუქმება ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც ჰაერის, როგორც ცეცხლის სასიცოცხლო ელემენტის აღკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აღაგზნებს მას და ყოვლის ჩამნთქმელ ძალას ანიჭებს.
მეორე საშუალებაც ისევე უვარგისია, როგორი უგუნურობაც პირველის გამოყენება იქნებოდა. ვიდრე ადამიანური გონება ცდება და ვიდრე მას საამისო გასაქანი ეძლევა, მანამ ყოველთვის წარმოიშობა ხოლმე ურთი-ერთდაპირისპირებული შეხედულებანი. ვიდრე არსებობს კავშირი ადამიანის გონებასა და თავისი თავის სიყვარულს შორის, მანამ ურთიერთგადაჭდობილი იქნება მისი თავმოთნეობა, მისი შეხედულებანი და ზნენი, მანამ წაუკიდებს ვნება ურთიერთგაუტანლობის ცეცხლს მათ შეხედულებებს და ადამიანებსაც ერთმანეთს წაჰკიდებს.
საერთო ინტერესთა ჩამოყალიბებას გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება ის, რომ ადამიანები თავიანთი უნარებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, საიდანაც საკუთრების უფლება წარმოშობილა. ამ უნარების დაცვა უპირველესი ფუნქციაა ხელისუფლებისა. საკუთრების მოპოვების ურთიერთგანსხვავებულსა და უთანაბრო უნარებს რომ იცავს, აქედან უშუალოდ გამომდინარეობს ის, რომ ადამიანები სხვადასხვა ზომისა და ხასიათის საკუთრებას ფლობენ. ეს კი ზემოქმედებას ახდენს მესაკუთრეთა ურთიერთგანსხვავებული გრძნობებისა და თვალსაზრისების ჩამოყალიბებაზე, რაც იწვევს კიდეც საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ინტერესებად და პარტიებად.
ისე რომ, ჯგუფურობის იდუმალი თესლი თვით ადამიანისვე ბუნებაში ღვივის; სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველმხრივ ვაწყდებით ხოლმე მისგან აღმოცენებულ სხვადასხვა დონის აქტივობებს. გულმოდგინებამ, რომელსაც ადამიანები იჩენენ რელიგიური და მმართველობის საკითხებისადმი, მათი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტებისადმი; სხვადასხვა ლიდერებისადმი ერთგულებამ, რომლებიც პირველობისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან, თუ სხვა პირების სიყვარულმა ადამიანურ ვნებებს რომ თავდადების საგანად დაუსახავთ, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად დახლიჩა კაცობრიობა; უფრო მეტად განაწყო ისინი ერთმანეთის საზიანოდ და დასაჩაგრად, ვიდრე საზოგადო სიკეთისათვის სათანამშრომლოდ. ისე ძალუმია მიდრეკილება ურთიერთმტრობისადმი, რომ სულაც არ არის აუცილებელი რაიმე არსებითი საბაბი. არადმისაჩნევი და ახირებული სხვაობანიც კი საკმარისია, რათა აღიგზნოს მათი მოქიშპე ვნებები და გაჩაღდეს მათი ყველაზე მძვინვარე კონფლიქტები. მაგრამ ურთიერთწაკიდების საერთო და ყველაზე მტკიცე საფუძველი მაინც საკუთრების უთანაბრო და უთანასწორო განაწილებაა. საზოგადოებაში ყოველთვის ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებით გამოდიოდნენ ისინი, ვისაც საკუთრება აქვს და ვისაც იგი არა აქვს. იგივე ითქმის მევალეებსა და მოვალეებზე. ცივილიზებულ ერთა თანამედროვე მდგომარეობას უშვია მიწასთან დაკავშირებული ინტერესები; ამ ინტერესებს გაუხლიჩავთ კიდეც იგივე ერები კლასებად და პარტიებად, რომლებთაც ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები და შეხედულებები გასჩენიათ. თანამედროვე კანონმდებლობის მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოაწესრიგოს ეს ეგზომ განსხვავებული და ურთიერთშემაბრკოლებელი ინტერესები და პარტიულ-ჯგუფური სულისკვეთება ხელისუფლების აუცილებელსა და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩააბას.
დაუშვებელია, რომ ვინმე თავისი თავის მსაჯულად გამოვიდეს იმ პროცესზე, რომელზეც მისი საქმე ირჩევა. ეგ იმიტომ, რომ პირადი ინტერესის გამო ადამიანი აუცილებლად გამოიჩენს მიკერძოებას. დაუჯერებელი არც ის უნდა იყოს, რომ ასეთი რამ შერყვნის მის პატიოსნებას. ამავე მიზეზით ისიც დაუშვებელია, რომ ადამიანთა ჯგუფები, ერთსა და იმავე დროს, მოსამართლეებადაც გვევლინებოდნენ და მხარეებადაც. ასეთი რამის დაუშვებლობას, შესაძლოა, უფრო საყურადღებო საფუძველიც ჰქონდეს. მაგრამ სხვა რა არის ძალზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, თუ არა სასამართლო განაჩენი, რომელიც არა ერთი ადამიანის, არამედ ადამიანთა ჯგუფების მიმართ გამოაქვთ და მათ უფლებებს ეხება? განა კანონმდებელთა სხვადასხვა კლასები, ერთსა და იმავე დროს, ადვოკატები და დაპირისპირებული მხარეებიც არ არიან იმ საქმეში, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ? განა ასე არ არის პირადი დავალიანების შესახებ განსახილველად წარმოდგენილი კანონის შემთხვევაშიც? მევალეები ამ საქმის ერთ მხარეს წარმოადგენენ, ხოლო მოვალეები - მეორეს.
სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაბალანსებული იქნას მათი ინტერესები. ამ შემთხვევაში მხარეები იძულებულნი არიან, თავიანთი თავის მსაჯულებად გამოვიდნენ. გამარჯვებას კი ის მხარე მოიპოვებს, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. უცხოური ნაწარმის დაბეგვრის გზით მფარველობა უნდა გავუწიოთ თუ არა სამამულო მრეწველობასა და მრეწველებს? მიწათმოქმედებსა და მრეწველებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული პასუხი ექნება ამ შეკითხვაზე. ერთი რამ არის ცხადი, რომ ორივე მათგანი კერძო ინტერესით იხელმძღვანელებს და არად დაგიდევს სამართლიანობასა და საზოგადო სიკეთეს. განსაკუთრებულ მიუკერძოებლობას საჭიროებს საგადასახადო კანონმდებლობა, ე.ი. იმის დადგენა, თუ რა სახის და რა ოდენობის გადასახადი უნდა დაწესდეს ამა თუ იმ საკუთრებაზე. ძნელი წარმოსადენია კანონმდებლობის სხვა სფერო, სადაც ცდუნების ეგოდენ ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს საიმისოდ, რომ ფეხქვეშ გაითელოს სამართლიანობის წესები.
უმცირესობისთვის დაკისრებული თითოეული ზედმეტი შილინგი საკუთარი ჯიბის გასქელებას ემსახურება. ამაოდ გვიმტკიცებენ, განათლებული სახელმწიფო მოღვაწეები შეძლებენ დაპირისპირებული ინტერესების მოგვარებას და საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესისადმი მათ დამორჩილებასო. განათლებული მოღვაწეების ხელში ყოველთვის როდი არის სახელმწიფოს მართვის სადავეები. უფრო მეტი, საყოველთაო ინტერესისადმი პირადი ინტერესების დამორჩილების ამოცანა მოითხოვს იმას, რომ გათვალისწინებული იქნეს სამომავლო და შორეული ინტერესები. სამომავლო ინტერესებს კი იშვიათად გადაუწონიათ უშუალო ინტერესები, რომლებსაც არაფრად მიაჩნია სხვისი უფლებები, და თუნდაც, მთელი საზოგა-დოების კეთილდღეობა.
ყოველივე ეს იმაში გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია ჯგუფურობის მიზე-ზთა აღმოფხვრა. ამ უბედურების შესამსუბუქებლად ისღა დაგვრჩენია, რომ მისი შედეგები ვაკონტროლოთ.
როცა პოლიტიკური დაჯგუფება უმცირესობაა, მაშინ მშველელად გვევლინება რესპუბლიკური პრინციპი, რომელიც უმრავლესობას იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვეულებრივი კენჭისყრით ჩაშალოს უმცირესობის ავი ზრახვები.
უმცირესობამ შესაძლოა მოახერხოს ის, რომ შეაბრკოლოს მმართველო-ბითი დაწესებულებების მუშაობა და ამით საზოგადოებაში არასასურველი რყევები გამოიწვიოს, მაგრამ მას ვერასოდეს გამოუვა ის, რომ კონსტი-ტუციურ ნორმებს ამოეფაროს და შენიღბულად მოინდომოს თავისი ძალმომრეობის განხორციელება. მაგრამ თუკი ასეთი დაჯგუფება უმრავ-ლესობას წარმოადგენს, მაშინ სახალხო ხელისუფლების პოლიტიკურ ფორმებს სარგებლობა მოაქვს. ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სწრაფვას ბატონობისკენ შესაძლოა მსხვერპლად შეეწიროს როგორც საყოველთაო კეთილდღეობა, ისე სხვა მოქალაქეთა უფლებები. ამრიგად, ჩვენი კვლევა-ძიების დიადი მიზანი სწორედ ის არის, რომ ამგვარი დაჯგუფებებისგან დავიცვათ საყოველთაო კეთილდღეობა და ადამიანის პირადი უფლებები. ამასთანავე კი - შევინარჩუნოთ სახალხო ხელისუფლების ფორმა და მისი სულისკვეთება. ნება მიბოძეთ დავძინო, რომ ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე შეუძლებელია მმართველობის ამ ფორმამ ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც მას მისი შემოღების დღიდან თან ახლავს. სხვანაირად ვერ მოხერხდება მისი ჯეროვნად დაფასება, რათა იგი კაცობრიობამ მოიწონოს და მიიღოს. მაგრამ რა გზით უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს? ორი გზიდან ერთ-ერთს უნდა დავადგეთ. ან არ უნდა დავუშვათ ის, რომ უმრავლესობას, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ვნება, ანდა ერთი და იგივე ინტერესი ჩამოუყალიბდეს; ან ერთი ვნებითა და ერთი ინტერესით შეკრულ ამგვარ უმრავლესობას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცალკეულ საარჩევნო ტერიტორიებზე მოიყარონ თავი, რათა ძალმომრეობისა და ჩაგვრის თავიანთი ჩანაფიქრი განახორციელონ. კარგად ვიცით, რომ თუკი სამოქმედოდ აღტკინებას მოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობებიც შეექმნა, ამგვარი მოქმედების შედეგებს ვერც რელიგიური შეგონებებით გააკონტროლებ და ვერც ეთიკურით. ასეთ შეგონებებს უსამართლობითა და ძალმომრეობით აღტკინებული ინდივი-დიც არად დაგიდევთ, არათუ მრავალი ინდივიდისგან შედგენილი ჯგუფი. რაც უფრო მრავალრიცხოვანია ჯგუფი, მით უფრო ნაკლები ეფექტუ-რობით ხორციელდება კონტროლი. ყველაზე ნაკლებ ეფექტური კი იგი სწორედ მაშინ არის, როცა ჯგუფის შედეგთა გაკონტროლების ყველაზე მწვავე აუცილებლობის წინაშე ვდგავართ.
ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ წმინდა დემო-კრატიას ჯგუფურობის უბედურებისგან თავდაცვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. წმინდა დემოკრატიად კი მე ის მდგომარეობა მიმაჩნია, როცა ადამიანები მცირე ჯგუფებად ერთიანდებიან და პიროვნულსა თუ უშუალო მართვას ახორციელებენ. თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ მთელი უმრავლესობა საერთო ვნებითა და საერთო ინტერესითაა ატანილი. მმართველობის ეს ფორმა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მას თანამზრახველობა და თანამონაწილეობა ახასიათებს. არაფერი რჩება ისეთი, რაც წინ აღუდგებოდა ერთი რომელიმე პიროვნების აუტანლობას და არ დაუშვებდა იმას, რომ უმრავლესობის ვნებას მსხვერპლად შესწირვოდა უმცირესობის ინტერესები. ასეთ დემოკრატიებს არაფერი მოაქვთ, გარდა არეულობისა და ურთიერთქიშპობისა. ისინი ვერც პიროვნულ უსაფრთ-ხოებას უზრუნველყოფენ და ვერც საკუთრების უფლებას. ამიტომ არის, რომ მათ უდღეური არსებობა ერგოთ წილად. რაც უფრო დღემოკლენი იყვნენ ისინი, მით უფრო ძალადობრივი იყო მათი აღსასრული. თეორეტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც მმართველობის ამ ფორმის დამცველებად გამოდიან, მცდარ შეხედულებათა ტყვეობაში ექცევიან. ისინი ფიქრობენ, რომ საკმარისია კაცობრიობა პოლიტიკური თანასწორუფლებიანობით უზრუნველყო. პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობას, თითქოსდა, თავისთავად მოჰყვებოდეს ქონებრივი გათანასწორება და ერთნაირი აზრებისა თუ გრძნობების ჩამოყალიბება.
რესპუბლიკური მმართველობის ფორმა კი სრულიად სხვა პერსპექტივას შლის ჩვენ წინაშე. მმართველობის ამ ფორმაში მე მესმის წარმომა-დგენლობითი დემოკრატია, რომელიც დაზღვეულია ბევრი მანკიერებისგან, რაც უშუალოდ დემოკრატიას ახასიათებს. მმართველობის რესპუბლიკური ფორმის განხილვა ღრმად ჩაგვახედებს იმაში, თუ რა არის მისი მკურ-ნალი ძალა. ამასთანავე ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ რა ეფექტურობას იძენს იგი იმ შემთხვევაში, როცა შტატები ერთ კავშირად არიან გაერთიანებული.
დემოკრატია და რესპუბლიკა ორი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ერთი, მრავალრიცხოვანი მოქალაქეები შედარებით მცირერიცხოვან წარმომადგენლებს ირჩევენ, რომლებსაც გადააბარებენ თავიანთი უფლე-ბების მნიშვნელოვან ნაწილს.
მეორეც, პირდაპირი დემოკრატიისგან განსხვავებით, რესპუბლიკურ მმარ-თველობაში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს და იგი უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
პირველ განსხვავებას შედეგად ის მოჰყვება, რომ საჯარო შეხედულებებს დახვეწს და დაალაგებს მოქალაქეთა არჩევითი და წარმომადგენლობითი ორგანო. ამის საწინდარია მასში გაერთიანებული მოქალაქეების სიბრძნე. მათ კარგად ესმით, თუ რა არის მათი ქვეყნის ინტერესი. ხოლო მათი პატრიოტიზმი და სამართლიანობის სიყვარული იმის თავდებია, რომ საყოველთაო კეთილდღეობა ეფემერულსა თუ ჯგუფურ ინტერესებს არ შეეწიროს. ასეთი მოწესრიგების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ის, რომ საზოგადოების გულისწადილი, რომელსაც მის მიერ არჩეული წარმომადგენლები ახმოვანებენ, საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესს შეერწყას. ასეთი რამ ვერ ხერხდება უშუალო დემოკრატიის პირობებში, როცა ადამიანები საგანგებოდ ამ მიზნისთვის იკრიბებიან. მაგრამ შესაძლებელია, რესპუბლიკურმა მმართველობამ საპირისპირო შედეგიც გამოიღოს. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა მიზანია საე-რთო საქმეში განხეთქილების შეტანა. ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა, ადგილობრივ ცრურწმენათა ზეგავლენით, ანდა ბოროტი ზრახვების საფუძველზე მოტყუებითა და მოსყიდვით მოახერხონ საარჩევნო ხმების მოგროვება, შემდეგ კი უღალატონ ხალხის ინტერესებს. საკითხი ასე დგას: რა ჯობია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს თუ ვრცელზე? რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება საიმისოდ, რომ ხალხმა საყოველთაო კეთილდღეობის ჭეშმარიტი დამცველები აირჩიოს?
უწინარეს ყოვლისა ის უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკური მმართველობა შესაძლოა, შედარებით მცირე ტერიტორიაზე ხორციელდებოდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველთვის უნდა არსებობდეს არჩეულ წარმომადგე-ნელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რათა მათ ვერ შეძლონ ურთიერთ-შორის ფარული გარიგებების დადება, რასაც ადვილად მოახერხებდნენ, თუკი მათი რაოდენობა მცირე იქნებოდა. მეორე მხრივ კი, რაც უნდა ვრცელი იყოს რესპუბლიკა, აუცილებელია, დადგენილი იქნეს წარმომადგე-ნელთა ზღვრული რაოდენობა, რათა თავიდან ავიცილოთ ის დომხალი, რომელიც ადამიანთა მეტისმეტად დიდ სიმრავლეს ახასიათებს. ბუნებრივია, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არჩეულ წარმომადგენელთა რაოდენობა არ შეიძლება ამომრჩეველთა პირდაპირპროპორციული იყოს. მათი რაოდენობა შედარებით დიდია მცირე რესპუბლიკის შემთხვევაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის საზოგადოებაში ბევრად მეტი ღირსეული პიროვნება არსებობს, ვიდრე ამას არჩევნები ავლენს. ამიტომ ცხადია, რომ რაც უფრო დიდია რესპუბლიკურ მმართველობას დაქვემდებარებული ტერიტორია, მით უფრო დიდია არჩევანის შესაძლებლობა, ასევე – ალბათობა იმისა, რომ სწორი არჩევანი გაკეთდება.
რაც უფრო ვრცელი იქნება ტერიტორია და რაც უფრო მეტი ამომრჩეველი აირჩევს წარმომადგენელს, მით უფრო გაუძნელდებათ უღირს კანდიდატებს ის, რომ უღირსი მეთოდებით გაიკაფონ გზა და საწადელს მიაღწიონ, რასაც ისინი ძალიან ადვილად ახერხებენ მცირე რესპუბლიკების შემთხვევაში. თუკი ამას ისიც დაემატება, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მაშინ მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ უფრო ღირსეულსა და მიმზიდველ ადამიანებს აირჩევენ, რომლებიც ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩევიან.
ამასთანავე, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში, დაცული უნდა იქნეს გარკვეული შუალედი. საკმარისია მის რომელიმე მხარეს გადავუხვიოთ, რომ უმალ გადაულახავ წინააღმდეგობებში გავიხლართოთ. თუკი მეტისმეტად გავაფართოვებდით საარჩევნო ოლქს, ამით წარმომადგენელს შევუზღუდავდით იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ გარემოებებს ჩასწვდომოდა და იქაური ინტერესები გაესიგრძეგანებინა. თუკი მეტისმეტად შევამცირებდით საა-რჩევნო ოლქს, ამით წარმომადგენელს ადგილობრივ ინტერესებს მივაჯა-ჭვავდით და იმის შესაძლებლობას მოვუსპობდით, რომ ეროვნულ ინტერესს ჩასწვდომოდა და მისი განხორციელებისთვის ეღვაწა. ეს ორი რამ ბედნიერადაა ერთმანეთთან შერწყმული ფედერალურ კონსტიტუციაში. ნაციონალური და უფრო დიდი მასშტაბის ინტერესები ეროვნული ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება, ადგილობრივი და კერძო ინტერესები შტატის კანონმდებელთა კომპეტენციაში რჩება.
რესპუბლიკა პირდაპირი დემოკრატიისგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ იგი უფრო ვრცელ ტერიტორიასა და უფრო მრავალრიცხოვან მოსახლეობას მოიცავს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ რესპუბლიკური მმართველობის პირობებში უფრო ნაკლებ სახიფათოა ჯგუფური შეხლა-შემოხლა, ვიდრე პირდაპირი დემოკრატიისას. რაც უფრო მცირერიცხოვანია საზოგადოება, მით უფრო ნაკლები ჯგუფი და ინტერესი განსაზღვრავს მას. მაგრამ რაც უფრო ნაკლებია საზოგადო-ებრივი ჯგუფი და რაც უფრო ნაკლებია ინტერესი, მით უფრო იზრდება შესაძლებლობა იმისა, რომ უმრავლესობა ერთი ჯგუფის წევრებმა ჩამოაყალიბონ. და რაც უფრო მცირე რაოდენობის ხალხია გაერთია-ნებული უმრავლესობაში, მით უფრო ადვილია მისთვის, რომ უმცირე-სობის დასაჩაგრად დაირაზმოს. მაგრამ საკმარისია გავაფართოვოთ პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო და მასში უამრავი სხვა პარტია თუ ინტერესი ჩაერთვება. ძნელი საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაში მთელ უმრავლესობას საერთო მოტივი გაუჩნდეს საიმისოდ, რომ მათ უგულე-ბელყონ სხვა მოქალაქეთა ინტერესები. ასეთი მოტივი რომც გაჩნდეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ რეალურად შეაფასოს თავისი ძალები და სხვებთან შეთანხმებულად იმოქმედოს. სხვა დაბრკოლებათა გვერდით ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ როცა გამოაშკარავებულია უსამართლო და უღირსი ზრახვები, ძნელდება თანამზრახველთა ჯგუფის ჩამოყალიბება. შეთქმულების მოსურნეთა შორის მზარდი ურთიერთუნდობლობა ისადგურებს. რაც უფრო მეტი თანამზრახველი ხდება საჭირო, მით მეტად იზრდება უნდობლობა.
აქედან ნათლად გამომდინარეობს ის, რომ უშუალო დემოკრატიის წინაშე რესპუბლიკური მმართველობის უპირატესობა, რომელიც ჯგუფური დაპირისპირების შედეგთა კონტროლის შესაძლებლობაში მდგომარეობს, ბევრად უფრო ეფექტურია რესპუბლიკაში, რომელიც ვრცელ ტერიტორიას და მრავალრიცხოვან მოსახლეობას მოიცავს, ვიდრე მცირე ზომის რესპუბლიკაში. შეერთებულ შტატებს სწორედ ეს უპირატესობა ექნებათ გათი-თოებულ შტატებთან შედარებით. მაგრამ რა არის არსი ამ უპირატესობისა? ის, რომ არჩეულ წარმომადგენლებს თავიანთი განათლებული შეხედულებებითა და ქველი გრძნობებით ადგილობრივი ცრურწმენები და უსამართლო ზრახვები დაუძლევიათ? არავინ მოჰყვება იმის უარყოფას, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლები სწორედ ამ ღირსებებით იქნებიან შემკულნი. იქნებ ამ უპირატესობის არსი ისაა, რომ პარტიათა მრავალფეროვნებისა და მრავალრიცხოვნების პირობებში ერთ რომელიმე მათგანს გაუძნელდება სხვებზე უპირატესობის მოპოვება და მათი ინტერე-სების უგულვებელყოფა? ბუნებრივია, რომ ერთი კავშირის შიგნით მოქცეული სხვადასხვა დაჯგუფებები ამ კავშირის უსაფრთხოების ზრდას შეუწყობს ხელს. ზემოხსენებული უპირატესობების არსი ეგებ ის იყოს, რომ კავშირის პირობებში უამრავი დაბრკოლება ექმნება მიკერძოებულ უმრავლესობას. ერთობ გაუჭირდება მას თანამზრახველთა შემოკრება და თავისი იდუმალი ზრახვების განხორციელება. კავშირის სიდიდეს, ამ მხრივ, მართლაც რომ საგრძნობი უპირატესობა აქვს.
გამთიშველობის სულით შეპყრობილმა ლიდერმა შესაძლებელია, სამოქალაქო დაპირისპირების ხანძარი გააჩაღოს თავის შტატში, მაგრამ იგი სხვა შტატებში მის გადატანას ვერ მოახერხებს. კონფედერაციის ერთ ნაწილში რელიგიური სექტა შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გადაგვარდეს, მაგრამ შეუძლებელი იქნება ასეთი რამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს. ამის საწინდარი კი ამერიკის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული უამრავი რელიგიური სექტაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ვალების გაუქმებისა თუ ქონების თანაბრად განაწილებისკენ, ანდა სხვა რამ უმართებულო და საზიანო ჩანაფიქრის განხორციელებისკენ მოწოდებამ შესაძლოა, ცალკეული შტატი მოიცვას, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ იგი მთელი კავშირის მასშტაბით განხორციელდეს. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი რამ რომელიმე შტატის ერთ რომელიმე ოლქში მოხდეს, მთელი შტატის მასშტაბით კი მისი განხორციელება ნაკლებად დამაჯერებელია.
ამრიგად, მთელი კავშირის მასშტაბით გამართულ რესპუბლიკურ მმართველობას ხელთ აქვს სამკურნალო საშუალებანი იმ სნეულებათა დასამარცხებლად, რომლებიც მმართველობის ამ ფორმას ახასიათებს. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ რესპუბლიკელები ვართ, რესპუბლიკური პრინციპებისადმი ერთგულებით გამოვირჩევით, მაგრამ ასეთივე რუდუნებით უნდა ვეპყრობოდეთ ფედერალიზმის სულს და ფედერაციული პრინციპების მიხედვით ქვეყნის მოწყობას თავგამოდებით უნდა ვესწრაფოდეთ.
პუბლიუსი