გია
ნოდია
“ფედერალისტის” ტრადიცია და ძალაუფლების დანაწილების სტატუსი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში
ძალაუფლების დანაწილება თანამედროვე დემოკრატიის ცენტრალური პრინციპია. სწორედ მისი წყალობითაა შესაძლებელი, რომ დემოკრატია იყოს ლიბერალური, ანუ თავისუფლების დამცველი და უზრუნველმყოფი პოლიტიკური რეჟიმი. დემოკრატიის ლიბერალურობა დღეს ლამის თავისთავად ცხადად მიგვაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ არის ტრივიალური. არისტოტელე და ანტიკურ მოაზროვნეთა უმრავლესობა თვლიდა, რომ დემოკრატია განწირულია ტირანიად გადაგვარებისთვის. დემოკრატიული რეჟიმების გამოცდილება ანტიკურ და შუა საუკუნეების ხანაში გვიჩვენებს, რომ ის მუდმივად მერყეობდა ანარქიისა და ტირანიის პოლუსებს შორის. თავისთავად არაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ხალხი, როგორც კოლექტიური პოლიტიკური სუბიექტი, უფრო განწყობილია პატივი სცეს პიროვნების თავისუფლებას, ვიდრე ტრადიციული პოლიტიკური რეჟიმებისთვის ჩვეული სუვერენი -  მონარქი.
თანამედროვე პოლიტიკურ თეორიაში კონსენსუსის (ან თითქმის კონსენსუსის) საგნად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი: ერთადერთი გარანტია იმისა, რომ სუვერენულმა პოლიტიკურმა ძალაუფლებამ საფრთხე არ შეუქმნას თავისუფლებას, რომ ის არ გადაგვარდეს ტირანიად ანუ ძალაუფლების თვითნებურ და შეუზღუდველ გამოყენებად, არის ის, რომ ის თავის შიგნითაა დანაწევრებული. ეს მოსაზრება ეფუძნება იმ წინამძღვარს, რომ პრინციპულად შეუძლებელია ლიბერალური დემოკრატია დაეფუძნოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის _ ლიდერის, პარტიის, თუნდაც მთლიანად ხალხის _ კეთილ ნებას. ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნების ფაქტორი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რამდენად იზიარებენ ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს, რამდენად ჩვეული და ბუნებრივია მათთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის შესაბამისი ქცევის წესები. ლიბერალური დემოკრატია ვერ დამყარდება ქვეყანაში, სადაც არ არსებობს კრიტიკული მასა ადამიანებისა, ვინც შესაბამის ღირებულებებს და ნორმებს იზიარებს და მზად არის მათთვის საბრძოლველად. მაგრამ ეს საკმარისი არ არის მყარი და სტაბილური _ ანუ კონსოლიდირებული _ დემოკრატიისთვის. სხვა სიტყვებით, დემოკრატია ვერ დაეყრდნობა კეთილ ლიბერალ მეფეს, მას დამატებითი საფუძველი სჭირდება.
ეს მოსაზრება, თავის მხრივ, ემყარება გარკვეულ წარმოდგენებს ადამიანის ბუნებაზე. პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ამბიციის მაღალი დონე. როგორც ყველა პროფესიაში, წარმატების მისაღწევად საჭიროა საქმის სიყვარული, პოლიტიკოსისთვის სასარგებლოა, უყვარდეს ძალაუფლება. თუ პოლიტიკოსი არ ესწრაფვის ძალაუფლებას და არ იცის მისი მოპოვების წესები, ის თავის საქმეში ხელმოცარული იქნება და ქვეყნისთვის სასიკეთოსაც ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს ყოველთვის უნდა, მაქსიმალურად გააფართოვოს თავისი ძალაუფლების სფერო და ამას ხშირად იმით ამართლებს (შესაძლოა, სავსებით გულწრფელად), რომ ასე მეტი კეთილი საქმის გაკეთებას შეძლებს. სხვაგვარი ქცევა პოლიტიკოსის ბუნების საწინააღმდეგოა.
მეორეს მხრივ, ადამიანი _ და ეს ეხება საუკეთესო ადამიანებსაც, _ ნაკლულია, სუსტია, შეიძლება შეცდეს ან ვნებებს აჰყვეს. ძალაუფლებაში ყოფნა განსაკუთრებული დონის სტრესთან და ამავე დროს ცდუნებებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ ვითარებაში ადამიანის სისუსტეები და ნაკლოვანებები შეიძლება უფრო დრამატული ფორმით გამოვლინდეს. ეს შეიძლება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვითნებურ ქცევაში, სხვა ადამიანების დაჩაგვრაში გამოვლინდეს. ამიტომ არ იქნება რეალისტური, მოვთხოვოთ პოლიტიკურ ლიდერს, თავადვე დაიოკოს ძალაუფლებისადმი სწრაფვა, თავადვე დაადგინოს, სად გადის ზღვარი, სადაც ძალაუფლების კონცენტრაცია მის ხელში საზოგადოებისთვის საზიანო ხდება და საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანთა თავისუფლებას და უსაფრთხოებას.
ამიტომ, რაც გინდა ქველი და გონიერი იყოს ხელისუფალი, მისი ძალაუფლება ყოველთვის შეზღუდული უნდა იყოს. მაგრამ ვინ უნდა შეზღუდოს იგი? ახალი დროის ლიბერალური დემოკრატიის პასუხია, რომ ძალაუფლების სისტემა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ძალაუფლების მატარებელი პიროვნებისა თუ ჯგუფის ამბიცია შეზღუდული და გაწონასწორებულია სხვა პიროვნების თუ ჯგუფის ამბიციით. ძალებსა და ამბიციებს შორის ამ მიმართებას შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა ჰქვია. ოღონდ, ეს სისტემა ისეც არ უნდა აიგოს, რომ ძალაუფლების შტოებმა ერთმანეთის პარალიზება მოახდინონ: თითოეული მათგანი ქმედითუნარიანი უნდა დარჩეს, ანუ საკმარისი უფლებამოსილება და რესურსები უნდა ჰქონდეს შესაბამისი ამოცანების შესასრულებლად.
ამ დანაწევრების მინიმუმი, აღიარებული თანამედროვე პოლიტიკური თეორიის მიერ, არის ძალაუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების შეფარდებითი დამოუკიდებლობა ერთმანეთისაგან. ეს მოდელი პირველმა ფრანგმა ფილოსოფოსმა შარლ ლუი მონტესკიემ დაამუშავა, მაგრამ ამერიკული დემოკრატიის მამებმა მოახდინეს მისი დეტალური დასაბუთება და ოპერაციონალიზაცია. “ფედერალისტის” 51-ე ნარკვევი არის კლასიკური ტექსტი, სადაც ძალაუფლების დანაწილების ეს მოდელი არის დასაბუთებული და აღწერილი.
ძალაუფლების დანაწილების ამ მოდელს ძალაუფლების შტოებს შორის ჰორიზონტალური დანაწილება შეიძლება ვუწოდოთ. უმეტეს ლიბერალურ დემოკრატიებში მას ემატება ძალაუფლების ვერტიკალური დანაწილება, ანუ პოლიტიკური სუვერენიტეტის დანაწევრება, ეროვნულ ხელისუფლებასა და მმართველობის სუბეროვნულ დონეებს შორის. ასეთი დანაწილების ყველაზე ძლიერი ფორმაა ფედერალიზმი, სადაც ძალაუფლების სუვერენული ფუნქციები გაყოფილია, ერთის მხრივ, სახელმწიფოებრიობის ნიშნების მატარებელ ფედერალურ ერთეულებს, მეორეს მხრივ კი _ მათ გამაერთიანებელ ფედერალურ სახელმწიფოს შორის. ფედერალიზმის კლასიკური პრინციპის პირველი და კლასიკური ფორმულირებაც “ფედერალისტშია” მოცემული. ვერტიკალური დანაწილების უფრო სუსტი ფორმაა სახელმწიფოში შედარებით მცირე თვითმმართველი ერთეულების არსებობა, რომლებიც ავტონომიურნი არიან კანონით განაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. პოლიტიკური სისტემის შიგნით ძალაუფლების ვერტიკალური დანაწილების არსებობა დღეს მიჩნეულია დამატებით და მეტად სასურველ წინაპირობად იმისა, რომ მოცემული პოლიტიკური სისტემა ლიბერალურ დემოკრატიად ჩაითვალოს.
საქართველოს პოლიტიკური სისტემა მოიცავს ძალაუფლების როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ დანაწილებას. პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების მატარებელი, აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში მყოფი პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ თავიანთ მანდატებს უზენაესი სუვერენისაგან _ ხალხისაგან. საამისოდ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტარდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები. კონსტიტუცია მიჯნავს ძალაუფლების თითოეული ამ შტოს დამოუკიდებელ უფლებამოსილებას. თუმცა სასამართლო ხელისუფლება უშუალოდ ხალხისგან არ იღებს მანდატს, კონსტიტუცია მასაც მკაფიოდ მიჯნავს სხვებისაგან და დამოუკიდებლობის საკმაოდ ძლიერ გარანტიებს უდგენს.
ამავე დროს, დამოუკიდებელ შემფასებელთა უმრავლესობა (აქ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ზედმეტად პოლიტიზებული და, შესაბამისად, ცალმხრივი და რადიკალური მოსაზრებები) პრინციპულ, სტრუქტურულ ნაკლოვანებებს ხედავს ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ლიბერალური დემოკრატიის თვალსაზრისით. აქედან ძირითადია ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია პრეზიდენტის ინსტიტუტში _ რაც, მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, იგივეა, რაც მისი არასაკმარისი დანაწილება. კრიტიკა შეეხება როგორც პარლამენტის შედარებით სისუსტეს საპრეზიდენტო შტოსთან შედარებით, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივ დეფიციტს და ადგილობრივი თვითმმართველობის მეტისმეტად შეზღუდულ რესურსებს და უფლებამოსილებას. ყველაზე მეტად ამის გამოა, რომ დემოკრატიის დონის ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო შეფასებებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსი” აკეთებს, საქართველო ბოლო ათი წლის მანძილზე სტაბილურად ხვდება “ნაწილობრივ თავისუფალ” და არა უბრალოდ “თავისუფალ” ქვეყანათა სიაში. თუ ეს შეფასება სამართლიანია, საქართველო ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება ჩამოყალიბებულ ლიბერალურ დემოკრატიად, ეს უფრო “ჰიბრიდული რეჟიმია”, რომელშიც არის როგორც დემოკრატიული, ისე ავტოკრატიული მმართველობის ელემენტები.
რა არის ამის მიზეზი? არის თუ არა ძირითადი პრობლემა კანონმდებლობა, კონკრეტული ხელისუფლების ქცევის წესი, თუ ღრმა სტრუქტურული, სოციალურეკონომიკური წინაპირობები? სანამ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, ჯერ ძალაუფლების დანაწილების კლასიკური ისტორიული ნიმუშები განვიხილოთ.
ტყეში ნაპოვნი თავისუფლება
როგორც ვთქვით, დებულება, რომ ძალაუფლების დანაწილება ლიბერალური დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, დღეს პოლიტიკური თეორიის ანბანია. ჭეშმარიტების ანბანურობა ქმნის ილუზიას, თითქოს ის გამოყვანადი უნდა იყოს პოლიტიკური თეორიის საწყისი პრინციპებიდან: ვიღაც ჭკვიანი ადამიანები თავისთავად უნდა მისულიყვნენ ამ ჭეშმარიტებამდე, შემდეგ კი ის რეალობად უნდა ექციათ თავისუფალი რეჟიმის იდეით შთაგონებულ პოლიტიკურ ლიდერებს. როგორც ვთქვით, პირველი კლასიკური ტექსტი, სადაც ჩამოყალიბებულია ძალაუფლების დანაწილების თეორია არსებითად იმ სახით, რითაც მას დღესაც მართებულად ვთვლით, არის მონტენსკიეს “კანონთა გონის” XI წიგნის მე-6 თავი. ძალიან მნიშვნელოვანია მისი სათაური: “ინგლისის სახელმწიფო წყობა”. ამ ტექსტში მონტენსკიე თეორიული მსჯელობის შედეგად კი არ მიდის ძალაუფლების დანაწილების იდეამდე, არამედ ემპირიიდან, გამოცდილებიდან ამოდის: ინგლისში ცხოვრების შედეგად მან დაასკვნა, რომ ყველაზე თავისუფალი პოლიტიკური რეჟიმი სწორედ ამ ქვეყანაშია. ხოლო ამ თავისუფლების ძირებს ის ხედავს პოლიტიკური ძალაუფლების დანაწილებაში, რაც ინგლისისთვისაა ნიშნეული.
ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ინგლისელებსაც თავისუფალი რეჟიმისთვის მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედების გზით არ მიუღწევიათ. ინგლისის თავისუფლებები ჩამოყალიბდა, როგორც ისტორიულ გარემოებათა ნაწილობრივ მაინც გაუთვალისწინებელი შედეგი. მონტესკიეს სიტყვებით, ინგლისელებმა თავისუფლების პრინციპი “ტყეში აღმოაჩინეს” _ ანუ, მეტნაკლებად შემთხვევით წააწყდნენ მას.
ამ შემთხვევითობას სულ მცირე ორი ძირითადი წინაპირობა აქვს _ პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკური წინაპირობაა ბრძოლა მონარქიასა და დიდგვაროვნებს შორის, რომელშიც ვერც ერთმა მხარემ ვერ იზეიმა სრული გამარჯვება და იძულებული იყო, ერთმანეთთან კომპრომისი ეძებნა. კერძოდ, მათი ბრძოლის შემდეგ 1215 წელს დაიდო Magna Carta, დოკუმენტი, რომელიც პრივილეგიების და ძალაუფლების დანაწილებას ახდენდა მეფესა და ბარონებს შორის. დემოკრატიის ისტორიაში ფუძემდებლურ დოკუმენტად მას აქცევს ის, რომ აქ დაფიქსირდა პიროვნების ხელშეუვალი უფლებები, რომელთა დარღვევაც თვით მონარქს _ პოლიტიკური ძალაუფლების სუვერენულ მატარებელს, არ შეუძლია. ამ დროს ეს უფლებები ჯერ არ დაფიქსირებულა, როგორც საზოგადოდ ადამიანის უფლებები _ საუბარი კეთილშობილთა პრივილეგიებზე იყო. მაგრამ “მაგნა კარტამ” დასაბამი მისცა მეტნაკლებად უწყვეტ ტრადიციას, რომელმაც საბოლოოდ კაცობრიობის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებათა, როგორც საყოველთაო ხელშეუვალ უფლებათა, აღიარებამდე მიიყვანა.
ეკონომიკური წანამძღვარი არის ის, რომ ინგლისში ჩამოყალიბდა და თანდათან ცენტრალური ადგილი მოიპოვა კომერციულმა საზოგადოებამ, რომელსაც სხვაგვარად კიდევ ბურჟუაზიულ ან სამოქალაქო საზოგადოებას უწოდებენ. მან შემოიტანა ადამიანთა შორის ურთიერთობის ახალი პარადიგმა: არ არის აუცილებელი, კონკურენცია დამთავრდეს ერთი მხარის გამარჯვებით და მეორის განადგურებით ან დამორჩილებით (ან დროებითი ზავით, რომელსაც საბოლოო ჯამში ისევ ახალი ურთიერთგანადგურებაზე ორიენტირებული კონფლიქტი მოყვება). ეკონომიკურ კონკურენციაში შეიძლება ყველა მხარემ სარგებელი ნახოს (რაც, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმასაც, რომ რომელიმე მონაწილე სრულიად განადგურდეს კიდეც _ ოღონდ განადგურება აქ ნიშნავს გაკოტრებას, თამაშიდან გასვლას, შესაძლოა გაღატაკებას, მაგრამ არა მაინცდამაინც ფიზიკურ დაღუპვას ან დამონებას). სწორედ ამის გამოა, რომ კომერციული საზოგადოება, როგორც მონტესკიე ამბობს, “არბილებს” ადამიანთა ზნეს: მეორე ადამიანი არის კონკურენტი, რომელსაც უნდა შეეჯიბრო, ამავე დროს პარტნიორი, რომელთანაც უნდა ითანამშრომლო, მაგრამ არა მტერი, რომელიც უნდა გაანადგურო.
ურთიერთობა ძალაუფლების შტოებს შორის, რომლებიც დღეს დემოკრატიულ სისტემაში ერთმანეთს აკავებენ და აწონასწორობენ, განსხვავდება მეფეთა და დიდებულთა, ან ურთიერთკონკურენციაში ჩაბმულ ვაჭართა ურთიერთობისგან. მაგრამ ისტორიულად აქ პირდაპირი კავშირია. როცა მონტესკიე ინგლისში ძალაუფლების დანაწევრებაზე ლაპარაკობს, საკანონმდებლო ხელისუფლებას განასახიერებს პარლამენტი (რომელიც ისტორიულად დიდგვაროვანთა საკრებულოებიდან მოდის და რომელშიც შემდეგ თანდათან შევიდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრები), ხოლო აღამასრულებელს _ მეფე. მონტესკიე ამბობს, რომ ინგლისში ერთმანეთს აწონასწორებენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებლები, არამედ ძალაუფლების აგების ორი პრინციპი: არჩევითი (პარლამენტი) და დინასტიური (მონარქი). ძალაუფლების დანაწილების სისტემა ინგლისურ მმართველობაში არის ამ ორ ისტორიულ მეტოქეს შორის ზავის ინსტიტუციონალიზაცია.
რა დასკვნა გამოდის ინგლისის გამოცდილებიდან და მისი მონტესკიესეული ინტერპრეტაციიდან? ძალაუფლების დანაწილების სისტემებზე საუბრისას ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კონსტიტუციურ დებულებებზე. კონსტიტუციებს ადამიანთა მცირე ჯგუფი წერს და შემდეგ ხალხი (ან მისი წარმომადგენლები) იწონებს ან იწუნებს _ ხანდახან ისე, რომ კარგად არც იაზრებს კონსტიტუციის შინაარსს. მაგრამ იმისათვის, რომ პოლიტიკურ დიზაინერთა მცირე ჯგუფის მიერ დაწერილმა კონსტიტუციამ იმუშაოს, მისი დებულებები კორელაციაში უნდა იყოს იმასთან, თუ რა პოლიტიკური სუბიექტები არსებობს საზოგადოებაში და რეალურად რა ძალთა ბალანსია მათ შორის. ინგლისს დაწერილი კონსტიტუცია ახლაც არა აქვს, მაგრამ მისი ძალაუფლების სისტემა, როგორც მას მონტესკიე აღწერს, ემყარებოდა დინამიურ, თუმცა მეტნაკლებად მყარ წონასწორობას, ორ ისტორიულ მეტოქეს _ მეფესა და პარლამენტს შორის.
პოლიტიკური თავისუფლების პირობები არსებობს იქ, სადაც ძალაუფლების მონოპოლიზება შეუძლებელი გახდა _ არა იმიტომ, რომ ეს არავის უნდა, არამედ იმიტომ, რომ ამას არავის დაანებებენ. ამისთვის უნდა არსებობდეს ძალაუფლების სულ მცირე ორი საკმარისად ძლიერი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცენტრი, რომლის წარმომადგენლებმა ერთმანეთი საბოლოოდ ვერ დაამარცხეს. მაგრამ ასეთი ვითარება შეიძლება აგრეთვე აღმოჩნდეს მუდმივი ქაოსის, ანუ საერთოდ როგორიმე პოლიტიკური რეჟიმის დეფიციტის წინაპირობა. უფრო სწორად, ისტორიულად სწორედ ეს იყო გადაუწყვეტელი პოლიტიკური კონფლიქტების ტიპური შედეგი. ინგლისის სამოქალაქო ომის გამოცდილებამ მისცა ბიძგი თომას ჰობსს, ჩამოეყალიბებინა თეორია, რომ ბუნებითი მდგომარეობა _ ანუ მყარი პოლიტიკური რეჟიმის არარსებობა _ იმდენად საშინელია, რომ მის თავიდან ასაცილებლად ადამიანები თავისი ნებით უნდა დაემორჩილონ აბსოლუტურ ძალაუფლებას (დღევანდელ ენაზე _ დიქტატურას).
ლიბერალური დემოკრატიის შანსს იძლევა კონფლიქტის სხვა გადაწყვეტა: ურთიერთვერგანადგურების ნეგატიური გამოცდილების საფუძველზე მხარეებმა უნდა იპოვონ modus vivendi, კონკურენციის და თანაარსებობის მეტნაკლებად მდგრადი ფორმა. სხვა სიტყვებით, უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური წარმოდგენების და პრაქტიკების მდგრადი სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის თანამშრომლობას კონკურენტებს შორის. შუალედური მდგომარეობა ერთობას (ჰარმონიას, “ძმობას” და მისთ.) და ომს შორის ცხოვრების წესად იქცევა. ამას უკვე შეიძლება “პოლიტიკური კულტურაც” ვუწოდოთ.
პოლიტიკურ თეორიას არა აქვს რეცეპტი იმისა, თუ სახელდობრ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ასეთი პოლიტიკური კულტურა, თუმცა არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამას დიდად უწყობს ხელს კომერციული საზოგადოების (საბაზრო ეკონომიკის, “კაპიტალიზმის”) ინსტიტუტთა ჩამოყალიბება.
ამერიკის დემოკრატიის დამფუძნებელი მამები და ძალაუფლების დანაწილების პრინციპი
ძალაუფლების დანაწილების პრინციპის ფორმულირება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში სრულიად სხვა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში მოხდა. მას არ უძღოდა წინ საუკუნოვანი ბრძოლა მეფესა და პარლამენტს შორის. ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფი, ვინც კონსტიტუცია დაწერა და ვისაც შემდეგ ამერიკის “დამფუძნებელი მამები” ან “სტრუქტურის შემქმნელები” (framers) ეწოდა,  ძალაუფლების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბალანსს კი არ აფორმებდნენ, არამედ ახალ სახელმწიფოებრივ სტრუქტურას ქმნიდნენ. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ახალი კონსტიტუციის მიღებით არსებული ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმი კი არ იცვლება, არამედ ახალი სახელმწიფო შეიქმნა და ახალ ერს ჩაეყარა საფუძველი. ეს ქმედება მაქსიმალურად გამოხატავდა სიტყვა “კონსტიტუციის” ეტიმოლოგიურ ძირს _ “დაფუძნებას”.
კონსტიტუციის ავტორთა ძირითადი ამოსავალი იყო, ერთის მხრივ, კლასიკური ლიბერალური თეორია _ განსაკუთრებით, ჯონ ლოკის და მონტესკიეს იდეები, მეორეს მხრივ კი სხვა პოლიტიკური რეჟიმების გამოცდილება. ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, გასათვალისწინებელი იყო ინგლისის (ამერიკელი კოლონისტების კულტურული და ისტორიული სამშობლოს), მაგრამ აგრეთვე ანტიკური და შუა საუკუნეების რესპუბლიკების გამოცდილება. “ფედერალისტის” ტექსტში ეს გამოცდილება უფრო მეტად ნეგატიური კონოტაციით მოიხსენიება. ინგლისის მონარქია “ტირანიად” განიხილება (რაც გასაგებია: ამერიკა ახალი გამოსულია ინგლისთან ომიდან, ხოლო მონარქია რესპუბლიკელებისთვის მისაღები ვერ იქნება). ისტორიული დემოკრატიები კი ორი მიზეზით ვერ გამოდგება მისაბაძ მაგალითებად: ერთის მხრივ: ისინი უფრო მეტად ქალაქის დონეზე არსებობდნენ და ძნელია მათი ინსტიტუტების გადატანა დიდ, ცამეტი შტატის გამაერთიანებელ პოლიტიკურ ერთეულზე; მეორეს მხრივ, მათ ქრონიკული არასტაბილობა და სისუსტე ახასიათებდა.
თუმცა ინგლისის პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვანი ორიენტირი იყო ამერიკელი დამფუძნებელი მამებისთვის თუნდაც იმიტომ, რომ მას მონტესკიე იყენებდა მოდელად. ჰარვი მენსფილდის გამოთქმით, ამერიკელებმა მოახდინეს აღმასრულებელი ხელისუფლების რესპუბლიკანიზაცია: ამერიკის პრეზიდენტი გარკვეულად ჰგავს ინგლისის მეფეს (ცხადია, არა დიდი ბრიტანეთის დღევანდელ სისტემაში), ოღონდ ის ხალხის არჩეულია, ანუ რესპუბლიკური მანდატი აქვს. ამ მომენტის გარდა, ძალაუფლების დანაწილება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლებებს შორის ამერიკის კონსტიტუციაში ძირითადად მიჰყვება მონტესკიეს სქემას.
ის, რაც ამერიკული გამოცდილების უმნიშვნელოვანეს განსხვავებას შეადგენს ბრიტანული და, შესაბამისად, მონტესკიესეული მოდელისგან, არის პოლიტიკური სუვერენიტეტის ჰორიზონტალური დანაწევრება ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატების ხელისუფლებას შორის, რასაც დღეს “ფედერალიზმს” ვეძახით. როგორც ვთქვით, ეს სწორედ ამერიკელების გამოგონებაა.
მაგრამ საავტორო უფლებებზე მეტად აქ სხვა მომენტია მნიშვნელოვანი. ძალაუფლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწილების მოდელების შექმნისას დამფუძნებელი მამები სრულიად სხვადასხვა საწყისი ვითარებიდან ამოდიოდნენ. ფედერალური დონის ხელისუფლების მოწყობისას ისინი მსჯელობდნენ, როგორც შედარებით თავისუფალი პოლიტიკური დიზაინერები. რაკი მანამდე ამ დონის მმართველობას ამერიკაში უბრალოდ არ უარსებია, ფედერალური ინსტიტუტები უშუალოდ ვერ გააგრძელებდნენ ამერიკის პოლიტიკური ინსტიტუტების ტრადიციას. აი, ძალაუფლების ვერტიკალური დანაწილების შემთხვევაში კი ვითარება სულ სხვა იყო. კონსტიტუციის ავტორების არჩევანი შედარებით ვიწრო პოლიტიკურ ჩარჩოებში მოექცა. ერთის მხრივ, მათ ძლიერი ერთიანი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაეყარათ საფუძველი, მაგრამ ისე, რომ შტატებისთვის ნებაყოფლობით დაეთმობინებინათ სუვერენიტეტი, ან მისი ნაწილი. ინგლისთან ომის გამოცდილებამ აჩვენა შტატებს შორის არსებული კონფედერაციული გაერთიანების სრული არაეფექტურობა. ამერიკელმა კოლონისტებმა დიდწილად იღბლის და საფრანგეთის დახმარების შედეგად გაიმარჯვეს, მაგრამ ახალი კონფლიქტის შემთხვევაში არ ჰქონდათ გარანტია, რომ დამოუკიდებლობას და რესპუბლიკურ წყობას შეინარჩუნებდნენ. დამფუძნებელი მამების და მათი მომხრეების (“ფედერალისტების”) აზრით, აუცილებელი იყო, იმ დროს არსებული ცამეტი შტატი ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებულიყო, ერთიანი საგადასახადო სისტემითა და ერთიანი არმიით. ამ გეგმას ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები _ იმ დროის ენაზე. ანტიფედერალისტები _ მაგალითად, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისეთი გმირები, როგორც ჯორჯ მეისონი ან პატრიკ ჰენრი. ეს უკანასკნელნი თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია მოქალაქეთა მუდმივ კონტროლს საჭიროებდა, ამიტომ მხოლოდ შედარებით მცირე ზომის პოლიტიკურ ერთეულებში იყო შესაძლებელი _ ისტორიაც ამას ღაღადებდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი ქვეყნის ხელისუფლება გაუსხლტებოდა მოქალაქეთა კონტროლს და ტირანიად გარდაიქმნებოდა.
ასეთ ვითარებაში, მაქსიმუმი, რისი მიღწევაც დამფუძნებელ მამებს შეეძლოთ, იყო შედარებით ძლიერი ფედერალური ხელისუფლების შექმნა, მაგრამ იმ პირობით, რომ ის მთლიანად ვერ დაიქვემდებარებდა შტატებს, ანუ ვერ იქნებოდა განუყოფელი პოლიტიკური სუვერენიტეტის მატარებელი. რას იზამდნენ ისინი, უნიტარული სახელმწიფოს შექმნა რეალისტური ალტერნატივა რომ ყოფილიყო, სამარჩიელო საკითხია. მთავარი ისაა, რომ ასეთი არჩევანი მათ არც ჰქონიათ.
ანტიფედერალისტური განწყობების ფონმა ძალაუფლების ფედერალური დონის აგებულებაზეც მოახდინა გავლენა. როგორც უკვე ვთქვით, ძალაუფლების ვერტიკალური დანაწილების კონცეფცია ეფუძნებოდა გარკვეულ პოლიტიკურ ფილოსოფიას _ სახელდობრ, რესპუბლიკურ ღირებულებებს, ტირანიის არდაშვების იდეას. დამფუძნებელ მამებს უნდა შეეხამებინათ ორი პრინციპი _ ერთის მხრივ, მიეღოთ ეფექტური, ქმედითუნარიანი ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი არ დაეშვათ მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, თუ ის ამბიციურ ადამიანებს ჩაუვარდებოდა ხელთ. შეიძლება ითქვას, “ფედერალისტის” ორი ძირითადი ავტორი ამ ორ პრინციპს განასახიერებს: ალექსანდრ ჰამილტონი ამერიკის ისტორიაში ძლიერი, “ენერგიით აღსავსე” ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების ადეპტად შევიდა (“energy in the executive”), ხოლო ჯეიმს მედისონი _ ხელისუფლების მაქსიმალური შეზღუდვის მომხრედ. შემდეგ, ერთის მხრივ, ჰამილტონი (ჯონ ადამსთან ერთად), მეორე მხრივ კი მედისონი თომას ჯეფერსონთან ერთად სწორედ ამ საკითხის გარშემო ლამის სამკვდროსასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს. “ფედერალისტის” შექმნის დროისთვის ისინი მოკავშირეები არიან და ერთად იცავენ ფედერალური ხელისუფლების შექმნის პროექტს, თუმცა მკვლევარები პუბლიუსის ტექსტებშიც პოულობენ განსხვავებებს მათ მიდგომებს შორის.
აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჰამილტონის პარტიას _ ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნას _ ზღუდავდა არა მხოლოდ რესპუბლიკური არგუმენტები, არამედ ის გარემოებაც, რომ თუ ფედერალური აღმასრულებელი მეტისმეტად ძლიერი იქნებოდა, ანტიფედერალისტური ოპოზიცია გაძლიერდებოდა და კონფერაციიდან ფედერაციაზე გადასვლის თვით იდეა შეიძლებოდა დამარცხებულიყო. სამ შტოდ დანაწევრებული ფედერალური ხელისუფლების შექმნას შტატები ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, ვიდრე ისეთ ხელისუფლებას, სადაც ვერავინ შეძლებდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შტატების თუ მოქალაქეების საზიანოდ.

< <1>> < <2>>

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group