მიხეილ
გოგატიშვილი - გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი


თავისუფალი მმართველობა versus ხელისუფლება
( ანუ ფედერალისტების პოლიტიკური თავისუფლების დისკურსი )
”ნამდვილად შესწევთ თუ არა ძალა ადამიანთა საზოგადოებებს, დაამყარონ განსჯასა და არჩევანზე დაფუძნებული ვარგებული მმართველობა, თუ ერთხელ და სამუდამოდ არიან განწირულნი თავიანთი პოლიტიკური აგებულება შემთხვევითობასა და ძალმომრეობას დაუმონონ. თუკი ამ მინიშნებაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაშინ კრიზისი, რომელიც დაგვდგომია, ვინძლო მართლაც ის დრო იყოს, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს; და თუ მცდელობა გაგვიცუდდა, მაშინ ალბათ, დავიმსახურებთ, კაცობრიობას უსაშველო ჭირად ვერაცხებოდეთ.”
ფედერალისტი #1 ჰამილტონი
თითქოს საჭიროც კი არ არის კომენტირება მოვახდინოთ ჰამილტონის ზემომოყვანილი პასაჟის. თითქმის ორას წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ეს სიტყვები, თუ იმ ისტორიულ კონტექსტს არ გავითვალისწინებთ,  როცა ის იწერებოდა, შეიძლება, ჩვენთან არსებული პოლიტიკური ვითარების ერთგვარ შეფასებად მივიჩნიოთ. ჰამილტონის ზემომოყვანილი პასაჟი ძალაუნებურად იძულებულს გვხდის, ჩვენთან არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება მოვახდინოთ და შემდეგ კი პასუხი გავცეთ, რატომ მივმართავთ ფედერალისტებს.
გარკვეულწილად შეიძლება ფედერალისტებმა გაგვცენ პასუხი, როგორ უნდა ვხედავდეთ სახელმწიფოს მომავალს და რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ერის მომავლის წინაშე  და “ განსჯასა და არჩევანზე დაფუძნებული ვარგებული მმართველობა . ამით შესაძლოა საქართველოში არსებული პოლიტიკურ პრობლემათა რედუცირება მოვახდინოთ  და განვსაზღვროთ არჩევანი სწორსა და არასწორს შორის.
ჩვენი ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის ბრძოლის ისტორიამ გვიჩვენა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინების გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია; და როცა დამოუკიდებლობის პირველი წლების ეიფორიები და ილუზიები მინავლდა, ჩვენთვის კვლავ აქტუალურია საკითხები, საით მივდივართ და რა მომავალი გველის? როგორი ტიპის სახელმწიფო მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე საქართველოში?
აქ მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს – საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს.
დემოკრატია, თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობისა და სიქველის მსგავსად შეიძლება თავისთავად ცხად ცნებად განვიხილოთ. იმავდროულად მისი მრავალმნიშვნელოვანი საზრისი თავისთავად ასოცირდება თავისუფლებასა და პასუხისმგებლობასთან. თავისუფლება, ფართოდ გაგებული თვალსაზისით, გულისხმობს, მოიქცე ისე, როგორც შენ გსურს, ხოლო პასუხისმგებლობა კი იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე. ეს უკანასკნელი უკავშირდება სამშობლოს სიყვარულს, სიქველეს, ღირსებას, პატიოსნებას, ღვთის რწმენას და სხვა მრავალ ფაქტორს, რომელსაც ერი  საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავებს.
მაგრამ ჩვენ აქ აქცენტი სხვა რამეზე გვსურს გავაკეთოთ. საქართველოში  დემოკრატიის ცნების შინაარსის გაგება, ისტორიულ გარემოებათა გამო, არა მარტო ნაკლებ შესაბამისობაშია მის ისტორიულფილოსოფიურ საზრისთან, არამედ დასავლურ სამყაროში არსებულ პრაქტიკასთან, რომელსაც ჩვენ მაგალითად ვისახავთ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე ჩვენი ეროვნული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.  თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობისა და სიქველის გაგებას სწორედ ეროვნული კონტექსტი უზრუნველყოფს, რომლის გარეშე შუძლებელია დემოკრატია იქნეს მოაზრებული.
დღესდღეობით საქართველოში პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს არ აქვთ უფრო რთული ამოცანა, ვიდრე საზოგადოებრივი კონსენსუნსის მიღწევა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე იმგვარი ტენდენციების ჩამოყალიბება, რომელსაც ერთიანობისაკენ მივყავართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში განვითარებული ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის აუცილებელი თანმხლები იქნება სულიერი კრიზისი, და საბოლოო, ჯამში ერთმანეთთან ამბიციურად დაპირისპირებულმა ძალებმა კვლავდაკვლავ შეიძლება დაუწყონ საქართველოს პოლიტიკურ სხეულს გლეჯა რაღაც იდეის სახელით, რომელსაც სულაც საქართველოს დამოუკიდებლობა შეიძლება ერქვას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა პოლიტიკურ ხელისუფლებაში, შედეგი ერთადერთი იქნება, ჩვენ მოგვიწევს არა “განსჯასა და არჩევანზე დაფუძნებული ვარგებული მმათრთველობის” ქვეშ ცხოვრება, არამედ დემოკრატიის გაუკუღმართებული ფორმის – ავტორიტარული მმართველობის მიღება.
ხოლო ის, ვინც ვარაუდობს თავის თავზე აიღოს ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე პოლიტიკიური პასუხისმგებლობა, თავს ვერ აარიდებს პასუხისმგებლობას თავისი პოლიტიკური წარსულის გამო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური აგენტი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ პოლიტიკურ წარსულზე, არამედ როგორც ქვეყნის მომავლის, ასევე მისი წარსულის წინაშეც.
ქართული საზოგადოება მოწმე იყო, თუ როგორ ინგრეოდა გარე და შიდა პოლიტიკური საფრთხის გავლენით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სახელმწიფოებრიობის საფუძვლები, თუ როგორ ეცემოდა სახელმწიფოსა და ხელისუფლების ავტორიტეტი. ვხედავდით, თუ როგორ ხდებოდა სოციალური ფაქტორების ხელიდან გასხლტომა საზოგადოებრივი კონტროლის სივრციდან, რომელიც წარმოქმნილი იყო პოლიტიკურ შეხედულებათა სტიქიური და უწესრიგო შეჯახების გამო.  
შესაძლოა, ეს უკანასკნელი აუცილებელი საზღაურია იმ პოლიტიკური რყევებისა, რომლის პირობებში ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. მაგრამ საზოგადოება ვერ შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში „კონვულსიის“ რეჟიმში ცხოვრებას და მავანმა, ამ შემთხვევაში, პასუხის ძიება ამ არეულ დარეულობებისა ჩვენი კულტურის “მანკიერი” მხარეების წარმოჩენაში და კრიტიკაში დაინახა, რომელიც ხელს უშლიდა დემოკრატიის დამყარებას; ზოგმა კი ჩვენი საკუთარი თვითმყოფადი გზის ძიებაში, რომელიც გვერდს აუვლიდა მსოფლიოში მიმდინარე სოციალურპოლიტიკურ ტენდენციებს. მაგრამ ერის კულტურული წარსულის ძირეული კრიტიკა შეუძლებელია მისაღები და უსაფრთხო საშუალება იყოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისათვის. ამ შემთხვევაში საუბარია ერის პოლიტიკურ წარსულზე, რომელიც ერის სულიერ გენეტიურობას და სიქველეს აყალიბებს. საკითხი ეხება იმ პრინციპებს, რომელიც ეროვნულ ცნობიერებასა და სახელმწიფოებრიობის საფუძველს ეხება. თუმცა კი სამართლიან შეფასებას მოითხოვს არა მარტო არქაიზმად ქცეული კულტურის ფაქტები არამედ საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრების ის ფორმა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. აქედან გამომდინარე, საკითხი ისმის - რას ეფუძნება ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური ცხოვრება? რატომ არის, რომ ვერ გაგვირკვევია, რა არის სამართლიანი და უსამართლო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში? ჩვენ შეიძლება მხოლოდ კონსტატირება მოვახდინოთ: ვერც ერის კულტურული წარსულის კრიტიკა დემოკრატიის დამყარების მიზნით და ვერც საქართველოს მთელი მსოფლიოსაგან განცალკავებული განვითარების გზის ძიება ვერ იქნება მკურნალობის საუკეთესო საშუალება ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისათვის.
ამჟამად ჩვენ კვლავ გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენ მიერ დასმულ საკითხს და აღვნიშნოთ: ის დავა, რომელიც წარმოიშვა ჩვენს განათლებულ თუ ნაკლებად განათლებულ წრეებში ჩვენი კულტურის ზოგიერთი მომენტის “მანკიერების” გამო, არ იძლევა გონივრულ თეორიულ პასუხს ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციებზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების სტრატეგია ატარებს არა თეორიულ ხასიათს, არამედ იდეოლოგიურს და უმთავრესად ასე თუ ისე თვითნებურად განხილულ პრაქტიკულ შედეგებს ეყრდნობა. ამ უკანასკნელის სიმწვავე უმთავრესად გამოწვეულია საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ საქმეთა დაუკმაყოფილებლობით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში არსებულ განცალკავებულ პოლიტიკურ ძალებს არ აქვს პოლიტიკური ცოდნის საფუძვლები. ისინი, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ, თუ რა არის პოლიტიკურის პრობლემა დღევანდელი საქართველოსათვის. აქედან გამომდინარე, ისინი გვიბიძგებენ არა დიალოგისაკენ, არამედ, როგორც ჰანა არენდტი წერს, “ლოგიკურობის ტირანიისაკენ”.
ის პოლიტიკური ცოდნა, რომელსაც ჩვენთან საბჭოთა რეჟიმი ქადაგებდა, ”ლოგიკურობის ტირანიის” მხოლოდ ერთ სახეობას გვთავაზობდა. ის მოითხოვდა, რომ ისტორიის საიდუმლოს წარმოადგენს კლასთა ბრძოლა. არენდტის თვალსაზრისით: ”ის, რაც მასებს არწმუნებს, არ წარმოადგენს ფაქტებს და გამოგონილ ფაქტებსაც კი, არამედ სისტემის თანმიმდევრულობას, რომლის სავარაუდო ნაწილია ეს ფაქტები”. ამჟამად ჩვენ  „ლოგიკურობის ტირანიის” მრავალი განცალკავებული შტო გვაქვს, რომელიც საქართველოს პოლიტიკური წარსულის და მომავლის თვითნებური ხედვიდან გამომდინარეობს და მრავალ პოლიტიკურ ძალაშია გადანაწილებული. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აგენტები მოითხოვენ არა დიალოგს, პოლიტიკურ აქტორებთან მიმართებაში, არამედ იმას, რომ აქტორები იყვნენ მათი მორჩილნი და პოლიტიკური პროცესის მაყურებელნი, რომელსაც პოლიტიკური აგენტები განახორციელებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ “საბჭოთა პოლიტიკური განათლების” საფუძველზე შექმნილი სისტემურად გაუკუღმართებული პოლიტიკური ლექსიკონი გვაქვს, რომელიც დემოკრატიული ცნებებით ოპერირებს, მაგრამ მის არათემატურ საზრისში უცილობლად ბოლშევიკური პარტიის ისტორიის გამოცდილება და ცოდნის საფუძვლების ფარული პლასტი ჩანს.
თუკი ერის სასიცოცხლო ძალა თავის მომავალს დემოკრატიული თავისუფლებისა და სამეურნეო კეთილდღეობის რაკურსში ხედავს, მან უნდა გადალახოს გაუკუღმართებული იდეური დაბრკოლებები და გამოავლინოს მზაობა, ისწავლოს ისტორიისაგან. თუკი ისტორიისაგან ვერ ისწავლი, მაშინ ისტორია ყველას გამოუტანს მკაცრ განაჩენს. ჭეშმარიტი განახლებისათვის და სულიერი ზრდისათვის ერთნაირად უცხოა ლოგიკურობის ტირანია და უმართავ პოლიტიკურ განწყობილებათა ნაკადები, რომელიც სტიქიურ, არააუცილებელ და გაუაზრებელ ხასიათს ატარებს. პირიქით, ცხოვრებისეული გამოცდილება, სიკეთისა და ბოროტების ისტორიული ფესვების ცოდნა, აუცილებელი პირობაა, რათა ერმა თავისი პოლიტიკური ცხოვრების სამყაროს ველი შექმნას.
მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი ისტორიული გამოცდილების მოხმობა სრულიად ახლის შექმნისას ვერ იქნება საკმარისი პირობა.
მიზეზი იმისა, თუ რატომ მივმართავ ფედერალისტებს, არის ის, რომ დემოკრატია აშშ-ში ცარიელი ადგილიდან დაიწყო. ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა პოლიტიკური ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, ამერიკის ახლად ჩამოყალიბებადი ერი, უფრო სწორედ, მისი ინტელექტუალი ლიდერები, ეყრდნობოდნენ  განმანათლებლობას, ანტიკურობას გამოცდილების და საკუთარ გამომგონებლობას. მათ წამოიწყეს პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა წარსულში. მაგრამ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, ჰქონდათ პასუხისმგებლობა ერის მომავლის წინაშე და მისადმი უანგარო სამსახურის სიქველე. მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური გამოცდილების უნივერსალური ხასიათი, სადაც პოლიტიკური თავისუფლება უზრუნველყოფს სამოქალაქო თავისუფლებებს და მისი დანერგვის მცდელობას ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
მეორე მომენტი, რის გამოც მივმართავთ ფედერალისტების დიდ ნააზრევს, არის ის ვითარება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და დაფუძნებას ახლავს თან. ამავდროულად , ის მწვავე პოლიტიკური ანალოგიები , რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში XVII ს. 80-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, ნათელი გახდა, რომ შტატების კონფედერაცია მზად არ აღმოჩნდა დამოუკიდებელი მმართველობისათვის. ერთიანი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება არ არსებობდა, სუსტი საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელსაც არსებითად საკონსულტაციო ხასიათი გააჩნდა, ძალზე ართულებდა ერთიანი შეთანხმებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას სხვადასხვა სოციალურ, რელიგიურ და რეგიონალურ ინტერესებთა შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, საფრთხე ექმნებოდა არა მარტო სამოქალაქო თავისუფლებათა რეალიზაციას, არამედ თავად აშშ-ს, როგორც ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობას. ამ ვითარებიდან თავის დაღწევის მიზნით ამერიკის გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწეების არცთუ მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა კონსტიტუციურ, კონვენტზე, რათა განესაზღვრათ სახელმწიფო მოწყობის შემდგომი ბედი. კონსტიტუციის მიღებას თან ახლდა დრამატიზმით აღსავსე პოლიტიკური ბრძოლის ისტორია. კონვენტის მუშაობის დასრულების შემდეგ, 1787 წლის 17 სექტემბერს, როცა ცნობილი გახდა მომავალი კონსტიტუციის ტექსტი, შემოთავაზებული პროექტის საწინააღმდეგოდ დიდი დებატები გაიმართა. ამის გამო მისი შემქმნელები იძულებულნი გახდნენ მის დასაცავად გამოსულიყვნენ. ნახევარი წლის განმავლობაში ალექსანდრე ჰამილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ დამოუკიდებელი გაზეთისათვის შექმნეს წერილების სერია, რომელიც “პუბლიუსის” ფსევდონიმით ქვეყნდებოდა და “ფედერალისტის” საერთო სათაურის ქვეშ იყო გაერთიანებული.
ამ ავტორთა უდიდესი დამსახურებაა არა მარტო ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლების სრულიად ახალი კონცეფცია შექმნეს, არამედ ისიც, რომ პოლიტიკური დისკურსის ახალ პრაქტიკას აყალიბებენ, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავს ნებისმიერი პოლიტიკური ძალადობის შესაძლებლობას.
სწორედ ეს არის ის მომენტი,  რაც ამერიკულ რევოლუციას ევროპული რევოლუციებისაგან განასხვავებს. იმ დროისათვის ნებისმიერი ევროპული რევოლუცია, რომელიც ადამიანის თავისუფლების სახელით იღვწოდა, საბოლოოდ ტირანიაში გადაგვარდა. სამწუხაროდ, განმანათლებელ ფილოსოფოსთა წყალობით, ფართოდ გავრცელდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თავისუფლება _ ეს არის ყოველგვარი გარეგანი აკრძალვებისა და შეზღუდვების მოხსნა. ეს არის შესაძლებლობა იმისა გავაკეთო ის, რაც მსურს. მაგრამ გარეგანი შეზღუდვების მოხსნა ინდივიდუალურ გულისთქმათა სრულ თვითნებობაში გარდაისახება. თუ ადამიანმა არ იცის შინაგანი თვითნებობის შეზღუდვა, მას არ შეუძლია და არ სურს გაიგოს, რა არის პასუხისმგებლობა. არაფრიდან და არავისთან დაკავშირებულ გულისთქმათა ბატონობას წარმოადგენს ჰეგელის მიერ “გონის ფენომენოლოგიაში“ გამოთქმული მოსაზრება ფრანგული რევოლუციის შესახებ, რომ “აბსოლუტური თავისუფლება, როგორც საყოველთაო ნების საკუთარ თავთან წმინდა თანასწორობა, თავის თავში შეიცავს ნეგაციას”, ე.ი. მისი რეალიზაციის მცდელობისას თავის თავს თვითონვე ანადგურებს და ამით არწმუნებს ადამიანებს მისი განუხორციელებლობის შესახებ. იაკობინური ტერორის და საშინელების შესახებ, რომელიც რევოლუციური პრაქტიკის ერთგვარ კვინტენსენციას წარმოადგენდა, ჰეგელი წერდა: “ საყოველთაო თავისუფლების ერთადერთი მოქმედება და წარმონაქმნი ...  სიკვდილია და, ამასთან ერთად, სიკვდილი, რომელსაც არავითარი შინაგანი მოცულობა და შინაარსი არ გააჩნია”.
აშშ-ს დამფუძნებლები იღვწოდნენ არა მარტო იმისათვის, რომ თავი გაეთავისუფლებინათ ტირანიის საცეცებისაგან, არამედ იმისთვისაც, რომ მომავალშიც აღმოფხვრილიყო ტირანიის ნებისმიერი შესაძლებლობა. ამ მხრივ ამერიკელი ფედერალისტების გამოცდილებაც უნიკალურია. ფედერალისტების მცდელობა სწორედ იმით განსხვავდება ფრანგული რევოლუციის მესვეურების მცდელობისაგან, რომ ისინი სიტყვის არგუმენტის ძალით ცდილობენ დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები თავიანთი პოზიციების სისწორეში. ისინი სხვა არავითარ საშუალებას არ იხმობენ, გარდა სიტყვის ძალისა. არც ახალი ადამიანის შექმნის მცდელობასთან გვაქვს საქმე, რომელიც მისადაგებული იქნება რევოლუციურთეორიულ დოქტრინასთან.
ამგვარად, ამერიკელი ფედერალისტები საკუთარ თანამემამულეებს სთავაზობენ არა იდეალურუტოპისტური სახელმწიფოს შექმნის იდეას, არამედ ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.
45-ე წერილში პუბლიუსი წერს: “აბა სხვას რას მოასწავებს იმის მტკიცება, ხალხის ბედნიერება პოლიტიკური დაწესებულებების ინტერესებს უნდა შეეწიროსო? ჩვენს ოპონენტებს – ამ წვრილფეხა პოლიტიკანებს _ მინდა შევახსენო, რომ ამაოდ ეიმედებათ ჩვენი მეხსიერების დასუსტებისა. ნურას უკაცრავად, ბატონებო, კარგად გვახსოვს, რომ ყოველი პოლიტიკის უზენაესი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის კეთილდღეობა, რომელიც მან ხალხთა დიად გაერთიანებას უნდა მოუტანოს. ყოველი ხელისუფლების ღირსება სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად უწყობს იგი ხელს ამგვარი მიზნის განხორციელებას.”
ამგვარად, მომავალი სახელმწიფოს ძირითადი მიზანი უნდა იყოს ხალხის ინტერესებისადმი სამსახური და მისი კეთილდღეობისათვის ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, თავისუფალი მმართველობა ფედერალისტების პოლიტიკური დისკურსის ძირითად მორალურ მაორგანიზებელ თემად იქცევა.
თავისუფალი მმართველობის მახასიათებლებია _ რესპუბლიკანიზმი, ძალაუფლების გადანაწილება და ფედერალიზმი. სწორედ ეს არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელმაც პოლიტიკური თავისუფლების და თავისუფალი მმართველობის განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი . თავისუფალი მმართველობა, ფედერალისტების მიხედვით, გამოისახება, როგორც ყველაზე საშიში საფრთხისაგან დაცვის საშუალება _ უმრავლესობის ტირანიისა უმცირესობაზე. ამით ფედერალისტები ახალი ტიპის დისკურსულ პრაქტიკას აყალიბებენ. თავისუფალი მმართველობა ფედერალისტებისათვის წარმოადგენს სახელისუფლებო ურთიერთობის ახალი ფორმის სასაუბრო თემას. ამ აზრით თავისუფალი მმართველობა წარმოგვიდგება, როგორც ახალი ტიპის ხელისუფლების ენობრივი კონცეპტუალიზაცია, რომელიც თავისუფალია ტირანიისა და ძალადობისაგან. ფედერალისტებისათვის თავისუფალი მმართველობის ცნება ხდება რეფლექსიის ობიექტი, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცევა მათ პოლიტიკურ დისკურსში. თავისუფალი მმართველობა როგორც აბსტრაქტული აზრით, ისევე ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგელების მიმართაც, ხდება გააზრების, ინტერპრეტაციისა და კრიტიკის ობიექტი.
ფედერალისტები ხელისუფლების ახალ ენას აყალიბებენ. მაგრამ ფედერალისტების “ხელისუფლების ენა” არ გამოიხატება თვითნებურად, _ განხილული ფაქტებიდან შექმნას სამყაროს ენობრივი ინტერპრეტაცია და დემაგოგიის ძალით თავს მოახვიოს მსოფლმხედველობა საკუთარ თანამოქალაქეებს. “ ვინც სახელებს არქმევს საგნებს , ის ეუფლება მათ”, მაგრამ ფედერალისტების მიერ სახელთა დარქმევა საგნებისადმი არ გულისხმობს პოლიტიკური ველის იმგვარი ენობრივი რეალიების შექმნას, რომელიც სიცრუესა და თანამოქალაქეთა ცნობიერების მანიპულაციას ეფუძნება. ფედერალისტების მცდელობა ერთგვარი ამხედრებაა ლოგიკურობის ტირანიისა და დემაგოგიის წინააღმდეგ.  ამ მხრივ წინა პლანზე გამოდის დემაგოგის ფიგურა, რომელიც თავისუფლებას ისეთივე საფრთხეს უქმნის, როგორც ტირანია და ძალადობა: “სახიფათო ამბიციები ხალხის უფლებებისადმი თავგამოდების მიმზიდველი ნიღბის უკან არის მიმალული და არა მათდამი თავანკარა გულმოდგინებაში, რასაც მხოლოდ იმის გამო ვერ ჰგუობენ, რომ მკაცრსა და ენერგიულ მმართველობას ესწრაფვის. ისტორია გვასწავლის, რომ პირველი უფრო უტყუარი გზაა დესპოტიზმისაკენ, ვიდრე მეორე; რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ფეხქვეშ თელავდნენ რესპუბლიკათა თავისუფლებებს, თავიანთ კარიერას ხალხთან პირმოთნე კურკურით იწყებდნენ. თავიდან დემაგოგობდნენ, ბოლოს კი ტირანებად იქცეოდნენ.”
ინგლისელი მოაზროვნე და პოეტი სამუელ ტეილორ კოლრიჯი წერს: სიტყვები... საგნები არ არის, ისინი ცხოველმყოფელი ძალებია, რომლის საშუალებითაც ადამიანთა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოქმედებაში მოდის და ადამიანურდება”. ის, ვინც ჩასწვდება სიტყვათშეთანხმების პრინციპებს, ეუფლება უნივერსუმს, რადგანაც სწორად გამოთქმულ სამყაროში უნდა არსებობდეს უკუკავშირი სიტყვასა და საქმეს შორის. ფედერალისტების მსჯელობა ერთგვარი მოლოდინია ჭეშმარიტი სიტყვის საქმედ ქცევისა. პლატონის დიალოგ “კრატილოსში” სახელთა და სიტყვათა დამფუძნებლები, იმავდროულად, სახელმწიფოს დამფუძნებლებიც არიან. მათი პოლიტიკა გაცხადებული ჭეშმარიტი სიტყვის რეალიზაციის მოლოდინია . ამით ფედერალისტები ერის მომავალი პოლიტიკური ბედის წიგნს წერენ . ზუსტად ამგვარი მცდელობა აქცევთ მათ ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებად
ფედერალისტის ავტორები არაერთხელ ეყრდნობიან ძველ ისტორიულ გამოცდილებებს. ახალი ტიპის თავისუფალი მმართველობის და ფედერალიზმის იდეის დასასაბუთებლად ისინი იყენებენ “პუბლიუსის” ფსევდონიმს. ეს ფსევდონიმი გაცნობიერებულად არის შერჩეული. მხედველობაშია რომის რესპუბლიკის დამაარსებელი პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა. პროფესორი თომას პანგელი წერს: “ფედერალისტურ წერილებში “პუბლიუსის” ფსევდონიმი ეპიტომიზირებას ახდენს ძველახლისას. ავტორები რომის რესპუბლიკის დამაარსებელის ძველი “სახელით” წერენ, მაგრამ ამგვარი ქმედებით უფრო მეტად ღირსეულნი, გამბედავნი და ინოვაციურები არიან ამ ტრადიციის ფარგლებში.”
პუბლიუსი არაერეთხელ მიუთითებს ანტიკური დემოკრატიების გამოცდილებებზე. თუმცა ანტიკური რესპუბლიკების სავალალო გამოცდილება ახლის დაფუძნების საწინდრად იქცევა. ფედერალისტის მე-9 ნომერში ვკითხულობთ: როცა საბერძნეთისა და იტალიის წვრილ-წვრილი რესპუბლიკების ისტორიას კითხულობ, შეძრწუნება და ზიზღი გეუფლება. ეს რა ვნებით მისცემიან ისინი განუწყვეტელ რყევებსა და გაუთავებელ რევოლუციებს; რა გამალებით ენარცხებიან ანარქიიდან ტირანიის უფსკრულში, ტირანიიდან კი _ ანარქიისაში. ..... როს დიდების სხივები წამიერად გაკვეთენ წყვდიადს, როს თვალს მოგვჭრის მათი ხანმოკლე, მაგრამ წარმავალი ბრწყინვალება, ვრწმუნდებით, თუ რაოდენ სამწუხაროა, როცა ხელისუფლების უკეთურება გზას უმრუდებს და აფერმკრთალებს იმ ნათელი ტალანტებისა და აღფრთოვანებულ ნიჭთა სიკაშკაშეს, რომელთაც დიდებით შეუმოსავთ თავიანთი სამშობლოები.”
ფედერალისტურ წერილებში პუბლიუსი მოძრაობს ძველიდან ახლისაკენ, ქმნის ნარატივებს, “ჟანრს”, რომლისაგანაც გამოწურავს რესპუბლიკურ პოლიტიკურ აზროვნებას”. ამ გზით პუბლიუსი თავის თავს წარმოადგენს “სიახლის ხელისუფლად”, რადგანაც მისი პოზიცია ასახავს “საკაცობრიო საქმეების ბუნებრივ და ნაცად მიმდინარეობებს” და რომ განიხილავს ყველა გამოცდილებას, რომელიც კი ოდესმე არსებულა. ამგვარად, კონსტიტუცია ამ “სიახლის” მანიფესტაციას წარმოადგენს, “რადგანაც ის ასახავს ხანგრძლივ ისტორიულ გამოცდილებას” და აკრიტიკებს მისი უარმყოფელების უტოპიზმს.”
ფედერალისტის ფურცლებზე მუდმივად ჩანს ანტიკური საბერძნეთი და რომი. აქცენტი კეთდება რომაული სიქველის ახლებურ გაგებაზე, რომელიც პუბლიუსის მიერ იყო შემოტანილი. სიქველის კლასიკური გაგება ოთხ პრინციპს ეყრდნობა. – სიმამაცე (უნარი ბრძოლის ველზე სიკვდილს უშიშრად გაუსწორო თვალი), ზომიერება (ხორციელ სიამოვნებათა შეზღუდვა), სამართლიანობა (კანონმორჩილება და სამშობლოსადმი სამსახური) და ცხოვრებისეული სიბრძნე (მიუსაფრებსა და სუსტებზე ზრუნვა). ფედერალისტის თანახმად, ყველა ამ თვისებით უხვად არიან დაჯილდოებულნი რესპუბლიკური მმართველობის მომხრეები. ანტიკური სიქველის რეკონსტრუირება ახალ ნიადაგზე ხდება, სადაც სიქველე და თავისუფლება ერთმანეთთან არის შერწყმული. ამგვარად, ძველ და ახალ რესპუბლიკათა დროთა შორის დისტანცია გადაილახება და აღდგება მიზეზობრივი კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის, რომელსაც საზოგადოება არსებული მდგომარეობიდან ახალი მდგომარეობისაკენ მიჰყავს. ამ ახალ მდგომარეობას ახალი კონსტიტუცია თავისუფალი მმართველობის ანუ სახალხო მმართველობის სახით ადგენს, რომელიც რესპუბლიკანიზმის იდეაში გამოიხატება.
რესპუბლიკური მმართველობის იდეა ფედერალისტების სახელისუფლებო ურთიერთობის ახალ გაგებას აყალიბებს. ხელისუფლების ახალი ფორმა ხალხისა და ხელისუფლების შეპირისპირების ჩარჩოში გაიაზრება. სახელდობრ, ხელისუფლების წყაროს ანუ ხალხის და თავად ხელისუფლების შეპირისპირება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სახელისუფლებო ურთიერთობის ძირითადი მიზანი, ანუ მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც საფუძვლად ედება მათ მიერ შექმნილი ტექსტების პარადიგმას და პოლიტიკურ დისკურსს. ხელისუფლება ყველა შემთხვევაში იძულებას გულისხმობს, ამიტომაც ფედერალისტების მიერ იქმნება სახელისუფლებო ურთიერთობის ახალი ენობრივი მოდელი, სადაც თავისუფლებაზე ზრუნვა არა მარტო კონცეპტუალურ ნიშანთა სისტემით არის გამოხატული, არამედ ახალი სახელისუფლებო ენის საშუალებით მისი რეალიზაციის შესაძლებლობას გულისხმობს. ამიტომაც პუბლიუსისათვის, მთავარი სიძნელე იმაში გამოიხატებოდა, რომ “მთავრობის სიმყარე და ძალა იმასთან შევაერთოთ, რასაც თავისუფლებაზე ურყევი ზრუნვა და მმართველობის რესპუბლიკური ფორმა ჰქვია”. ძალიან ძნელი იყო დაცულიყო საჭირო პროპორცია მათი ერთად შეერთებისათვის. “რესპუბლიკური თავისუფლების სული, აღნიშნავს პუბლიუსი, არამარტო იმას მოითხოვს, რომ ხელისუფლება ხალხიდან მომდინარეობდეს, არამედ იმასაც, რომ ის, ვისაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, მასზე იყოს კიდეც დამოკიდებული იმ მოკლე ხნის განმავლობაში, რა ხნითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა; ამ ხნის მანძილზე ნდობა უნდა იყოს არა რამდენიმე პირის ხელში, არამედ მას საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა ფლობდეს. მთავრობის სიმყარე კი პირიქით, იმას მოითხოვს, რომ ის ხელი, რომელსაც ძალაუფლება უპყრია, არ შეიცვალოს და იგივე დარჩეს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში”.
ფედერალისტებისათვის დამახასიათებელია ახალი დემოკრატიული რეალობის კონსტრუირება და ისტორიული რეალიების ფორმიდან პრაქტიკაში გადასვლა . “ფედერალისტში” შემოთავაზებულია დემოკრატიის ახალი თანამედროვე გაგება. პუბლიუსის თვალსაზრისით, ის, ვინც თვლიდა, რომ რესპუბლიკური მმართვლობის ფორმა მხოლოდ მცირე ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი, ერთმანეთში ურევდა ძველების პირდაპირ დემოკრატიასა და რესპუბლიკას. ძველ დემოკრატიებში ხალხი ერთად იკრიბებოდა და მმართველობას პირადად ახორციელებდა. ხოლო რესპუბლიკაში ქვყნის სახალხო წარმომადგენლები ერთად იყრიან თავს და მართავენ ქვეყანას. პუბლიუსის თანახმად წმინდა დემოკრატიას ერთი ძალზე დიდი ნაკლი ჰქონდა, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ”ჯგუფურობის უბედურებისგან თავდაცვის არანაირი საშუალება არ გააჩნდა... თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ მთელი უმრავლესობა საერთო ვნებითა და საერთო ინტერესითაა ატანილი. მმართველობის ეს ფორმა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მას თანამზრახველობა და თანამონაწილეობა ახასიათებს. არაფერი რჩება ისეთი, რაც წინ აღუდგებოდა ერთი რომელიმე პიროვნების აუტანლობას და არ დაუშვებდა იმას, რომ უმრავლესობის ვნებას მსხვერპლად შესწირვოდა უმცირესობის ინტერესები. ასეთ დემოკრატიებს არაფერი მოაქვთ, გარდა არეულობისა და ურთიერთქიშპობისა. ისინი ვერც პიროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ვერც საკუთრების უფლებას”. ხოლო რაც შეეხება სახალხო წარმომადგენლობის იდეას, იგი მჭიდროდ უკავშირდება თავისუფლების ყველაზე სიღრმისეულ განზომილებას. სახალხო წარმომადგენლის არჩევის აქტში ინდივიდი რეალიზებას ახდენს თავისი შინაგანი დამოუკიდებლობისას ყოველ ადრე მოძიებულ ერთობებთან მიმართებებში (კორპორაცია, ამქარი, ჯგუფი, სამეზობლო და ა.შ.). სახალხო წარმომადგენლის არჩევისას ყოველი ინდივიდი ხმას აძლევს რაღაც საკუთარს, პირადს და, ამასთან ერთად, ისეთ პირადულს, რომელსაც იგი ადრე არ აცნობიერებდა და, შესაძლოა, სხვაგვარად ის არც კი გააცნობიეროს. ამ აზრით სახალხო წარმომადგენლის არჩევა ემსახურება ხალხის მასის პერსონალიზაციას. სახალხო წარმომადგენლის არჩევა იმავდროულად წარმოადგენს საკუთარი თავისადმი ხმის მიცემის არჩევანს, ე.ი. საკუთარის, მდგარდის და მყარი ინტერესის არჩევას. ამიტომაც ფედერალისტების თვალსაზრისით: დემოკრატია და რესპუბლიკა ორი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ერთი, მრავალრიცხოვანი მოქალაქეები შედარებით მცირერიცხოვან წარმომადგენლებს ირჩევენ, რომლებსაც გადააბარებენ თავიანთი უფლებების მნიშვნელოვან ნაწილს.
მეორეც, პირდაპირი დემოკრატიისგან განსხვავებით, რესპუბლიკურ მმართველობაში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს და იგი უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდება”.
რა თქმა უნდა, არა ყველა წარმომადგენლობითი მმართველობა წარმოადგენს დემოკრატიულს. ვითარება მწვავდება იქ, სადაც ხელისუფლება ადამიანებზე ტოტალურ ხასიათს იძენს, რომელიც არ ტოვებს ადგილს თავისუფალი მოქმედებისა და აზროვნებისათვის. ჰანნა არენდტი აღნიშნავს:” არასაკმარისია იმის თქმა, რომ ხელისუფლება და ძალადობა არ არიან ერთი და იგივე. ძალადობა და იძულება ერთმანეთისადმი დაპირისპირებულია; როცა ერთი აბსოლუტურად მართავს, მეორე არ არსებობს. ძალადობა მაშინ ვლინდება, როცა ხელისუფლებას საფრთხე ექმნება, მაგრამ თუ თავის ნებაზე მიუშვებთ მას, ის ხელისუფლებაში გაუჩინარდება”.
ამ პირობებში ხალხისაგან გაუცხოებული ხელისუფლება თავის უკიდურეს ზღვარს აღწევს. ხელისუფლება თავის გაუცხოებულ ფორმაში არა ადამიანური თავისუფლების დამცველად გვევლინება, არამედ ადამიანებზე ძალადობის ინსტრუმენტად, ყველა შესაძლო საშუალებებით მათი დამორჩილების მექანიზმად. ხელისუფლებას და მორჩილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ საზოგადოებრივ წესრიგში და თუ გაურკვეველია, ვინ გასცემს ბრძანებას და ვინ ემორჩილება, და რა გზით ხორციელდება ეს ვითარება, მდგომარეობა ძალზე რთულდება. ამიტომაც პუბლიუსი რესპუბლიკური მმართველობის შემდეგ განსაზღვრებას იძლევა: რესპუბლიკა მმართველობის ისეთი ფორმისთვის უნდა გვეწოდებინა ან, სულ ცოტა, შეიძლებოდა, გვეწოდებინა, - რომელსაც მთელი თავისი ძალაუფლება – პირდაპირ თუ არაპირდაპირ – მთელი ხალხიდან გამოჰყავს და მას  იმ პირთა მეშვეობით ახორციელებს, რომლებიც თანამდებობებზე ხალხის სურვილისამებრ გარკვეული ვადით, ანდა – უმწიკვლო ქცევის  შემთხვევაში – უვადოდ ინიშნებიან. აუცილებელია , რომ მმართველობის ასეთი ფორმა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობიდან მომდინარეობდეს და არა მისი უმნიშვნელო ნაწილიდან თუ პრივილიგირებული კლასიდან; წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი მუჭა ტირანული არისტოკრატები, რომლებიც ხალხის ჩაგვრას უფლებამოსილებათა დელეგირების მეშვეობით ახორციელებენ, შეძლებდნენ იმას, რომ რესპუბლიკის საპატიო წოდებას წაპოტინებოდნენ და მიეტაცებინათ კიდეც იგი.”
< <1>> < <2>>

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group