პუბლიუსი აღნიშნავს, რომ თავისუფლებას, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს თავისუფლებისვე ბოროტად გამოყენება და მას ხიფათი არ ემუქრება მხოლოდ მაშინ, როცა ძალაუფლებას იყენებენ ბოროტად. ხოლო ქვეყანა “უფრო მეორე ტიპის ხიფათს უნდა უფრთხოდეს”. პუბლიუსი მიუთითებს რესპუბლიკური მმართველობის ყველაზე დაუძინებელ მტრებზე – შეთქმულებები, ინტრიგები, კორუფცია, რომელსაც ყველანაირი შესაძლო ზღუდეები უნდა აღემართოს წინ. პუბლიუსის თანახამად, ამ ბოროტების ძირითადი სათავე უცხო სახელმწიფოთა ყოვლად გაუმართლებელი სურვილი იყო ქვეყნის მმართველებზე მოეხდინა ზეგავლენა. ეს რომ არ მომხდარიყო, კონვენტმა უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები მიიღო, რომელიც კონსტიტუციაში შევიდა.
კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ფედერალისტები იცავდნენ, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა ხელისუფლების დანაწილებას მონტესკიეს მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით. ფედერალისტებმა წარმოდგენილი სქემა უფრო გააღრმავეს და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციის ეფექტურ ინსტრუმენტად აქციეს. ძირითადი მომენტი ხელისუფლების დანაწილებისა ეს იყო ხელისუფლების შესაძლო ავტორიტარიზმში გადაგვარებისა და ტირანიისაგან თავის აცილება და თავისუფალი მმართველობის დადგომა, სადაც რესპუბლიკანიზმი, ფედერალიზმი და ძალაუფლების გადანაწილება მისი რეალიზაციის საშუალებაა. ამიტომ, ფედერალისტების აზრით, უნდა მოხდეს ხელისუფლების შეზღუდვა მისი დაყოფის გზით. “უპრიანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება; უპრიანია, ისინი ერთმანეთისგან განკერძოებულად მოქმედებდნენ,
რამდენადაც
ამის
შესაძლებლობას
თავისუფალი
მართვის
სისტემის
ბუნება
იძლევა
;
რამდენადაც
ეს
თანამიმდევრულობათა
იმ
ძაფებს
შეესაბამება
,
რომელნიც
ერთ
ქსოვილად
კრავენ
მთელს
კონსტიტუციას
,
რისი
წყალობითაც
იგი
ერთიანობისა
და
მეგობრულობის
ერთ
ურღვევ
კავშირად
გვევლინება
.”
.
ფედერალისტების პოლიტიკურ დისკურსში თავისუფალი მმართველობა საბაზისო ინტენცია ხდება. ამ საბაზისო ინტენციის მიზნის განხორციელებისათვის, ფედერალისტების თანახმად, უნდა მოხდეს ხელისუფლების შესაძლო თვითნებობისადმი ზღვრის
დადება
. ამგვარ მექანიზმს წარმოადგენს ხელისუფლების ზოგადი შეზღუდვების მექანიზმი, რათა საზოგადოება დაცული იყოს ხელისუფლების ძალმომრეობისაგან: ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო მექანიზმის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნაწილებს შორის გაყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის მდგრადობას.
აქედან გამომდინარეობს ფედერალისტების თავისუფალი მმართველობის დისკურსის ძირითადი მაორგანიზებელი თემები: მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი, მათი უსაფრთხოება, თავისუფლება და საკუთრება. იმის გამო, რომ ფედერალისტების დისკურსში ხელისუფლების ფენომენი ძალზე მჭიდროდ არის დაკავშირებული იძულებასა და ძალადობასთან, ხელისუფლება ფედერალისტების მიერ ყველა შემთხვევაში განიხილება, როგორც შესაძლებლობა, თავისი ნება მოახვიოს სხვებს, მიუხედავად წინააღმდეგობისა. ამიტომაც , პირველ რიგში, სახელმწიფო ხელისუფლების საზომი უნდა იყოს მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი, მათი უსაფრთხოება, საკუთრება და თავისუფლება. მეორე: სახელმწიფო ორგანოების ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური ბუნების ნაკლოვანება: “პატივმოყვარეობას პატივმოყვარეობა უნდა დაუპირისპირდეს. ერთმანეთს უნდა შეერწყას ადამიანური ინტერესი და თანამდებობრივი უფლებამოსილება. შეიძლება, ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მისთვის ხელისუფლების გაკონტროლების ამგვარი მექანიზმია აუცილებელი. მაგრამ რა არის ხელისუფლება თუ არა ანარეკლი ადამიანური ბუნებისა? ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, ხელისუფლება საჭირო არ იქნებოდა. ხელისუფლებაში რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, არც მისი შინაგანი კონტროლი იქნებოდა აუცილებელი და არც გარეგანი. როცა ისეთ სახელისუფლებო სისტემას ვაყალიბებთ, რომელიც ადამიანის მიერ ადამიანის მართვაზეა გამიზნული, მთავარი სიძნელე შემდეგი რამაა: ჯერ ერთი, მმართველს უნდა შეუქმნა საიმისო პირობები, რომ აკონტროლოს ის, ვისი მართვაც ევალება; და მეორეც, იგი უნდა აიძულო, რათა საკუთარი თავი გააკონტროლოს. ხელისუფლების უპირველესი მაკონტროლებელი, რა თქმა უნდა, ხალხია. მაგრამ გამოცდილება კარნახობს კაცობრიობას, რომ აუცილებელია სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება”.
ადამიანი ისე უნდა იყოს გაგებული, როგორიც ის არის: მისი ნაკლოვანი და დადებითი მხარეებით. ადამიანს ბუნებრივად გააჩნია თავისუფლებისადმი მისწრაფება, ასევე ბუნებრივია მისი ლტოლვა ხორციელისადმი და თავის გულისთქმისადმი მიდევნება. “პუბლიუსი” თომას ჰობსის შეხედულებას იზიარებს, რომ ადამიანი რეალურად და პოტენციურად ბოროტების მქმნელია, ამიტომაც საჭიროა მისი ვნებებისა და სიხარბის ალაგმვა. ადამიანური ბუნების ცოდვისეულობის თეზისიდან გამომდინარეობდა, რომ ადამიანები ერთმანეთთან მუდმივი ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა თავიანთი ეგოისტური ზრახვები განახორციელონ. თუმცა ფედერალისტების დისკურსის ფარულ პლასტებში ეს აზრი სხვაგვარ გამოხატულებას პოულობს. არსებობს
ადამიანის
დანიშნულება
. მისი არსებობის ერთადერთი სწორი გზა არჩევანია კეთილსა და ბოროტს შორის. ეს გზა არის გზა სიკეთის ძიებისა. სიკეთის გზით სიარულით ადამიანი ნამდვილ ცხოვრებას მოიპოვებს როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. თუ არ არსებობს ნამდვილი ცხოვრება, მაშინ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ხერხი თანაბარფასეულია, ე.ი. არ აქვს მნიშვნელობა, რა არჩევანს ვაკეთებთ მიზნის მისაღწევად. მაშინ მხოლოდ ის რჩება განვასხვაოთ, რა არის კანონით, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ტრადიციით დაშვებული და დასჯადი. ამგვარი დადგენილებანი ძალზე პირობითია და ცვალებადი. მაგრამ განსხვავებას კეთილსა და ბოროტს, სამართლიანსა და უსამართლოს შორის უფრო ფუნდამენტური ხასაითი აქვსა, ვიდრე ადამიანური შეფასებები და თვალსაზრისებია. ფედერალისტების მორალურ ღირებულებებს ონტოთეოლოგიური საფუძვლები გააჩნია. მას ფესვები საგანთა ბუნების წესრიგში აქვს გადგმული, ბიბლიურ ონტოთეოლოგიურ კოსმოგენეზისში, რომელმაც წარმოქმნა ადამიანი და დაუდგინა ის საზღვრები, რომელშიც მას შეუძლია იცხოვროს. არსებობენ ადამიანური მოდგმის ბუნებრივი კანონები. ადამიანი ბუნების შვილია და არ შეიძლება მისი არსობრივი განზომილება არ იქნეს გათვალისწინებული. “ის ანგელოზი არ არის”, ის ხორციელი არსებაა თავისი ვნებებით და ლტოლვებით. მაგრამ ამასვე უპირისპირდება ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილების, განზომილება, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს და უნარი არჩევანისა კეთილსა და ბოროტს შორის. ამ აზრით არსებობს საზღაური ბოროტებისათვის და ჯილდო სიკეთისათვის, როგორც თეოლოგიურ პლასტში, ისევე სამოქალაქო სივრცეში. სამოქალაქო სივრცეში ადამიანის არსობრივი ძალები საგნობრივ და ხორციელ განზომილებაში მოგვეცემა. ამ სივრცის, საგნობრიობისა და ხორციელის არასულიერი დემიურგი, უფრო მაღალ და მაღალ მოთხოვნილებებს უყენებს ადამიანს, რომელიც მან უნდა დაიკმაყოფილოს და ის ამით არსებითად მის ტყვედ იქცევა. აქიდან გამომდინარე, ფედერალისტების მცდელობა, ადამიანის დადებითი და ნაკლოვანი მხარეების გათვალისწინებით, სამოქალაქო სივრცის პოლიტიკური მოწესრიგების მცდელობაა.
პუბლიუსის თვალსაზრისით, გასიგრძეგანებული უნდა იყოს “თვითშენახვის დიადი პრინციპი”, “ასევე – ბუნებისა და ღმერთის უდიადესი კანონი”, “რომელიც ღაღადებს: საზოგადოების უსაფრთხოება და ბედნიერება ყველა პოლიტიკური დაწესებულების მიზანია, რომელსაც მსხვერპლად უნდა ეწირებოდნენ კიდეც ისინი.” ახალი მმართველობის სისტემის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ნაკლოვანი ბუნება. მიუხედავად ამისა, “რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერაფრით მოაღორებენ და უარს ვერ ათქმევინებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაგრამ სულის ამგვარი სიმტკიცე მხოლოდ მცირედთა ხვედრია”. ნებისმიერი კეთილშობილი მიზნის განხორციელებისას საშუალებებიც იმდაგვარივე უნდა იყოს, როგორიც მიზნებია. ფედერალისტების მიზანი კეთილშობილია: თავისუფალი მართვისა და ადამიანის პოლიტიკური თავისუფლების განხორციელება. მაგრამ ეს მიზნები ადამიანმა უნდა განახორციელოს. ადამიანი ადამიანია და მას შეუძლია დაარღვიოს კანონი საკუთარი სარგებლიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, მოიძიებიან ადამიანები, რომლებიც კანონს ბოროტი განზრახვით დაარღვევენ. მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოება კორუმპირებულია და გახლეჩილია სხვადასხვა ჯგუფებად. მაშინ “არ უნდა იყოს საკამათო, თუკი მიჩნეულია, რომ გასამრჯელოს მიღების სურვილი ადამიანური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოტივთაგანია; ხალხისადმი ერთგულება კი ყველაზე საიმედოდ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა თანამდებობის პირის ადამიანური ინტერესი და მისი თანამდებობრივი მოვალეობა ერთმანეთს ემთხვევა. დიდების სიყვარული სწორედ ის ვნებაა, რომელიც ყველაზე კეთილშობილ ადამიანებსაც კი მნიშვნელოვან და ძნელ წამოწყებათა ხორცშესასხმელად აღძრავს. ამიტომაც, პუბლიუსის თვალსაზრისით, “ყოველი პოლიტიკური კონსტიტუციის უპირველესი მიზანი არის ან უნდა იყოს ის, რომ მმართველებად სათანადო თვისებების მქონე ხალხი მიიზიდოს. ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ბრძენი და სიქველით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა არის საზოგადო სიკეთე და არაფერს დაიშურებენ მის მისაღწევად. მეორე მხრივ, პოლიტიკური კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს სიფრთხილის ყველა ზომას, რათა ამ ადამიანებმა თავიანთი სიქველე მთელი იმ ხნის მანძილზე შეინარჩუნონ, ვიდრე ისინი მათდამი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ.
მაშასადამე, სახელმწიფო მოხელის პირადი ინტერესები დაკავშირებული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებთან. “ყოველი სწრაფვა, რომელიც ადამიანს ამოძრავებს, თავისთავად ნაკლოვანია; ამიტომ იგი ცდილობს, მათი ამგვარი ნაკლი საპირისპირო და მოქიშპე ინტერესებით შეავსოს. ყველაზე აშკარად ეს პოლიტიკა ხელისუფლების ქვედა საფეხურებზე მჟაღავნდება, სადაც იგი ერთ მთავარ მიზანს ესწრაფვის: თანამდებობები იმგვარად იქნენ დაყოფილნი და მოწყობილნი, რომ ერთი თანამდებობრივი უფლებამოსილება მეორეს ზღუდავდეს; ადამიანის კერძო ინტერესი, მის საზოგადოებრივ უფლებამოსილებათა მცველად გვევლინებოდეს. მაგრამ ისიც არანაკლებ აუცილებელია, რომ ძალაუფლება ხელისუფლების უმაღლეს დონეზეც ამგვარად იყოს განაწილებული”. გარდა ამისა, პირადი მოტივები დაკავშირებული და გაძლირერებული უნდა იქნეს კონსტიტუციური უფლებებით: “ორი ყველაზე საიმედო საშუალება არსებობს, რაც თავიდან აგვაშორებდა იმას, რომ მთელ ძალაუფლებას თანდათანობით მოეყარა თავი ერთ რომელიმე დეპარტამენტში; ერთი მხრივ, აუცილებელია სათანადო კონსტიტუციური უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ, ვინც ამა თუ იმ დეპარტამენტს მართავს; მეორე მხრივ კი, აუცილებელია ის, რომ მათ პირადი მიზეზები ჰქონდეთ საიმისოდ, რათა წინ აღუდგნენ სხვა დეპარტამენტთა წევრების მიერ მათ უფლებამოსილებებში შეჭრის მცდელობას”.
ხელისუფლების ორგანოების ფორმირება და თანამდებობებზე დანიშვნა თავისუფალი უნდა იყოს გარეშე ძალების გავლენისაგან და ხალხის მიერ უნდა კონტროლდებოდეს: “საყოველთაოდაა აღიარებული ის, რომ თავისუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია, ხელისუფლება გაიმიჯნოს და რამდენიმე ნაწილად დაიყოს. მაგრამ, ისიც ნათელია, რომ საამისოდ თითოეულ სახელისუფლებო დეპარტამენტს თავისი საკუთარი ნება უნდა ჰქონდეს; თითოეული მათგანი ისე უნდა იყოს აგებული, რომ ერთ დეპარტამენტს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს მეორე დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკასთან. იმისთვის, რათა განუხრელად იქნეს დაცული ეს პრინციპი, აუცილებელია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო უწყებების უმაღლეს თანამდებობის პირთა უფლებამოსილება ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობდეს; უფლებამოსილებათა ამგვარი წყარო კი მხოლოდ ხალხია. ამასთანავე ისიც აუცილებელია, რომ იმ არხებს, რითაც ამგვარი ძალაუფლება მოედინება, ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდეთ”.
პუბლიუსი თვლის, რომ საზოგადოება ყოველთვის იყო დაყოფილი “ფრაქციებად”, ე.ი. ჯგუფებად, რომლებიც თავის სპეციფიკურ ინტერესებს იცავდნენ. ეს არის ის მომენტი, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს თავისუფალი მმართველობის განხორციელებას. თუ ეს ასეა, მაშინ როგორ შეიძლება დაძლეული იყოს ჯგუფურობის ნაკლოვანი სულისკვეთება. ჰამილტონი ვარაუდობდა, რომ ძლიერი რესპუბლიკური მმართველობა, რომელსაც ძლიერი იმუნიტეტი გააჩნია, არამდგრად ადამიანურ ვნებებთან მიმართებაში შეძლებს ფრაქციულობის სული თავის კონტროლქვეშ მოაქციოს და აღკვეთოს მოსალოდნელი უწესრიგობანი. მედისონი კი ფიქრობდა, რომ ერთადერთი გზა, რათა აღკვეთილი იქნეს ფრაქციულობის სული, საჭიროა, რათა, ერთი მხრივ, ისინი პირდაპირ და აშკარად იყვნენ ცნობილი, და მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი კანონიერი ინტერესები. იმდენად, რამდენადაც როცა ნებისმიერ ჯგუფს ენიჭება ისეთივე კანონიერი უფლებები როგორც სხვას, საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიად იქცევა მისი მრავალფეროვნება. ე.ი. რაც უფრო მეტი ჯგუფები არსებობს საზოგადოებაში, მით უფრო ძნელია მისი ერთ დიდ ჯგუფად გაერთიანება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების უშიშროებას. ამგვარად, საზოგადოების მართვამ უნდა უზრუნველყოს ყველა სოციალური ჯგუფის უფლებების თანაბარი დაცვა. ეს უკანასკნელი ერთგვარი სამკურნალო საშუალებაა უმრავლესობის ტირანიის წინააღმდეგ. ამიტომ სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზოგადოების ამოცანას წარმოადგენს პოლიტიკური და რელიგიური მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, რადგან “მართვის რესპუბლიკურ სისტემაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რომ საზოგადოება დაცული იქნეს მმართველთა მხრივ ჩაგვრისგან, არამედ იმასაც, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს საფრთხეს არ უქადდეს მისი მეორე ნაწილის უსამართლობა. ბუნებრივია, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ფენას ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ. მაგრამ თუ უმრავლესობა ერთი ინტერესით გაერთიანდება, უმცირესობის
უფლებებს
საფრთხე
შეექმნება. ორი საშუალება არსებობს ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისა; ჯერ ერთი, საზოგადოებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი ნება, რომელიც უმრავლესობაზე, ანუ თვითონ საზოგადოებაზე არ იქნება დამოკიდებული. მეორეც, საზოგადოება იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ იგი ყველა ჯურის ადამიანს მოიცავდეს, რაც მთლიანად თუ ვერ აღმოფხვრის უსამართლო უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ნაკლებად მოსალოდნელს მაინც გახდის მას”.
ხელისუფლების შეზღუდვის მეორე დონე, რომელმაც თავისუფალი მმართველობის განხორციელებას უნდა შუწყოს ხელი, წარმოდგენილია ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმში. ამ სისიტემის სტრუქტურა გულისხმობს ხელისუფლების ყველა შტოების მიერ განხორციელებულ კონსტიტუციური ურთიერთკონტროლის სისტემას. ფედერალისტების თანახმად, კონსტიტუცია უნდა იქცეს მომავალი სახელმწიფოს პოლტიკური სისტემის ფუნდამენტად. კონსტიტუციური ნორმები უნდა განსაზღვრავდეს ხელისუფლების ორგანოების და თანამდებობის პირების უფლებამოსილებების და კომპეტენციის საზღვრებს, ასევე ხალხის სუვერენულ უფლებას ხელისუფლების უზენაესობაზე. ”მართალია, შესიტყვებებს იწვევს ის, რომ ხალხს როგორც საბოლოო ინსტანციას,
შემთხვევიდან
შემთხვევამდე
მიმართავენ, მაგრამ თუ ამ საშუალებას გარკვეული
პერიოდულობით
გამოვიყენებთ, მაშინ იგი მართებული და ადეკვატური ზომა იქნება; ზომა, რომელიც კონსტიტუციის
დაცვისა
და
მის
დარღვევათა
გამოსწორების
შესაძლებლობას
მოგვცემს
.”
ეს პრინციპი ვრცელდება ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც კონსტიტუცია ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ იგი იყოს ერთადერთი სამკურნალო საშუალება ყველა პოლიტიკური ავადმყოფობისათვის, რომელიც დამახასიათებელი არის სახელმწიფოსათვის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სხეულისათვის.
მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ორპალატიანი მმართველობის თეორია ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმში, რომლის უმნიშვნელოვანეს თეზისს წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლების შეზღუდვა. “ყველა ძალაუფლება საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის ნაყოფია, არ აქვს მნიშვნელობა იგი საკანონმდებლო ძალაუფლებაა, აღმასრულებელი თუ სასამართლო; როცა ძალაუფლების სამივე სახეობა ერთ ხელში იყრის თავს, ჩვენ წინაშეა დესპოტური მმართველობის კლასიკური ნიმუში. ვერაფერი ნუგეშია ის, რომ ამგვარ ძალაუფლებას ბევრი პირი ახორციელებს და იგი ერთი ადამიანის ხელში არ არის თავმოყრილი; რა მნიშვნელობა აქვს, ხალხს ერთი ტირანი უშრობს სისხლს თუ 173 დესპოტი... ისიც ვერაფერი შვებაა, რომ ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. არც ერთ ჩვენგანს
არჩევითი
დესპოტიზმის
გულისთვის არ უბრძოლია. თითოეული ჩვენგანი მმართველობის ისეთი სისტემისთვის იბრძოდა, რომელიც თავისუფალ პრინციპებს ემყარება; მაგრამ თავისუფლება თავისუფლებადვე დარჩება თუ ხელისუფლება სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის გადანაწილებული და გაწონასწორებული არ იქნა: სწორედ ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ მისთვის მიჩენილ საზღვრებში ჩაეტიოს; და თუკი იგი გადაამეტებს თავის კომპეტენციას, ხელისუფლების სხვა უწყებები მას აუცილებლად შეაყენებენ და შეაკავებენ.”
ხელისუფლების ერთ შტოში სახიფათო კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად შემოთავაზებული იყო საკანონმდებლო ორგანო რამდენიმე ნაწილად დაშლილიყო. პრაქტიკულად შემოთავაზებული იყო ორპალატიანი პარლამენტის შექმნის იდეა. “მართვის რესპუბლიკური სისტემის პირობებში ამ მხრივ უპირატესობას საკანონმდებლო ხელისუფლება ფლობს. ამგვარი უფლებამოსილების გასაბათილებლად აუცილებელია იგი სხვადასხვა განშტოებად დაიყოს; თითოეულ მათგანს საფუძვლად უნდა დაედოს არჩევისა და მოღვაწეობის განსხვავებული პრინციპები; ისინი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა მათი მონათესავე კონსტიტუციური ფუნქციები და საერთო დამოკიდებულება საზოგადოებაზე. მაგრამ, შესაძლოა, სიფრთხილის სხვა ზომების აუცილებლობაც წამოიჭრას, რომელთა მიზანი, ასევე, იქნებოდა ის, რომ ხელისუფლების ერთი რომელიმე შტოს უფლებამოსილება დანარჩენი შტოების მიერ მათი ხელყოფისგან დაეცვა. ასე რომ, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლება მისი მეტისმეტი სიძლიერიდან გამომდინარე, დასუსტებას საჭიროებს და, ამ მიზნით, მისი დაყოფაა აუცილებელი.”
აუცილებელია ხაზი გაუსვათ განსხვავებას “სხვადასხვა შტოებსა” და “ორ პალატას” შორის. ფედერალისტები თითქოს სპეციალურად ხაზს უსვამენ ხელისუფლებათა განშტოებების საკუთარი ნების ქონებაზე, რაც ხელისუფლებათა ამ ორგანოებს დამოკიდებელ სუბიექტებად აქცევს სხვა ხელისუფლების ორგანოებთან მიმართებაში. შესაბამისად ამისა, ხელისუფლების დანაწილება მოითხოვს სახელისუფლებო უფლებამოსილებათა გადანაწილებას არა ადამიანთა რამდენიმე ჯგუფზე, არამედ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომელთაც სხვადასხვა ინტერესები და მოტივაციები გააჩნიათ. მხოლოდ ამ საფუძველზე შეიძლება სახელმწიფო აპარატის ელემენტებმა ეფექტურად შეძლონ ერთმანეთის ურთიერთშეკავება.
მესამე ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი მმართველობის განხორციელებას, არის სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობა. ამერიკული ფედერალიზმის იდეას საფუძვლად უდევს ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთშეზღუდვის მექანიზმი. “განუყოფელ რესპუბლიკაში ძალაუფლებას – რომელიც მას ხალხმა გადასცა, _ ერთიანი ხელისუფლება ახორციელებს. უზურპაციისგან თავდაცვის ზომად კი ის გვევლინება, რომ ხელისუფლება რამდენიმე განკერძოებულ და განმხოლოებულ დეპარტამენტად არის დაყოფილი. რაც შეეხება შედგენილ რესპუბლიკას, რომელსაც შეერთებული შტატები განასახიერებს, მასში ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლება ჯერ ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მთავრობას შორის ნაწილდება, შემდეგ კი ძალაუფლების იმ ნაწილს, რომელიც წილად ხვდა თითოეულ მათგანს, ერთმანეთს შორის იყოფენ განკერძოებული და განმხოლოებული დეპარტამენტები. ასე რომ, ხალხის უფლებები ორკეცი უსაფრთხობითაა დაცული. ეს ის ვითარებაა, როცა ორი სხვადასხვა მთავრობა ერთმანეთსაც აკონტროლებს და თავის თავსაც.”
ფედერალური ხელისუფლების შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა შეიძლებოდა განხორციელებულიყო აშშ კონსტიტუციის საფუძველზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. შტატები უნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან შინაგან თავისუფლებას და დამფუძნებელ ხელისუფლებას. “ერთადერთი, რაც აკრძალულია, არის ის რომ რესპუბლიკური ფორმის მაგივრად ანტირესპუბლიკური კონსტიტუციები შემოიღონ; ამგვარი აკრძალვის გამო, ვეჭვობ, რომელიმე შტატმა დაიჩივლოს.”
ფედერაციული მმართველობა გარანტი უნდა ყოფილიყო ლოკალური კონფლიქტებისა და კრიზისების თავიდან ასაცილებლად”, იმის გასარკვევად, თუ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომლებსაც ერთმანეთზე იარაღი შეუმართავთ და ქვეყნის ნაკუწებად ქცევას ლამობენ, _ ვის მხარეს არის სამართალი. განა არსებობს უფრო კარგი შუამავალი, ვიდრე კონფედერაციული შტატების წარმომადგენელნი, რომელთაც ადგილობრივი ხანძრის ალები არ მოდებია? მათში ხომ ერთმანეთთან იქნება შერწყმული მოსამართლის მიუკერძოებლობა და მეგობრული სიყვარული. უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, თუ ამგვარ საშუალებას თავიანთი სიძაბუნის სამკურნალოდ მსოფლიოს ყველა მთავრობა გამოიყენებდა, თუკი ამგვარი პროექტი ქმედითად განხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კაცობრიობას საყოველთაო მშვიდობა მოეპოვებინა.”
დაბოლოს, თავისუფლების იდეა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რუდიმენტული Aძალაა. მაგრამ ადამიანური თავისუფლება არ არსებობს მისი რეალიზების სივრცის გარეშე, ანუ პოლიტიკური ცხოვრების სამყაროს გარეშე. როცა თავისუფლების იდეა მატერიალურ ძალად იქცევა. და თუ მისი რეალიზება სწორი გზით არ ხდება, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრებათა ველში არ ჯდება, მას მილიონობით ადამიანის ცნობიერების და ცხოვრების დამახინჯება შეუძლია; რასაც აუცილებლად მოჰყვება სახელისუფლებო ურთიერთობათა დეფორმაცია და გაუკუღმართება. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში შეიძლება დაასაჭურისოს თავისუფლების იდეა; და ეს იდეა ადამიანის ბიოლოგიური თვითგადარჩენის ელემენტარული პირობებით ჩაანაცვლოს და აიძულოს, თავად დემოკრატიისა და თავისუფლების იდეა მმართველი ჯგუფების ამბიციების მომსახურე ფიქციაკონცეპტად ან სიმულაკრად აქციოს.
ფედერალისტების მიერ პოლიტიკური თავისუფლების გაგება, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი მმართველობის ინდივიდუმების პოლიტიკური სოციალიზაციის სხვადასხვა მომენტებს ეთანადება. ე.ი. იმ პოლიტიკურ დაწესებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თავისუფლების რეალიზაციის სივრცეს. ფედერალისტების დისკურსში პრინციპული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების პრობლემას, როგორც პოლიტიკური დისკურსის ცივილიზირების საშუალებას, რომელიც ან ხალხის ინტერესებისა და მისი კეთლიღეობის მსახურია, ან საზოგადოების შიგნით არსებულ ავტორიტარულად დომინირებადი ჯგუფების ინტერესებისადმი არის დაქვემდებარებული. ფედერალისტების მიერ განვითარებული თავისუფალი მმართველობის თემატური ხაზები, ხელისუფლების საკითხის ინტერპრეტაციისას, ყოველთვის ფლობს საკუთარ ღირებულებით ლოგიკას და ამის შედეგად განსაზღვრავს არა მარტო თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების კონცეპტუალურ ხაზს, არამედ სახელმწიფოს დაფუძნების ამა თუ იმ პოლიტიკურ ასპექტებს.
ფედერალისტის შინაგანი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩაიღვრება პოლიტიკური დემოკრატიის პროცესში, რაც ხელს უწყობს მათი სამართლიანი პოზიციის უფრო აშკარა გამოვლინებას და ასევე საკუთარი ისტორიული მისიის გაცნობიერებას (პასუხისმგებლობას ერის მომავლის წინაშე). პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერება – დემოკრატიისათვის, თავისუფალი მმართველობისათვის, რესპუბლიკისათვის – ერთობლიობაში წარმოადგენს იმ სეგმენტურ მატრიცას , რომლის საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლება არ აიყვანება უმაღლეს დონეზე. ფედერალისტები სახელმწიფოსაგან არ მოელიან სასწაულს. იგი დაყვანილია ინსტრუმენტის დონეზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანების ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ თვითგამოხატვას – შექმნას მაღალი დონის მექანიზმი, როგორც ადამიანური მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ასევე მისი უფლებების დასაცავად. ფედერალისტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ კაცობრიობის ყველაზე მაღალი იდეალები შესაძლოა კოშმარულ სიზმრად იქცეს, თუკი სახელმწიფო უკონტროლო და ყოვლისშემძლე ხელისუფლებას მისცემს გასაქანს. ამიტომაც ფედერალისტები უტოპისტურ სოციალურ ინჟინერიას კი არ მიმართავენ, რომელიც წინააღმდეგობაშია ადამიანური ყოფიერების მრავალშრიანობასთან, არამედ ადამიანის არსების თეოლოგიურ ანთროპოლოგიას. ადამიანის ცოდვისეული ბუნება და, აქედან გამომდინარე, მისი შეზღუდულობა ტრანსფორმირდება ადამიანური ვნებების კონსტიტუციით და კანონით ალაგმვაში, ასევე ხელისუფლების, როგორც ადამიანური ვნების, წყაროს შეზღუდვაში. ხოლო პოლიტიკური თავისუფლება და თავისუფალი მმართველობა მაშინ ხორციელდება, როცა პოლიტიკური ხელისუფლება შეზღუდულია.