V.
ფედერალიზმი როგორც პარადოქსი
ფედერაციული სახელმწიფო წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის რთულ ფორმას. სიტყვა „რთული“ იმთავითვე მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ფედერაციულ სახელმწიფოში ხდება დაძაბულობათა მთელი კომპლექსების მუდმივი განახლება და ახალ-ახალი ფორმებით წარმოშობა. იმისათვის, რომ გავიგოთ ფედერალიზმის არსი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავხსნათ ფედერალური სისტემისათვის დამახასიათებელი დაძაბულობები. „დაძაბულობა“ არ შეიძლება გავიგოთ, როგორც ნეგატიური სიდიდე, როგორც დესტრუქციული ძალის სინონიმი. დაძაბულობა ნიშნავს დაპირისპირებას, ხოლო პერმანენტულად გაგრძელებადი დაპირისპირების გარეშე საერთოდ არ არსებობს არანაირი ცოცხალი პოლიტიკა და არანაირი ნაყოფიერი სახელმწიფოებრიობა.
როდესაც დაძაბულობა შენარჩუნებულია „ზომიერ წონასწორობაში“, მაშინ ფედერალიზმი წარმოგვიდგება, როგორც შემოქმედებითი დინამიკის კონსტრუქციული, პოზიტიური ძალა. ამ წონასწორობის დამყარება მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ ფედერალიზმის აღნიშნული „ნაკლი“ და სისტემის წონასწორობის შენარჩუნებისათვის გაწეული დანახარჯები კომპენსირდება იმით, რომ (წონასწორობის დარღვევის მუდმივი საფრთხის პირობებში) პოლიტიკის მთელი ძალისხმევა კონცენტრირებულია ადამიანზე, პოლიტიკის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც მსხვერპლი და, ამავდროულად, შემოქმედი ამ დაძაბულობისა.
ფედერალიზმის იდეას არ განსაზღვრავს მტრული და გადაუჭრელი წინააღმდეგობები. ფედერალური ფილოსოფიის ამოსავალი პუნქტი შეიძლება დახასიათდეს როგორც „პოლარული დაძაბულობა“. პოლარულობა წარმოადგენს ერთი და იმავე არსების დაყოფას ორ დაპირისპირებულ, მაგრამ ერთმანეთისაგან განუყოფელ თვისებრიობად, ძალად, მიმართულებად, რომელსაც პოლუსებს უწოდებენ. ამავე დროს, ფედერალიზმის არსი არ განისაზღვრება მარტოოდენ ბიპოლარული წინააღმდეგობებით, ხოლო მისი არსის ახსნის ერთ-ერთ შესაძლებლობას გვთავაზობს „ფედერალიზმის პარადოქსები“.
პარადოქსი I. ფედერალიზმი, როგორც „უსისტემო სისტემა“. ფედერალიზმი არ წარმოადგენს სისტემას. ფედერალიზმი არის ცოცხალი, მოქმედი პრინციპი, რომელმაც უნდა გაგვათავისუფლოს სისტემური და ფორმალური შემეცნებისაგან. ნებისმიერი სისტემა, თავისი არსით, არის უნიტარული და, შესაბამისად, ანტიფედერალური. ჭეშმარიტი ფედერალიზმი ვერ ეგუება მხოლოდ ერთი გონებიდან, მხოლოდ ერთი, ცალმხრივი იდეიდან, ერთი აბსტრაქტული ცენტრიდან მომდინარე სისტემას. ფედერალიზმი წარმოადგენს ყველა სისტემური გადაწყვეტის მუდმივ და ინსტინქტურ უარყოფას.
სრულიად განსხვავებული, ზოგჯერ დიამეტრულად დაპირისპირებული სკოლებისა და მიმდინარეობების არსებობის მიუხედავად, ფედერალიზმის ფილოსოფია ავითარებს „უსისტემო სისტემის“ პარადოქსს. ყოველგვარი სისტემის ნეგაციის, უარყოფის მიუხედავად, ფედერალიზმს არ ძალუძს სისტემის გარეშე არსებობა. ფედერალური აზროვნების განვითარება შეუძლებელია განსაზღვრული აზრობრივი და ლოგიკური სტრუქტურების გარეშე, რომელთა მეშვეობითაც ხდება ფედერალიზმის შესახებ ცოდნის მოწესრიგება და სისტემატიზაცია. ამასთანავე, ფედერალიზმის შესახებ ცოდნის მოწესრიგებული სისტემა არ უნდა ავურიოთ დოგმატურად სისტემატიზებულ სამეცნიერო მასალასთან. მით უფრო, რომ ფედერალიზმის ფილოსოფია თავს არიდებს ჰარმონიულ მსოფლგაგებას.
პარადოქსი II. დებულება_ „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“_ წარმოადგენს ნებისმიერი ფედერალური სტრუქტურის დევიზს. „ერთი ყველასათვის“ ნიშნავს, რომ ინდივიდი, საზოგადოება ან რეგიონი მზადაა იყოს მთელის სამსახურში და აუცილებლობის შემთხვევაში გაიღოს გარკვეული  მსხვერპლი საერთო საქმისათვის. „ყველა ერთისათვის“ ნიშნავს დახმარებას, რომელიც მთელმა უნდა გაუწიოს ინდივიდს, საზოგადოებას ან განსაზღვრულ რეგიონს. ერთეულს არ შეუძლია იყოს მხოლოდ თვითმიზანი. ინდივიდის აუცილებელი თავისუფლება უნდა დაიცვას ერთობამ. „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ არის ფედერალური ცხოვრების წესის გამოხატულება, რომლის რეალიზაციაც მთლიანად დამოკიდებულია მოქალაქეთა კეთილ ნებაზე.
პარადოქსი III. ფედერალიზმის მორიგი პარადოქსი ისაა, რომ იგი ესწრაფვის „ერთიანობას მრავალფეროვნებაში, მრავალფეროვნებას_ ერთიანობაში.“ მრავალფეროვნება, ერთი მხრივ, დაყოფილია რამდენიმე ერთიანობად, რომლებიც თავისთავად განუყოფელი არიან და სხვებისაგან განსხვავებული; მეორე მხრივ, მრავალფეროვნება აერთიანებს რამდენიმე ასეთ ერთიანობას და არის ისევ ერთიანობა. თვით განუყოფელი, დაუნაწევრებელიც კი შეიძლება არსებობდეს როგორც მრავალი „განსხვავებული“ და, პირიქით, ყოველი მრავალფეროვნება, რაღაცნაირად ყოველთვის ერთიანობაა. სახელმწიფო შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც განსხვავებული ადამიანებისა და ერთეულების, საზოგადოებების ერთობა, რომლებიც თავის მხრივ, ასევე ერთიანობას წარმოადგენენ. ამ მრავალფეროვნებათა ერთიანობა აყალიბებს ერთიანობას_ სახელმწიფოს. მრავალფეროვნებას ერთიანობის გარეშე მივყავართ ანარქიამდე და ქაოსამდე, ხოლო ერთიანობას მრავალფეროვნების გარეშე _ „ტოტალურ წესრიგამდე“.
ფედერალური აზროვნებისათვის დამახასიათებელი მრავალდონიანობა წარმოადგენს შემოქმედებითი შინაარსისა და თავისუფლების დაცვის ელემენტს. ფედერალურ მრავალფეროვნებაში ყოველთვის „ფეთქდება“ შემოქმედებითი წინააღმდეგობები, ხოლო თავისუფლება რეალიზდება ინდივიდუალობის დაცვითა და მისი გაფურჩქვნით. მრავალფეროვნება და ხელისუფლების განსხვავებული დონეების არსებობა წარმოადგენს ერთიანობის წანამძღვარს. ამავე დროს, ფედერაციული სახელმწიფო არ არის მისი შემადგენელი ერთეულების მექანიკური ჯამი. მართვის ფედერალური სისტემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმ გარემოებას, რომ მთელის შემადგენელი ნაწილები დაკავშირებული არიან უფრო ზემდგომ ერთობასთან_ ფედერალურ გაერთიანებასთან.
ფედერალიზმმა უნდა შეძლოს სახელმწიფოს ერთიანობის და ფედერაციის სუბიექტების სახელმწიფოებრიობის შეხამება. ტერიტორიული ერთეულების მაქსიმალური ავტონომიისა და მრავალფეროვნების პირობებში არ შეიძლება დაიკარგოს ფედერალური ერთიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფედერალიზმი გადაიზრდება პარტიკულარიზმში, სეპარატიზმში, ანდა უფორმო პლურალიზმში და, პირიქით, თუ აქცენტი ცალმხრივად გადატანილია მხოლოდ ერთიანობაზე და ხდება მისი აბსოლუტიზაცია, მაშინ ვითარდება ფედერალიზმის იდეისათვის მიუღებელი უნიტარიზმი და ცენტრალიზმი. ფედერალიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოზაიკა. იგი ვერ შეიკვრება, თუ არ მოექცა გარკვეულ საზღვრებში და თუ არ ექნა განსაზღვრული ფორმა.
ფედერალური იდეის პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთდროულად მოითხოვს ერთიანობას და, ამავდროულად, მისი წევრების დამოუკიდებლობის და ინდივიდუალური განსაკუთრებულობის შენარჩუნებას. ფედერალიზმისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა ენიჭება პრინციპს: _“ერთიანობა მრავალფეროვნებაში, მრავალფეროვნება ერთიანობაში“. „მრავალფეროვნებაში ერთიანობის“ უზრუნველყოფის ამოცანა არის ჯერარსი, „უნდა“, მაგრამ, ამავე დროს, ისეთი ჯერარსი, რომლის „არსობაში“ გადასვლა სავსებით დასაშვებია და შესაძლებელი.
ფედერალიზმი სოციალური ერთობის ისეთი სტრუქტურული პრინციპია, რომელიც „პატარა ერთეულებს“ ფუნდამენტალურ მნიშვნელობას ანიჭებს. ფედერალური ერთობის თითოეული ნაწილი მდიდრდება სწორედ „სხვების“ შეცნობის შედეგად. ფედერალიზმი ვითარდება ინდივიდუალობასა და ერთიანობას, დამოუკიდებლობას და კოლექტივს შორის კავშირში. ფედერალური წესრიგის აღნიშნული პარადოქსის ჩამოყალიბება შეიძლება შემდეგნაირად: იმისათვის, რომ ერთმანეთს მივუახლოვდეთ, საჭიროა ერთმანეთს დავშორდეთ.
ადამიანთა სოციალური თანაცხოვრების ფორმების განვითარება ეფუძნება ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მომენტს_ ინდივიდუალობას და კოლექტიურობას. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი მხარის აბსოლუტიზაციამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა მოახდინოს საზოგადოების განვითარების პროცესზე. ლიბერალიზმი და სოციალიზმი, როგორც ერთმანეთთან დაპირისპირებული იდეოლოგია, ცალმხრივად ეფუძნება ან ინდივიდუალიზმს, ან კოლექტივიზმს. მათგან განსხვავებით, ფედერალიზმი ახდენს ინდივიდუალობისა და კოლექტიურობის ზომიერ სინთეზს. ამ ნიშნით, ფედერალიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციალიზმსა და ლიბერალიზმზე უფრო მაღლა მდგომი, მესამე.
ფედერალიზმის ფილოსოფიისათვის დამახასიათებელ შემდეგ პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს წინააღმდეგობა თავისუფლებასა და სახელმწიფო ავტორიტეტს შორის. ფედერალიზმი უზრუნველყოფს ბალანსს, წონასწორობას თავისუფლებასა და სახელმწიფო ავტორიტეტს შორის. თავისუფლება აუცილებლად მოითხოვს ავტორიტეტს. მხოლოდ ავტორიტეტს შეუძლია დაიცვას და სრულყოს თავისუფლება. და პირიქით, ავტორიტეტი უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლების იდეას. ავტორიტეტის დაყვანა არ შეიძლება სახელმწიფო ბრძანების უფლებამოსილებამდე. ამ თვალსაზრისით გაგებული ავტორიტეტი გვხვდება მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. მოთხოვნას, რომ ფედერალური მთელის შემადგენელი ნაწილის თავისუფლება დაკავშირებულ იქნეს მთელის ერთიანობისა და ავტორიტეტის აღიარებასთან, ხშირად უწოდებენ „პარადოქსულ მოთხოვნას“, მაგრამ სწორედ ეს მომენტი აყალიბებს ჭეშმარიტი ფედერალიზმის არსებით ნიშანს.
ფედერალიზმი იცავს იმ საერთოს, რაც მასში გაერთიანებულ ნაწილებს აქვთ და, ამავე დროს, პატივს სცემს და აღიარებს თითოეული ნაწილის განსაკუთრებულობას. ფედერალური თავისუფლების უფრო მაღალი საფეხური მიიღწევა საერთო მიზნის გაცნობიერებით და, ამავდროულად, ფედერალური მთელის შემადგენელი ნაწილის განსაკუთრებულობის აღიარებით.
ფედერალიზმის ზემოაღნიშნული პარადოქსები დამახასიათებელია მისთვის, როგორც ფილოსოფიური „უსისტემო სისტემისათვის“. ასევე არ არის დაზღვეული ცალკეული ანტინომიებისაგან ფედერალიზმი, როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის რთული ფორმა და როგორც მართვის სისტემა.

VI . ფედერალიზმი , როგორც ისტორიული კონცეფცია

ფედერაციული სახელმწიფო ისტორიული ფენომენია. ფედერალიზმი ყოველთვის კონკრეტულია: თავისი საკუთარი ისტორიით, საკუთარი სტრუქტურით, ფედერალური პროცესის მონაწილე ძალებით. ფედერალიზმის რთული ბუნება, ცვალებად ისტორიულ გარემოებებთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირის გამო, შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ მის კონკრეტულ მოცემულობაში. ფედერაციული სახელმწიფოს ბუნების გარკვევა შეუძლებელია მარტოოდენ აბსტრაქტულთეორიულ ჭრილში და მოითხოვს ისტორიულ-პრაგმატულ მიდგომას. ფედერაციული სახელმწიფო არ შეიძლება ეფუძნებოდეს უნივერსალურ, ზოგად პრინციპებს. ფედერალიზმი სწორედაც რომ მსგავსი, ზოგადი პრინციპების უარყოფა, ნეგაციაა. არ არსებობს ფედერაციული სახელმწიფოს უნივერსალური მოდელი, ისევე, როგორც შეუძლებელია ტერიტორიული მოწყობის ფედერალური მოდელის უნივერსალიზაცია. თითოეული ფედერაციული სახელმწიფო უნიკალურია, რომლის არსიც ყველა შემთხვევაში განსაზღვრულია დროულ-სივრცობრივი სიტუაციით. ფედერალიზმი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის „უფესვო“ ფორმას, რომლის გადანერგვაც და ექსპორტირებაც შეუძლებელია (რაც, ცხადია, არ გამორიცხავს განსხვავებული ფედერალური მოდელების შედარებითი ანალიზის და ნაციონალური ფედერალური სისტემების ცალკეული ასპექტების გათვალისწინების შესაძლებლობას). ფედერალიზმს აკლია მსოფლიო-მისიონერული მისწრაფება, რაც დამახასიათებელია ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის იდეებისათვის.ადამიანის უფლებები და დემოკრატია  ზოგადი და უნივერსალური პრინციპებია, რომლებიც არ არის „მიბმული“ კონკრეტულ სივრცესთან. დემოკრატია და ადამიანის უფლებები ახდენს აბსტრაჰირებას ცალკეული ადამიანებისაგან, ხალხებისაგან, სახელმწიფოებისაგან და მიზნად ისახავს ყველა ინდივიდის თანაბარი თავისუფლების უზრუნველყოფას. უნივერსალური პრინციპებისაგან განსხვავებით, ფედერალიზმი ნიშნავს კორპორაციულ მრავალფეროვნებას სახელმწიფოს ერთიანობაში. მართვის ფედერალური სისტემა მთლიანად  დეტერმინირებულია რეგიონალური და კონკრეტულ-სივრცობრივი თავისებურებებით. ფედერალური თავისუფლება არ არის ისეთი მობილური, როგორიცაა ლიბერალური ძირითადი უფლებები. ფედერალური თავისუფლება ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ სივრცესთან. ფედერაციული სახელმწიფო „მყარად ადგილობრივია“: ფედერალიზმს არ შეუძლია ამაღლდეს ზოგადსაკაცობრიო-აბსტრაქტულამდე.
VII. ფედერაციული სახელმწიფოს უპირატესობები

მართვის ფედერალური სისტემის უპირატესობებიდან უნდა გამოიყოს შემდეგი მომენტები:

  • ფედერაციული სახელმწიფო ხელს უწყობს საქმიან, ადგილობრივ მოთხოვნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ფედერალური წესრიგის პირობებში მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკურ პროცესში აქტიური მონაწილეობის მეტი შესაძლებლობები. ადგილობრივი პრობლემატიკა მათთვის უფრო ახლობელია და ნაცნობი, ვიდრე ცენტრალურ დონეზე გადასაწყვეტი საკითხები.
  • ფედერალიზმი ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული საფუძვლების ფორმირებას. მართვის ფედერალური სისტემის დროს სახელმწიფო ხელისუფლება, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად უახლოვდება ხალხს. ფედერაციულ სახელმწიფოში უფრო ნაკლებად დგას პოლიტიკური ხელისუფლების ანონიმურობის პრობლემა, ხოლო ინდივიდს საშუალება აქვს მიიღოს შეგნებული მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. ფედერალიზმი იძლევა სახელმწიფო საქმიანობის სფეროების ოპტიმალური დანაწილების, ხელისუფლებისადმი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების დამატებით შესაძლებლობებს.
  • ფედერალიზმისათვის დამახასიათებელი პოლიცენტრიზმი ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესების განვითარების თანაბრობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჯანსაღ პარტიულ-პოლიტიკურ კონკურენციასთან ერთად ფედერალიზმი იძლევა პოლიტიკური ამბიციის ადგილზე დაკმაყოფილების საშუალებას.
  • ფედერალიზმი ამაღლებს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონეს, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური დიალოგის კულტურას. ფედერაციულ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური ცენტრები, როგორც წესი, არ წარმოადგენს ერთიან პოლიტიკურ ძალას. განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიისა და ორიენტაციის მქონე ძალები იძულებული არიან ურთიერთშორის წარმართონ კონსტრუქციული დიალოგი, პატივი სცენ ერთმანეთის აზრებსა და პოზიციებს. ფედერალური წესრიგის პირობებში უფრო ინტენსიური ხდება პარტიულ-პოლიტიკური კონკურენცია. ფედერაციული სახელმწიფოს და ფედერაციის სუბიექტის პარლამენტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყვნენ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე  პოლიტიკური ძალები და ჩამოყალიბდნენ პარტიულ-პოლიტიკურად განსხვავებული მთავრობები. ფედერალური სისტემისათვის დამახასიათებელი პოლიცენტრიზმი საშუალებას აძლევს საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამა, ნაწილობრივ მაინც, განახორციელოს ფედერაციის სუბიექტის დონეზე და ამით დაამტკიცოს ხელისუფლებაში მოსვლის მზადყოფნა.
  • ანგარიშგასაწევია ადგილებზე პოლიტიკური ლიდერის მომზადების პროცესში ფედერალური მოდელის უპირატესობებიც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბოლო 11 პრეზიდენტიდან 9 პრეზიდენტად არჩევამდე შტატის გუბერნატორი იყო. ფედერაციის სუბიექტთა, ასე ვთქვათ, მიკრომოდელში ხდება პოლიტიკური ლიდერის „შემოწმება“, მისი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, რაც ელექტორატს ბევრად უადვილებს სწორი არჩევანის გაკეთებას.
  • ფედერალიზმი უმცირესობებს აძლევს მათი ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად ცხოვრების შანსს. ჯგუფი, რომელსაც საერთო სოციალურ სისტემაში ცოტა წონა აქვს, შეიძლება სუბსისტემაში მხედველობაში მისაღები ფაქტორი, ცალკეულ შემთხვევებში კი, უმრავლესობაც გახდეს.
  • როგორც რეგიონალური თვითიდენტიფიკაციის რეალიზაციის ფორმა, ფედერალიზმი უზრუნველყოფს „მრავალფეროვნებას ერთიანობაში“, ანუ იგი ერთდროულად იცავს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს ამ ჯგუფების ინტეგრირებას საერთო სისტემაში.
  • ფედერაციული სახელმწიფო ამცირებს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ხელისუფლებათა ბალანსირების გზით, რაც მიიღწევა ხელისუფლებათა ვერტიკალური დანაწილებით (ხელისუფლებათა ჰორიზონტალური დანაწილების პარალელურად). შესაბამისად, ფედერალიზმი უზრუნველყოფს ინდივიდუალური თავისუფლების მაღალ ხარისხს სახელმწიფოში და ქმნის სისტემის სტაბილურობის დამატებით გარანტიებს.  შემთხვევითი არაა, რომ ფედერალიზმი ხშირად დახასიათებულია, როგორც თავისუფალი ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული სტრუქტურა.
  • ფედერაციულ სახელმწიფოში უფრო სრულადაა რეალიზებული სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების ოპტიმალური დონის შერჩევას. სახელმწიფოს ფედერალური დაყოფა უფრო ითვალისწინებს მართვის ოპტიმალური სივრცის პრინციპს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მმართველობა მაქსიმალურ ეფექტს აღწევს მხოლოდ  სათანადო ტერიტორიული, საწარმოო-ეკონომიკური და მოსახლეობის რესურსების არსებობის პირობებში. სამართავი სივრცის სისტემური ბუნება ბევრად განსაზღვრავს ფედერაციის სუბიექტთა ავტონომიური ფუნქციონირების შესაძლებლობებს. ამ პრინციპის გაუთვალისწინებლობა და ფედერაციის არასიცოცხლისუნარიანი სუბიექტების არსებობა გარდაუვლად იწვევს მართვის ცენტრალისტური ტენდენციების განმტკიცებას.
  • ფედერალიზმი იძლევა კონფლიქტების მოწესრიგების დამატებით შესაძლებლობებს.
  • პოლიტიკური პრაქტიკა ადასტურებს, რომ მართვის დეცენტრალიზებული სისტემა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცენტრალიზებული. ფედერალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველს სწორედ დეცენტრალიზაცია წარმოადგენს (თუმცა, ფედერაციული და დეცენტრალიზებული, უნიტარული სახელმწიფო არსებითად განსხვავებული ცნებებია).
  • ფედერალური წესრიგი ახდენს ჯანსაღი შეჯიბრების პროვოცირებას ფედერაციის სუბიექტებს შორის.
  • ფედერალიზმი აყალიბებს სახელმწიფოს ლეგიტიმაციის დამატებით საფუძვლებს, რითაც უზრუნველყოფს სოციალურ მშვიდობას და აადვილებს მოქალაქეთა ინტეგრაციას სახელმწიფოში.
VIII. ფედერალური სისტემის ნეგატიური ასპექტები
მართვის ფედერალურ სტრუქტურებს, გარდა უპირატესობისა, აქვს გარკვეული „უკუჩვენებებიც“, რომელთა შორისაც ცალკე უნდა გამოიყოს შემდეგი მომენტები:
  • ფედერალიზმის პოლიტიკურ პრაქტიკაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება ერთი მხრივ, ფედერაციული სახელმწიფოს და მეორე მხრივ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპები. ფედერაციული სახელმწიფო ერთგვარად ავიწროებს სოციალური სახელმწიფოს საქმიანობის ჩარჩოებს და არღვევს მისთვის ფუძემდებლური მნიშვნელობის მქონე თანასწორობის პრინციპს. ცენტრალური ხელისუფლებისა და ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკაში არსებული განსხვავებები აბრკოლებს ცხოვრების თანაბარღირებული სტანდარტების დამკვიდრებას, რასაც მიესწრაფვის სოციალური სახელმწიფოს კონცეფცია. ფედერალიზმი ხშირად განიხილება, როგორც უფრო დიდ სახელმწიფო გაერთიანებაში ისტორიულად ჩამოყალიბებული, რეგიონალური  თავისებურებებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების საშუალება. ფედერალიზმის ეს ერთერთი უმთავრესი ფუნქცია კი ერთგვარად ეწინააღმდეგება ფედერალური წესრიგის სხვა მიზანს, კერძოდ, ერთიანი ცხოვრებისეული სტანდარტების ჩამოყალიბებისა და რეგიონალური დისპარიტეტების აღმოფხვრის ამოცანას.
  • ფედერალიზმი ართულებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მთლიანად კონსენსუსზე ორიენტირებული მართვის ფედერალური სისტემის პირობებში ფედერაციისა და მისი სუბიექტების პარლამენტებმა, მთავრობებმა და ადმინისტრაციებმა უნდა გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და  აწარმოონ ხანგრძლივი მოლაპარაკება, საბოლოოდ კი მონახონ ურთიერთმისაღები კომპრომისები. გადაწყვეტილებათა მიღების აღნიშნული პროცედურის გათვალისწინებით, ხელისუფლებათა განსხვავებული დონეები უფრო მეტად ორიენტირებულია კომპრომისებზე და ნაკლებად ითვალისწინებს მართვის წმინდა რაციონალურ, ტექნოკრატიულ მოთხოვნებს. 
  • გადაწყვეტილების მიმღები სხვადასხვა ცენტრის არსებობა, კოოპერაციული ფედერალიზმისათვის ტიპური მრავალრიცხოვანი ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტები ნაკლებად უზრუნველყოფენ პოლიტიკის გამჭვირვალე ხასიათს, განსაკუთრებით ფედერაციის სუბიექტების დონეზე. ფედერალიზმი შეიცავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაქუცმაცების გარკვეულ საშიშროებასაც. ფედერაციულ სახელმწიფოში ასევე მწვავედ დგას ადგილობრივი, რეგიონალური პოლიტიკური ელიტის კონტროლის პრობლემაც. პოლიტიკური პოლიცენტრიზმის პირობებში საზოგადოებისათვის ნაკლებად გასაგები ხდება სახელმწიფო საქმიანობის მიზნები და საშუალებები, თვითონ ეს საქმიანობა და მისი შედეგები. ფედერალიზმი, ამ გაგებით, ერთგვარად ხელს უწყობს პოლიტიკურ დეზინტერესსაც.
  • ფედერალიზმი დიდი ფული ღირს. ფედერალური მთავრობა და პარლამენტი, ფედერაციის სუბიექტთა მთავრობისა და პარლამენტის ჩათვლით, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების შედარებით გართულებული პროცესი უფრო ძვირია, ვიდრე უნიტარულ სახელმწიფოში არსებული ერთი მთავრობა და ერთი პარლამენტი, ერთიანი აღმასრულებელი სისტემა და გადაწყვეტილებათა მიღების გაცილებით უფრო გამარტივებული პროცედურა.
  • ზოგიერთი სახელმწიფოს ფედერალიზმი მხოლოდ მოჩვენებითია, ხოლო მართვის სისტემა, რეალურად, მთლიანად ეფუძნება უნიტარიზმის პრინციპებს.
  • ფედერაციულ სახელმწიფოში არსებული, თუნდაც ადმინისტრაციული ხასიათის საზღვრები ხელს უშლის კოორდინირებულ მართვას და აბრკოლებს კოოპერაციულ თანამშრომლობას.
  • უმცირესობების დაცვის მექანიზმი ფედერაციულ სახელმწიფოში ამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უმცირესობა ცხოვრობს გეოგრაფიულად მკვეთრად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. ფედერალიზმი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებების დაცვას მოსახლეობის შერეული ჯგუფების არსებობის შემთხვევაში. აშშ-ში სწორედ რომ პირიქით, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ (და ღებულობდნენ) ფედერალური ხელისუფლების მხრიდან.
  • თეორიულად, მართალია, საკმაოდ დამაჯერებელია დებულება, რომ ფედერალიზმის დროს ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწილება უზრუნველყოფს ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებას,  მაგრამ ბევრ ეჭვს ბადებს ისტორიული მაგალითები. აშშ-ში, თითქმის ასი წელი, ერთმანეთის გვერდით არსებობდნენ  ფედერალური შტატები, სადაც დაშვებული იყო მონობა, და შტატები, სადაც მონობა აკრძალული იყო. მე-20 საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში სწორედ აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ (და არა შტატებმა), წამოაყენა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, რომლებსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ფედერალური შტატების მხრიდან. ასე მაგალითად, რასობრივი თანასწორობის პრინციპი ამერიკაში პირველად ფედერალური სასამართლოს, ხოლო შემდგომ კონგრესის და პრეზიდენტის მიერ იქნა განმტკიცებული. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის სისხლის საპროცესო სამართალში პიროვნების უფლებათა დაცვის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარანტიების შესახებ. შტატების მატერიალური სისხლის სამართალიც, არსებითად შეიცვალა ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში ფედერალური სამართლის მიერ დადგენილი დამატებითი გარანტიებით.
  • ფედერალიზმი ხელს უწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, რამდენადაც იგი აყალიბებს დემოკრატიული მონაწილეობის დამატებით დონეს. განსაკუთრებით  დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფოებში მხოლოდ ცენტრალური ინსტიტუტებით შემოსაზღვრულ წარმომადგენლობით დემოკრატიას არ ძალუძს დაძლიოს გაუცხოება ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის. ამასთანავე, ფედერალიზმის დემოკრატიული პოტენციალი ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოს კონკრეტულ სტრუქტურაზე. მაგალითად, გერმანიაში კოოპერაციული ფედერალიზმის პირობებში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკური უნიფიკაციის პროცესმა განამტკიცა ბიუროკრატიული ელემენტები სახელმწიფოს მართვაში და, რაც მთავარია, შეზღუდა ფედერალური მიწების პარლამენტის უფლებები, შექმნა მთელი რიგი პრობლემები ფედერალური მიწების დონეზე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტების  საქმიანობის თვალსაზრისით. სხვა ქვეყნებშიც არ შეუწყვია ხელი ფედერალიზმს დემოკრატიისათვის. ფედერალური მართვის პირობებში მოქმედებდნენ ადგილობრივი რეპრესიული სისტემები აშშ-ში, აგრეთვე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. თანასწორი საარჩევნო უფლების დემოკრატიული პრინციპი აშშ-ში, მე-20-ე საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში გაატარა ფედერალურმა (და არა ფედერაციის სუბიექტთა) ხელისუფლებამ
  • როგორც უფრო მოქნილი პოლიტიკური სისტემა, ფედერალიზმი უდავოდ ხელს უწყობს შედარებით პატარა გაერთიანებებში ნოვატორული ხასიათის  ექსპერიმენტებს, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ურთიერთობაში შეჯიბრებითობის პრინციპის წახალისება პოლიტიკური სისტემის ღია, გამჭვირვალე ხასიათის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტიაა. ამავე დროს, დიდი შეცდომა იქნებოდა ამ მომენტის აბსოლუტიზაცია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის ფედერალურ შტატებს არ შეეძლოთ მთელი რიგი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ცენტრალიზებული მართვის ტენდენციები ამერიკულ ფედერალიზმში. სხვანაირად რომ ვთქვათ, სიცოცხლისუნარიანი ფედერალიზმი მოითხოვს ფედერაციის ასევე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ ფედერაციის სუბიექტს არ გააჩნია მის გამგებლობას მინიჭებული უფლებამოსილებების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის საჭირო რესურსები, მართვის ფედერალური სისტემა აუცილებლად განვითარდება შემდგომი ცენტრალიზაციის მიმართულებით. ფედერაციის სიცოცხლისუნარიანი სუბიექტები ხელს უწყობენ დეცენტრალიზაციას. შემთხვევითი არაა, რომ აშშ-ის ფედერალური შტატების პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემების მოდერნიზაციამ, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში, მნიშვნელოვნად აამაღლა შტატების პოლიტიკური წონა ამერიკულ ფედერალიზმში.

< <1>> < <2>>

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group